Civicidea

ზამბიელი ფერმერები ჩინურ სამთო კომპანიებს  ეკოლოგიური კატასტროფისთვის უჩივიან

ათწლეულების განმავლობაში ზამბიასა და ჩინეთს შორის ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩინეთმა დააფინანსა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის აეროპორტი და რკინიგზის პროექტები. ზამბიაში ჩინური კომპანიები დომინანტ როლს ასრულებენ სპილენძისა და კობალტის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში.

თუმცა, 176 ზამბიელი ფერმერმა წარმოადგინა სარჩელი ორი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ჩინეთის კომპანიების ადგილობრივ შვილობილ ფირმებს წარმოადგენენ (Sino-Metals Leach Zambia და NFC Africa Mining). აღნიშნული სარჩელი ზამბიისა და ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობას კრიზისს უქმნის. ფერმერთა წინააღმდეგობის პროვოცირება თებერვლის ფაქტმა მოახდინა, როდესაც კუდსაცავის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად მჟავე ნარჩენები დედაქალაქ ლუსაკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 285 კილომეტრში მდებარე ქალაქ კიტვესთან ახლოს მდებარე მდინარეებში ჩაიღვარა და დაზიანდა ფერმები. ფერმერები მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებენ, რამაც დაარღვია მათი ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების კონსტიტციური უფლება. ტოქსიკური ნარჩენების დაღვრის შედეგად მოიწამლა მიწა და მოსავალი. პეტიციის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა საფრთხის შესახებ ოპერატიულად გაფრთხილებული არ ყოფილა, რის ფონზეც შვიდი თვის განმავლობაში ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში უწევდათ ცხოვრება. ამიტომ მოითხოვენ 80 მილიარდი დოლარის კომპენსაციას და 336 დოლარის თვიურ კომპენსაციას ეკომიგრანტებისთვის.

ეკოლოგიური კრიზისის შეფასება საერთაშორისო დონეზეც ხდება. ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ივა პესამ განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან 80 მილიარდიანი კომპენსაციის მოთხოვნა რეალურად სიმბოლური დატვირთვისაა. თავად პეტიციის ავტორებმაც იცოდნენ, რომ ასეთ თანხაზე თანხმობის მიღება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზანი ჩინური კომპანიების შვილობილი ფირმების მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებაა. ზამბიელებისთვის უფრო მისაღები და მარტივია წვრილ ჩინურ ფირმებს დაუპირისპირდნენ და მათ წინააღმდეგ აღძრან სარჩელი, ვიდრე ადგილობრივი სამთო გიგანტების წინააღმდეგ, როგორიცაა ZCCM ან Mopani, რომლებიც, როგორც ჩანს, ბევრად ფართო ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობენ ადგილობრივ თემებს, პირველ რიგში  კი, სტიმულირდება ადგილობრივი შრომითი ბაზარი. ფერმერთა სარჩელი, მისი თქმით, ნაკლებად იყო მოტივირებული გარემოსდაცვითი აქტივიზმით, ვიდრე სარგებლის გაზიარების სურვილით:
 „ჩინური კომპანიები უზარმაზარ მოგებას იღებენ. ბუნებრივია, მათ ეკონომიკური სარგებლის ნაწილი ადგილობრივ თემზეც უნდა გადაანაწილონ, რომელთა საცხოვრებელი ტერიტორია ტოქსიკური ნივთიერებით განადგურდა.“ივა პესა, გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ფერმერთა წინააღმდეგობის პარალელურად, ზამბიის მთავრობამ მომხდარი ინციდენტის ეკოლოგიური ზეგავლენის ფაქტის მინიმალიზაცია სცადა. მინისტრმა კორნელიუს მვიტვამ აგვისტოში აღნიშნა, რომ საგანგაშო სიტუაციის გამოცხადება საჭირო არ იყო. ზამბიას მთავრობისა და Sino-Metals-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისულ ტერიტორიაზე pH-ის დონე ნორმას დაუბრუნდა და დაზარალებულ მაცხოვრებელთა კომპენსაციაც მოხდა 14 მილიონი კვაჩას ოდენობით. მთავრობის აქტიური ლობირება Sino-Metals-ის სასარგებლოდ აუცილებლად გარდაიქმნება საყოველთაო საარჩევნო აბსენტიზმში. აღნიშნული შემთხვევა უნდა გახდეს ჩინეთისა და ზამბიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის დასასრულის საფუძველი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსხვილი სამთო კომპანია ზამბიაში გარემოს დაზიანებაში იქნა დადანაშაულებული. ზამბიელ ფერმერთა პროტესტმა დიპლომატიური პრობლემა წარმოშვა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების პარალელურად აშშ-ს საელჩოც მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ეკოლოგიური კატასტროფის კავშირი ჩინეთის შვილობილ კომპანიებთან და მათ მენეჯმენტთან, ვინაიდან ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან.

ზამბიელი ფერმერები ჩინურ სამთო კომპანიებს  ეკოლოგიური კატასტროფისთვის უჩივიან Read More »

ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო – „Courage and Responsibility“ გადაეცა

ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო – „Courage and Responsibility“ გადაეცა !  

✨ დამატებით გვახარებს, რომ მზია ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე სამოქალაქო იდეამ წარადგინა.

წელს ჯილდოს მიიღებს საქართველოში არსებული ავტორიტარიზმის პროცესის წინააღმდეგობის მოძრაობა და მისი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო – მზია ამაღლობელი. „მზია ამაღლობელი უკვე დიდი ხანია, ებრძვის ავტორიტარიზმს, ცენზურასა და პოლიტიკურ შანტაჟს. ის სიმართლის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების ერთგულების სიმბოლო გახდა – ამბობს Jakub Klepal, Forum 2000-ის აღმასრულებელი დირექტორი

ჯილდო „Courage and Responsibility“ დაარსებულია 2021 წელს და გადაეცემა ადამიანებს, რომელთაც გამოავლინეს განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე დემოკრატიის დაცვასა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერაში. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება Forum 2000-ის კონფერენციაზე, პრაღაში, რომელსაც რამდენიმე ასეული სტუმარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო – „Courage and Responsibility“ გადაეცა Read More »

თინათინ ხიდაშელმა ჰარვარდში ლექცია წაიკითხა

15 სექტემბერს თინათინ ხიდაშელმა, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრმა და სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა,  ჰარვარდის კენედის სკოლაში, სერიის „მსოფლიო არენა: გლობალური დაკავშირება“  ფარგლებში წაიკითხა ლექცია „ჩინეთი, ირანი და სამხრეთ კავკასია“ .

ლექცია შეეხო რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს და ავტორიტარული ძალების გავლენის ოპერაციებს საქართველოსა და სამხრეთ კავასიაში. ღონისძიების მოდერატორები იყვნენ ოქსანა ტრეფანენკო (Global Affairs Program) და მარკუს ვაჰერი (REECA) და  მასპინძლობდა ინსტიტუტი პოლიტიკისთვის (IOP) ჰარვარდში. 

დისკუსიამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა საქართველოს როლი გლობალურ დისკუსიებში. 

თინათინ ხიდაშელმა ჰარვარდში ლექცია წაიკითხა Read More »

10 სექტემბერს “ჰელსინკის კომისიაში” საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა.  

10 სექტემბერს შეერთებული შტატების „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიაში“, იგივე „ჰელსინკის კომისიაში“ გაიმართა მოსმენა საქართველოს შესახებ. მომხსენებლებმა და კონგრესმენებმა მწვავედ გააკრიტიკეს „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა. 

„პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“ – ამ სათაურით გამართულ სხდომაზე კონგრესმენებმა მოუსმინეს მოწმეებს; პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, თავდაცვის ყოფილ მინისტრ თინა ხიდაშელს; „ჰადსონის ინსტიტუტის“ უფროს მკვლევარ ლუკ კოფის.

გიზიარებთ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და სამოქალაქო იდეას თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის გამოსვლას: 

თინათინ ხიდაშელის გამოსვლა ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (აშშ-ის ჰელსინკის კომისიის) წინაშე

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი

მოსმენა: “პარტნიორიდან პრობლემამდე: საქართველოს ანტიამერიკული გადახვევა“

10 სექტემბერი, 2025

ბატონო თავმჯდომარევ, ბატონო თანათავმჯდომარევ,  პატივცემულო კომისრებო და კომისიის წევრებო,

მადლობას გიხდით, რომ მომიწვიეთ დღევანდელ მოსმენაზე და გამართეთ ეს დისკუსია. ასევე, მადლიერი ვარ იმ ხანგრძლივი ყურადღებისთვის, რომელიც ამ კომისიამ და ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა საქართველოს დემოკრატიულ გზას, მის უსაფრთხოებასა და მის ხალხს დაუთმო.

დღევანდელი ჩემი გამოსვლის მიზანია:

  1. დავიცვა საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი – შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობის შენარჩუნება და გაძლიერება.
  2. ვამხილო საქართველოში ავტორიტარიზმისკენ სვლის მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება” აღარ ემსახურება ეროვნულ ინტერესებს და მოკავშირეობს ავტორიტარულ ძალებთან.
  3. გაჩვენოთ, თუ რატომ არის ამერიკისთვისსაქართველო მნიშვნელოვანი— როგორც შავი ზღვის უსაფრთხოების საყრდენი, ჩინეთის, რუსეთისა და ირანის წინააღმდეგ მდგარი პოზიცია და როგორც სტრატეგიული ხიდი ევროპასა და აზიას შორის.\

კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც აქ მოვიტანე, არამხოლოდ საქართველოს მთავრობის მიერ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობიდან  გადახვევას აჩვენებს, არამედ პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ მათ ზურგი აქციეს ქართველი ხალხის ნებასა და სტრატეგიულ ინტერესებს.

 

მათ ზურგი აქციეს იმ საქმეს,

  • რომელსაც 2008 წელს ქართველი გმირის, გიორგი ანწუხელიძის სიცოცხლე შეეწირა რუსი ოკუპანტების წამების პირობებში;
  • რომელსაც 2025 წელს ქართველი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის თავისუფლება შეეწირა, როცა ის თავად იცავდა ანწუხელიძის გზას და მის იდეალს, სულ უფრო ანტიდასავლური და პრორუსული საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ.“

აღსანიშნავია, რომ თქვენს წინაშე წარვდგები, როგორც იმ ქვეყნის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ცდილობდა მხარდაჭერის სანაცვლოდ ყოფილიყო სანდო პარტნიორი და საიმედო მეგობარი და ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების მხარდამხარ იბრძოდა ერაყში, ავღანეთსა და სხვა ქვეყნებში.

ჩემი თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, ნატოს არაწევრი ყველაზე დიდი სახელმწიფო და მეორე უმსხვილესი კონტრიბუტორი იყო ავღანეთში. ჩვენ იქ ვიყავით არა ვალდებულების, არამედ რწმენის გამო, რადგან გვჯეროდა ჩვენი საერთო მომავლის.

თუმცა, დღეს თქვენს წინაშე ვდგავარ, როგორც საქართველოს მოქალაქე –  დემოკრატიისა და თავისუფლების ღირებულებების ერთგული, იმ ღირებულებებისა, რომლებიც საქართველოსა და შეერთებული შტატების ხალხებს აერთიანებს. ასევე, მოქალაქე, რომელიც ღრმადაა შეშფოთებული, რომ რუსეთის უკრაინაში სასტიკი შეჭრის შემდეგ თბილისში არსებული რეჟიმი დაუღალავად მუშაობს იმისთვის, რომ ჩაახშოს აშშ-სთან, ევროკავშირსა და გაერთიანებულ სამეფოსთან ჩვენი პარტნიორობის თითოეული ნაპერწკალი; პარტნიორობას კი  წარმოგვიჩენს როგორც საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ, წარმოსახვით  „გლობალური ომის პარტიის“ შეთქმულებად, რითაც ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.

დავიწყებ მარტივი ჭეშმარიტებით: სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით იდგა, როგორც საიმედო პარტნიორი, ჩვენი დამოუკიდებლობის მხარდამჭერი და ჩვენი თავისუფლების დამცველი. მსურს, ჩემი სიტყვა  ამ მემკვიდრეობის აღიარებით დავიწყო.

შეერთებული შტატების გარეშე, საქართველოს უსაფრთხოების გეგმა არ არსებობს. შეერთებული შტატების დახმარების და ერთგულების გარეშე, საქართველოს სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი და ვერ გადარჩებოდა.

  • სწორედ აშშ-ის ჩართულობამ შეაჩერა პუტინი საქართველოში 2008 წელს.
  • აშშ-ის ლიდერობა იყო და რჩება ჩვენი ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის საკვანძო საყრდენად.
  • და ყველა წარმატება, რომელიც საერთაშორისო დონეზე გვქონია – იქნება ეს ნატოში, გაეროში თუ ევროკავშირში – ყოველთვის აშშ-ის მხარდაჭერითა და ლიდერობით იქნა მიღწეული.

ჩვენ კვლავ ვიმედოვნებთ, რომ ეს მხარდაჭერა შენარჩუნდება.

საქართველო მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მისი ხალხისთვის, არამედ აშშ-ისა და ევროპის ინტერესებისთვის. ის მნიშვნელოვანია გეოგრაფიის, ისტორიის და რაც მთავარია, იმ ღირებულებების გამო, რომლებმაც საქართველოს თანამედროვე პოლიტიკური კურსი განსაზღვრა. დღეს, მსურს გადმოვცე, თუ რატომ არის საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორი, რისი დაკარგვის რისკის წინაშე ვართ და რატომ არის აშშ-ის ლიდერობა ახლა უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოდესმე.

 

რატომ არის მნიშვნელოვანი საქართველო?

საქართველო სამი ფუნდამენტური მიზეზის გამო წარმოადგენს განსაკუთრებულ  მნიშვნელობას შეერთებული შტატებისა და საერთაშორისო საზოგადოებისთვის:

  • გეოგრაფიული მდებარეობა,
  • სტრატეგიული დაკავშირებულობა,
  • და დემოკრატიის მაგალითი.

პირველი, გეოგრაფია: საქართველო მდებარეობს შუა დერეფნის, იგივე თანამედროვე აბრეშუმის გზის მარშრუტის ცენტრში, რომელიც, რუსეთისა და ირანის გვერდის ავლით, ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს. ის მდებარეობს სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის გზაჯვარედინზე, მოქცეულია აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის. ეს არ არის  მხოლოდ რუკაზე გავლებული ხაზი ან ჩვეულებრივი სავაჭრო გზა. ეს არის ის, რასაც მე ვეძახი „თავისუფლების დერეფანს“. როდესაც საქონელი, ენერგია, მონაცემები და ადამიანები საქართველოს გავლით გადადგილდებიან, ისინი გადიან ქვეყანაზე, რომელმაც აირჩია დასავლეთი, აირჩია დემოკრატია და აირჩია თავისუფლება. ჩრდილოეთის დერეფნისგან განსხვავებით, ეს არის მარშრუტი, სადაც არ არსებობს პოლიტიკური შანტაჟი. ეს არის შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის პრაქტიკულად და პოლიტიკურად სანდო მარშრუტი.

შუა დერეფანი შეერთებულ შტატებს სთავაზობს ფასდაუდებელ რამეს: მედეგობას ავტორიტარიზმის მარწუხების ფონზე. მაშინ, როდესაც რუსეთი ცდილობს მისი მდებარეობის იარაღად გამოყენებას, ხოლო ჩინეთი სარტყლისა და გზის ინიციატივის განმტკიცებას, შუა დერეფანი დემოკრატიულ ალტერნატივას წარმოადგენს. საქართველო კი, მისი საყრდენია. საქართველოს გარეშე, დერეფანი არ არსებობს.

მეორე, ჩვენი დემოკრატიის მაგალითი: საქართველო არ არის მხოლოდ რუკაზე გეოსტრატეგიულად მდებარე „უძრავი ქონების“ ნაწილი. ეს არის მისწრაფების ისტორია. 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, საქართველო გახდა დემოკრატიული რეფორმის წარმატებული შემთხვევა პოსტ-საბჭოთა სივრცეში. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შესაძლებელია ინსტიტუტების აშენება, კორუფციასთან ბრძოლა, თავისუფლებების გაფართოება, და სამოქალაქო აქტივიზმისთვის საფუძვლის ჩაყრა, საბჭოთა კავშირის ბატონობის ათწლეულების შემდეგაც კი. საქართველო არასოდეს იყო უნაკლო, მაგრამ ის იყო შთამაგონებელი. რუსეთის, ბელარუსის, ცენტრალური აზიისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველო იყო ცოცხალი მტკიცებულება იმისა, რომ ცვლილება შესაძლებელია.

მესამე, რატომ ეშინიათ ავტორიტარულ რეჟიმებს საქართველოს წარმატების: დემოკრატიული საქართველო – ევროპული, დასავლური, თავისუფალი – ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს მოსკოვის იმპერიული პროექტისთვის. ჩვენი შედარებითი უპირატესობა არასოდეს ყოფილა ნავთობი ან გაზი. ჩვენი უპირატესობა იყო ჩვენი ევროპული ორიენტაცია და შავი ზღვა – ჩვენი ღიაობა, რეფორმებისადმი მზადყოფნა და სურვილი, ვიდგეთ შეერთებული შტატებისა და ევროპელი მოკავშირეების გვერდით.

თუ საქართველოს შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, მაშინ რუსებმა შეიძლება იკითხონ: რატომ არა ჩვენ? თუ ქართველებს შეუძლიათ კანონის უზენაესობის პირობებში ცხოვრება, მაშინ ბელარუსებმა შეიძლება იკითხონ: რატომ არა ჩვენ? საქართველოს ტრანსფორმაცია იყო შთამაგონებელი და გადამდები და სწორედ ეს აღმოჩნდა ძალიან საშიში რუსეთისთვის, ჩინეთისთვის, ირანისთვის და ყველა ავტორიტარული ძალისთვის. სწორედ ამიტომ რუსეთს და სულ უფრო მეტად ჩინეთსაც აქვთ პირადი ინტერესი ჩვენი სუვერენიტეტის შერყევაში, ჩვენი ინსტიტუტების კორუმპირებაში და ავტორიტარიზმის ორბიტაზე უკან ჩათრევაში. 

 

საქართველოს სიძლიერე ყოველთვის მომდინარეობდა გარე სამყაროსგან – შავი ზღვის, ევროპის და დასავლეთისგან. ჩვენ ზომით პატარა ქვეყანა ვართ, მაგრამ ჩვენ ვასრულებდით კარიბჭისა და დამაკავშირებლის როლს, რაც ჩვენს შედარებით უპირატესობას წარმოადგენდა.

  • ჩვენ ცენტრალური აზიისა და ევროპის ბაზრები ერთმანეთთან დავაკავშირეთ მილსადენებით, რკინიგზებითა და პორტებით.

ეს იყო ჩვენი უპირატესობა და სანდოობის წყარო როგორც  ჩვენი ხალხის, ისე ჩვენი მეგობრების წინაშე. ირანის ფუნდამენტალისტური საფრთხის, რუსეთის ავტორიტარიზმის საშიშროებისა და  სხვა რეგიონალური საფრთხეების ფონზე, საქართველოს როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, განსაკუთრებით შეერთებული შტატებისთვის.

სამხრეთით, ფუნდამენტალისტი ირანი ავრცელებს არასტაბილურობას ტერორიზმით, პროქსი ქსელებითა და აგრესიული რეგიონული პოლიტიკით. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოადგენს შავი ზღვისა და იმ ენერგეტიკული სატრანზიტო მარშრუტების საყრდენს, რომლებიც სრულად უვლის გვერდს ირანს და ევროპის ბაზრებს ენერგიისა და ვაჭრობის სანდო წყაროებთან აკავშირებს.

ჩრდილოეთით, ავტორიტარული რუსეთი აწარმოებს ომს და ძალმომრეობას. საქართველო, როგორც დემოკრატიული პარტნიორი, ამ საფრთხეების წინა ფრონტზე დგას. ჩვენი მდებარეობა მოწყვლადს გვხდის, მაგრამ დასავლეთისკენ ჩვენი ორიენტაცია ფასდაუდებელს გვხდის: ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სტაბილური, სანდო მოკავშირე, რომელიც განამტკიცებს აშშ-სა და ნატოს ინტერესებს რეგიონში, სადაც სხვა შემთხვევაში საფრთხე და არეულობა იბატონებდა.

 

 

რატომაა საქართველო საფრთხის წინაშე დღეს

დღეს, აღნიშნული მემკვიდრეობა თავდასხმის ქვეშაა და საქართველო სამიზნეს წარმოადგენს.

„ქართული ოცნებამ“  შეასუსტა ინსტიტუტები, გააყალბა არჩევნები და მოახდინა განსხვავებული აზრის კრიმინალიზაცია. მან დააპატიმრა ოპოზიციის ლიდერები, გამოიყენა ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ და უარი თქვა, პატივი სცეს ქართველი ხალხის სურვილს, რომელიც საარჩევნო ყუთთან დაფიქსირდა.

თავისუფალი, დემოკრატიული და დასავლური ორიენტაციის მქონე საქართველო მიუღებელია მოსკოვისთვის და სულ უფრო პრობლემატურია პეკინისთვის. სამწუხაროდ, დღევანდელმა მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“, აირჩია გზა, რომელიც ავტორიტარულ ინტერესებს ემსახურება, წინააღმდეგობის გაწევის ნაცვლად.  

„ქართულმა ოცნებამ“ ავტორიტარულ ძალებთან კავშირები გააღრმავა. ისინი ეპირფერებიან ჩინურ კომპანიებს, ხოლო აშშ-სა და დასავლურ ბიზნესებს  შუა დერეფნის შესაძლებლობებს უკეტავენ.

არ შეცდეთ, ჩინელები საქართველოში არ ახორციელებენ პირდაპირ ინვესტიციებს. პირიქით, ისინი, ერთმანეთის მიყოლებით, კონკრეტული ხელშეწყობისა და ხელსაყრელი პირობების დახმარებით იგებენ ტენდერებს და იღებენ სარგებელს საქართველოსგან. ჩვენ წლების განმავლობაში ვიკვლევდით,  ვიძიებდით, და ვწერდით ასეთი გარიგებებისა და კომპანიების შესახებ. მაშინ როდესაც, ამერიკულმა კომპანიებმა მილიარდობით ინვესტიციები ჩადეს ქართულ ეკონომიკაში და უზრუნველყვეს ჩვენი უსაფრთხოებისა და ინსტიტუტებისთვის 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგარეო დახმარება, ჩინელები  „ქართული ოცნების“ მთავრობის კორუმპირებულ და კლეპტოკრატიულ ბუნებას იყენებენ, და სულ უფრო მეტს იღებენ ჩვენგან. მათ უკვე მიიღეს 4.5 მილიარდზე მეტი და ეს მხოლოდ ნაწილია იმ კონტრაქტების (8 ინფრასტრუქტურული პროექტი), რომლებიც მიიღეს. კიდევ ერთხელ მინდა  გავუსვა ხაზი, რომ  არ არსებობს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ჩინეთიდან. ამ ყველაფერში თქვენი ფულია – საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, ამერიკელი, ევროპელი ან ქართველი გადასახადის გადამხდელების ფულია.

შედეგები სავალალოა. საქართველო, რომელიც ავტორიტარიზმისკენ მიემართება, მხოლოდ მის ხალხს არ უქმნის საფრთხეს. ის პირდაპირ ძირს უთხრის ამერიკის ინტერესებს რეგიონში:

  • ასუსტებს შუა დერეფნის სანდოობას, როგორც უსაფრთხო სატრანზიტო მარშრუტის.
  • ასუსტებს აშშ-ის გავლენას შავ ზღვასა და ევრაზიაში მაშინ როდესაც რუსეთი და ჩინეთი საკუთარ გავლენას აფართოებენ .
  • ამხნევებს ავტორიტარულ რეჟიმებს, რადგან უჩვენებს, რომ დასავლელი მოკავშირეების მოშორება და დემოკრატიული ექსპერიმენტების შებრუნება შესაძლებელია.

ეს არ არის მხოლოდ საქართველოს საშინაო პრობლემა. ეს არის სტრატეგიული მარცხი სრულიად ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის.

 

კარგი ამბავი გვაქვს: ქართველი ხალხი არ დანებებულა.

რეპრესიის, პროპაგანდის და მმართველი პარტიის მიერ ჩვენი დემოკრატიული მისწრაფებების ღალატის მიუხედავად, ქართველები დაუძლევლად პრო-დასავლურები არიან. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისა მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა. ხალხს კვლავ სჯერა თავისუფლების. მათ სჯერათ შეერთებული შტატების. აქ  მნიშვნელოვანია, რომ  როდესაც დღეს საქართველოზე ვსაუბრობთ, არ უნდა აგვერიოს ერთმანეთში მთავრობა და ერი. ქართველები საპროტესტო აქციებზე ამერიკისა და ევროკავშირის დროშებს კვლავ აფრიალებენ და მოითხოვენ, რომ საქართველო ეკუთვნოდეს ევროპასა და დემოკრატიულ სამყაროს.

საქართველო ყოველთვის ეყრდნობოდა აშშ-ის მხარდაჭერას და ამ რთულ პერიოდში, ჩვენ მისი მხარდაჭერა სულ უფრო მეტად გვჭირდება, ვიდრე ოდესმე. ჩვენს მეგობრებთან ან და , განსაკუთრებით, ჩვენს მტრებთან საუბრის დროს ჩვენ თქვენი თანადგომა გვჭირდება. ამ საუბრების მთავარი თემებია ევროკავშირში და  ნატოში გაწევრიანება და რუსეთის ოკუპაციის საკითხები.

თითქმის 300 დღეა, რაც ქართველები ქუჩაში პროტესტს აგრძელებენ – წვიმაში თუ სიცივეში, ხელკეტების, ცრემლსადენი გაზისა თუ ციხის საკნების მიუხედავად.  ეს სიმბოლური ჟესტები არ არის – ეს არის თავგანწირვა. აქტივისტები, ჟურნალისტები, მსახიობები, მასწავლებლები და ა.შ. რისკავენ ყველაფერს, რადგან არ თანხმდებიან მოპარულ მომავალს.  

  • ჟურნალისტი მზია ამაღლობელი პოლიციის სამიზნე გახდა. ის დააპატიმრეს და სასჯელი მიუსაჯეს.
  • სკოლის მასწავლებელი, ნინო დათაშვილი და ათობით სხვა ადამიანი, ელოდებიან პატიმრობას არა დანაშაულისთვის, არამედ საქართველოს სიყვარულისთვის და დიქტატურული პოლიტიკის მოთმენაზე უარის თქმისთვის.

ეს არის საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი, რომელსაც ადამიანები იხდიან.

სწორედ ამიტომ ვამბობ სრული გამჭვირვალობით: ქართველები არ უნდა დაისაჯონ მათი მმართველების დანაშაულების გამო. ნებისმიერი ქმედება, სანქცია ან დიპლომატიური ზომა უნდა იყოს მიმართული „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ელიტის, რეჟიმის დამხმარეების, რუსული-სტილის პროპაგანდის მანქანისა და პუტინის მიერ მართული პოლიტიკის იდეოლოგების წინააღმდეგ. არასოდეს არ უნდა შეეხოს თავად ქართველ ხალხს, რომელიც ყოველდღე აგრძელებს ბრძოლას თავისი ევროპული და  დემოკრატიული არჩევანისთვის.

 

რა უნდა გააკეთოს შეერთებულმა შტატებმა?

ამას მივყავარ შეერთებული შტატების როლისკენ. შეერთებული შტატები ყოველთვის იყო, და უნდა დარჩეს საქართველოს დემოკრატიის შეუცვლელ მოკავშირედ. ამ კრიტიკულ მომენტში მოვუწოდებ ამ კომისიას და ამერიკის კონგრესს განიხილონ შემდეგი ზომები:

  1. მიზნობრივი პასუხისმგებლობა: სანქციები და სავიზო შეზღუდვები უნდა მიემართებოდეს მმართველ ელიტას, მათ ოჯახებსა და დამხმარე ძალებს. არ დასაჯოთ ჩვეულებრივი ქართველები, დასაჯეთ ისინი, რომლებმაც მათ უღალატეს. მეტი სანქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობას, მეტი სტიპენდია ქართველ ახალგაზრდობასა და სტუდენტებს.
  2. დემოკრატიული ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა: გაზარდეთ დახმარება დამოუკიდებელი მედიისთვის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოძრაობებისთვის. დღეს ისინი საქართველოში დემოკრატიის მაცოცხლებელი ძალები არიან.
  3. მტკიცედ დადექით ქართველი ხალხის გვერდით: ნათელი გახადეთ, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას, და არა მმართველ პარტიას, რომელიც ამ ღირებულებებს ძირს უთხრის. საჯაროდ და განმეორებით დაადასტურეთ შეერთებული შტატების ერთგულება საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიული მომავლის მიმართ. რეჟიმის მიუხედავად, ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების მხარდაჭერა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის გაეროში დასაცავად, ჩვენ გვჭირდება ღია კარი ნატოსა და ევროკავშირში.
  4. მხარი დაუჭირეთ ორპარტიულ კანონმდებლობას – „მეგობარი აქტს“, რომელიც წარმოადგენს ზუსტად იმ სახის უწყვეტ და სტრატეგიულ მხარდაჭერას, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და რეფორმატორებს ამ რთულ პერიოდში გადარჩენაში. თანაბრად მნიშვნელოვანია მიზნობრივი სანქციები მათ მიმართ, ვინც ძირს უთხრის დემოკრატიას და დაუღალავად თანამშრომლობს ბოროტების ღერძთან, აშშ-ისა და დემოკრატიული ტრანსატლანტიკური პარტნიორების მტრებთან. „მეგობარი აქტი“ წარმოადგენს ყველაზე ძლიერ გზავნილს, რომ საქართველოს დემოკრატიული მომავალი აშშ-ის სტრატეგიულ პრიორიტეტად რჩება. ის უზრუნველყოფს ინსტრუმენტებს, რომ პასუხისგებაში მიეცნენ ისინი, ვინც დემოკრატიას ძირს უთხრიან და, მეორე მხრივ, გაძლიერდეს სამოქალაქო საზოგადოება და დამოუკიდებელი ინსტიტუტები.
  5. ჩადეთ ინვესტიცია შუა დერეფანსა და კავშირგაბმულობაში: საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ თუ ირანულ გავლენებს. შეერთებული შტატების ბიზნესსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებს უნდა მიენიჭოს უპირატესობა და მხარდაჭერა, რაც უზრუნველყოფს, დერეფნის ღიაობას, მდგრადობასა და დემოკრატიულობას. მხარი დაუჭირეთ აშშ-ის და მოკავშირეების ინვესტიციას შუა დერეფანში, საქართველოს შავი ზღვის პორტებში, ციფრულ ინფრასტრუქტურასა და ენერგოტრანზიტში. ეს არ არის ქველმოქმედება: ეს არის ორმხრივად მომგებიანი სტრატეგია. დასავლურ ეკონომიკურ სისტემაში საქართველოს ჩამაგრებით, შეერთებულ შტატებს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი წვდომა და გავლენა ევრაზიის გარშემო.
  6. გააღრმავეთ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა: საქართველომ ავღანეთსა და ერაყში შეტანილი წვლილით აჩვენა, რომ იგი უსაფრთხოების საიმედო პარტნიორია. თავდაცვაში განახლებული თანამშრომლობა, ერთობლივი წვრთნები და შავ ზღვაში უფრო ძლიერი შეკავების ზომები არ წარმოადგენს საჩუქარს – ეს ყოველივე ორმხრივად სასარგებლო ინვესტიციებია.
  7. და კიდევ ერთხელ, შეინარჩუნეთ ხალხთაშორისი კავშირები. სტიპენდიები, გაცვლითი პროგრამები, კულტურული პროგრამები და სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა, ეს ყოველივე საქართველოს ახალგაზრდა თაობის პრო-დასავლურ ორიენტაციას ინარჩუნებს. ეს, საუკეთესო გზით, გრძელვადიანი მედეგობის მშენებლობა გახლავთ.

საქართველოს ამბავი არ დასრულებულა.

ჩვენ წავიბორძიკეთ, მაგრამ არ წავქცეულვართ. ქართველი ხალხი რჩება ერთგული იმ ღირებულებებისა, რომლებმაც შეერთებული შტატების პარტნიორი გაგვხადა. მართალია, ახლა ვიმყოფებით ძლიერი საფრთხის წინაშე, მაგრამ ეს ასევე სერიოზული არჩევანის მომენტია. თუ საქართველო დინებას მიჰყვება, ის ნამვდილად კიდევ უფრო ღრმად ჩაეშვება ავტორიტარიზმში და დაშორდება დასავლეთს.  თუმცა, შეერთებული შტატების სტაბილური, ორპარტიული და პრინციპული მხარდაჭერით, საქართველოს კვლავ შეუძლია დაიბრუნოს დემოკრატიის, სტაბილურობისა და ბიზნეს შესაძლებლობების შუქურის როლი შავი ზღვის რეგიონში.

ნება მიბოძეთ, დასასრულს ვთქვა, რომ საქართველო კვლავ მნიშვნელოვანია. ის მნიშვნელოვანია ამერიკის უსაფრთხოებისთვის, ევროპის სტაბილურობისთვის და დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის გლობალური შეჯიბრებისთვის.

ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. საქმე ეხება დემოკრატიის სანდოობას კონკურენტულ მსოფლიოში. საქმე ეხება იმას, კვლავ შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები ისეთი გლობალური წესრიგის ფორმირებას, რომელიც ავტორიტარიზმის ექსპანსიას წინააღმდეგობას გაუწევს. საქმე ეხება იმას, თავისუფლების დერეფანს დაიკავებენ ისინი, ვისაც თავისუფლების სჯერათ, თუ ისინი, ვინც მას გაყოფისა და კონტროლის ინსტრუმენტად გამოიყენებენ.

ბატონო თავმჯდომარევ, კომისრებო, წევრებო: საქართველო ყოველთვის მიისწრაფოდა ყოფილიყო ამერიკის პარტნიორი და არა პრობლემა. თქვენი დახმარებით, მას შეუძლია ასეთად დარჩეს.  

მადლობა ყურადღებისთვის, მხარდაჭერისთვის და საქართველოს მომავლისადმი უდრეკი ერთგულებისთვის.

 

10 სექტემბერს “ჰელსინკის კომისიაში” საქართველოს შესახებ მოსმენა გაიმართა.   Read More »

ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2022 წლები) ნაწილი II

მოხარული ვართ, გაგიზიაროთ სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში “საქართველოს საინვესტიციო ლანდშაფტი: ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2025 წწ)”.

ანგარიში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით, აანალიზებს საქართველოში ჩინეთიდან განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკას. კვლევის შედეგად დგინდება, რომ ჩინური ინვესტიციების შესახებ “ქართული ოცნების” მიერ შექმნილი მოლოდინების საპირისპიროდ, ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, სინამდვილეში, კლებადი ტენდენციით ხასიათდება. 

ანგარიში გთავაზობთ დასავლეთიდან და ჩინეთიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შედარებით ანალიზს. როგორც სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, ევროკავშირის წევრი ქვეყნები საქართველოს უმსხვილეს ინვესტორებს შორის არიან. ამასობაში, ჩინეთი, საქართველოში განხორციელებული უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლით მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც ევროკავშირს, ისე აზიის ქვეყნებსაც კი. 

უფრო დეტალური ანალიზისთვის, იხილეთ ანგარიში:

ჩინური და დასავლური ინვესტიციების შედარებითი ანალიზი (2018-2022 წლები) ნაწილი II Read More »

„საქართველოს ანტი-ამერიკული შებრუნება” – 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება

„საქართველოს ანტი-ამერიკული შებრუნება” – 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება. მომხსენებლები სალომე ზურაბიშვილი, თინა ხიდაშელი და ლუკ კოფი იქნებიან.

„საქართველო ოდესღაც იყო აშშ-ის ძირითადი პარტნიორი და თავისუფლების შუქურა კავკასიაში. დღეს კი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ქვეყანას რუსეთის ორბიტაში აბრუნებს და ამყარებს ურთიერთობებს ჩინეთთან და სხვა ამერიკის მოწინააღმდეგეებთან.

ბოლო წლების განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ დაასუსტა საქართველოს ინსტიტუტები და კიდევ უფრო შეასუსტა ქვეყნის სუვერენიტეტი. მათ ხელი შეუწყვეს ჩინურ ინვესტიციებს, ხოლო ამერიკულ კომპანიებს ხელი შეუშალეს „შუა დერეფნის“ სავაჭრო მარშრუტით სარგებლობაში და ცენტრალური აზიის იშვიათი მინერალების მიღებაში. ისინი აპატიმრებენ ოპოზიციას, იყენებენ ძალას მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ და უარს ამბობენ ძალაუფლების დათმობაზე ფართოდ უკანონოდ აღიარებული არჩევნების შემდეგ. ეს მოვლენები საფრთხეს უქმნის აშშ-ის ინტერესებს რეგიონში.

მოსმენა შეისწავლის საქართველოს ავტორიტარიზმისკენ სვლის გლობალურ შედეგებს. მოწვეული მომხსენებლები განიხილავენ აშშ-ის შესაძლო პოლიტიკურ ნაბიჯებს, მათ შორის ორპარტიულ MEGOBARI აქტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს დახმარებას დამოუკიდებლობის შენარჩუნებაში და დიდი ხნის ურთიერთსასარგებლო ურთიერთობის გაგრძელებაში ამერიკის შეერთებულ შტატებთან” – წერს ჰელსინკის კომისია

LIVE : პირდაპირი ჩართვა 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 22:30-ზე , შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე: youtube.com/live/-TlMiyHZS4I?feature=share

„საქართველოს ანტი-ამერიკული შებრუნება” – 10 სექტემბერს ჰელსინკის კომისიის სხდომაზე საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება Read More »

ტაილანდი-კამბოჯის დაზავება: ჩინეთის დიპლომატიური როლი

ტაილანდმა და კამბოჯამ ხელახლა დაადასტურეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა სადავო სასაზღვრო რეგიონში რამდენიმე დღიანი კონფლიქტის შემდეგ. ეს დადასტურება მოჰყვა ჩინეთის დიპლომატიურ ჩარევას, რომელმაც ხელი შეუწყო შეხვედრას შანხაიში ორ მხარეს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მალაიზიაში გაფორმდა, 2025 წლის 28 ივლისის შუაღამიდან უნდა ამოქმედებულიყო, მისი ეფექტურობა სწრაფადვე გამოიცადა. ტაილანდის არმიამ კამბოჯა დაადანაშაულა 2025 წლის 29 ივლისის დილით მრავალჯერადი თავდასხმის განხორციელებაში, თუმცა კამბოჯის მხარემ უარყო ნებისმიერი სროლის ფაქტი. ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ქმედება შეაფასა, როგორც „აგრესიის აქტი“ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „აშკარა დარღვევა“.

2025 წლის 30 ივლისის შუადღისთვის, ორივე მხარემ, როგორც ჩანს, კვლავ დაადასტურა ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება. შანხაიში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთის ვიცე-მინისტრ სუნ ვეიდონგთან ერთად, კამბოჯისა და ტაილანდის წარმომადგენლები ღიმილით გამოჩნდნენ ერთობლივ ფოტოზე, რაც მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირებაზე მიუთითებდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არაფორმალური შეხვედრა წარმოადგენდა „უახლეს დიპლომატიურ ძალისხმევას“ და რომ ჩინეთი „კონსტრუქციულ როლს“ ასრულებდა სასაზღვრო დავის მოგვარებაში.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მოქმედმა თავმჯდომარემ, უმასპინძლ შეხვედრას, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გამოცხადდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დადებითად შეაფასა ცეცხლის შეწყვეტის დეკლარაცია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ის „მზად არიან ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის“. კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა განაცხადა, რომ ტრამპმა მას დაურეკა და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი მიულოცა.

კამბოჯასა და ტაილანდს შორის 800 კილომეტრიან (500 მილი) საზღვარზე შეტაკებები წარსულშიც ხშირად ხდებოდა. ბოლო ბრძოლები 2025 წლის 24 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ რაც საზღვარზე ნაღმის აფეთქების შედეგად ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი დაშავდა. კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 260,000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მცხოვრები უკვე ბრუნდება სახლებში, ბევრი კვლავ თავშესაფრებში რჩება.

ტაილანდი-კამბოჯის დაზავება: ჩინეთის დიპლომატიური როლი Read More »

ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი: 50 წელი დაძაბული ურთიერთობებისა და ახალი გამოწვევების ფონზე

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების 50 წლისთავის აღსანიშნავად, 2025 წლის 24 ივლისს პეკინში გაიმართა რიგით 25-ე სამიტი, რომელზეც ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში. ევროკავშირი წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ხოლო ჩინეთი — პრეზიდენტ სი ძინპინის და პრემიერ-მინისტრ ლი ციანის სახით.

სამიტის წინ განწყობა დაძაბული იყო, მცირე მოლოდინით კონკრეტული ორმხრივი შეთანხმებების მიღწევის შესახებ. დაძაბულობა განაპირობა სავაჭრო უთანხმოებებმა, განსაკუთრებით ბაზარზე წვდომისა და კრიტიკული მინერალების საკითხებზე, ასევე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომმა. ევროკავშირი ჩინეთს გლობალური გამოწვევების პარტნიორად, ახალი ტექნოლოგიების განვითარების ეკონომიკურ კონკურენტად და სისტემურ მეტოქედ განიხილავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტზე აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა უფრო დაბალანსებული უნდა გახდეს, რადგან ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან იზრდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მიესალმება კონკურენციას, მაგრამ ის სამართლიანი უნდა იყოს. ფონ დერ ლაიენმა სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ჭარბ წარმოებაზე, რაც ჩინეთის შიდა მოთხოვნას არ შეესაბამება და ევროკავშირის ბაზარზე ახდენს გავლენას; ბაზარზე წვდომა; და იშვიათი წიაღისეულებისა და მუდმივი მაგნიტების ექსპორტის კონტროლზე. მან გააფრთხილა, რომ ამ საკითხებზე პროგრესის გარეშე, ევროკავშირს გაუჭირდება ბაზრის ამჟამინდელი დონის შენარჩუნება.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ევროპამ და ჩინეთმა „სწორი სტრატეგიული არჩევანი“ უნდა გააკეთონ გლობალური გამოწვევების ფონზე. მან აღნიშნა, რომ ევროპის წინაშე მდგარი ამჟამინდელი გამოწვევები ჩინეთიდან არ მომდინარეობს. სი ძინპინმა ევროკავშირს მოუწოდა, მიჰყვეს ღია თანამშრომლობას და სათანადოდ გაუმკლავდეს უთანხმოებებს.

ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა მიაღწია „გარდამტეხ მომენტს“, რაც პეკინში დაძაბული სამიტის შემდეგ გაკეთებული კომენტარებით დადასტურდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა „გულწრფელად და ღიად გამოხატა თავისი შეშფოთება ვაჭრობის, ინვესტიციებისა და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ“. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო ჭარბი წარმოების საკითხის განხილვა და მზადყოფნა გამოთქვა მოხმარების გაზრდის მხარდასაჭერად. მან ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირის ურთიერთობა ჩინეთთან „მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დამოუკიდებელია სხვა პარტნიორებთან მოქმედებებისგან ან საკითხებისგან“.

ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი: 50 წელი დაძაბული ურთიერთობებისა და ახალი გამოწვევების ფონზე Read More »

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბალანსირება აშშ-სა და ჩინეთს შორის

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, თითქმის 700 მილიონი მოსახლეობით, აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი გეოპოლიტიკური მეტოქეობის ეპიცენტრში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ლიდერები ტრადიციულად ცდილობდნენ არჩევნის გაკეთებისგან თავის არიდებას, მსოფლიო წესრიგის ცვლილებამ, განსაკუთრებით 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, ისინი კონკურენციის შუაგულში მოაქცია. ბოლო 30 წლის განმავლობაში, მრავალი ქვეყანა შეერთებული შტატებიდან ჩინეთისკენ გადაიხარა, რამაც აშშ-ის აზიური ამბიციები მნიშვნელოვნად დააზარალა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამ აშშ-ის ჩინეთთან ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა. ვაშინგტონმა პეკინი სტრატეგიულ საფრთხედ აღიქვა, რაც ადმინისტრაციის პოლიტიკაში აისახა.

აშშ-ის მიერ აზიაში გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებები, მათ შორის ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, ფილიპინებთან და იაპონიასთან, ზრდის ზეწოლას ჩინეთზე. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პეკინი ყურადღებით შეისწავლის ორმხრივი შეთანხმებების წვრილმან დეტალებს, რათა არ დაუშვას მისი ეკონომიკური ინტერესების შელახვა. მიუხედავად იმისა, რომ, ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფები, მაგალითად, „განთავისუფლების დღის“ ტარიფები, გაუგებრობასა და ფრუსტრაციას იწვევს მოკავშირეებში, აშშ კვლავ რჩება რეგიონის ქვეყნების განუყოფელ ეკონომიკურ პარტნიორად.

აღსანიშნავია, აშშ-სა და ფილიპინების პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ფერდინანდ მარკოს უმცროსის შეხვედრა 2025 წლის 22 ივლისს, სამშაბათს, თეთრ სახლში გაიმართა. ამ შეხვედრაზე მთავარი თემა სავაჭრო შეთანხმება იყო, რომლის ფარგლებშიც აშშ ფილიპინებისთვის ტარიფებს 19%-მდე შეამცირებდა, სანაცვლოდ კი ფილიპინების ბაზარი ამერიკული საქონლისთვის ღია იქნებოდა. საუბარი შეეხო ასევე ჩინეთთან ურთიერთობას, რა დროსაც მარკოსმა განაცხადა, რომ აშშ მათი უმნიშვნელოვანესი და მთავარი  პარტნიორია . ჩინეთთან დაკავშირებით, ფილიპინები თავდაცვის უფლებას გამოიყენებდა, რაც ხაზს უსვამს მათ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას.

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის აპრილის ვიზიტები ვიეტნამში, მალაიზიასა და კამბოჯაში, აშშ-ის ტარიფების ფონზე, მიზნად ისახავდა რეგიონული კავშირების განმტკიცებას. ამ ვიზიტების დროს გაფორმდა მრავალი შეთანხმება ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სექტორებში, რაც ჩინეთის მცდელობაა წარმოაჩინოს თავი სტაბილურ და გრძელვადიან პარტნიორად. მიუხედავად ამ დიპლომატიური წარმატებებისა, ჩინეთის სტრატეგიას გარკვეული შეზღუდვები აქვს, მათ შორის ფინანსური სიფრთხილე და რეგიონული სკეპტიციზმი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო. ISEAS–Yusof Ishak Institute-ის 2024 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები ჩინეთს რეგიონში ყველაზე გავლენიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ძალად მიიჩნევენ, ისინი იაპონიას, აშშ-სა და ევროკავშირს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ჩინეთს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორებიცაა ვიეტნამი, მალაიზია და კამბოჯა, ცდილობენ შეინარჩუნონ სტრატეგიული ავტონომია და არ ჩაერთონ ზესახელმწიფოების მეტოქეობაში. ვიეტნამი, მაგალითად, მტკიცედ იცავს არაალიანსურ საგარეო პოლიტიკას, რათა შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა. კამბოჯა კი ჰეჯირების სტრატეგიას მიმართავს, რათა ჩინეთის მხარდაჭერა გამოიყენოს და ამავდროულად დაიცვას თავისი ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი აშკარად ჩინეთისკენ იხრება, ალიანსის ნიმუშები არ არის უცვლელი და ქვეყნებს შეუძლიათ საკმაოდ სწრაფად შეცვალონ თავიანთი ორიენტაცია. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პეკინს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი რეგიონალური სახელმწიფოების ნდობის მოსაპოვებლად და შეშფოთების შესამსუბუქებლად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბალანსირება აშშ-სა და ჩინეთს შორის Read More »

გეოპოლიტიკური საკითხები აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებში

 21 ივლისს, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა, აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთთან საბოლოო სავაჭრო შეთანხმების მისაღწევად არ ჩქარობს და მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება. ამასთან, ბესენტმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები, ტარიფების გარდა, „სხვა საკითხებსაც“ შეიძლება შეეხოს.

 „სხვა საკითხების“ შესახებ საუბრისას, სკოტ ბესენტმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ირანსა და რუსეთთან თანამშრომლობის საკითხზე. მისი თქმით, პეკინი სანქცირებული ირანული და რუსული ნავთობის მნიშვნელოვანი იმპორტიორია. ამიტომ, აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებები ამ საკითხებსაც შეიძლება მოიცავდეს.

სკოტ ბესენტის განცხადების საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, გუი ჯიაკუნმა ზოგადი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ტარიფებთან დაკავშირებით ჩინეთის პოზიცია ნათელია:

„ვიმედოვნებთ, რომ აშშ ითანამშრომლებს ჩინეთთან, რათა განხორციელდეს ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბრის დროს მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმება, სრულად იქნას გამოყენებული ჩინეთ-აშშ-ის ეკონომიკური და სავაჭრო კონსულტაციის მექანიზმი, დიალოგისა და კომუნიკაციის გზით გაღრმავდეს ურთიერთგაგება, შემცირდეს გაუგებრობები,  გაძლიერდეს თანამშრომლობა და ხელი შეეწყოს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების სტაბილურ, ჯანსაღ და მდგრად განვითარებას“.

ზოგადად, საყურადღებოა, რომ ბოლო პერიოდში ტრამპის ადმინისტრაციის დადებითი გზავნილების პარალელურად, ჩინეთის ოფიციალური პირები სავაჭრო მოლაპარაკებების შესახებ შედარებით უფრო ნეიტრალურ განცხადებებს აკეთებენ. ჩინეთის კომერციის მინისტრის, ვანგ ვენტაომ, 18 ივლისის განცხადების მიხედვით, ბოლოდროინდელმა ორმხრივმა მოლაპარაკებებმა ცხადყო, რომ ორ ქვეყანას შორის სატარიფო ომის „საჭიროება“ არ დგას. მისი თქმით, მხარეებმა გაიაზრეს, რომ მათ „ერთმანეთი სჭირდებათ“, რადგან პროდუქტები ან სერვისები, რომლითაც ვაჭრობენ, ხშირად შეუცვლელია. ვანგ ვინტაომ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ჩინეთზე დაწესებული ამერიკული ტარიფების მაღალ ნიშნულზე, რომელიც 53.6 %-ს შეადგენს.

მანამდე, 17 ივლისს, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა, ლიუ ფენგიუმ აღნიშნა, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის ბოლოდროინდელმა ინტერაქციებმა ხელი შეუწყო მაღალი დონის დიალოგს. ამასთან, პრესსპიკერის განცხადების მიხედვით, აშშ-ჩინეთის საკონსულტაციო მექანიზმით ხელი უნდა შეეწყოს ორმხრივ ურთიერთობებს, რომელიც დაფუძნებული იქნება „თანასწორ დამოკიდებულებაზე“, „ურთიერთპატივისცემასა“ და „ორმხრივ მოგებაზე“.

ჩინეთის ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს, რომ პეკინს დროებით შეჩერებულ სატარიფო ომში კომპრომისზე წასვლის სურვილი არ გააჩნია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სავაჭრო მოლაპარაკებებში ირანული და რუსული ნავთობის შეძენის საკითხის ინკორპორირების მცდელობამ ქვეყნებს შორის დაძაბულობა შეიძლება გამოიწვიოს.

გეოპოლიტიკური საკითხები აშშ-ჩინეთის სავაჭრო მოლაპარაკებებში Read More »

Scroll to Top