Civicidea

ჩინურმა კიბერ-შპიონაჟის კამპანიამ აშშ-ს უცხოური ინვესტიციების ოფისამდე მიაღწია

CNN-ის მიხედვით, ჩინელმა ჰაკერებმა შეაღწიეს აშშ-ს მთავრობის ოფისში, რომელიც განიხილავს  უცხოურ ინვესტიციების რისკს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. აღნიშნული ქმედება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩინეთის ინტერესს იმ ამერიკული ინსტიტუტების მიმართ, რომლებსაც აქვთ უფლებამოსილება დაბლოკონ ჩინური ინვესტიციები აშშ-ში.

ჰაკერული კამპანიის სამიზნე ოფისმა, აშშ-ში უცხოური ინვესტიციის კომიტეტმა (CFIUS), 2024 წლის დეკემბერში მოიპოვა ამერიკულ სამხედრო ბაზებთან უძრავი ქონების გაყიდვების უფრო დეტალურად შესწავლის უფლება, ვინაიდან ეროვნული უსაფრთხოების სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ჩინეთმა ან მისმა სატელიტებმა, შესაძლოა, მიწები შეისყიდონ ბაზებზე სათვალთვალოდ.

გარდა CFIUS-ისა, ჰაკერული თავდასხმა შეეხო უცხოური აქტივების კონტროლის ოფისსაც, რომელიც სანქციებზეა პასუხისმგებელი. აღსანიშნავია, რომ უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ახლახანს დაასანქცირა ერთ-ერთი ჩინური კომპანია კიბერშეტევებში შესაძლო ჩართულობისთვის. 

ბლუმბერგის სტატიის მიხედვით, ჰაკერული თავდასხმების უკან ჩინური დაჯგუფება Silk Typhoon დგას, რომელიც  2021 წელს Microsoft Exchange Server-ზე  თავდასხმაშიც იყო ჩართული.

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა, ლიუ პენგიუმ კიდევ ერთხელ უარყო ჩინეთის ჩართულობა ჰაკერულ ოპერაციებში.

ჩინურმა კიბერ-შპიონაჟის კამპანიამ აშშ-ს უცხოური ინვესტიციების ოფისამდე მიაღწია Read More »

ჩინური კომპანია “CRTG”: უსაფრთხოების რისკები და ინფრასტრუქტურული პრობლემები

„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ მორიგ პუბლიკაციას ქართულ ასპარეზზე ახლადგამოჩენილი კომპანიიის “China Railway Tunnel Group (CRTG)” შესახებ.

ანგარიში მიმოიხილავს სკანდალებსა და პრობლემატურ ისტორიას ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ კომპანიაზე, რომელსაც აბარია ორი მნიშვნელოვანი პროექტი:
(1) ქვეშეთი-კობის რუსეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალი და (2) სტეფანწმინდა-გველეთის დამაკავშირებელი გზა.

კვლევა აღწერს კომპანიასთან “CRTG” დაკავშირებულ უსაფრთხოების რისკებს, ინფრასტრუქტურულ პრობლემებს, მძიმე საერთაშორისო დარღვევებსა და კომპანიის პრობლემურ ისტორიას.

კვლევა აღწერს როგორც კომპანიის აქტივობებს საქართველოს ბაზარზე, ასევე სხვადასხვა ქვეყნის რიგ გამოცდილებებს კომპანიასთან დაკავშირებით.

ჩინური კომპანია “CRTG”: უსაფრთხოების რისკები და ინფრასტრუქტურული პრობლემები Read More »

როგორ მანიპულირებენ სამთავრობო ტროლები ევროსტატის მონაცემებით?

სიღარიბის ერთიანი სტანდარტის არარსებობისა და თვლადების იგნორირების პირობებში სრულიად დეზინფორმაციული და არაფრისმთქმელია გარკვეული სამთავრობო ტროლების მხრიდან იმაზე გლოვა რომ, Eurostat-ის ინფორმაციის შესაბამისად, ევროკავშირის მოსახლეობის 21.4%, ანუ 94.6 მილიონი ადამიანი, სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის რისკის ქვეშ იმყოფება.

სრული კატეგორიულობით უნდა ითქვას, რომ საქართველო და ევროკავშირი სიღარიბეს სრულიად განსხვავებული სტანდარტებითა და კრიტერიუმებით ითვლიან და, შესაბამისად, სიღარიბის მაჩვენებელი რიცხვები ერთმანეთთან ერთი რომელიმე კოეფიციენტის მიხედვით არ დარდება.

თუკი მაინცდამაინც უნდა დავადაროთ, შესაძლებელია სიღარიბის საერთაშორისო ზღვარი გამოვიყენოთ, რომელიც განსაზღვრულია 3.65 აშშ დოლარზე ნაკლები დღიური შემოსავლით. ამ მონაცემის შესაბამისად, საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი სიღარიბის საერთაშორისო ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ევროკავშირში კი ასეთი მხოლოდ ყოველი 167-ე.

სტატია სრულად:

როგორ მანიპულირებენ სამთავრობო ტროლები ევროსტატის მონაცემებით? Read More »

ბაიდენმა ჰონგ კონგის ოფიციალურ პირებზე სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა კანონმდებლობას, რომლითაც ხუთი წლით გაახანგრძლივა 2019 წლის „ჰონგ კონგის ადამიანთა უფლებებისა და დემოკრატიის აქტი“. აქტი მოიცავს სანქციებს ჩინეთის ავტორიტეტულ ფიგურებზეც, რაც ჰონგ კონგის ავტონომიურობის, ისევე, როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების უფლებების შელახვითაა დასაბუთებული.

კანონმდებლობა ყოველწლიური „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ (NDAA) ნაწილია, რომელიც განსაზღვრავს ფინანსებსა და აშშ-ს სამხედრო პოლიტიკას შემდეგი ფისკალური წლის განმავლობაში. გარდა ჰონგ კონგის აქტისა, გახანგრძლივდა „ტიბეტზე ორმხრივი წვდომის“ და „უიღურების ადამიანთა უფლებების პოლიტიკის“ აქტები.

ჰონგ კონგი და პეკინი ამერიკულ სანქციებს გმობენ და ვაშინგტონს აფრთხილებენ, რომ სანქციები თავად აშშ-ს ვნებს, რის არგუმენტადაც აშშ-სა და ჰონგ კონგს შორის სავაჭრო ურთიერთობას ასახელებენ.

ამერიკული სანქციების სიმკაცრეს ზურგს უმაგრებს აშშ დოლარის გავლენა გლობალურ ფინანსურ სისტემაზე – მსგავსი შეზღუდვების სიაში მოხვედრილი პირებისთვის წესდება როგორც ფინანსური, ისე სამოგზაურო შეზღუდვებიც.

ჰონგ კონგის მოქმედმა თავმჯდომარემ უსაფრთხოების საკითხებში, ქერი ლემმა განაცხადა, რომ ის სანქციებს თავს არიდებდა ხელფასის „ქეშით“ (ნაღდი ფული) აღებითა და თავის რეზიდენციაში შენახვით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა ნოემბერში დამატებითი სანქციები დააანონსა, რაც, ძირითადად, სავიზო შეზღუდვებს შეეხება.

აღნიშნული ზომების შესახებ გადაწყვეტილება ამერიკულმა მხარემ მას შემდეგ მიიღო, რაც ჰონგ კონგში ოპოზიციის 45 წარმომადგენელი დააკავეს ხელისუფლების დამხობის მცდელობის ბრალდებით.

საპასუხოდ, ჩინეთიც აწესებს სანქციებს იმ ამერიკელ პირებზე, რომელთა საქმიანობასაც (იგულისხმება ჰონგ კონგთან მუშაობა) იგი ნეგატიურად აფასებს.

ბაიდენმა ჰონგ კონგის ოფიციალურ პირებზე სანქციები გაახანგრძლივა Read More »

რუსეთი ჩინეთთან ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ სექტორში ინვესტიციებს ამცირებს

რუსეთის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო გზა ჩინეთთან შეფერხებებს განიცდის, რადგან უკრაინის ომმა მნიშვნელოვნად შეანელა ქვეყნის სარკინიგზო ინდუსტრია. აღსანიშნავია ისიც, რომ სარკინიგზო სისტემა მოსკოვსა და პეკინს შორის ვაჭრობისათვის აუცილებელ კომპონენტს წარმოადგენს.

2023 წლის პირველი ცხრა თვის განმავლობაში ორ ქვეყანას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით 128 მილიონ ტონაზე მეტი ტვირთი გადაიზიდა. ეს მიუთითებს გასულ წელს დაფიქსირებულ  51,5 პროცენტიან ზრდაზე 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

სანქციებმა აშკარად გაართულა რუსული ექსპორტი და ტექნოლოგიების იმპორტი. რუსეთმა სამხედრო ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის იმპორტი გაზარდა  “მესამე სამყაროს” ქვეყნებიდან, მათ შორის ჩინეთიდან. Atlantic Council-ის მიხედვით, ჩინეთთან სარკინიგზო მიმოცვლის გაძლიერებამ ხელი შეუშალა დასავლური სანქციების სასურველ მიზანს, რომ რუსეთის ეკონომიკა იზოლაციაში მოქცეულიყო და ომის საწარმოებლად საჭირო რესურსების დეფიციტი წახალისებულიყო. 

გასულ წელს დაფიქსირებული დადებითი მაჩვენებლების მიუხედავად, დღევანდელი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება.  რუსეთის სარკინიგზო ინდუსტრია დიდი ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე მძაფრი შენელების წინაშე დგას და ეს ტენდენცია მზარდია, რის შესახებაც რუსული კვლევითი კომპანიის, MMI Research-ის ანგარიშიდან ვიგებთ.

Bloomberg-ის მიერ ციტირებული MMI-ის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის სახელმწიფო სარკინიგზო კომპანია Russian Railways-ის მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2024 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში გასულ წელთან შედარებით 5%-ით შემცირდა. ეს შენელება ნაწილობრივ გამოწვეულია იმით, რომ რუსეთი პრიორიტეტს ომთან დაკავშირებული მასალების ტრანსპორტირებას ანიჭებს. ამ ყოველივემ ისეთი მნიშვნელოვანი საქონლის ტრანსპორტირება შეაფერხა, როგორიცაა ქვანახშირი და ალუმინი.

რუსეთის მიერ სარკინიგზო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების შემცირება გახლავთ კიდევ ერთი ფაქტორი, რომელიც აღნიშნული სექტორის შენელებას განაპირობებს. რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, Tass-ის ცნობით, ქვეყანაში მაღალი საპროცენტო განაკვეთები პროექტების დაფინანსებას კიდევ უფრო ართულებს.

ამასთანავე, როგორც Tass იტყობინება, 2025 წელს რუსეთის რკინიგზა საინვესტიციო პროგრამისათვის მხოლოდ 890 მილიარდი რუბლის (8,5 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფას გეგმავს, რაც იმას ნიშნავს, რომ 2024 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 30%-ით შემცირდება. 

ეს ცვლილებები ცუდი სიახლეა ჩინეთთან ვაჭრობისათვისაც. რუსეთი დასავლეთის სანქციების გამო, სარკინიგზო ტრანსპორტზეა დამოკიდებული. 2024 წლის დასაწყისში რუსეთმა რკინიგზაში მილიარდობით ინვესტიცია ჩადო, რათა ჩინეთთან ვაჭრობა წაეხალისებინა, თუმცა, არსებული ეკონომიკური პრობლემები პროგრესს კვლავ აფერხებს.

ზემოთ განხილული საკითხები ხაზს უსვამს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მზარდ ხარჯებს, რის გამოც ქვეყანას მრავალი ეკონომიკური გამოწვევა ექმნება. საგულისხმოა ისიც, რომ ამ წლის დასაწყისში, მაღალი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები რეკორდულ ნიშნულამდე, 21%-მდე გაზარდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის სამხედრო სტრატეგია მთლიანად არის დამოკიდებული მის სარკინიგზო ქსელებზე. რკინიგზა უკრაინაში პუტინის სრულმაშტაბიანი ომის საწარმოებლად ლოჯისტიკურად კრიტიკული ობიექტია.

უკრაინული სადაზვერვო სამსახურები და პარტიზანული ჯგუფები რუსულ პარტიზანულ ჯგუფებთან   ერთად მოქმედებენ და სტარტეგიულ სამიზნედ ისახავენ რუსული რკინიგზის წერტილებს. „შეაჩერე ვაგონები“ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსული პოლიტიკური ჯგუფია, რომლებიც რუსეთის ომის მიმართ წინააღმდეგობას სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დივერსიით გამოხატავს.

რუსეთი ჩინეთთან ვაჭრობის ერთ-ერთ მთავარ სექტორში ინვესტიციებს ამცირებს Read More »

მასობრივი საპროტესტო ტალღა სერბეთში – სტუდენტები ჩინური კომპანიების მიერ რესტავრირებულ რკინიგზის სადგურთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ

თითქმის ორთვიანი უწყვეტი დემონსტრაციების შემდეგ, კვირას, 22 დეკემბერს, სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში, ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ნოემბრის პირველი კვირიდან მომიტინგეები ითხოვენ პრეზიდენტ ვუჩიჩისა და მმართველი „სერბეთის პროგრესიული პარტიის“ გადადგომას. ისინი ამჟამინდელ ლიდერს კორუფციაში, ნეპოტიზმსა და გამჭვირვალობის ნაკლებობაში ადანაშაულებენ. აღნიშნული აქცია იმ საპროტესტო მოძრაობის უფრო გაძლიერებული ნაწილია, რომელიც სერბეთში მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის ჩრდილოეთში, ქალაქ ნოვი სადში, რკინიგზის სადგურზე ჭერის ჩამონგრევას, ჯამში, 15 ადამიანი ემსხვერპლა.

ნოვი სადის რკინიგზის სადგური ბოლო წლებში ორჯერ გარემონტდა. პროტესტის მონაწილეების აზრით, პროექტი, რომელშიც ჩინეთის სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობდნენ, უკიდურესად კორუმპირებული ხასიათის იყო.  ჩინურ კომპანიებს შორის იყო China Railway International Co. Ltd. და China Communications Construction Company (CRIC-CCCC) . ჩინური კომპანია CCCC სწორედ ის კომპანიაა, რომელიც არაერთ საერთაშორისო სკანდალში გაეხვა, ამის მიუხედავად კი ანაკლიის პორტის მშენებლობაში პოტენციური ინვესტორია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელობით ჩატარებული სარკინიგზო პროექტი თავდაპირველად დაიგეგმა სერბეთის სარკინიგზო ქსელის განახლების მიზნით, რომელიც მთლიანად ფოკუსირებულია ბელგრადის ჩრდილოეთით მდებარე მარშრუტზე. ეს ძალისხმევა მთლიანად დაკავშირებულია ჩინეთის ე.წ. „სარტყლისა და გზის“ („Belt and Road“) პოლიტიკასთან, რომელიც მიზნად ისახავს ჩინეთის საქონლის ევროპაში იმპორტის ზრდას.

სარემონტო სამუშაოები 2021 წელს დაიწყო, სადგურის სხვადასხვა ნაწილი 2022 წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაიხსნა. თუმცა, რეკონსტრუქცია გაგრძელდა 2024 წლის ივლისამდე, როდესაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ სადგური „ევროპული სტანდარტებით“ იყო აღდგენილი. ნოვი სადის საინფორმაციო გამოშვება 021-ის ცნობით, რემონტთან დაკავშირებული ძირითადი დოკუმენტები კონფიდენციალური და საიდუმლო იყო.

ჩინური ინვესტიციები სერბეთში – ინფრასტრუქტურის, სამთო მოპოვებისა და სადაზვერვო სფეროებში – ხშირად იყო მოცული დაპირისპირებით: სტანდარტებისა და გამჭვირვალობის შესახებ მუდმივი შეშფოთებით. 2021 წელს გაიცა მშენებლობის ნებართვა ნოვი სადსა და უნგრეთის საზღვარს შორის სარკინიგზო ინფრასტრუქტურის სრულად რესტავრაციისთის. ნებართვაში აღნიშნული იყო ნოვი სადის რკინიგზის სადგურის „რეკონსტრუქცია, ადაპტაცია და გაფართოება“, მაგრამ არ იყო მითითებული შენობის ზუსტად რომელ ნაწილებს მოიცავდა ეს სამუშაოები.

დამხმარე დოკუმენტებს შორის იყო პროექტი სახელწოდებით „არქიტექტურული პროექტი ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის მიწისქვეშა გადასასვლელის გაფართოებისა და ადაპტაციისთვის“, თუმცა მასში დამატებითი ნაწილები და აღწერები მითითებული არ იყო.

1 ნოემბრის კატასტროფული მოვლენიდან რამდენიმე დღეში ტრანსპორტის მინისტრმა გორან სევიჩმა, სერბეთის სახელმწიფო რკინიგზის კომპანიამ, სახელმწიფო ტრანსპორტის ინსტიტუტმა და კონსორციუმმა „China Railway International Co. Ltd. და China Communications Construction Company (CRIC-CCCC)“, რომლებიც ჩართულნი იყვნენ შენობის სარემონტო სამუშაოებში, უარყვეს ბრალდებები და განაცხადეს, რომ ჭერი, რომელიც ჩამოინგრა, მათ მიერ წარმოებული სამუშაოების ნაწილს არ წარმოადგენდა. თუმცა ისინი ტყუილში მალევე ამხილეს. „ტყუილია, რომ ჩარდახზე სამუშაოები არ ჩატარებულა, რადგან ამ მოვლენამდე იგი მინით იყო დაფარული”, – თქვა გეოლოგმა და ინჟინერმა ზორან ჯაჯიჩმა, რომელიც 2023 წლამდე კურირებდა რკინიგზის სადგურის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შიდა პრესისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ CRIC და CCCC ამტკიცებენ, რომ მათ პირდაპირი კავშირი არ ჰქონიათ ამ კონკრეტული ჭერის შეკეთებასთან, სამართლის ექსპერტები ამტკიცებენ, რომ, როგორც ზედამხედველი კონტრაქტორები, ისინი პირდაპირ პასუხისმგებელნი არიან თავიანთი ქვეკონტრაქტორების საქმიანობაზე. მიმდინარე მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა ის შიში და უნდობლობა, რომელიც „სარტყლისა და გზის“ ინიციატივასთან დაკავშირებით ჰქონდათ კრიტიკოსებს. ეს უნდობლობა კი მიმართულია ადგილობრივი ქვეკონტრაქტორებისკენ, რომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხიანობა და უსაფრთხოება კითხვის ნიშნის ქვეშ კიდევ ერთხელ დადგა.

ვუჩევიჩმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს იმ ისტერიაში, რომელიც ჩინეთის წინაააღმდეგაა მიმართული და ირონიულად დასძინა, რომ მაშინ, ყველა ჩინური კომპანიის წარმომადგენლები უნდა დაიჭირონ.

გაუმჭვირვალობის აღმოსაფხვრელად და მთავარი დამნაშავეების გამოსავლენად აქციის მონაწილეები რეკონსტრუქციული სამუშაოების დოკუმენტების და დეკლარაციების გახსნას, ასევე საქმეზე პასუხისმგებელი პირების შესაბამისად დასჯას ითხოვენ.

მასობრივი საპროტესტო ტალღა სერბეთში – სტუდენტები ჩინური კომპანიების მიერ რესტავრირებულ რკინიგზის სადგურთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვენ Read More »

ნაშრომის, “HYBRID THREATSAND RESILIENCE’, პრეზენტაცია

12 დეკემბერს ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის ორგანიზებით გაიმართა პოლიტიკის დოკუმენტების პრეზენტაცია, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დამფუძნებელმა თინათინ ხიდაშელმა საკუთარი ნაშრომი წარადგინა.

მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ჰიბრიდული საფრთხეების სხვადასხვა ასპექტზე და ისაუბრა იმაზე, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო. 

კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, თინათინმა განიხილა დეზინფორმაციის გავრცელების, უსაფრთხოებისა და სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინაშე არსებული საფრთხეები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ მთავარ საკითხს:

1. როგორ ხდება საქართველოს ევროატლანტიკური კურსის წინააღმდეგ მიმართული კოორდინირებული ქმედებების გამოვლენა;

2. როგორ გამოიყენება ავტორიტარული ძალების მიერ ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური ბერკეტები, მათ შორის სავაჭრო ზეწოლა და სტრატეგიულ სფეროებში განხორციელებული ინვესტიციები, მავნე გავლენების გავრცელების მიზნით.

 

ნაშრომი შეგიძლიათ იხილოთ აქ:

ნაშრომის, “HYBRID THREATSAND RESILIENCE’, პრეზენტაცია Read More »

ჩინეთმა ორ კანადურ ინსტიტუტსა და მის თანამშრომლებს სანქციები დაუწესა

ჩინეთმა ორი კანადური ინსტიტუტისა და ოცი კანადელი ინდივიდის წინააღმდეგ სანქციები შეიმუშავა. შეზღუდვების სამიზნეები „უიღურთა უფლებების ადვოკატირების პროექტი“, „კანადა-ტიბეტის კომიტეტი“ და მათი თანამშრომლები გახდნენ.  ჩინეთის მხრიდან მიღებული ზომები მოიცავს აქტივების გაყინვასა და ჩინეთში შესვლის აკრძალვას.

უიღურთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაცია ხშირად საუბრობს პეკინის მხრიდან აღნიშნული, მეტწილად მუსლიმური, ეთნიკური უმცირესობების მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევებზე, მათ შორის, ბანაკებში იძულებით სამუშაოებზე. ჩინეთის მხარე ბრალდებებს უარყოფს.

რაც შეეხება „კანადა-ტიბეტის კომიტეტს“, მისი მიზანი 1950 წელს ჩინეთის მიერ ტიბეტზე კონტროლის მოპოვებისა და მის შედეგად დამყარებულ მმართველობის კვლევაა. აღნიშნული მმართველობის ფორმა ადამიანის უფლებებათა საერთაშორისო ჯგუფებისა და ტიბეტური არეალიდან ძულებით გადაადგილებული პირების მიხედვით, ძალადობრივია.

აღსანიშნავია, რომ ჩინეთის სანქციები 10 დეკემბერს კანადის მიერ დაწესებული შეზღუდვების საპასუხო ზომებად მიიჩნევა. კანადის მხარემ გადაწყვეტილება ჩინეთის მიერ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებათა შელახვით დაასაბუთა და ხაზი გაუსვა როგორც სინძიანსა (უიღურებით დასახლებული რეგიონი ჩინეთში) და ტიბეტში არსებულ პრობლემებს, ისე ფალუნგუნის რელიგიის მიმდევრების მიმართ არსებულ დარღვევებს. კანადის მიერ დაწესებული შეზღუდვები ითვალისწინებდა 8 ყოფილი და მოქმედი ჩინელი ოფიციალური პირის აქტივების გაყინვას. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ოტავას ამ ნაბიჯის საპასუხოდ კანადის მხრიდან ადამიანთა უფლებების შელახვის ისტორიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანა ხშირად „ავრცელებს ტყუილებს ეგრეთ წოდებულ უფლებების დარღვევებზე ჩინეთში“.

ჩინეთმა ორ კანადურ ინსტიტუტსა და მის თანამშრომლებს სანქციები დაუწესა Read More »

არაბული სახელმწიფოები ჩინეთს მოუწოდებენ შეასრულოს “უფრო დიდი როლი” ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხელშეწყობაში

ჩინეთმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის მშენებლობაში “უფრო დიდი როლი” უნდა ითამაშოს. ეს მოსაზრება რამდენჯერმე გაჟღერდა პეკინში, სადაც არაბული ქვეყნების 20-ზე მეტი დიპლომატიური წარმომადგენელი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ იის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამოქვეყნდა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება, რომლის თანახმადაც, არაბმა დიპლომატებმა შეშფოთება გამოხატეს რეგიონში გაჩაღებული მწვავე შეიარაღებული კონფლიქტების გამო. არაბმა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს მოლოდინს, რომ ჩინეთი დაძაბულობის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

ვანგ იიმ აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი ეკუთვნის ადგილობრივ მოსახლეობას და ეს რეგიონი დიდი სახელმწიფოების “ძალაუფლების თამაშების” სცენად არ უნდა იქცეს. ვანგმა განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთი გეოპოლიტიკური მეტოქეობის მსხვერპლი არ უნდა გახდეს. 

პალესტინის საკითხთან დაკავშირებით, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მხარეებს მოუწოდა “ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტისკენ”. ასევე ისაუბრა ღაზადან ჯარების გაყვანის აუცილებლობაზე და მხარი დაუჭირა “ორი სახელმწიფოს” მოდელს.

სირიაზე საუბრისას, ვანგმა მოუწოდა ყველა მხარეს იმოქმედონ ქვეყნისა და მისი ხალხის გრძელვადიანი ინტერესების შესაბამისად და წარმართონ ღია და ინკლუზიური პოლიტიკური პროცესი ტერორიზმის აღორძინების თავიდან ასაცილებლად.

აღსანიშნავია, რომ შეერთებული შტატების მიერ გამჟღავნებული ინფორმაციი თანახმად, ამჟამად სირიაში 2000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. ეს რაოდენობა ორჯერ მეტია ადრე ოფიციალურად დაფიქსირებულ რაოდენობაზე. სირიაში ამერიკელი ჯარისკაცების ყოფნის ფონზე, გრძელდება ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზაზე, სირიასა და იემენზე. 

სამშაბათს ჩინეთმა სირიის ახალი მთავრობა გააფრთხილა არ იმოქმედონ ტერორიზმის მხარდასაჭერად. ეს გაფრთხილება სირიაში დაფუძნებული ისლამური პარამილიტარისტული ჯგუფის “თურქისთანის ისლამური პარტიის” (Turkistan Islamic Party) გზავნილს მოჰყვა. დაჯგუფებამ ჩინეთის სინძიანის რეგიონის მუსლიმებს მოუწოდა ჩინეთში “წმინდა ომის”, ჯიჰადის წამოწყებისკენ. მეორე მხრივ, ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ, მეამბოხეების ლიდერმა, აჰმედ ალ-შარამ BBC-ის განუცხადა, რომ ქვეყანა დაღლილია  ომით და მეზობლებსა და დასავლეთს საფრთხეს არ უქმნის. 

მანამდე, ჩინეთმა ხაზი გაუსვა ლიბანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მნიშვნელობას. სექტემბერში ვანგმა დაგმო ისრაელის ძალების მიერ განხორციელებული „განურჩეველი თავდასხმები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ“. ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმების სამიზნე პარამილიტარისტული დაჯგუფება ჰეზბოლა უნდა ყოფილიყო.  „ჩვენ ყოველთვის დავდგებით სამართლიანობისა და ჩვენი არაბი ძმების, მათ შორის ლიბანის მხარეზე“, განუცხადა ვანგმა ლიბანელ კოლეგას ნიუ-იორკში გაერო-ს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე. 

„ჩინეთი და არაბული ქვეყნები კარგი მეგობრები და პარტნიორები არიან, რომლებიც იზიარებენ ერთსა და იმავე იდეალებს და ერთად მუშაობენ განვითარებისთვის“, – თქვა ვანგმა და დასძინა, რომ ჩინეთი გააგრძელებს არაბული ქვეყნების მხარდაჭერას დამოუკიდებლობისა და ერთიანობის მიღწევაში. მან პირობა დადო, რომ შეეცდება მშვიდობიანი და სტაბილური ახლო აღმოსავლეთის შექმნას.

ამ მოვლენების ფონზე,, მნიშვნელოვანია ჩინეთ-ისრაელის წარსულ თანამშრომლობაზე გავამახვილოთ ყურადღება. ორი ქვეყნის პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა 2017 წელს, „ინოვაციური ყოვლისმომცველი პარტნიორობის“ დოკუმენტის ხელმოწერით, რითაც  ჩინეთი ისრაელის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად იქცა. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ ჩინეთ-ისრაელის ურთიერთობას “ქორწინება სამოთხეში”-ც კი უწოდა

ფინანსური საკითხები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის შენარჩუნების ძლიერ ფაქტორად რჩება. ისრაელს მიმდინარე ომმა დიდი ეკონომიკური ზიანი მიაყენა, რაც ქვეყნის მშპ-სა და საკრედიტო რეიტინგს შეეხო. ჩინეთი, ისრაელისთვის სიდიდით მესამე სავაჭრო პარტნიორი (7 ოქტომბრამდე), კვლავაც არსებითად მნიშვნელოვანი რჩება ისრაელის ეკონომიკისთვის.

ისრაელის მიმართ ჩინეთის ცვალებადი დამოკიდებულების ფონზე, კერძო სექტორის ლიდერებმა ისრაელში მხარი დაუჭირეს პეკინთან მიმართებით რიგ ნაბიჯებს, მათ შორის, მაგალითად, ინიციატივას, რომ აიკრძალოს ან დროებით შეჩერდეს ჩინური კომპანიების ოპერირება ისრაელის პორტებში.   


მიუხედავად დაძაბულობისა, არსებობს ურთიერთობების დარეგულირების მცდელობები. 2024 წლის 14 ოქტომბერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს ისრაელ კაცს ესაუბრა. სატელეფონო ზარი ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით განხორციელდა. კაცმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჩინეთთან ურთიერთობების განვითარება ისრაელის გრძელვადიანი პოლიტიკაა და ემსახურება ორივე ერის ინტერესებს. მან ასევე გაიმეორა ისრაელის მთავრობის თანმიმდევრული პოზიცია ტაივანის საკითხთან დაკავშირებით. ვანგ იიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი ისრაელთან მიმართებით სტაბილური პოლიტიკის ერთგულია და მზად არის განაახლოს ყოვლისმომცველი ურთიერთობები, როგორც კი სიტუაცია გაუმჯობესდება.

არაბული სახელმწიფოები ჩინეთს მოუწოდებენ შეასრულოს “უფრო დიდი როლი” ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის ხელშეწყობაში Read More »

“განათლების პოლიტიკა უსაფრთხოების სამსახურში”

საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონში მდებარე მრავალკულტურული ქვეყანა, გამოირჩევა ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნებით. მოსახლეობის 13.2%-ს შეადგენენ ეთნიკური უმცირესობები, რომელთაგან ყველაზე მსხვილი ჯგუფებია აზერბაიჯანელები და სომხები. ქვეყნის მრავალეროვნულობა და განსხვავებული რელიგიური კონფესიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არა მხოლოდ საქართველოს შიდა მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ამ ფონზე, საქართველოში დემოკრატიის განვითარების პირობებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მულტიკულტურული საზოგადოების ინტეგრაცია და ინტერკულტურული დიალოგის განვითარებაა. თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში, სამოქალაქო განათლება წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს, რომელიც უწყობს ხელს სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებასა და პატივისცემის კულტურის გაძლიერებას.

უამრავი გამოწვევის ფონზე, საქართველო სრულფასოვანი სამოქალაქო იდენტობის ფორმირების პროცესშია. შესაბამისად, საინტერესოა, სხვადასხვა მეტ-ნაკლებად წარმატებული მაგალითის ფონზე განვიხილოთ, თუ რა გზა გაიარეს დღემდე და როგორ ადაპტირდა უმცირესობათა მონაწილეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოთა საგანმანათლებლო მიდგომები, როგორია სტანდარტის დამდგენი ნორმატიული ჩარჩო, რა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები ამყარებს სახელმწიფოების ვალდებულებებს პატივი სცენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს და ა.შ. ჩვენი ნაშრომი სწორედ ამ საკითხებს ეხება.

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მცდელობას ერთ სივრცეში გაერთიანდეს სამოქალაქო იდენტობის ფორმირების სხვადასხვა დისციპლინაში განხილული თემები (კულტურული, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა) და მიმოიხილავს მრავალფეროვნების პრაქტიკაში დანერგვას საფრანგეთის, შვეიცარიის, ლიეტუვის და იტალიის განათლების პოლიტიკის მაგალითებზე.

“განათლების პოლიტიკა უსაფრთხოების სამსახურში” Read More »

Scroll to Top