Civicidea
ტრამპის სატარიფო გამბიტი: მკაცრი გადასახადები ჩინეთს, მექსიკასა და კანადას, იმიგრაციისა და ნარკომანიის კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლში დაბრუნების პირველივე დღეს ჩინეთს, მექსიკასა და კანადას მკაცრ ტარიფებს დაუწესებს. მისი თქმით, ეს ნაბიჯები აუცილებელია იმისათვის, რომ ამ ქვეყნებმა მიიღონ უფრო სერიოზული ზომები არალეგალური იმიგრაციისა და ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში.
Truth Social პლატფორმაზე გამოქვეყნებულ პოსტში, ტრამპმა დეტალურად აღწერა თავისი გეგმები და აღნიშნა, რომ იგი 20 იანვარს ხელს მოაწერს აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მექსიკიდან და კანადიდან შემოტანილ ყველა სახის იმპორტირებულ პროდუქტზე 25%-იან ტარიფს დააწესებს. კიდევ ერთ პოსტში, დონალდ ტრამპი თავს დაესხა ჩინეთს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არ შეასრულა დაპირებები იმ პირებისთვის სიკვდილით დასჯის დაწესების შესახებ, რომლებიც ვაჭრობენ ფენტანილით, ნარკოტიკით, რომელიც, მისი თქმით, შეერთებულ შტატებში, მექსიკის გავლით, უპრეცედენტო რაოდენობით შედის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მან გამოაცხადა, რომ იგი გეგმავს დამატებით 10%-იანი ტარიფის დაწესებას ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა პროდუქტზე იქამდე, სანამ ნარკოტიკების შემოტანის მზარდი მაჩვენებელი არ შეჩერდება აშშ-ში. ტრამპმა ეს შეაფასა, როგორც აუცილებელი ზომა კრიზისის წინააღმდეგ საბრძოლველად და აღნიშნა, რომ ამ საკითხს ყურადღება უნდა მიაქციონ.
ტრამპის მიერ ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფების დაწესების საპასუხოდ, ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა ლიუ პენგიუმ განაცხადა, რომ ეკონომიკური თანამშრომლობა ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივად მომგებიანია და გააფრთხილა აშშ, რომ „არავინ მოიგებს სავაჭრო თუ სატარიფო ომს.” ჩინეთის სპიკერმა ასევე აღნიშნა ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით ორ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა, რაც განპირობებული იყო სან-ფრანცისკოს სამიტის შემდეგ ჩინეთ-აშშ-ს შორის კომუნიკაციის განახლების მოტივით. ჩინეთმა, სპიკერის თქმით, გაუზიარა შეერთებულ შტატებს სიახლეები ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის ძალისხმევის შესახებ და უპასუხა აშშ-ის მოთხოვნას ინფორმაციის მისაღების თაობაზე. მან ასევე უარყო ბრალდება, რომ ჩინეთი შეგნებულად უშვებს აშშ-ში ფენტანილის ექსპორტს.
ინგლისის ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წევრის, სვატი დინგრას თქმით, დონალდ ტრამპის მიერ შემოთავაზებულმა 60%-იანმა ტარიფმა ჩინეთიდან იმპორტზე შესაძლოა კომპლექსური გავლენა იქონიოს გლობალურ ეკონომიკაზე ფასების მასშტაბური ვარდნით, „რადგან საქონელი უფრო იაფი გახდება ყველასთვის“. ლონდონში, კონფერენციაზე გამოსვლისას, დინგრამ განმარტა, რომ ამერიკის მიერ დაწესებულ ასეთ მკაცრ ტარიფებზე შესაძლოა საპასუხო რეაგირება მოახდინონ ჩინელმა ექსპორტიორებმა. მათ შეიძლება შეამცირონ ფასები ალტერნატიულ ბაზრებზე იმისთვის, რომ ვაჭრობის მოცულობა შეინარჩუნონ, რაც ფასების დაცემას გამოიწვევს ყველგან, მათ შორის დიდ ბრიტანეთშიც.
თუმცა, მან დაადასტურა, რომ ეფექტი ცვალებადი იქნება სხვა ქვეყნების რეაქციების გათვალისწინებით. თუ მთავრობები სამაგიეროს გადაუხდიან საკუთარი ტარიფების დაწესებით ან პროტექციონისტული ნაბიჯებით, სავაჭრო ომი შესაძლოა კონტროლიდან გამოვიდეს და ზიანი მიაყენოს მსოფლიო ეკონომიკას. უფრო მაღალი ინფლაცია შეიძლება იყოს შეერთებულ შტატებში, რადგან ამერიკელი მომხმარებლები იღებენ ტარიფის ღირებულებას; თუმცა, ამ ტიპის საქონლის გლობალური ფასები შეიძლება შემცირდეს, რადგან ჩინელი ექსპორტიორები ეგუებიან და ერგებიან ახალ სავაჭრო ბარიერებს.
ვინაიდან ტრამპის წინადადებები დებატებს იწვევს, მისი აგრესიული სავაჭრო პოლიტიკის შედეგები გაურკვეველი რჩება. ცხადია, რომ მისი თანამდებობაზე დაბრუნება გამოიწვევს მკვეთრ ცვლილებას აშშ-ს ეკონომიკურ და საგარეო პოლიტიკაში, რომელშიც ტარიფებს კვლავ ექნება ცენტრალური ადგილი.
ნატოს ლიდერი ბიზნესებს მოუწოდებს, ჩინეთსა და რუსეთზე მზარდი დამოკიდებულების ფონზე, მოემზადონ ომისთვის
ნატოს მაღალჩინოსანმა, სამხედრო ლიდერმა მოუწოდა კომპანიებს მოემზადონ ომის დროს მოსალოდნელი სიტუაციებისთვის, გადახედონ მიწოდების ჯაჭვებს, რათა შეამცირონ ისეთი კონკურენტი ქვეყნების გავლენა, როგორებიც რუსეთი და ჩინეთია. ადმირალმა რობ ბაუერმა, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეკონომიკური რეფორმა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სამხედრო შესაძლებლობები ეროვნული უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.
ბრიუსელში “ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტის” მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე გამოსვლისას, ბაუერმა განმარტა, რომ შეკავება არ შემოიფარგლება მხოლოდ სამხედრო ძალით, არამედ მოიცავს ნებისმიერ სიტუაციაში კრიტიკულად მნიშვნელოვანი საქონლისა და მომსახურების შენარჩუნების შესაძლებლობას. ”თუ ჩვენ შეგვიძლია დავრწმუნდეთ, რომ რაც არ უნდა მოხდეს, შეგვეძლება ყველა საჭირო რესურსისა და სერვისის უზრუნველყოფა, ესეც ჩვენი პრევენციის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება”,- თქვა მან.
ბაუერმა ხაზი გაუსვა მზარდ საფრთხეებს, მათ შორის საბოტაჟს და გეოპოლიტიკურ ზეწოლას, რომლებმაც უკვე გამოსცადეს ევროპის გამძლეობის უნარი. „ჩვენ გვეგონა, რომ გარიგება გვქონდა გაზპრომთან, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო გარიგება ვლადიმერ პუტინთან“, – აღნიშნა ბაუერმა და ამით ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ენერგომომარაგების პოლიტიკური ბერკეტების ინსტრუმენტის სახით გამოყენებას. “იგივე ეხება ჩინეთის საკუთრებაში არსებულ ინფრასტრუქტურასა და საქონელს. როდესაც ჩვენ ვაფორმებთ გარიგებებს ჩინურ კომპანიებთან, ჩვენ ეფექტურად ვაფორმებთ გარიგებებს პრეზიდენტ სი ძინპინთან.”
ბაუერმა აღნიშნა, რომ დასავლეთი ზედმეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე ძირითადი მარაგებისთვის. ჩინეთი ამჟამად აწარმოებს მსოფლიოს იშვიათი რესურსების 60%-ს და ამუშავებს მათ 90%-ს, მასალებს, რომლებიც საჭიროა ტექნოლოგიებისთვის, თავდაცვისა და განახლებადი ენერგიისთვის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მრავალი სამკურნალო პროდუქტი, როგორიცაა სედატიური საშუალებები, ანტიბიოტიკები და ანტიჰიპერტენზიული საშუალებები, სწორედ ჩინეთიდან მოდის.
”ჩვენ გულუბრყვილოები ვართ, რადგან ვფიქრობთ, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტია არასოდეს იყენებს ამ ბერკეტს,” – გააფრთხილა ხალხი ბაუერმა.
ჩინური კიბერ-შპიონაჟის კამპანიის შესახებ შეხვედრა თეთრ სახლში
22 ნოემბერს თეთრ სახლში ამერიკის ტელეკომუნიკაციების უმაღლეს წარმომადგენლებსა და ეროვნული უსაფრთხოების ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარი საკითხი ჩინური კიბერ-შპიონაჟის კამპანია იყო.
აღნიშნულ კამპანიას სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან მისი სამიზნეები გახდნენ აშშ-ს უმაღლესი პოლიტიკური პირებიც, მათ შორის აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი და ვიცე-პრეზიდენტი ჯეიდი ვენსი. გარდა ამისა, აშშ-ს განცხადებით, ჩინეთთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა ტელეკომ კომპანიებზე თავდასხმით მოიპოვეს წვდომა მონაცემებზე, რომელიც ამერიკული ძალოვანი სტრუქტურებისთვის იყო განკუთვნილი.
შეხვედრის განმავლობაში ტელეკომუნიკაციების მხარემ მთავრობას გააცნო რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ შეძლებდა აღნიშნული ორგანო თავდაცვის უზრუნველყოფას მსგავსი კიბერ-შეტევების წინააღმდეგ. გარდა ამისა, მათ ერთმანეთში დაზვერვის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია გაცვალეს.
FBI-ს განცხადებით, აღნიშნული კამპანიით დაზარალებულების რაოდენობა 150-ზე ნაკლებია, თუმცა უფრო სავარაუდოა ისიც, რომ ამ ადამიანებისგან, მოგვიანებით, მათ მიერ გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებების ან განხორციელებული ზარების მეშვეობით ზიანი გაცილებით უფრო მეტ ადამიანზე გავრცელდა.
ჩინეთი კიბერ-შეტევების კამპანიის შესახებ ინფორმაციას უარყოფს. ამის შესახებ განცხადება ჩინეთის საგარეო სამინისტროს პრეს-სპიკერმა შეხვედრამდე, 14 ნოემბერსაც გააკეთა, რომელშიც აღნიშნავს, რომ ჩინეთს „არ აქვს ინტერესი კიბერ სივრცეში სხვა ქვეყნების საშინაო სააქმეებში ჩარევის და ეწინააღმდეგება პოლიტიკური მიზნებისთვის ჩინეთის შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებას“. ხელისუფლებასთან აფილირებული მედია-პლატფორმა, Global Times საუბრობს ექსპერტებზე, რომლებმაც „გამოავლინეს, რომ აშშ მიზანმიმართულად აყალბებს მტკიცებულებას, რათა დააზიანოს ჩინეთის რეპუტაცია“. ამის დასადასტურებლად ისინი იყენებენ ისეთ ფაქტორებს, როგორებიცაა წყაროთა ანონიმურობა და არგუმენტების ნაკლებობა.
ჩინური კიბერ-შპიონაჟის კამპანიის შესახებ შეხვედრა თეთრ სახლში Read More »
სამოქალაქო იდეას უფროსი მკვლევარი, ანი კინწურაშვილი, კონფერენციაზე „Mapping Spheres of Influence“ სამარყანდში
21-22 ნოემბერს „სამოქალაქო იდეას“ უფროსი მკვლევარი, ანი კინწურაშვილი, მონაწილეობდა კონფერენციაში „Mapping Spheres of Influence“, რომელიც ორგანიზებული იყო Anhor.uz-ის მიერ და გაიმართა სამარყანდში, უზბეკეთში.
ღონისძიებამ გააერთიანა ექსპერტები და პრაქტიკოსები მონაცემთა ჟურნალისტიკის ძირითადი საკითხების განსახილველად. მათ ყურადღება გაამახვილეს საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის კონტექსტში ცენტრალური აზიის მოვლენების გაშუქების მნიშვნელობაზე. ამავდროულად- რეგიონის გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე.
ანი იყო მომხსენებელი პანელზე : „გამოწვევები ახალი ცივი ომის ეპოქაში“, სადაც მან საქართველოს საგარეო პოლიტიკის კომპლექსური დინამიკის შესახებ საკუთარი ხედვები წარმოადგინა.
მან ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რომლებსაც საქართველო აწყდება საგარეო პოლიტიკის ცვლილების პროცესში, განსაკუთრებით იმის ფონზე, როცა მმართველი პარტია სულ უფრო მეტად უახლოვდება რუსეთსა და ჩინეთს. მან ასევე შეადარა საქართველოს მდგომარეობა ცენტრალური აზიის ქვეყნების ვითარებასთან, რაც უფრო ფართო რეგიონულ პერსპექ ტივას სძენს ცვალებად გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს.
უოლ-სტრიტიდან კომერციის მდივნობამდე: ჰოვარდ ლუტნიკი ტრამპის სავაჭრო და სატარიფო სტრატეგიას უხელმძძღვანელებს
დონალდ ტრამპმა ჰოვარდ ლუტნიკი, უოლ სტრიტელი ბიზნესმენი, კომერციის დეპარტამენტის მომავალ მდივნად დაასახელა. თავის განცხადებაში ტრამპმა შეაქო ლუტნიკი, ფინანსური ფირმა Cantor Fitzgerald-ის აღმასრულებელი დირექტორი, როგორც “უოლ სტრიტის დინამიკური ძალა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში” და ხაზი გაუსვა მის როლს მომავალი ადმინისტრაციის “ტარიფებისა და სავაჭრო გეგმის“ საკითხებში.
ლუტნიკი თანამდებობაზე, ბოლო რამდენიმე თვის არაერთი სპეკულაციის შემდგომ, დასახელდა. თავდაპირველად, ლუტნიკი განიხილებოდა სახაზინო მდივნის თანამდებობაზე, თუმცა მას ამაში ჰეჯ-ფონდის მენეჯერი სკოტ ბესენტი ეცილებოდა. კომერციის განყოფილების ხელმძღვანელად მისი დანიშვაც მოულოდნელი აღმოჩნდა. ლუტნიკმა ამ თანამდებობის მსურველი კიდევ ორი კანდიდატის დამარცხება მოახერხა. ესენი იყვნენ: რობერტ ლაითჰაიზერი – ტრამპის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი და ლინდა მაკმაჰონი – მცირე ბიზნესის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი. ლაითჰაიზერსაც და მაკმაჰონსაც ცოტა ხნის წინ აცნობეს, რომ ლუტნიკი კომერციის დეპარტამენტის მდივნის როლზე ტრამპის რჩეული აღმოჩნდა.
კომერციის დეპარტამენტი, მიუხედავად იმისა, რომ სახაზინო დეპარტამენტზე მცირეა, გადამწყვეტ როლს თამაშობს ისეთ სფეროებში, სადაც ბიზნესი და ეროვნული უსაფრთხოება იკვეთება. მდივნის პასუხისმგებლობა მოიცავს აშშ-ს ბიზნესის მხარდაჭერასა და ხელშეწყობას, სავაჭრო შეთანხმებებზე მოლაპარაკებების გამართვასა და უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობას. აშშ-ჩინეთის სავაჭრო და ტექნიკურ ომში მისი როლის გარდა, მდივნის პასუხისმგებლობა მოიცავს პატენტების დამტკიცებას, ეკონომიკური მონაცემების გამოქვეყნებასა და აშშ-ში აღწერის ჩატარებას. დეპარტამენტი ასევე იძიებს ანტიდემპინგსა და სუბსიდირების წინააღმდეგ საქმეებს, რასაც ხშირად მოჰყვება სადამსჯელო ტარიფების შემოღება, რომლებიც შიდა ინდუსტრიების დასაცავადაა შექმნილი.
იმის შიშით, რომ პეკინს შეეძლო ამერიკული ტექნოლოგია თავისი სამხედრო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად გამოეყენებინა, ტრამპისა და ბაიდენის ადმინისტრაციები, ორივე აგრესიულად იყენებდა კომერციის დეპარტამენტის უფლებამოსილებას ჩინეთში აშშ-სა და უცხოური ტექნოლოგიების ნაკადის დასარეგულირებლად. ეს ძალისხმევა განსაკუთრებით ორიენტირებულია ნახევარგამტარებსა და მათი წარმოებისთვის გამოყენებულ აღჭურვილობაზე. ბოლო ორი წლის განმავლობაში, შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ექსპორტის სრული კონტროლი მოწინავე ჩიპებისა და ჩიპების დამზადების ინსტრუმენტებზე, რითაც შეზღუდა ჩინეთის წვდომა ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსა და შემდეგი თაობის ნახევარგამტარების წარმოების აღჭურვილობაზე.
ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში, კომერციის ყოფილი მდივანი, უილბურ როსი იყო აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომში ცენტრალური ფიგურა და უფრო მაღალი ტარიფების მხარდამჭერი – ეს იყო საკითხი, რომელსაც ლუტნიკიც აღიარებდა და ემხრობოდა. ლუტნიკი, ადმინისტრაციის სხვა ფიგურებთან შედარებით, ჩინეთზე ღიად ხშირად არ საუბრობდა, თუმცა ის ტარიფების გამკაცრების იდეის მტკიცე დამცველია, განსაკუთრებით ჩინეთის მიმართ. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის დაპირება, რომ დააწესოს 60%-იანი ტარიფი ჩინეთიდან და 10%-იანი ტარიფი სხვა ქვეყნებიდან შემოტანილ საქონელზე, ნათლად შეესაბამება ლუტნიკის შეხედულებებს. ბოლო ინტერვიუში ლუტნიკმა ხაზი გაუსვა მის მხარდაჭერას შემოსავალზე ორიენტირებული სავაჭრო პოლიტიკის მიმართ და თქვა: “ნუ დაბეგრავთ ჩვენს ხალხს. სანაცვლოდ გამოიმუშავეთ ფული. დააწესეთ ტარიფები ჩინეთზე და გამოიმუშავეთ 400 მილიარდი დოლარი”.
კომერციის მომავალ მდივანს დაევალება მთელი რიგი რეგულაციების აღსრულება, რომლებიც მიზნად ისახავს ჩინეთის ტექნოლოგიური მიღწევების შეზღუდვას, განსაკუთრებით ხელოვნურ ინტელექტსა და ნახევარგამტარებში. ეს მოიცავს მცდელობებს, რომ ძირითადი ჩინური კომპანიები, როგორიცაა Huawei Technologies და Semiconductor Manufacturing International Corporation (SMIC) რამდენიმე ნაბიჯით ჩამორჩნენ თავიანთ გლობალურ კონკურენტებს ძირითად ტექნოლოგიურ სექტორებში.
სი ძიმპინმა გერმანიას დახმარება სთხოვა ევროკავშირის მიერ ჩინეთზე დაწესებული მაღალი ტარიფების საკითხის გადაწყვეტაში
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს, დახმარება სთხოვა ხელი შეუწყოს ჩინურ ელექტრომობილებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული მაღალი ტარიფების საკითხის გადაწყვეტას.
რიო-დე-ჟანეიროში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში შეხვედრისას, ჩინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა ქვეყნის მზადყოფნა ითანამშრომლოს გერმანიასთან სტრატეგიული პარტნიორობის გასაძლიერებლად. შემდეგ მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის მიერ დაწესებული ტარიფების საკითხს ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე. ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, ტარიფები პეკინსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო კონფლიქტის რისკებს ზრდის.
წევრი ქვეყნებისგან საჭირო მხარდაჭერის მიღების შემდეგ, ევროკავშირმა ჩინური ელექტრომობილების იმპორტზე მაღალი ტარიფების დაწესების 5 წლიანი გეგმა 2024 წლის ოქტომბერში დაამტკიცა. ტარიფები, სავარაუდოდ, გაიზრდება ამჟამინდელი 10%-დან 45%-მდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
ევროკომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი და ჩინეთი „ინტენსიურად იმუშავებენ ტარიფებისთვის ალტერნატიული გადაწყვეტის მოსაძიებლად“. საპასუხოდ, ჩინეთის კომერციის სამინისტრომ დაგმო გადაწყვეტილება, როგორც “არასამართლიანი” და “არაგონივრული”, მაგრამ აღიარა საკითხის მოლაპარაკებების გზით მოგვარების შესაძლებლობა.
გადაწყვეტილება ჩინეთში წარმოებულ ელექტრომობილებზე მაღალი ტარიფების დაწესებასთან დაკავშირებით, არ ყოფილა ერთსულოვნი. გერმანია, რომლის საავტომობილო ინდუსტრია დიდწილად დამოკიდებულია ჩინეთში ექსპორტზე, ეწინააღმდეგებოდა ტარიფებს. ევროკავშირის ბევრმა წევრმა სახელმწიფომ ხმის მიცემისგან თავი შეიკავა. თუმცა საფრანგეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა და პოლონეთმა მხარი დაუჭირეს იმპორტის გაზრდილ გადასახადებს. ტარიფების შესახებ წინადადების დაბლოკვა შეიძლებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას 27-დან 15 წევრი ქვეყნის კვალიფიციური უმრავლესობა არ დაუჭერდა მხარს.
ევროკავშირის ტარიფებმა შეშფოთება გამოიწვია საავტომობილო სექტორის გარეთ, სხვა ინდუსტრიულ ჯგუფებშიც. არსებობს ჩინეთისგან საპასუხო ტარიფების შიში. სავაჭრო ორგანიზაციამ, რომელიც წარმოადგენს საფრანგეთის კონიაკის ინდუსტრიას, გააკრიტიკა საფრანგეთის ხელისუფლება და განაცხადა: “ჩვენ მათ მიგვატოვეს”.
სი ძინპინმა შეხვედრაზე განაცხადა: “იმედი გვაქვს, რომ ევროპა და ჩინეთი ელექტრომობილების საკითხს გადაჭრიან დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით, რაც შეიძლება მალე და გერმანული მხარე მზადაა ამ კუთხით აქტიური ძალისხმევა მიმართოს”.
გერმანიის მთავრობის სპიკერმა აღნიშნა, რომ შოლცის შეხვედრა ჩინეთის პირველ პირთან 30 წუთს გაგრძელდა, რა დროსაც მხარეებმა ასევე განიხილეს გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის უკრაინისა და ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტები.
სი ძიმპინმა სამხრეთ ამერიკაში ტური აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმში მონაწილეობით დაიყო ლიმაში, სადაც მან გახსნა ჩინეთის მიერ დაფინანსებული წყნარი ოკეანის პორტი. სამშაბათს G20 სამიტის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია სი ძიმპონის ვიზიტი ბრაზილიაში, სადაც ის შეხვდება ბრაზილიის პრეზიდენტს და ხელს მოაწერს თანამშრომლობის შეთანხმებებს.
ყველაზე მასშტაბური სასამართლო პროცესი ჰონგ კონგში: 47 პრო-დემოკრატიულ პირს ციხეში წლების გატარება მოუწევს
„ჰონგ კონგი 47“-ის 45 წევრს ეროვნული უსაფრთხოების უდიდეს სასამართლო პროცესზე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ოთხიდან ათ წლამდე ვადით, მას შემდეგ, რაც პეკინმა, 2020 წელს, მიიღო ეროვნული უსაფრთხოების კანონი (NSL), რომელსაც ბევრი საკამათოდ და წინააღმდეგობრივად მიიჩნევს. ჯგუფს, რომელშიც შედიან გამოჩენილი აქტივისტები, დეპუტატები და კამპანიის მონაწილეები, 2020 წლის არაოფიციალურ წინასწარ არჩევნებში დივერსიული ქმედებებისა და მონაწილეობისთვის ედებათ ბრალი.
იურიდიულ მეცნიერსა და აქტივისტს, ბენი ტაის, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრა და მას 10 წელი მიუსაჯეს, რადგან ითვლება საარჩევნო გეგმის შემმუშავებლად. ტაის გეგმა დივერსიის აქტად და კანონდარღვევად გამოცხადდა. NSL ( ეროვნული უსაფრთხოების კანონი) მოსამართლეებმა განაცხადეს, რომ ტაის ჩანაწერები, რომლებიც მხარს უჭერდა ამ გეგმას, იყო „რევოლუციის ადვოკატირების” დასტური.
ავსტრალიისა და ჰონგ კონგის ორმაგი მოქალაქეობის მფლობელ გორდონ ნგს მიესაჯა შვიდ წელზე მეტი მას შემდეგ, რაც დანაშაული არ აღიარა და ამ წლის დასაწყისში გაასამართლეს. ავსტრალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პენი ვონგმა გამოთქვა “სერიოზული შეშფოთება” სასჯელის გამო, გააკრიტიკა NSL- ის უკონტროლო გამოყენება და გააპროტესტა მასობრივი დევნა. აშშ-ის საკონსულომ ჰონგ კონგში მკაცრად დაგმო განაჩენი და განაცხადა, რომ ბრალდებულებს “აგრესიულად დევნიდნენ და აპატიმრებდნენ ნორმალურ პოლიტიკურ საქმიანობაში მშვიდობიანი მონაწილეობის გამო” აშშ-მ ასევე მოუწოდა ჰონგ კონგს, ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ.
საპასუხოდ, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადანაშაულა უცხოური მთავრობები ჰონგ კონგის შიდა საქმეებში ჩარევაში და კანონის უზენაესობის შელახვაში. იმავდროულად, ჰონგ კონგის უშიშროების მინისტრმა კრის ტანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მძიმე სასჯელი მკაფიო მესიჯს აგზავნის, რომ არც ერთ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არ აიტანენ.
Human Rights Watch-მა ეს განაჩენები აღწერა, როგორც მტკიცებულება ჰონგ კონგის სამოქალაქო თავისუფლებებისა და სასამართლო დამოუკიდებლობის გაუარესებისა, მას შემდეგ რაც NSL დაკანონდა. კრიტიკოსები, მათ შორის აკადემიკოსები, აცხადებენ, რომ სასამართლო პროცესი ასახავს პეკინის ძალისხმევას, აღკვეთოს განსხვავებული აზრი და მოსახლეობას ხელახალი ინფორმირება მოახდინოს ეროვნული უსაფრთხოების პრიოტეტულობის შესახებ.
”პროდემოკრატიული მოძრაობა მნიშვნელოვნად დასუსტდა, თვითცენზურა ნორმად იქცა”, – თქვა სტეფან ორტმანმა, პოლიტოლოგიის პროფესორმა. ემილი ლაუმ, დემოკრატიული პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, განაცხადა, რომ არაფორმალური შეკრებების დროსაც კი ხალხს აქვს დაპატიმრების შიში. ”ასეთი სტრესიული მდგომარეობაა”, – თქვა მან, თუმცა პირობა დადო, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლა გაგრძელდება ”მშვიდობიანად და კანონიერად”.
ქალაქის ამჟამინდელი საკანონმდებლო ორგანო, რომლის გაკონტროლებასაც თავდაპირველად 47 ცდილობდა, ახლა მთლიანად პეკინის მომხრეებისგან შედგება. მოქალაქეებს საკანონმდებლო საბჭოს 90 წევრიდან პირდაპირი არჩევნებით მხოლოდ 20 წევრის არჩევა შეუძლიათ. პეკინის ლოიალისტები ირჩევენ 40 წევრს, რაც მათ უმრავლესობას აძლევს, ხოლო დანარჩენს წევრებს პროფესიონალური ჯგუფები ირჩევენ, რომელთა უმეტესობა მხარს კვლავ პეკინს უჭერს. გარდა ამისა, ყველა დეპუტატი გადის “პატრიოტიზმის” შემოწმების პროცესს, სანამ არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს.
19 ნოემბერს გამოტანილი განაჩენი ხაზს უსვამს ჰონგ კონგის ფუნდამენტურ ტრანსფორმაციას- ოდესღაც ცნობილი, თავისი ძლიერი დემოკრატიული მოძრაობით, ახლა გახდა ქალაქი, რომელშიც ოპოზიციას აჩუმებენ ან აიძულებენ, დევნილობაში წავიდნენ.
ჯერ კიდევ 2020 წელს, აშშ-ს მთავრობა, რამდენიმე დასავლურ ქვეყანასა და უფლებადამცველ ორგანიზაციასთან ერთად, ამტკიცებდა, რომ კანონი აუცილებლად იქნებოდა გამოყენებული მშვიდობიანი, განსხვავებული აზრის ჩასახშობად. მისი პირველი ვადის განმავლობაში, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დააწესა კიდეც სანქციები ჩინელ და ჰონგ კონგის ოფიციალურ პირებზე, დემონსტრაციების დარბევის საპასუხოდ და განაცხადა, რომ ჰონგ კონგი აღარ სარგებლობს ჩინეთისგან მაღალი ავტონომიით. ამ თვის დასაწყისში არჩევნებში ხელახალი გამარჯვების შემდეგ, ტრამპმა კაბინეტის სავარაუდო კანდიდატები დაასახელა, რომელთგან არაერთი ჩინეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკითა და კრიტიკული დამოკიდებულებებით გამოირჩევა, რაც ჩინეთს საკმაოდ დაძაბულ მდგომარეობაში ჩააყენებს.
სი ძინპინის დიპლომატიური ტური სამხრეთ ამერიკაში
14 ნოემბერს ჩინეთის პრეზიდენტი, სი ძინპინი სამხრეთ ამერიკაში ცხრა დღიან დიპლომატიურ ტურზე გაემგზავრა, რომელიც, ანალიტიკოსების მიხედვით, ამ რეგიონში ქვეყნის გავლენის გაზრდას ემსახურება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, სი ძინპინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ფორუმს დაესწრო და აშშ-ს მოქმედ პრეზიდეტთან, ჯო ბაიდენთან გამართა შეხვედრა.
პრეზიდენტებს შორის საუბრის მთავარი თემა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საკითხი იყო. სი ძინპინის განცხადებით, მისი მიზანი, რომელიც ამერიკასა და ჩინეთს შორის „სტაბილური, ჯანსაღი და მდგრადი“ ურთიერთობის შენარჩუნებას გულისხმობს, უცვლელი რჩება და პეკინი მზადაა იმუშაოს აშშ-ს ახალ მთავრობასთან ერთად – შეინარჩუნოს კომუნიკაცია და გააღრმაოს თანამშრომლობა.
გარდა ამისა, განხილვის მნიშვნელოვან საგანს წარმოადგენდა კიბერუსაფრთხოება, ვაჭრობა, ტაივანისა და რუსეთის საკითხები. ქვეყნების პირველი პირები შეთანხმდენ ატომური იარაღების მართვაზე და განაცხადეს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიმღებები ადამიანები უნდა იყვნენ და არა ხელოვნური ინტელექტი. დამატებით, სი ძინპინმა და ბაიდენმა გამოხატეს უკმაყოფილება ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის ურთიერთობის განვითარებასა და ჩრდილოეთ კორეის მიერ უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესახებ.
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა ჩინეთს თავისი გავლენის გამოყენებისკენ და ამ გზით, მომავალში ჩრდილოეთ კორეის ჯარების უკრაინაში გაგზავნით გამოწვეული ესკალაციის პრევენციისკენ მოუწოდა. ლიდერებს შორის მკაცრი საუბარი შედგა ტაივანის საკითხზე – ბაიდენმა პეკინს კუნძულის გარშემო სამხედრო აქტივობების შეწყვეტისკენ მოუწოდა, თუმცა სი ძინპინმა, აღნიშნულის მიზეზად ტაივანის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი სეპარატისტების ქმედებები დაასახელა. აღსანიშნავია, რომ სი ძინპინის სამხრეთ ამერიკაში ვიზიტის ერთ-ერთი საკვანძო მიზეზი პერუში ჩინეთის მიერ დაფინანსებული პორტის გახსნაა. აღნიშნული პორტი იქნება უდიდესი ღრმაწყლოვანი პორტი სამხრეთ ამერიკაში და გაცილებით შეამცირებს ტრასპორტირებისთვის საჭირო დროს აღნიშულ რეგიონსა და ჩინეთს შორის.
აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მარტში, პორტის შესახებ საუბარი შედგა პერუს რესპუბლიკის ელჩთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციაშიც. ელჩის მიხედვით, პერუს „ახალი, უმსხვილესი პორტი“, რომელიც სამხრეთ ამერიკასა და აზიას დააკავშირებს, ახალ შესაძლებლობებს გააჩენს საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ ამერიკისა და ჩინეთისთვის პორტის გახსნა ეკონომიკურად მომგებიანია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პეკინს აქვს გამოწვევები როგორც ევროპასთან ვაჭრობის საკითხზე, ისე დონალდ ტრამპის მიერ ტარიფების დაწესების შესახებ გაკეთებულ განცხადებაზე, აშშ მიიჩნევს, რომ ჩინეთმა შესაძლოა პორტი დაზვერვითი სამუშაოებისთვის გამოიყენოს.
გარდა ამისა, ამ რეგიონში ამერიკის ერთ-ერთმა მთავარმა დიპლომატმა, ბრაიან ნიკოლსმა, სამხრეთ ამერიკის ქვეყნებსა და მათ მოსახლეობას ჩინურ ინვესტიციებთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა. ჩინეთის ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა გამოცემამ, Global Times-მა გამოაქვეყნა სტატია პორტის პრაქტიკული გამოყენების შესახებ და განაცხადა, რომ ის არ წარმოადგენს „იარაღს გეოპოლიტიკური შეჯიბრებისთვის“, ხოლო პორტის შესაძლო სამხედრო გამოყენების შესახებ განცხადებებს, გამოცემა რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართულს უწოდებს.
სი ძინპინის დიპლომატიური ტური სამხრეთ ამერიკაში Read More »
ჩინეთისთვის ახალი გამოწვევა გაეროში – ელისე სტეფანიკი
ელისე სტეფანიკი, ჩინეთის ცნობილი კრიტიკოსი, სავარაუდოდ, გაეროში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობას დაიკავებს. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში, სტეფანიკი გახდება აშშ-ს წარმომადგენელი საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომელშიც ჩინეთი, როგორც უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი, სტაბილურად აძლიერებს საკუთარ გავლენას აქტუალურ გლობალურ საკითხებთან მიმართებით. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პეკინი, არ მიესალმება ტრამპის მომავალი გუნდის ანტიჩინურ პოზიციას, მაგრამ გარკვეულ დათმობებზე წასვლით, შესაძლოა, მაინც გამოძებნოს საერთო ენა ტრამპის გარემოცვაში მყოფ ისეთ პირებთან, რომლებსაც ეკონომიკური კავშირები აქვთ ჩინეთთან.
„ჩინელები ხშირად იყენებენ ტრამპთან დაახლოებულ ფიგურებს ჩინეთთან მნიშვნელოვანი ეკონომიკური კავშირებით, რათა ხელი შეუწყონ ფარულ დიპლომატიას“, – აღნიშნა სტიმსონის ცენტრის ჩინეთის პროგრამის დირექტორმა, იუნ სუნმა. ამ დინამიკამ შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობა ტრამპის გაცხადებულ მიზნებსა და მის მიერ შემოთავაზებული კაბინეტის წევრების უფრო მკაცრ ჩინურ პოზიციებს შორის. მაგალითად, გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპი განიხილავს წინასაარჩევნო დაპირების ნაწილის შესრულებას და შესაბამისად, აკრძალვის გაუქმებას TikTok-ზე, ჩინეთის საკუთრებაში არსებული სოციალური მედიის პლატფორმაზე. პოლიტიკის ეს პოტენციური ცვლილება შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ისეთი პიროვნების შეხედულებებს, როგორიცაა სტეფანიკი, რომელიც პეკინის მიერ აპლიკაციის სათვალთვალო მიზნით გამოყენების შესაძლებლობის გამო, TikTok-ის აკრძალვას მტკიცედ უჭერდა მხარს.
ელის სტეფანიკი, რომელიც ცნობილია თავისი მტკიცე პოზიციით – ჩინეთისთვის COVID-19-ის პანდემიაში პასუხისმგებლობის დაკისრებით, აკრიტიკებდა ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ვირუსის შესახებ კრიტიკული ინფორმაციის დამალვისა და დეზინფორმაციის გავრცელების ბრალდებით. ასევე, იგი 2020 წელს ხშირად უსვამდა ხაზს, რომ ჩინეთს თავის თავზე უნდა აეღო პანდემიის გავრცელების პასუხისმგებლობა.
სტეფანიკს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ჩინეთი 21-ე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა. 2020 წელს, ნიუ-იორკ პოსტთან ინტერვიუში, მან განაცხადა: ”როდესაც ჩვენ ვფიქრობთ თანამედროვე საფრთხეებზე, ჩინეთი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელსაც ვაწყდებით, არა მხოლოდ შეერთებულ შტატებში, არამედ ჩვენს მოკავშირე სახელმწიფოებშიც. ” ელის სტეფანიკი იყო ჩინეთის სავაჭრო პრაქტიკის ძლიერი კრიტიკოსი. ის მხარს უჭერდა, რომ შეჩერებულიყო ჩინეთის ჩართულობა ამერიკის კრიტიკულ ინფრასტრუქტურებში და შეწყვეტილიყო საქონლის, მომსახურებისა თუ ნედლეულის მიმოცვლა მასთან.
მან კონგრესში წარადგინა რამდენიმე მკაცრი კანონპროექტი, რომლებიც მიმართულია ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ, მათ შორის კანონმდელობა, რომელიც კრძალავს დრონების მწარმოებელი ჩინური კომპანიის, DJI-ის დრონების ახალი მოდელების აშშ-ს საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ფარგლებში ოპერირებას.
გაეროს ელჩის როლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გლობალური თანამშრომლობისა და უსაფრთხოებისთვის. ამიტომ, აშშ-ის მოქალაქეები, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, დიდი ინტერესით ელოდებიან ტრამპის საბოლოო გადაწყვეტილებას და არჩევანს.
ჩინეთისთვის ახალი გამოწვევა გაეროში – ელისე სტეფანიკი Read More »