„სამოქალაქო იდეა“ წარმოგიდგენთ ახალ ანგარიშს – „დრაკონის ღიმილი: ჩინეთის რბილი ძალა საქართველოში“.
ანგარიში ეხება საქართველოში ჩინეთის რბილი ძალის გავლენას. კერძოდ, დოკუმენტში მიმოხილულია სინო-ქართული თანამშრომლობა კულტურის ცალკეულ სფეროში, მათ შორის, კინოინდუსტრიასა და თეატრში.
ანგარიში, ასევე, განიხილავს ქართული ორგანიზაციების თუ ცალკეული ქართველი ბიზნესმენის როლს სინო-ქართული კულტურული ურთიერთობების განვითარებაში. კვლევის შედეგად დგინდება, რომ სამთავრობო დონეზე ჩინეთ-საქართველოს ბიზნეს კავშირების ინტენსიფიკაციასთან ერთად, კულტურული კავშირებიც ძლიერდება.
ანგარიშის მიხედვით, სინო-ქართული კულტურული თანამშრომლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი გახდა „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის მიერ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების თემაზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი: „საუკუნის მესამედი – საქართველო-ჩინეთი“, რომელიც გამოქვეყნდა 2025 წლის იანვარში.
აშშ-ს მხრიდან დაწესებული სანქციებით მიღებული დარტყმის საპასუხოდ ჩინეთმა „განსაკუთრებული სამოქმედო გეგმა“ დააანონსა შიდა მოხმარების გასაზრდელად.
აღსანიშნავია, რომ ჩინეთში პროდუქციაზე მოთხოვნის შემცირება სხვა ფაქტორებითაცაა გამოწვეული, მათ შორის COVID-19-თა და უძრავი ქონების სექტორის ეკონომიკური ვარდნით. დამატებით როლს თამაშობს დეფლაციაც – პროდუქციის მუდმივი გაიაფება, რაც პრობლემას ქმნის იმიტომ, რომ მომხმარებელს უბიძგებს ნაკლები დახარჯოს ფასის მეტად კლების მოლოდინით.
ცენტრალური კომიტეტის გენერალური ოფისის მიხედვით, გეგმა მოიცავს მოხმარებისა და შიდა მოთხოვნის ზრდას, ასევე ხელფასებისა და პენსიის მატებით, ჯანდაცვის გაუმჯობესებითა და გადასახადების შემცირებით მოხმარების შესაძლებლობის ზრდას. გარდა ამისა, პროექტი შიდა ტურიზმის სექტორის გაფართოებასაც ითვალისწინებს და მიზნად ცივი რეგიონების ზამთრის ტურისტულ კურორტებად ქცევას ისახავს, რასაც ხელს სავიზო რეჟიმების კონკრეტული ქვეყნებისთვის ცალმხრივად მოხსნა და ქვეყანაში შესვლის გამარტივება შეუწყობს. ჩინეთის ოფიციალური პირების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გეგმა „ძალიან ახალს არაფერს მოიცავს“, მასში გაწერილია კონკრეტული ქმედებები, რომლებსაც ადგილობრივი მთავრობები ზედმიწევნით მიჰყვებიან.
დაანონსებული გეგმის შესრულება იმ მხრივაცაა მნიშვნელოვანი, რომ ის შეამცირებს ჩინეთის ეკონომიკის დამოკიდებულებას ექსპორტსა და ინვესტიციებზე და ჩამოაყალიბებს მოხმარებით მოტივირებულ ეკონომიკას.
საინტერესოა ისიც, რომ ჩინეთში რუსული პროდუქციის მოხმარება გაიზარდა – გაიხსნა მაღაზიები, რომლებიც რუსეთში დამზადებულ ტკბილეულსა თუ სათამაშოებს ყიდიან და თავს არამხოლოდ რუსული პროდუქციის, არამედ რუსული კულტურის გამავრცელებლებად წარმოაჩენენ. აღნიშნული მაღაზიები ჩინეთში 2022 წლის შემდეგ გამოჩნდნენ, რაც, შესაძლოა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ორ ქვეყანას შორის დამთბარი ურთიერთობებით იყოს გამოწვეული.
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, ციტირებულია ლიზა მარტინა კლეინის სტატიაში – „გეოპოლიტიკა: როგორ ხდება საქართველო ჩინეთზე დამოკიდებული“ (“Geopolitics: How Georgia is Making Itself Dependent on China”). სტატია გამოქვეყნდა Table Briefings-ში.
სტატია განიხილავს „ქართული ოცნების“ ახალ საგარეო პოლიტიკურ კურსს, პროჩინურ პოლიტიკას. სტატიაში მიმოხილულია ჩინური კომპანიების ჩართულობა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ პროექტებში, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში და ხაზგასმულია ჩინეთის ეკონომიკური ჩართულობით გამოწვეული პრობლემები.
სტატიის დასკვნით ნაწილში ციტირებულია თინათინ ხიდაშელის მოსაზრება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ. სტატიის მიხედვით, ხიდაშელი ჩინეთთან კავშირებს „პეკინის მონობად“ აფასებს.
თინათინ ხიდაშელის შეფასებით, „პრობლემა, რომელიც გვაქვს ჩინეთთან და რომელიც, სანამ ეს მთავრობა იქნება ხელისუფლებაში, გაგრძელდება, არის ჩინური კომპანიების დომინაცია საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების ბაზარზე“.
„სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, ციტირებულია სტატიაში: „ცხელი წერტილის გეოპოლიტიკა: სამხრეთ კავკასიაში „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის პოლიტიკური ეკონომიკა“ („Hotspot Geopolitics: Political Economy of the Belt and Road Initiative in South Caucasus“). სტატია გამოქვეყნდა Springer-ის Chinese Political Science Review ჟურნალში.
სტატიის ავტორები, საჰაკიანი და კევინ ლო, განიხილავენ ჩინეთის „სარტყლისა და გზის“ ინიციატივის შედეგად სამხრეთ კავკასიის რეგიონში წარმოქმნილ პოლიტიკურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს. ნაშრომში შესწავლილია საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობები ჩინეთთან.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების ანალიზის დროს, სტატიაში ციტირებულია თინათინ ხიდაშელის შეფასებები სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობისა და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ.
სამოქალაქო იდეას ახალი ანგარიში ეხება “ქართული ოცნების” მიერ სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის, პარლამენტის შენობასთან, ჩინური სათვალთვალო კამერების გამოყენების მზარდ ტენდენციას.
2025 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის მიერ ჩინური სათვალთვალო კამერების შესყიდვები მნიშვნელოვნად გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი ხაზს უსვამს “ქართული ოცნების” მიერ მშვიდობიან დემონსტრაციებში მონაწილე მოქალაქეების დაშინების და მონიტორინგის გაძლიერებულ მცდელობებს.
ანგარიში, ასევე, მიმოიხილავს ჩინურ სათვალთვალო ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ საფრთხეებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებისთვის შექმნილ გამოწვევებს.
აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელები წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც ჩინეთის მოქალაქეებს ამერიკულ სტუდენტურ ვიზაზე წვდომას შეუზღუდავს.
ინიციატივას წინ უძღვის რაილი მურის, რესპუბლიკელი წარმომადგენლის გაფრთხილებები ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ ამერიკული სავიზო პროგრამის ექსპლუატაციის შესახებ, თუმცა მური არაა ერთადერთი რესპუბლიკელი, რომელიც მიიჩნევს, რომ ჩინეთი უნივერსიტეტებსა და სხვა აკადემიურ ინსტიტუციებს ჯაშუშობისთვის იყენებს. რაილი მურის თქმით, გასულ წელს FBI-მ ხუთ სტუდენტური ვიზის მფლობელ ჩინეთის მოქალაქეს წარუდგინა ბრალი მას შემდეგ, რაც ისინი აშშ-სა და ტაივანის ერთობლივი სამხედრო წვრთნების გადაღებაში შეამჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ამერიკულმა უნივერსიტეტმა ჩინურ უნივერსიტეტებთან პარტნიორობაც შეწყვიტა ეროვნული უსაფრთხოების საჭიროებების გამო.
პროცედურის მიხედვით, კანონპროექტი თავდაპირველად წარმომადგენელთა პალატამ, ხოლო მოგვიანებით, სენატმა უნდა მიიღოს, თუმცა ამჟამად მას ცნობილი თანასპონსორები არ ჰყავს. არსებობს მოლოდინი, რომ აღნიშნულ როლს ტეხასის, ტენესისა და პენსილვანიის წარმომადგენლები ენდი ოგლსი, სკოტ პერი და ბრენდონ გილი შეასრულებენ.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ აღნიშნულ ინიციატივამდე აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია, ცნობების მიხედვით, განიხილავდა მოგზაურობის შეზღუდვებს კონკრეტული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, თუმცა ამჟამად არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ ამ სიაში ჩინეთიც იქნება წარმოდგენილი.
14 მარტს პეკინში ჩინეთი, ირანი და რუსეთი ირანის ბირთვული პროგრამის საკითხზე შეხვედრას გამართავენ, რომელსაც ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეები დაესწრებიან.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერის თქმით, წარმომადგენლები გაცვლიან ხედვებს ირანის ბირთვული აქტივობების და რეგიონული უსაფერთხოების საკითხების შესახებ.
შეხვედრა მას შემდეგ გაიმართება, რაც გაეროს უშიშროების საბჭო ნიუ იორკში სწორედ ამ საკითხის განსახილველად შეიკრიბება. ხაზგასასმელია ისიც, რომ სამმხრივ საუბრებს წინ აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წერილი უძღვის, რომელშიც ის თეირანს ბირთვული აქტივობების შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს. გარდა ამისა, არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ რუსეთი ტრამპის ადმინისტრაციას ირანთან კომუნიკაციის წარმოებაში დახმარებაზე დათანხმდა, რასაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ირანის ელჩთან შეხვედრა მოჰყვა.
აღსანიშნავია, რომ ირანის ბირთვული პროგრამა განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც საერთაშორისო ბირთვული ენერგიის სააგენტომ ქვეყნის მიერ ურანის გამდიდრების „დრამატული ზრდის“ შესახებ გაფრთხილება გამოსცა.
ოქტომბერში ჩინურ ელექტრომობილებსა და ფოლადზე დაწესებული ტარიფების საპასუხოდ, პეკინმა ახალი ტარიფები დაანონა. ტარიფები 2,6 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების კანადურ სასოფლო-სამეურნეო და საკვებ პროდუქტებზე 20 მარტს დაწესდება.
პეკინში საპასუხო ნაბიჯების გადადგმის გადაწყვეტილება ანტიდისკრიმინაციული გამოძიების შემდეგ მიიღეს, რომლითაც დადგინდა, რომ კანადის შემაკავებელმა ზომებმა ზოგიერთი ჩინური პროდუქტის მიმართ ნორმალური სავაჭრო წესრიგი შეაფერხა და ჩინური საწარმოების უფლებებსა და ინტერესებს ზიანი მიაყენა.
მეორე მხრივ, კანადის განცხადებით, ტარიფები ჩინურ საქონელზე მას შემდეგ შემუშავდა რაც ჩინური ელექტრომობილებისა და სხვა პროდუქტების წინააღმდეგ აშშ-მ და ევროკავშირმა მსგავსი ინიციატივა განახორციელეს. დასავლური მთავრობების თქმით, ჩინეთის სუბსიდიები მის ინდუსტრიას უსამართლო უპირატესობას აძლევს, რის გამოც მსგავსი ზომების მიღება აუცილებელია.
ანალიტიკოსების თქმით, ჩინეთის დაგვიანებული რეაქცია ოტავას ოქტომბრის ტარიფებზე, შესაძლებლობების შეზღუდულობამ და სტრატეგიული მიდგომამ განსაზღვრა. პეკინი აშშ-სა და ევროკავშირთან მიმდინარე სავაჭრო დავების გამო ამჟამად დაძაბულ რეჟიმში იმყოფება. ამ ყოველივემ კი მათ დღის წესრიგში კანადა ნაკლებად პრიორიტეტულად აქცია. შედეგად, საპასუხო ზომების მიღებას თვეები დასჭირდა.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთი კანადის სიდიდით მეორე სავაჭრო პარტნიორია ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ. ჩინეთის საბაჟო მონაცემებით, 2024 წელს კანადამ ჩინეთში 47 მილიარდი დოლარის საქონელი გაიტანა, რაც ხაზს უსვამს მათი სავაჭრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა პარიზის უსაფრთხოებისა და სტრატეგიის ფორუმზე მონაწილეობა მიიღო პანელში „შავი ზღვა: კონფლიქტებსა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივებს შორის“. მისი გამოსვლა შეეხებოდა საქართველოს როლს რეგიონში, მათ შორის რუსეთის სამხედრო ფლოტის ოჩამჩირეში, ოკუპირებულ აფხაზეთში გადატანას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციურ ჩინურ მფლობელთან დაკავშირებულ საფრთხეებს. თინათინმა, ასევე, ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მთავრობის მზარდი პრორუსული კურსის საფრთხეებზე, რომელმაც, შესაძლოა, თბილისი რუსეთის მარიონეტულ რეჟიმად გადააქციოს.
22 თებერვალს, სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო აფრიკაში, ქალაქ აბიჯანში გამართულ ფორუმში: „ხელოვნური ინტელექტი: აფრიკის მომავლის გარდაქმნა გლობალური გამოწვევების ფონზე“. ფორუმმა მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, ლიდერები და გავლენიანი ფიგურები შეკრიბა, რათა განეხილათ AI-ის როლი აფრიკის უსაფრთხო, ეკონომიკურად განვითარებულ და მდგრად მომავალში. თინათინ ხიდაშელი II პანელის – „ხელოვნური ინტელექტი და გეოპოლიტიკა: უსაფრთხოება, ძალაუფლება და მონაცემთა დიპლომატია“ – სპიკერი იყო, სადაც ხელოვნური ინტელექტის, მმართველობისა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების გავლენაზე ისაუბრა თანამედროვე გლობალური გამოწვევების ფონზე.
ფორუმი ორგანიზებული იყო Centre d’Études Prospectives (CEP) -ის მიერ და მისი მთავარი მიზანი იყო ხელოვნური ინტელექტის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე დიალოგის ხელშეწყობა.