ქართული სამოქალაქო საზოგადოების ხმა – “სამოქალაქო იდეა” Forum 2000-ის კონფერენციაზე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების ხმა – “სამოქალაქო იდეა” Forum 2000-ის კონფერენციაზე Read More »
„რადგან მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ – აგრძელებს დემოკრატიის ნგრევას საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი პოლიტიკოსები არ ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში მათ წარმომადგენლებთან,“ — განაცხადა სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა, Forum 2000-ის კონფერენციაზე გამართულ პანელზე, რომელიც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრმა და სამოქალაქო იდეამ ერთობლივად დააორგანიზეს.
პანელზე თინათინ ხიდაშელთან ერთად საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები; საბა ბრაჭველი და გია ნოდია, რომლებმაც ისაუბრეს მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ არსებულ წინააღმდეგობასა და იმ ბერკეტებზე, რომლითაც ევროპას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა შეუძლია.
„ამჟამინდელი ხელისუფლება ძალაუფლებას სამი გზით ინარჩუნებს; პროპაგანდა სამართალდამცავი სისტემა და ფინანსები. საჭიროა ფინანსური სანქციები იმ პირებისა და ბიზნესების მიმართ, რომლებიც ამ მმართველობის დაფინანსებას უწყობენ ხელს,“ – განაცხადა საბა ბრაჭველმა.
„წინააღმდეგობის მოძრაობა წარმატებულია და საბოლოოდ შეცვლის ამ რეჟიმს,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
“ბოლო წლებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო ძლიერ ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას და კრიტიკოსებს „უცხოეთის აგენტებად“ ან „სახელმწიფოს მტრებად“ აჩვენებს. როდესაც სამოქალაქო სივრცე თანდათან ვიწროვდება, აქტივისტები აგრძელებენ წინააღმდეგობას – ორგანიზდებიან, ადაპტირდებიან და იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს”. – აღნიშნულია Forum 2000-ის აღწერაში.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების ხმა – “სამოქალაქო იდეა” Forum 2000-ის კონფერენციაზე Read More »
აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მთავარი საფონდო ბირჟების ღირებულება დაეცა, მიზეზი ტრამპის მხრიდან ჩინეთის იმპორტზე სამნიშნა ტარიფის დაწესების მუქარა იყო. ჩინეთი სტრატეგიული მნიშვნელობის იშვიათი მინერალების მარაგს ფლობს, რაც მის გლობალურ დომინირებასაც განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პეკინის გადაწყვეტილება, გამკაცრებულიყო მინერალების ექსპორტი გამოწვეული იყო აშშ-ის გადაწყვეტილებით, ჩინეთის წინააღმდეგ ახალი საექსპორტო შეზღუდვები შემოიღო.
ჩინეთის მხრიდან დაწესებული ახალი სავაჭრო შეზღუდვები, რომლებიც ნოემბრიდან ამოქმედდება, ზეგავლენას მოახდენს აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ეკონომიკაზე, განსაკუთრებით იაპონიაზე, სამხრეთ კორეასა და ტაივანზე. თითოეული სახელმწიფო ფუნდამენტურ როლს ასრულებს უახლესი ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების პროდუქტის წარმოებაში. ვაშინგტონი ეკონომიკურ ზეწოლას აქტიურად იყენებს გეოპოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტად. შესაბამისად, პეკინის საპასუხოდ ტრამპის გადაწყვეტილებით ჩინურ საქონელზე დამატებითი 100 პროცენტიანი ტარიფი ამოქმედდება, რაც საერთო გადასახადს 130 პროცენტამდე გაზრდის. ფაქტობრივად, აშშ ჩინეთს სავაჭრო ემბარგოს უცხადებს, ვინაიდან ამერიკულ ბაზარზე ჩინური საქონლის შესვლა შეუძლებელი ხდება.
ხანგრძლივი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის საფონდო ბირჟებიც დაზარალდა. მას შემდეგ, რაც ამერიკულ ბირჟებზე S&P 500-მა და Nasdaq-მა უმწვავესი ვარდნა განიცადეს, Trust social-ში ტრამპმა დაწერა, რომ „აშშ-ს სურს დაეხმაროს ჩინეთს და არ ავნოს მას. ნუ იდარდებთ, ჩინეთზე ყველაფერი კარგად იქნება.“ ტრამპის კომენტარების შემდეგ კვირა საღამოს ამერიკულ ბირჟებზე სავაჭრო მდგომარეობა გაუმჯობესდა. პეკინმა კვირას გააფრთხილა შეერთებული შტატები, როგორც ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული კვირის განცხადება იუწყება: „ჩინეთის პოზიცია უცვლელია. ჩვენ არ გვინდა ტარიფების ომი, მაგრამ არც მის გვეშინია.“
ურთიერთგამომწვევი სავაჭრო შეზღუდვების ტალღა გაანულებს პროგრესს, რომელიც ჩინეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის თვეების განმავლობაში გამართული შეხვედრების შედეგად იყო მიღწეული. ამ დროისთვის გაურკვეველია, ტრამპი სავაჭრო ტარიფის მუქარას 1 ნოემბრისთვის ნამდვილად აამოქმედებს, თუ ურთიერთობა დარეგულირდება.
კვირას, ჟურნალისტებთან Air Force One-ზე საუბრისას, ტრამპმა თქვა: „ვნახოთ რა იქნება“, როცა 1 ნოემბრის ვადის შესახებ დაუსვეს კითხვა. Fox News-ის გადაცემაში „The Sunday Briefing“-ში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმსონ გრირმა თქვა, რომ ამერიკისათვის უცნობი იყო ჩინეთის მოტივი და არ ელოდნენ ჩინეთის მხრიდან საექსპორტო შეზღუდვებს, თუმცა, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, რეგიონალურ და სახელმწიფოებრივ დონეზე ინფორმირება მოხდა.
ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჩინეთს მოუწოდა გონივრულად იმოქმედონ და ხაზი გაუსვა, რომ პეკინის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, ამერიკას მეტი შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, მოსალოდნელია საპასუხო რეაქცია, რაც ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური დიპლომატიისა და სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობას ართულებს.
აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე საფონდო ბირჟებზე ფასები დაეცა Read More »
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „დემოკრატიის დაცვა საქართველოში: სამოქალაქო საზოგადოების ხმა და დასავლური სოლიდარობა“, რომელიც გაიმართა რიგის კონფერენცია 2025-ის ფარგლებში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ მზარდ ზეწოლაზე.
თინათინ ხიდაშელმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობასა და დემოკრატიული სივრცის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლაზე. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო გამძლეობისა და საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე განხორციელებული ზეწოლისა, სამოქალაქო საზოგადოება კვლავ რჩება ქვეყნის დემოკრატიის მთავარ დამცველ ძალად.
დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში; ქართული სამოქალაქო საზოგადოება რიგის კონფერენციაზე Read More »
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ორგანიზებით, თბილისს ჩინეთის ტურიზმის სექტორის ციფრული მედიის წარმომადგენლები, ბლოგერები და ტურისტული ასოციაციების წევრები ეწვივნენ. სტუმრებს ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახტანგ ლომჯარიამ უმასპინძლა.
ციფრული კამპანიის ფარგლებში, მედიის წარმომადგენლები თავიანთ პლატფორმებზე გაავრცელებენ ინფორმაციას თბილისის ტურისტული შეთავაზებების შესახებ, რათა უფრო მეტი ჩინელი ტურისტი მოიზიდონ საქართველოში.
10 ოქტომბერი, 2025
ივანიშვილის პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს შეხვდა.
ივანიშვილის მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ელჩმა ირაკლი კობახიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი პარტიის „დამაჯერებელი გამარჯვება“ მიულოცა.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ჩინეთის ელჩმა კობახიძეს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება“.
აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძისა და ჩინეთის ელჩის ორმხრივი შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს. კერძოდ, 10 ოქტომბრის შეხვედრამდე, კობახიძე ჩინეთის ელჩს, მიმდინარე წლის მანძილზე, 3-ჯერ შეხვდა. შესაბამისად, ჩნდება განცდა, რომ ჩინეთის ელჩთან რეგულარული დიპლომატიური შეხვედრები ერთგვარი პოლიტიკური კონსულტაციების სერიად იქცა.
10 ოქტომბერი, 2025
სომხეთის პრეს სამსახურის ცნობით, 10 ოქტომბერს სომხეთის ვიცე-პრემიერმა, ტიგრან ხაჩატრიანმა, უმანსპინძლა კონსტანტინ ლიმიტოვსკის, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საჯარო სექტორის, პროექტების და კორპორატიული ფინანსების კლიენტების მთავარ საინვესტიციო ოფიცერს.
შეხვედრის დროს ხაჩატრიანმა განაცხადა, რომ სომხეთის წევრობა AIIB-ში შექმნის ახალ შესაძლებლობებს დიდ რეგიონულ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობისთვის, ასევე ეს მოიზიდავს საჯარო და კერძო კაპიტალს ქვეყანაში სხვადასხვა სექტორული პროგრამების განსახორციელებლად.
შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა გაცვალეს შეხედულებები თანამშრომლობის შესაძლო საკითხებზე, სახელდობრ, განიხილეს ზოგადი საკითხები, რომლებიც უმთავრესად უკავშირდება მთავარ ინფრასტრუქტულ პროექტებს, ენერგიის, წყლის მართვისა და სხვა სექტორულ საკითხებს.
აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტში „შუა შემოდგომის“ დღესასწაულის აღმნიშვნელი ღონისძიება ჩატარდა.
ღონისძიებაზე კონფუცის ინსტიტუტის მასწავლებელმა, ქამალა მამმადოვმა და დირექტორმა, რაფიქ აბასოვმა ფესტივალის ისტორიის, „მთვარის ნამცხვრის“ და სხვა ჩინური ტრადიციების შესახებ ისაუბრეს. ღონისძიების ფარგლებში, უნივერსიტეტის სტუდენტებმა ჩინელი პოეტების მიერ მთვარისადმი მიძღვნილი ლექსები წარმოთქვეს.
6 ოქტომბერი, 2025
ჩინეთში საშუალო სკოლის მოსწავლეების მე-18-ე საერთაშორისო „ჩინური ენის ხიდის“ კონკურსის ფინალურ ეტაპში აზერბაიჯანის ენების უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის მოსწავლემ, ქამილ ბუნიათოვმა მიიღო მონაწილეობა.
თიენძინში ჩატარებული კონკურსის ფარგლებში, ქამილ ბუნიათოვი „საუკეთესო მიღწევების გამო“ დაჯილდოვდა და მას, ჩინეთში სწავლის გასაგრძელებლად, სტიპენდია მიენიჭა.
7 ოქტომბერი, 2025
აზერბაიჯანის ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის სააგენტოს (AZPROMO) წარმომადგენლები შეხვდნენ ჩინეთის საგარეო განვითარების ასოციაციის დელეგაციას, რომელსაც ასოციაციის პრეზიდენტი ჰე ჟენვეინი ხელმძღვანელობდა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხი, ასოციაციასა და მის შემადგენლობაში არსებულ კომპანიებთან კავშირების დამყარების პერსპექტივები და ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის იურიდიულ ჩარჩოში მოქცევის შესაძლებლობა განიხილეს.
7 ოქტომბერი, 2025
აზერბაიჯანის ბილესუვარის რაიონში 445 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგური შენდება. ელექტროსადგური 2027 წლიდან ამოქმედდება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პროექტი ჩინური კომპანია Ja Solar-ის ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კერძოდ, ელექტროსადგურზე დამონტაჟდება ჩინური წარმოების 943 000-ზე მეტი მზის პანელი.
9 ოქტომბერი, 2025
8 ოქტომბერს აღმოსავლეთ ყაზახეთის რეგიონში უახლესი ვეტერინარული ლაბორატორია საზეიმოდ გაიხსნა. პროექტი ყაზახეთსა და ჩინეთს შორის სამთავრობათაშორისო შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა. ლაბორატორიის გახსნის მთავარი მიზანი სურსათის უვნებლობის დონის გაუმჯობესება და ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის პოტენციალის გაძლიერებაა. ლაბორატორია აკრედიტებულია როგორც საერთაშორისო (ISO 17025), ისე ჩინური სტანდარტებით, რაც ყაზახეთს საშუალებას მისცემს, რომ ტექნიკური ბარიერების გარეშე გააფართოვოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ჩინეთსა და სხვა ბაზრებზე.
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩინეთის მთავრობამ დაწესებულებას 840 მილიონი ტენგეს ღირებულების 99 ერთეული თანამედროვე ლაბორატორიული მოწყობილობა გადასცა. ლაბორატორიას წლის განმავლობაშო განსაკუთრებით საშიშ ინფექციებსა და სურსათის უვნებლობაზე 550,000-მდე ტესტის ჩატარება შეუძლია.
8 ოქტომბერს, ასტანამ უმასპინძლა რეგიონულ კონფერენციას, რომელიც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის (IHL) მიმართ პოლიტიკური ვალდებულებების განმტკიცებას მიეძღვნა. ეს ინიციატივა 2024 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ექვსმა სახელმწიფომ – ყაზახეთმა, ჩინეთმა, ბრაზილიამ, საფრანგეთმა, იორდანიამ და სამხრეთ აფრიკამ – ჩამოაყალიბა და მიზნად ისახავს შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე საერთაშორისო სამართლის ნორმების პრაქტიკული შეუსრულებლობის პრობლემის დაძლევას.
კონფერენციას ჩინური მხარეც ესწრებოდა, შეხვედრაზე განიხილეს პრაქტიკული მექანიზმები, რომლებიც ცენტრალურ აზიაში, სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში საერთაშორისო სამართლის უკეთ აღსრულებასა და ფუნქციონირებას შეუწყობს ხელს. ჩინეთის აქტიური მონაწილეობა აღნიშნულ პოლიტიკურ პროცესში ნათლად აჩვენებს პეკინის სტრატეგიულ მისწრაფებას, გააფართოოს გავლენა გლობალური მმართველობის არასამხედრო სფეროებში.
9 ოქტომბრის მონაცემებით, ყაზახეთი ჩინელი მოგზაურებისთვის, სასტუმროების დაჯავშნის კუთხით, ყველაზე სწრაფად მზარდი საერთაშორისო მიმართულებების ტოპ ხუთეულში მოხვდა. „Kazakh Tourism“-ის ცნობით, ეს ტენდენცია ჩინეთის რვადღიან ეროვნულ დღესასწაულსა (National Day Holiday) და „შუა შემოდგომის ფესტივალის“ უქმეებს უკავშირდება.
მონაცემები ადასტურებს, რომ ორმხრივი უვიზო პოლიტიკა ეფექტური აღმოჩნდა: მიმდინარე წლის 9 თვეში ჩინეთიდან ყაზახეთში ტურისტების რაოდენობის მაჩვენებელმა 675,000-ს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (655,000) მნიშვნელოვანი ზრდაა. აღნიშნულს ხელს უწყობს ციფრული ინტერესის ზრდაც: ჩინურ საძიებო სისტემა „Baidu“ (ჩინეთის უდიდესი საძიებო სისტემა)-ს მონაცემებით, ყაზახეთის შესახებ დღიური ძებნის სიხშირემ
430,000-ს მიაღწია, განსაკუთრებული აქტივობით – გუანდონგისა და პეკინის ეკონომიკურად ძლიერი რეგიონებიდან.
პრეზიდენტ ტოკაევის პირდაპირი დავალების ფარგლებში, დასავლეთ ყაზახეთში 14 მსხვილი საინვესტიციო პროექტი განხორციელდება. ეს ნაბიჯი ხაზს უსვამს ჩინეთ-ყაზახეთის სტრატეგიულ პარტნიორობას. ჩინელი ინვესტორები რეგიონის ეკონომიკის საკვანძო სექტორებში 134 მილიარდ ტენგეზე მეტი კაპიტალის ჩადებას გეგმავენ.
პროექტების მთელი პაკეტი, რომელსაც ერთი ჩინური კონსორციუმი განახორციელებს, სხვადასხვა მიზანს ემსახურება, მაგალითად, პირველ ეტაპზე სამრეწველო ზონაში 34 მეგავატიანი გაზის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, რაც მომავალი საწარმოების სტაბილურ ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს. ჩინური კომპანია VEGA Power-ის განცხადებით, პროექტი ეტაპობრივია, საწყისი ინვესტიცია კი 30 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
10 ოქტომბერი, 2025
13 ოქტომბერს, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი ოლჟას ბექთენოვი ჩინეთის მსოფლიო დონის მეტალურგიული გიგანტის, Zijin Mining Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჩენ ძინჰეს, შეხვდა. მოლაპარაკებების მთავარი თემა სამთო-მეტალურგიულ სექტორში საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება იყო. მხარეები შეთანხმდნენ, რომ აქმოლის რეგიონში მსხვილი სამთო-მეტალურგიულ საინვესტიციო კომპლექსის პროექტზე ერთობლივად იმუშავებენ.
პრემიერ-მინისტრმა ბექთენოვმა ხაზგასმით აღნიშნა ყაზახეთის მთავრობის მხარდაჭერა იმ პროექტების მიმართ, რომლებსაც მაღალი დამატებითი ღირებულება გააჩნიათ. ამ ტიპის პარტნიორობა აუცილებელია მინერალების წარმოების გაფართოებისთვის, მუდმივი სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკოლოგიურად მდგრადი, მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვისთვის.
ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (6-12 ოქტომბერი) Read More »
ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გემებს, რომლებიც ეკუთვნის, ან რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ, დამატებითი საპორტო გადასახადები დაეკისრებათ. გეგმა ძალაში 14 ოქტომბერს შევა და იგი ერთგვარი გეოპოლიტიკური სამაგიეროა ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის საპირწონედ.
აშშ-მ ცოტა ხნის წინ ახალი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე, რაც პეკინში არასამართლიან ეკონომიკურ ზეწოლად აღიქვეს. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ჩინეთის მიერ განხორციელებულ ექსპორტის კონტროლის პოლიტიკასთანაა მჭიდრო ბმაში, რომელიც მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის აუცილებელი სტრატეგიული მასალების, მაგალითად, იშვიათი მეტალებისა და მინერალების გაყიდვის შეზღუდვას. დასავლეთში ეს ქმედება შეფასდა, როგორც მიზანმიმართული მცდელობა, ზიანი მიადგეს აშშ-ის მომარაგების ჯაჭვებს, რომლებიც ჩინურ ნედლეულსა და მასალებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.
ამ კონტექსტში, ჩინეთის მიერ შემოღებული გადასახადების ეტაპობრივი ზრდა 2025-2028 წლებში — 400-დან 1,120 იუანამდე ტონაზე — ასახავს პეკინის გრძელვადიან სტრატეგიას, ერთი მხრივ, ამერიკულ ტარიფებს უპასუხოს სიმეტრიულად, ხოლო მეორე მხრივ, შეინარჩუნოს შესაძლებლობა მოქნილი პოლიტიკისთვის — ანუ, საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს როგორც გადასახადების დონე, ისე მათი გამოყენების მასშტაბი.
ამასთან, საგულისხმოა გადასახადების ადმინისტრაციული მოდელი, რომლის მიხედვითაც გადასახადი იზრდება გემის პირველ შემოსვლაზე და წელიწადში არაუმეტეს ხუთჯერ, რაც მიანიშნებს ჩინეთის მცდელობას, შეამციროს ზეგავლენა საერთაშორისო გადაზიდვებზე და თავიდან აიცილოს გლობალური სავაჭრო ქსელების დესტაბილიზაცია.
ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა „კანონის ფარგლებში გააგრძელებს საპასუხო ნაბიჯებს,“ რაც დიპლომატიურად შეფუთული გაფრთხილებაა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ პეკინი არ გამორიცხავს შემდგომ ეკონომიკურ კონტრზომებს.
ანალიტიკური კომპანია Linerlytica-ს შეფასებით, აშშ-ში მოქმედ ჩინურ ოპერატორებს შესაძლოა პირველივე წელს დაეკისროთ დაახლოებით 1.15 მილიარდი დოლარის გადასახადი, მაშინ როცა ამერიკული კომპანიების ტვირთი მხოლოდ 180 მილიონს აღწევს. ამგვარი კონტრასტი მკაფიოდ აჩვენებს ტარიფების ასიმეტრიას, რაზეც, როგორც აღინიშნა, პეკინი პროპორციული ზომებით ცდილობს პასუხს.
ამავე დროს, ჩინეთის გემთმფლობელთა ასოციაციამ ხელისუფლებას უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ მოუწოდა, მათ შორის, უცხოურ გემებზე დამატებითი გადასახადების დაწესებისა და საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი საპასუხო ზომების დანერგვისკენ.
Alphaliner-ის მონაცემებით, ამერიკული ტარიფები 2026 წლისთვის მსოფლიოს წამყვან გადამზიდებს დაახლოებით 3.2 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, ყველაზე მეტად კი ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Cosco Group დაზარალდება, რომელიც აშშ-ის მიმართულებით ერთ-ერთ უდიდეს ფლოტს ინარჩუნებს.
მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საკითხი გახდება ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრაზე, რომელიც თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ექსპერტების შეფასებით, საპორტო ტარიფების ეს დაპირისპირება სავაჭრო პოლიტიკის ახალ ეტაპს გახსნის, სადაც ეკონომიკური ზომები სულ უფრო მეტად გადაიქცევა გეოპოლიტიკურ ბერკეტად.
ჩინეთი ამერიკულ გემებზე დამატებით საპორტო გადასახადებს აწესებს Read More »
ჩინეთმა იშვიათ წიაღისეულზე კონტროლი გააფართოვა და კონტროლირებად 12 ელემენტის სიაში კიდევ 5 წიაღისეული დაამატა: ჰოლმიუმი, ერბიუმი, თალიუმი, ევროპიუმი. აღნიშნული ელემენტებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების უცხოური თავდაცვითი, სამხედრო ან ნახევარგამტარებლების მომხმარებლებისთვის მიწოდება შეზღუდულია. ჩინეთის მიერ აპრილის თვიდან დაწესებულმა მსგავსმა შეზღუდვებმა მსოფლიო მიწოდების ჯაჭვი უკვე დააზარალა. დამატებითი წიაღისეულების კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონი მიღებულ იქნა 2025 წლის 9 ოქტომბერს.
ახალი წესები მოიცავს საზღვარგარეთ ოპერირებადი თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზიის მინიჭების აბსოლუტურ უარყოფას. გადამამუშავებელი აღჭურვილობისა და მაგნიტის საწარმოო ტექნოლოგიების ექსპორტისთვისაც ოფიციალური ლიცენზიები იქნება მოთხოვნილი.
იშვიათი წიაღისეული გამოიყენება არა მხოლოდ ყოველდღიურ ელექტრონიკაში, არამედ სამხედრო აღჭურვილობაში, სმარტფონებიდან გამანადგურებელ თვითმფრინავებამდე. ისინი ასევე მნიშვნელოვანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის. უახლესი ნახევარგამტარების გამოყენების შესახებ კანონი მოითხოვს ყველა განცხადების სათითაოდ განხილვას და შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას. ახალი შეზღუდვები ადგილობრივ ფირმებს, ოფიციალური თანხმობის გარეშე, იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებულ პროცესებზე საზღვარგარეთ თანამშრომლობას უკრძალავს. ზოგიერთი ახალი წესი უკვე ძალაშია, ზოგი კი 1 დეკემბერიდან იგეგმება.
ჩინეთი დომინირებს იშვიათი წიაღისეულის დამუშავების სფეროში, აკონტროლებს წიაღისეულის გამომუშავებისა და მაგნიტის წარმოების გლობალური პროცესის 90%-ს. წიაღისეული გადამწყვეტია მრავალი მაღალტექნოლოგიისთვის და თავდაცვის სფეროსთვის. მსგავსი შეზღუდვები ჩინეთს აძლევს მნიშვნელოვან ბერკეტს გლობალურ ვაჭრობაში, განსაკუთრებით აშშ-სთან მოლაპარაკებებში. ეს ნაბიჯი უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ იგი მიღებულ იქნა აშშ-ჩინეთის ლიდერების შეხვედრამდე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სამხრეთ კორეაში, რომელიც უნდა ჩატარდეს რამდენიმე თვეში. კომერციის სამინისტრომ განაცხადა, რომ “სამხედრო და სხვა სენსიტიურ სფეროებში მასალების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების” პრევენციით, შეზღუდვები მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვას”.
ჩინეთი იშვიათ წიაღისეულზე კონტროლს ამკაცრებს Read More »
ჩინეთისა და მალაიზიის შეიარაღებული ძალები 2025 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ერთობლივი წვრთნების სერიას განაახლებენ. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა, სახელწოდებით „მშვიდობა და მეგობრობა-2025“ (“Peace and Friendship-2025”), მალაიზიასა და მის მიმდებარე წყლებში გაიმართება.
აღნიშნული წვრთნების ფარგლებში, ჩინეთსა და მალაიზიას შორის სამხედრო თანამშრომლობის ისტორია 2014 წლიდან იწყება. წვრთნები ძირითადად ერთობლივ ძებნა-გადარჩენასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო ფოკუსირებული.
2018 წელს “Peace and Friendship”-ის რიგით მე-4 ინიციატივაზე წვრთნები გაფართოებული ფორმატით ჩატარდა, სადაც, ჩინეთისა და მალაიზიის გარდა, სწავლებაში ტაილანდიც იყო ჩართული, ხოლო 2023 წელს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგან ერთობლივ წვრთნებში კამბოჯა, ლაოსი და ვიეტნამიც იღებდნენ მონაწილეობას.
წვრთნები, როგორც წესი, ფოკუსირებულია არასაბრძოლო ოპერაციებზე (Military Operations Other Than War – MOOTW), მაგალითად, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციასა და კონტრტერორიზმზე.
მნიშვნელოვანია, რომ დაანონსებულ რიგით მე-6 “Peace and Friendship”-ის ინიციატივაზე დამკვირვებლებად ASEAN-ის სხვა წევრი სახელმწიფოებიც იქნებიან მიწვეულნი.
ინიციატივის მიზანია ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება, არატრადიციულ უსაფრთხოების საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების უნარის ამაღლება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.
ჩინეთი და მალაიზია ერთობლივ წვრთნებს „მშვიდობა და მეგობრობა-2025“-ს ჩაატარებენ Read More »
ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრება და ამ უკანასკნელის მმართველი პარტიის 80-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიებს დაესწრება. აღნიშნული ვიზიტი 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფხენიანში ჩატარდება სამხედრო აღლუმი, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალისა სადემონსტრაციოდ. ცერემონიას რუსეთის მხრიდან რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევიც დაესწრება.
ლი ციანის აღნიშნული ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის დელეგაციის უმაღლესი დონის ვიზიტს წარმოადგენს, 2019 წლის შემდგომ. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად, მიმდინარე წლის სექტემბერში, პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმს ესწრებოდა. 2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ ჩენ ინი მონაწილეობას იღებდა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში, სადაც მსოფლიოს არაერთი ლიდერი და პოლიტიკოსი იყო შეკრებილი.
ზემოხსენებულ სამიტზე ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ პირობა დადეს, რომ კიდევ უფრო გააღრმავებდნენ ორმხრივ თანამშრომლობას. ჩინეთი დღემდე ჩრდილოეთ კორეის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ჩრდილოეთ კორეამ, თავის მხრივ, გამოხატა მზადყოფნა და სურვილი, გააძლიეროს ჩინეთთან კავშირები და როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო სონ ჰუიმ აღნიშნა, „მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ერთობლივი წინააღმდეგობა გაუწიონ უნილატერალიზმსა და ძალის პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყონ უფრო სამართლიან მსოფლიო წესრიგს“.
ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოეთ კორეისადმი დაწესებული მკაცრი სანქციებისა და ჩინურ საქონელზე ახლახან შემოღებული ტარიფების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ უნილატერალიზმზე გაკეთებული აქცენტი ნიშანდობლივია.
ამგვარი მოვლენებისა და განცხადებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც უშუალოდ ჩინეთის პრეზიდენტს მიმართავდა და ირონიულად ურჩევდა, თბილად მისალმებოდა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს „ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ მოლაპარაკებისას“. რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა ამ კვირაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გაიმართება, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამოიწვევს მსგავს დაძაბულობას და ვარაუდებს აშშ-ის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ.
თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პუტინისათვის დაბადების დღის მისალოც წერილში ფხენიანს, მოსკოვსა და პეკინს შორის აღნიშნული ალიანსი წარმოაჩინა როგორც წინგადადგმული ნაბიჯი „უფრო სამართლიანი და მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგისკენ“.
ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მაღალი რანგის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში Read More »
ათწლეულების განმავლობაში ზამბიასა და ჩინეთს შორის ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩინეთმა დააფინანსა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის აეროპორტი და რკინიგზის პროექტები. ზამბიაში ჩინური კომპანიები დომინანტ როლს ასრულებენ სპილენძისა და კობალტის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში.
თუმცა, 176 ზამბიელი ფერმერმა წარმოადგინა სარჩელი ორი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ჩინეთის კომპანიების ადგილობრივ შვილობილ ფირმებს წარმოადგენენ (Sino-Metals Leach Zambia და NFC Africa Mining). აღნიშნული სარჩელი ზამბიისა და ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობას კრიზისს უქმნის. ფერმერთა წინააღმდეგობის პროვოცირება თებერვლის ფაქტმა მოახდინა, როდესაც კუდსაცავის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად მჟავე ნარჩენები დედაქალაქ ლუსაკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 285 კილომეტრში მდებარე ქალაქ კიტვესთან ახლოს მდებარე მდინარეებში ჩაიღვარა და დაზიანდა ფერმები. ფერმერები მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებენ, რამაც დაარღვია მათი ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების კონსტიტციური უფლება. ტოქსიკური ნარჩენების დაღვრის შედეგად მოიწამლა მიწა და მოსავალი. პეტიციის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა საფრთხის შესახებ ოპერატიულად გაფრთხილებული არ ყოფილა, რის ფონზეც შვიდი თვის განმავლობაში ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში უწევდათ ცხოვრება. ამიტომ მოითხოვენ 80 მილიარდი დოლარის კომპენსაციას და 336 დოლარის თვიურ კომპენსაციას ეკომიგრანტებისთვის.
ეკოლოგიური კრიზისის შეფასება საერთაშორისო დონეზეც ხდება. ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ივა პესამ განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან 80 მილიარდიანი კომპენსაციის მოთხოვნა რეალურად სიმბოლური დატვირთვისაა. თავად პეტიციის ავტორებმაც იცოდნენ, რომ ასეთ თანხაზე თანხმობის მიღება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზანი ჩინური კომპანიების შვილობილი ფირმების მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებაა. ზამბიელებისთვის უფრო მისაღები და მარტივია წვრილ ჩინურ ფირმებს დაუპირისპირდნენ და მათ წინააღმდეგ აღძრან სარჩელი, ვიდრე ადგილობრივი სამთო გიგანტების წინააღმდეგ, როგორიცაა ZCCM ან Mopani, რომლებიც, როგორც ჩანს, ბევრად ფართო ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობენ ადგილობრივ თემებს, პირველ რიგში კი, სტიმულირდება ადგილობრივი შრომითი ბაზარი. ფერმერთა სარჩელი, მისი თქმით, ნაკლებად იყო მოტივირებული გარემოსდაცვითი აქტივიზმით, ვიდრე სარგებლის გაზიარების სურვილით:
„ჩინური კომპანიები უზარმაზარ მოგებას იღებენ. ბუნებრივია, მათ ეკონომიკური სარგებლის ნაწილი ადგილობრივ თემზეც უნდა გადაანაწილონ, რომელთა საცხოვრებელი ტერიტორია ტოქსიკური ნივთიერებით განადგურდა.“– ივა პესა, გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.
ფერმერთა წინააღმდეგობის პარალელურად, ზამბიის მთავრობამ მომხდარი ინციდენტის ეკოლოგიური ზეგავლენის ფაქტის მინიმალიზაცია სცადა. მინისტრმა კორნელიუს მვიტვამ აგვისტოში აღნიშნა, რომ საგანგაშო სიტუაციის გამოცხადება საჭირო არ იყო. ზამბიას მთავრობისა და Sino-Metals-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისულ ტერიტორიაზე pH-ის დონე ნორმას დაუბრუნდა და დაზარალებულ მაცხოვრებელთა კომპენსაციაც მოხდა 14 მილიონი კვაჩას ოდენობით. მთავრობის აქტიური ლობირება Sino-Metals-ის სასარგებლოდ აუცილებლად გარდაიქმნება საყოველთაო საარჩევნო აბსენტიზმში. აღნიშნული შემთხვევა უნდა გახდეს ჩინეთისა და ზამბიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის დასასრულის საფუძველი.
ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსხვილი სამთო კომპანია ზამბიაში გარემოს დაზიანებაში იქნა დადანაშაულებული. ზამბიელ ფერმერთა პროტესტმა დიპლომატიური პრობლემა წარმოშვა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების პარალელურად აშშ-ს საელჩოც მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ეკოლოგიური კატასტროფის კავშირი ჩინეთის შვილობილ კომპანიებთან და მათ მენეჯმენტთან, ვინაიდან ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან.
ზამბიელი ფერმერები ჩინურ სამთო კომპანიებს ეკოლოგიური კატასტროფისთვის უჩივიან Read More »
ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო – „Courage and Responsibility“ გადაეცა !
✨ დამატებით გვახარებს, რომ მზია ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე სამოქალაქო იდეამ წარადგინა.
წელს ჯილდოს მიიღებს საქართველოში არსებული ავტორიტარიზმის პროცესის წინააღმდეგობის მოძრაობა და მისი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო – მზია ამაღლობელი. „მზია ამაღლობელი უკვე დიდი ხანია, ებრძვის ავტორიტარიზმს, ცენზურასა და პოლიტიკურ შანტაჟს. ის სიმართლის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების ერთგულების სიმბოლო გახდა – ამბობს Jakub Klepal, Forum 2000-ის აღმასრულებელი დირექტორი
ჯილდო „Courage and Responsibility“ დაარსებულია 2021 წელს და გადაეცემა ადამიანებს, რომელთაც გამოავლინეს განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე დემოკრატიის დაცვასა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერაში. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება Forum 2000-ის კონფერენციაზე, პრაღაში, რომელსაც რამდენიმე ასეული სტუმარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.









