Civicidea

რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია? – ირაკლი მელაშვილი

ამ ბლოგს არავითარ შემთხვევაში არ აქვს პრეტენზია, რომ სრულფასოვნად მიმოიხილოს ისეთი დიდი და რთული საკითხი, როგორიც უკრაინელი და რუსი ხალხების ურთიერთობის ისტორიაა. როგორც ყველა მეზობელ ხალხებს შორის ურთიერთობაში, ამ შემთხვევაშიც, უკრაინელებს და რუსებს, წარსულში მრავალი საუკუნის ურთიერთობისას მრავალმხრივი გამოცდილება დაუგროვდათ და ერთ სტატიას სრულყოფილი მიმოხილვის პრეტენზია ვერ ექნება. მიმდინარე რუსული აგრესიის ფონზე, დრონებისა და ბომბების პარალელურად მკვეთრად გააქტიურებულია რუსული იმპერიალისტური დეზინფორმაციის მანქანა, რომელიც აქტიურად ტირაჟირებს რუსულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ, ათწლეულების, ზოგ შემთხვევაში კი, ასწლეულების განმავლობაში დანერგილ მითებსა და ლეგენდებს, და მათ მიერ მოგონილი „ისტორიული სიმართლის“ უკრიტიკო მიღებას ითხოვს. ამიტომ, ჩემი მიზანია, ნაცვლად პროპაგანდისტული კლიშეებისა, რომლებსაც საუკუნეების განმავლობაში სკოლის სახელმძღვანელოებიდან დაწყებული, თანამედროვე ტროლ-ბოტებით დამთავრებული, ნერგავდა ჯერ რუსეთის იმპერია, შემდეგ სსრკ, ახლა კი რუსული ნეოიმპერიის პროპაგანდა, მკითხველს გავაცნო ისტორიული ფაქტები რუსულ-უკრაინული ურთიერთობების ისტორიიდან.

ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ უკრაინელები, როგორც დამოუკიდებელი ხალხი, „არასდროს არსებობდნენ,“ ისინი რუსები არიან, უკრაინა კი „ლენინის მიერ ხელოვნურად შექმნილი ქვეყანაა.“

მოდით, ვნახოთ როგორ ქმნიდა საუკუნეების განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერიული, შემდეგ კი საბჭოთა პროპაგანდა ამ ლეგენდას, რომელიც დღეს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომის ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველია.

მითი #1: ტერმინი „უკრაინა“ არ არსებობდა და არ გამოიყენებოდა.

ისტორიული ფაქტია, რომ „უკრაინა“ პირველად ნახსენებია 1187 წელს ე.წ. კიევის მატიანეში, რომელშიც აღწერილია ყივჩაღებზე ლაშქრობის დროს პერეიასლავის პრინცის, ვლადიმერ გლებოვიჩის გარდაცვალების შესახებ.

1189 წელი – „უფლისწული როსტისლავ ბერლადნიკი მოვიდა გალისიის უკრაინაში;“
1213 წელი – „უფლისწულმა დანიელმა აიღო ბრესტი, უგროვსკი, ვერეშჩინი, სტოლპიე, კომოვი და მთელი უკრაინა.“

მითი #2: ტერმინი „უკრაინა“ სახელმწიფოს დასახელებად არ არსებობდა.

„Ой у нашей в славной Украине.
Бывали когда-то престрашные и злополучные, злосчастные часы;
Бывали и моры и военные распри;
​Никто Вкраинцевъ не спасалъ;“

მე-18 საუკუნეში, როდესაც კაზაკთა სახელმწიფო შეიერთა რუსეთის იმპერიამ, სიტყვა „უკრაინა“ გაქრა აქტიური პოლიტიკური გამოყენებიდან. თუმცა, ეს სახელი დამკვიდრებულია და შენარჩუნებულია იქ მცხოვრები ხალხის კულტურაში. დაახლოებით 1200 ხალხური სიმღერაა, რომლებშიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი უკრაინაზე მღერის.

მითი #3: რუსული და უკრაინული ყველაზე ახლოს მყოფი ენებია, უკრაინული რუსულის დიალექტია რაც ადასტურებს ამ ორი ერის ერთობას

რუსული ენა, თავისი ლექსიკით, არ არის უკრაინულთან ყველაზე ახლო მდგომი ენა. უკრაინელი ენათმეცნიერების (კ. ნ. ტიშჩენკო და სხვები) კვლევის მიხედვით, ლექსიკურად უკრაინულთან ყველაზე ახლოს არის ბელორუსული ენა (მთლიანი ლექსიკის 84%), შემდეგ პოლონური (70%), სერბული (68%), სლოვაკური ( 66%), შემდეგ კი რუსული და ჩეხური (62%). თუმცა, არავის მოსდის თავში აზრად, სლოვაკები და უკრაინელები, ან სერბები და უკრაინელები გამოაცხადონ ერთ ერად.

რუსულ უკრაინული ენების მსგავსება არ არის ევროპის სხვადასხვა ხალხების ენების მსგავსების უნიკალური გამონაკლისი მაგალითად თავისი ლექსიკური მარაგით დანიური, შვედური და ნორვეგიული ბევრად უფრო ახლოს მდგარი ენებია ვიდრე რუსული და უკრაინული და ლინგვისტების აზრით საერთოდ ლამის ერთი ენაა. ნორვეგიას გვიან შუა საუკუნეებში ფაქტობრივად არ ჰქონია დამოუკიდებელი სახელმწიფო, 1536 წლიდან 1814 წლამდე ის დანიის მეფის კარის დაქვემდებარებაში იყო, 1814 წლიდან კი შვედეთის სამეფოს ნაწილი იყო. დანიური ენა საერთოდ საუკუნების განმავლობაში ნორვეგიის სალიტერატურო ენა იყო. საერთოდ ერთ ენაზე (Serbo-Croatian) საუბრობენ სერბები, ხორვატები, ჩერნოგორიელები და ბოსნიელები, სტანდარტული გერმანული (Standardsprache) ან ლიტერატურული ენა (Hochdeutsch) საერთოა გერმანიაში, ავსტრიაში და შვეიცარიაში, მაგრამ არავის მოუვა თავში აზრად დღეს ენების მსგავსების გამო რომელიმე ამ ერის არსებობა დააყენოს კითხვის ნიშნის ქვეშ.

მითი #4: თანამედროვე რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრეა

ადამიანებისთვის, რომლებიც ცდილობენ, გაერკვნენ, არის თუ არა დღევანდელი რუსეთი „კიევის რუსეთის“ მემკვიდრე, მნიშვნელოვანი არგუმენტია „კიევის რუსეთის“ დასახელებაში სიტყვა „რუსეთის“ არსებობა. ამის საფუძველზე ჩნდება აღქმა, რომ „კიევის რუსეთის“ თავად დასახელება, იქ მცხოვრებ ხალხს ავტომატურად ანათესავებს დღევანდელ რუს ხალხთან, ხოლო შემდეგ წარმოქმნილი „მოსკოვის რუსეთი“ («Московская русь») რუსეთის იმპერია და დღევანდელი რუსული სახელმწიფო „კიევის რუსეთის“ მემკვიდრეა.

ამ საკითხის განხილვისას, უპირველეს ყოვლისა, უნდა ვიცოდეთ, რომ სინამდვილეში სახელმწიფო, ასეთი დასახელებით – „კიევის რუსეთი,“ საერთოდ არ არსებობდა! კიევის მთავრები ძალიან გაოცდებოდნენ, თუ გაიგებდნენ, რომ მათ „სახელმწიფოს“ ასე ერქვა. ტერმინი „კიევის რუსეთი“რუსმა ისტორიკოსებმა მოიგონეს მე-19 საუკუნეში. ერთ-ერთმა პირველმა ეს ტერმინი გამოიყენა პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა (1871), ისტორიულ-ფილოლოგიის ფაკულტეტის დეკანმა და კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა, მ.ა. მაქსიმოვიჩმა თავის ნაშრომში – „საიდან მოდის რუსული მიწა“ (1837). მან ამ ნაშრომში, კიევის სამთავროს აღსანიშნავად, შემოიტანა დასახელება „Киевская Русь.“ ძალიან მალე, მე-19 საუკუნის რუსმა ისტორიკოსებმა, იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიეწოდებინათ „დამაჯერებელი არგუმენტი,“ რომ რუსეთის იმპერია კიევის სამთავროს, სხვა აღმოსავლურ-სლავური სამთავროების სამართალმემკვიდრეა და ამით მთელ აღმოსავლეთ სლავურ მიწების რუსეთის მიერ გაკონტროლების ლეგიტიმური საფუძველი შეექმნათ რუსეთის იმპერიის სახელში არსებული ეთნიკურობის აღმნიშვნელი ტერმინი «Русь» ყველა სამეცნიერო ნაშრომში ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მიაბეს ძველ აღმოსავლურ სლავურ სამთავროების სახელებს. ასე წარმოიშვა ტერმინები, «Русь Киевская», «Русь Черниговская», «Русь Ростовская или Суздальская», «Русь Московская» და ა. შ. სინამდვილეში. ამ სამთავროებს ასე არასდროს არ რქმევიათ. იყო «Великое княжество Киевская», «Черниговское княжество», «Суздальское княжество» და ა.შ. ამის შემდეგ, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში, ეს ტერმინები დაამკვიდრეს სასკოლო სახელმძღვანელოებში, ბეჭდვით და ელექტრონულ მედიაში. ფაქტობრივად, ამ გაყალბებული დასახელებებით დაწერილ ისტორიას ასწავლიდნენ თაობებს და ამკვიდრებდნენ მცდარ სტერეოტიპს. პოსტსაბჭოთა სივრცეში მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ „იცის,“ რომ კიევის ძველ სამთავროს ერქვა არა «Великая Княжества Киевская» (ნამდვილი სახელი), არამედ «Киевская Русь». ასეთ „ცოდნაზე“ აღზრდილი საზოგადოებისათვის აბსოლუტურად ბუნებრივი ჩანდა პოსტულატი „ორი რუსეთის“ – „კიევის რუსეთისა“ და თანამედროვე რუსეთში მცხოვრები ხალხების ერთობაზე. ორივე სახელმწიფოს ხომ ერთი ეთნოსის სახელი ერქვა? შესაბამისად, იოლად დასაჯერებელია, რომ მოსკოვის რუსეთი, შემდეგ რუსეთის იმპერია, უბრალოდ, გაგრძელებაა „კიევის რუსეთის,“ მისი სამართალმემკვიდრეა. ამ ყალბი პოსტულატებიდან გამომდინარე, იოლად „დასტურდება” უკრაინელების, ბელორუსებისა და რუსების საერთო წარმომავლობა და დღევანდელი რუსეთის სახელმწიფოს, როგორც „კიევის რუსეთის“ სამართალმემკვიდრის“, ლეგიტიმური პრეტენზია მთელ აღმოსავლურ-სლავურ მიწებზე.

ცნობილია, რომ მოსკოვის სამთავრო, როგორც ოქროს ურდოს ულუსი (ადმინისტრაციული ერთეული), ხან მენგუ-ტიმურმა დააარსა მხოლოდ 1277 წელს (არ აგვერიოს, მოსკოვის, როგორც ქალაქის დაარსებასთან, რაც 1147 წელს მოხდა). მოსკოვის სამთავროს მართავდნენ ოქროს ურდოს მმართველების, ჩინგიზიდების დინასტიის მიერ დანიშნული დიდი ბასკაკები. მოსკოვის სამთავროს (ულუსის) პირველ მმართველს ხანის წესდებაში ბასკაკი ან დარუგა ერქვა და მთავრები მეორე, ან თუნდაც მესამე პირად ითვლებოდნენ. დიდი რუსი ისტორიკოსი კარამზინი, „რუსული სახელმწიფოს ისტორიის“ მეხუთე ტომში აღნიშნავს, რომ „მოსკოვი, თავისი სიდიადით, დავალებულია ოქროს ურდოს ხანებისგან.“ მოსკოვის მთავრები სწორედ ოქროს ურდოდან იღებდნენ თავიანთი მთავრობის დამადასტურებელ მოწმობას -„იარლიყს.“ მათ სწორედ ოქროს ურდოს ჯარის დახმარებით შეძლეს, დაემარცხებინათ იმ დროს მთავარი კონკურენტი – ტვერის სამთავრო. მოსკოვის მმართველმა, ივანე კალიტამ, ოქროს ურდოს მმართველ ხან უზბეკისგან მიიღო დიდი მთავრის „იარლიყი,“ რომლის მეშვეობითაც ის დაწინაურდა, როგორც ჩრდილო-აღმოსავლეთ სლავურ სამთავროებს შორის ყველაზე ძლიერი და გავლენიანი სამთავრო. XIII საუკუნის ბოლოდან XVIII საუკუნის დასაწყისამდე ამ მიწის ხალხს უცხოელები მოსკოვიტებს (московиты) ეძახდნენ, სახელმწიფოს კი „მოსკოვიას“.

რუსეთის მიერ შექმნილ ყალბ  ისტორიულ მითებში სიცხადის შესატანად, მნიშვნელოვანია  იმის ცოდნაც – როგორ წაართვა მოსკოვმა კიევს მიტროპოლიტის ტახტი და აღმოსავლეთ სლავების მთავარი ქრისტიანული ცენტრის სტატუსი, მას შემდეგ რაც, მოსკოვის მმართველებში დადგა აღმოსავლურ-სლავურ სამთავროებში პირველობისა და მოსკოვის სამთავროს ბატონობის ქვეშ მათი გაერთიანების ლეგიტიმაციის საჭიროება.

მოსკოვის მთავრების მთავარი პრობლემა მუსლიმური ოქროს ურდოს მმართველების მიერ გაცემული მათი მთავრობის დამადასტურებელი მოწმობა – „იარლიყი“ იყო, იმის საპირისპიროდ, რომ დასავლეთ სლავური სამთავროები აღიარებდნენ კიევის მთავრების პირველობას, რომლებიც თავიანთ სამთავრო რეგალიებს მართლმადიდებლობის ცენტრიდან, ერთმორწმუნე ბიზანტიიდან იღებდნენ. კიევშივე იყო მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის რეზიდენცია, რომელიც ემორჩილებოდა პირდაპირ კონსტანტინოპოლს და მართავდა აღმოსავლურ-სლავურ საქრისტიანოს. ამ მხრივ, სლავების თვალში, მოსკოვის მთავრების პრეტენზია პირველობაზე დაუსაბუთებელი ჩანდა. მოსკოვის მთავრებისთვის კი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ნებისმიერი გზით დაემტკიცებინათ, რომ სწორედ მოსკოვი იყო აღმოსავლეთ სლავების მთავარი სასულიერო ცენტრი, და მას უნდა დამორჩილებოდა ყველა სლავური სამთავრო და ეპარქია. აქ მონღოლების და მათ მიერ შექმნილი მოსკოვის სამთავროს (მათი ულუსის) ინტერესები დაემთხვევა. მონღოლებს არ აწყობდათ აღმოსავლელ სლავთა რელიგიური ცენტრის ძალაუფლება ბიზანტიიდან ხელდასხმულ ლეგიტიმაციაზე მდგარიყო, რაც თავისთავად ცხადია  რომ მონღოლების მიერ დაპყრობილ სლავებზე, ქრისტიანული გავლენების შენარჩუნებას ნიშნავდა. შესაბამისად, ოქროს ურდოს ინტერესებში შედიოდა, ყველანაირად შეეწყო ხელი მათ მორჩილებაში მყოფი მოსკოვის მთავრების სურვილისთვის, მოსკოვი გამხდარიყო აღმოსავლეთ სლავური მართლმადიდებლობის ცენტრი. ვინაიდან, ამ შემთხვევაში მათთვის ბევრად უფრო მარტივი იქნებოდა მოსკოვის მთავრების მეშვეობით გაეკონტროლებინათ ქრისტიანული ეკლესია და ის სლავებზე საკუთარი ბატონობის შენარჩუნების მძლავრ ინსტრუმენტად ექციათ. ამიტომ, წამოიწყეს მოსკოვისა და ოქროს ურდოს ერთობლივი ბრძოლა კიევის მიტროპოლიის დასუსტებისა და გაკონტროლებისათვის. მონღოლები ყველანაირად ავიწროებდნენ კიევის პატრიარქს. დასუსტებული კონსტანტინოპოლი კი ვეღარ უზრუნველყოფდა კიევის სამთავროს შესაბამის სამხედრო-პოლიტიკურ დაცვას.

საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად კიევის პატრიარქის მთავარი საზრუნავი გახდა ისეთი სლავური სამთავროს მფარველობის მოპოვება, რომელიც დაიცავდა მას მონღოლებისგან და მოაგვარებდა პრობლემებს „ოქროს ურდოსთან.“ 1299 წელს კიევის პატრიარქი იძულებული გახდა, მონღოლების მიერ განადგურებული კიევიდან ვლადიმირში გადასულიყო, რომლის მთავარს ჰქონდა ოქროს ურდოსგან ნაბოძები „დიდი მთავრის“ ტიტულის დამადასტურებელი „იარლიყი.“ ცოტა ხანში კი, როცა მოსკოვის მთავარი, ივანე კალიტა იქცა „ოქროს ურდოს“ მთავარ ფავორიტად, კიევის პატრიარქი მოსკოვში გადავიდა. კიევის პატრიარქის ეს საქციელი ნათლად ადასტურებს, რომ მისი მთავარი ამოცანა იმ მთავართან სიახლოვე, იყო რომელიც მონღოლების მხარდაჭერით სარგებლობდა. ამ დროიდან ერთი საუკუნის მანძილზე (წმინდა მამა სერგეი რადონეჟელის გამოჩენამდე) რუსეთის საპატრიარქო, ერთი მხრივ, ექვემდებარება კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს და მეორე მხრივ, მუსლიმური ოქროს ურდოს სლავური მართლმადიდებელი მოსახლობის მორჩილებაში ყოფნის და მათზე მონღოლების ბატონობის შენარჩუნების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ხდება.

უკრაინაში დარჩენილი გალისიის მიტროპოლია და იქაური მთავრები კი, აგრძელებდნენ ბრძოლას ამ მიწებზე მონღოლების მმართველობის დასრულებისთვის და  შესაბამისად, კიევის დიდ სამთავროში სწორედ ანტიმონღოლურმა ძალებმა გაიმარჯვეს. მეტიც,  დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე მყოფმა სლავურმა სამთავროებმა, მოსკოვის სამთავროზე საუკუნეზე მეტი ხნით ადრე გადააგდეს მონღოლური მმართველობა, როდესაც ლიტვის მთავარ ოლგერდთან ერთად, დაამარცხეს მონღოლები მდინარე „ცისფერ წყლებთან“ ბრძოლაში, 1362 წელს.

აღსანიშნავია, რომ 1448 წელს მოსკოვში განთავსებულ კიევის საპატრიარქოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა მინიჭებული ავტოკეფალია, ანუ არ შეეძლო თავად აერჩია ეკლესიის მეთაური. მიუხედავად ამისა, მოსკოვის აღმოსავლეთ რუსეთის ეპისკოპოსებისგან შემდგარმა საეკლესიო კრებამ, რომელიც მოიწვია მოსკოვის დიდმა მთავარმა, ვასილი მეორემ 15 დეკემბერს, „სუვერენის ბრძანებით,“ კონსტანტინოპოლის პატრიარქის თანხმობის გარეშე რიაზანის ეპისკოპოსი იონა დააყენა რუსეთის მიტროპოლიტად. ეს მოვლენა ითვლება დამოუკიდებელი მოსკოვის მიტროპოლიის ფაქტობრივი არსებობის დასაწყისად, თუმცა, ამ მოვლენიდან მხოლოდ 150 წლის შემდეგ, 1589 წელს, მოსკოვის მიტროპოლიტებმა მიიღეს პატრიარქალური ღირსებისა და ავტოკეფალიის ოფიციალური აღიარება კონსტანტინოპოლის პატრიარქის – იერემია II-ისა და დანარჩენი აღმოსავლეთის პატრიარქების მხრიდან. ეს ფაქტი მოხდა მაშინ, როცა ოსმალებისგან შევიწროებული კონსტანტინოპოლის პატრიარქი მოსკოვში ჩავიდა ფულის სათხოვნად. ის, ერთი მხრივ, დიდი პატივით მიიღეს, მაგრამ, ამავე დროს,  წაუყენეს ულტიმატუმი მოსკოვის საპატრიარქოს აღიარების თაობაზე. პატრიარქი, ფაქტობრივად, ნახევარწლიან ტყვეობაში ჰყავდათ და გაუშვეს მხოლოდ მაშინ, როცა იერემია დათანხმდა მოსკოვის მაშინდელი რეალური მთავრის, ბორის გოდუნოვის ყველა მოთხოვნის შესრულებას, ჩავიდა კონსტანტინოპოლში, მოიწვია სობორი და დაამტკიცა მოსკოვის საპატრიარქოს ავტოკეფალია. სწორედ ამგვარი მეთოდების გამოყენებით მიაღწია მოსკოვის საპატრიარქომ ავტოკეფალიას, ხოლო მოსკოვმა აღმოსავლეთ სლავების სასულიერო ცენტრის სტატუსს. კიევის კათედრა კი დარჩა კონსტანტინოპოლის დაქვემდებარებაში.

ავტოკეფალიისა და აღმოსავლეთ სლავების სასულიერო ცენტრის სტატუსის, შანტაჟის გზით მოპოვების შესახებ ამბის ცოდნას, კრიტიკული მნიშვნელობა აქვს რუსეთის მიერ შექმნილი კიდევ ერთი მითის კონტექსტის გასააზრებლად:

მითი #5. „მოსკოვი – მესამე რომი“ და რუსეთის მესიანისტური დანიშნულება, გააერთიანოს მართლმადიდებელი ხალხებით დასახლებული მიწები

ამავე ეპოქაში ყალიბდება მოსკოვში საკუთარი მმართველობის განდიდებისა და მოსკოვის სამთავროს განსაკუთრებულობის მესიანისტური იდეა. რუმა ბერმა, ფილოფეიმ მოსკოვის მთავარ ვასილ III-სადმი მიწერილ წერილებში ჩამოაყალიბა იდეოლოგიური პოსტულატები, რომლის მიხედვითაც, ბიზანტიის დაცემის შემდეგ მოსკოვი გახდა მსოფლიო პოლიტიკური და საეკლესიო ცენტრი. რომისა და კონსტანტინოპოლის (პირველი და მეორე რომი) დაცემას ფილოფეი მათი მხრიდან „ჭეშმარიტი ქრისტიანობის“ ღალატს უკავშირებდა. მოსკოვის სიუზერენები, ამ თეორიის მიხედვით, აღიარებულნი არიან რომის იმპერატორების უშუალო შთამომავლებად და მემკვიდრეებად. „ორი რომი დაეცა, მესამე კი დგას. და მეოთხე არ იქნება.“ ამ თეორიის შედეგად, მოსკოვის მმართველები და მათი სახელმწიფო „ღვთის რჩეულობის“ იდეით აღიჭურვნენ, რის საფუძველზეც მათ საკუთარ თავს მიანიჭეს მართლმადიდებელი ქრისტიანების ერთადერთი დამცველების, მართლმადიდებელი ქრისტიანი ხალხებით დასახლებული მიწების მოსკოვის მფარველობის ქვეშ გაერთიანების ლეგიტიმური უფლება. საუკუნეების განმავლობაში უამრავი სისხლი დაღვარეს მოსკოვის მთავრებმა, შემდეგ კი მეფეებმა და იმპერატორებმა ამ იდეის აღსრულებისთვის.

მოსკოვის მთავრებს ამ მიზნის მიღწევისა და სხვა რუსულ სამთავროებზე თავიანთი პირველობის დასამტკიცებლად სჭირდებოდათ არა მხოლოდ ოქროს ურდოს ლეგიტიმაცია, არამედ, მოსკოვის სამთავროს, მათი მმართველების ბიზანტიისა და კიევის სამთავროს სამართალამემკვიდრეობის ნებისმიერ ფასად დადასტურება.

ამიტომაც, მოსკოვის მთავრები ცდილობდნენ, განემტკიცებინათ მოსკოვის პრეტენზიები არა მხოლოდ კიევის რუსეთის, არამედ ბიზანტიის იმპერიის მემკვიდრეობაზე. ამისათვის იქმნებოდა ლეგენდები მოსკოვის მმართველობის განსაკუთრებულ მისიაზე, რომელიც უნდა დადასტურებულიყო შესაბამისი რეგალიებით. როგორც თავად რუსი ისტორიკოსები აღნიშნავენ, ვასილი III-ის მმართველობის შემდეგ რუსული მატიანეები იმგვარად დაარედაქტირეს, რომ ხაზი გაესვათ მისი ძალაუფლების დინასტიური უწყვეტობისათვის და მჭიდრო კავშირებისთვის ბიზანტიასთან და მისი მეშვეობით – ძველ რომთან. ასე შეიქმნა ლეგენდა „მონომახის ქუდზე“ რომელმაც „მოსკოვის სახელმწიფოს ისტორია ორმაგი კვანძით დააკავშირა რომის იმპერიის უძველეს სიდიადესთან“.

„მონომახის ქუდი,“ როგორც რუსეთის დიდი მთავრებისა და მეფეების მთავარი სამეფო რეგალია და რუსული თვითმპყრობელობის სიმბოლო, დღესაც ინახება კრემლის მუზეუმის ოქროს ფონდში. ლეგენდის თანახმად, ქუდი, რომელიც კიევის მთავარს, ვლადიმერ მონომახს აჩუქა მისმა ბაბუამ – ბასილევსმა კონსტანტინე IX-მ, ითვლებოდა ბიზანტიის მიერ კიევის რუსეთისთვის ძალაუფლების გადაცემის სიმბოლოდ. შემდეგ ეს ქუდი თითქოს კიევის სამთავროს მმართველი დინასტიის წარმომადგენლებმა, „რიურიკოვიჩებმა“, მოსკოვის მმართველებს გადასცეს, რაც წარმოჩინდა მოსკოვის მთავრების სამართალმემკვიდრეობის „მტკიცებულებად“ კიევის დიდი სამთავროს ტახტზე. სინამდვილეში, ეს ყველაფერი მოგონილი ლეგენდაა. რუსი ისტორიკოსების (ბორისოვი; ბობროვიცკი) ერთი ვერსიით ე.წ. „მონომახი ქუდი“ არის მოოქროვილი მონღოლურ-ბუხარული ქუდი (ე.წ. შუა აზიური „ტიუბიტეიკა“), რომელიც უზბეკ ხანმა აჩუქა ივან კალიტას (1319-1340). მან კი ეს ქუდი საკუთარი განდიდებისთვის გამოიყენა. სავარაუდოდ, ქუდი თავდაპირველად ქალის ტიუბიტეიკა იყო და ეკუთვნოდა „ოქროს ურდოს“ ხან უზბეკის დას და მოსკოვის მთავარ იური დანილოვიჩის მეუღლეს, კონჩაკას (ნათლობაში აგათიას). მეორე ვერსიით, ეს ქუდი ივანე კალიტამ იყიდა გენუელი ვაჭრებისგან. მესამე ვერსიით კი, მონომახის ქუდი შეიქმნა ვასილი III-ის ბრძანებით 1521-1526 წლებში.

დასასრულს, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ამ ბლოგის დანიშნულება არაა, უკრაინულ-რუსული ურთიერთობების ისტორიის ყველა ასპექტის მიმოხილვა. ჩემი ამოცანაა, დაინტერესებულ ადამიანებს გავაცნო ის ისტორიული ფატები, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ ქმნიდა რუსეთის იმპერია ყალბ ისტორიებს, თითქოს რუსი და უკრაინელი ხალხი ერთი ერია, როგორ იქმნებოდა საუკუნეების განმავლობაში რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის მორალურ-რელიგიურ-პოლიტიკური საფუძვლები და რამდენი ასწლეულის შრომა აქვთ ჩადებული რუს იმპერიულ იდეოლოგებს რუსული ექსპანსიონიზმისთვის საფუძვლების შექმნაში. ამ ტექსტში მოყვანილია ფაქტების ნაწილი, დანარჩენი კი, თავად შეგიძლიათ შეაფასოთ.

  • 1626 წელს მოსკოვის სინოდმა გასცა ბრძანება უკრაინის ყველა ეკლესიიდან ძველი უკრაინული წიგნების ამოღებისა და მათი მოსკოვის გამოცემებით ჩანაცვლების თაობაზე.
  • 1627 წელს რუსეთის მეფე მიხაილ ფედოროვიჩმა, მოსკოვის პატრიარქ ფილარეტის რეკომენდაციით, ბრძანა, დაეწვათ უკრაინის ეკლესიის წინამძღოლის, კირილ ტრანკვილიონ-სტავროვეცკის სასწავლო სახარების ყველა ეგზემპლარი.
  • 1677 წელი აღინიშნა უკრაინული წიგნების ცენზურით. შემდეგ მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ გამოსცა ბრძანება, უკრაინული წიგნებიდან ამოეღოთ ის ფურცლები რომლებიც არ იყო „მოსკოვის წიგნების მსგავსი“.
  • 1689 – კიევის ლავრას აეკრძალა წიგნების დაბეჭდვა მოსკოვის პატრიარქის ნებართვის გარეშე.
  • 1690 – მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ განკარგულებით აკრძალა იმდროინდელი უკრაინული მწერლობა. მოსკოვის სობორმა კი “ანათემას” გადასცა ცნობილი მეცნიერებისა და საეკლესიო მოღვაწეები წიგნებისთვის, რომლებიც დაკავშირებულია კიევ-მოჰილიოვის სასულიერო აკადემიასთან. საუბარია უკრაინელ მოღვაწეებზე: – პეტრე მოგილაზე, კირილ სტავროვეცკიზე, ლაზარ ბარანოვიჩზე, იოანიკია გალატოვსკიზე და სხვებზე. –
  • 1720 წელს პეტრე I-მა გამოსცა ბრძანებულება უკრაინულ ენაზე ბეჭდვის აკრძალვის შესახებ. სტამბების ზედამხედველობის მიზნით დაინიშნა ცენზორი.
  • 1729 წელს პეტრე II-მ გასცა ბრძანება, გადაეწერათ ყველა სამთავრობო დებულება და ბრძანება უკრაინულიდან რუსულზე.
  • 1763 წელს ეკატერინე II-მ გამოსცა ბრძანებულება კიევ-მოჰილას აკადემიაში უკრაინულ ენაზე სწავლების აკრძალვის შესახებ.
  • 1769 წელს მოსკოვის სინოდმა არა მხოლოდ აკრძალა малороссийс-ული (ანუ უკრაინულ) ენის ანბანის გამოქვეყნება, არამედ მოითხოვა უკვე დაბეჭდილი წიგნების ამოღება.
  • 1775 წელს, ეკატერინე II-ის ბრძანებით, აიკრძალა უკრაინული სკოლები კაზაკთა სამხედრო დასახლებებში, რის შემდეგაც დაიწყო უკრაინული სოფლების მოსახლეობის რუსიფიკაცია დნეპრის მარცხენა სანაპიროს მიწებზე.
  • 1780 – დაწვეს კიევ-მოჰილიოვის აკადემიის ბიბლიოთეკა. ეს იყო ერთ-ერთი უმდიდრესი ბიბლიოთეკა უკრაინაში, სადაც წიგნებს აგროვებდნენ 150 წლის განმავლობაში.
  • 1847 წელს დაიხურა „კირილე და მეთოდეს საზოგადოება“. ნიკოლოზ I-ის ბრძანებით აიკრძალა შევჩენკოს, კულიშის, კოსმომაროვის და სხვა უკრაინელ მწერალთა ნაშრომები.
  • 1863 წელს გამოიცა რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრის, პიოტრ ვალუევის ბრძანება, „Валуевский указ» რომელიც კრძალავდა უკრაინულ ენაზე რელიგიური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წიგნების ბეჭდვას. ოფიციალურად ამტკიცებდნენ, რომ უკრაინული „იგივე რუსული ენაა, მხოლოდ პოლონეთის გავლენით გაფუჭებული“. ეს იყო რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოზიცია უკრაინელებთან და მათ ენასთან დაკავშირებით.
  • 1876 წელი – იმპერატორმა ალექსანდრე II-მ გამოსცა „ემსკის აქტი“ – კვლავ აიკრძალა უკრაინულ ენაზე ბეჭდვა (თუნდაც სიმღერის ტექსტების), მისი სწავლება დაწყებით სკოლებში, კონცერტების ორგანიზება უკრაინული სიმღერებით ან სპექტაკლებით და უკრაინულ ენაზე დაწერილი წიგნების შემოტანა რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე.
  • 1881 წელს აკრძალული იყო უკრაინულ ენაზე სწავლება და საეკლესიო ქადაგება.
  • 1914 წელი – მეფის ხელისუფლებამ აკრძალა ტარას შევჩენკოს 100 წლის იუბილეს აღნიშვნა. ნიკოლოზ II-მ გამოსცა ბრძანება უკრაინული პრესის აკრძალვის შესახებ.
  • 1914 – პოლტავას გუბერნატორმა, ალექსანდრე ბაგოუტმა, რუსეთის იმპერიის შინაგან საქმეთა მინისტრისადმი მიწერილ წერილში მოუწოდა ხელისუფლებას, „უკრაინელები არ აიყვანონ მასწავლებლებად; მოახდინონ ზეწოლა უკრაინელ მღვდლებზე; შეადგინონ „მალოროსი ხალხის ისტორია, რომელშიც განვმარტავთ, რომ უკრაინა იყო სახელმწიფოს „განაპირა“ რეგიონი წარსულში“; აღმოიფხვრას სახელების, „უკრაინა“ და „უკრაინულის“ გამოყენება და ა.შ.

ბუნებრივად ჩნდება კითხვა, თუკი არაფერი უკრაინული არ არსებობდა, არც ენა, არც ერი, არ სახელმწიფო, არც მეცნიერები, მაშინ რას ებრძოდა რუსული იმპერიული მანქანა ასეთი გაშმაგებით?

ირაკლი მელაშვილი პოლიტიკის ანალიტიკოსი

რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია? – ირაკლი მელაშვილი Read More »

,,სამოქალაქო იდეას’’ განცხადება პრემიერ კობახიძის 23 თებერვლის საგარეო პოლიტიკურ გზავნილებზე

მულტივექტორულობის საშიში ილუზია „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკაში

მხოლოდ ფაქტები:

  • ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, გამყარებულია სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით;
  • ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მხოლოდ ერთობლივი განაცხადი გვაქვს, რომელიც არც შეთანხმებაა და არც არაფერს ავალდებულებს ჩინეთს საქართველოსთან მიმართებით;
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არაღიარების პოლიტიკა მთლიანად დგას ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ მხარდაჭერაზე;
  • ამ დროს ჩინეთს არც ერთხელ არ დაუჭერია მხარი გაეროში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თაობაზე ყველაზე მნიშვნელოვანი რეზოლუციისთვის;
  • საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორი, და რუსეთის აგრესიის შეჩერების ეროვნული სისტემა, დიდწილად და თითქმის ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ, ფინანსურ და პროფესიულ მხარდაჭერაზე დგას;
  • ჩინეთი რუსეთის სტრატეგიული პარტნიორია და უკრაინაში აგრესიის ფონზე აგრძელებს ამგვარ სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც თვისობრივად აგრესორის საოკუპაციო პოლიტიკის მხარდაჭერაა;
  • 2008 წლის რუსეთის აგრესიის შემდეგ, სწორედ ამერიკა იყო მთავარი ჩემპიონი, კონტრიბუტორი და ლობისტი იმ მხარდაჭერის მობილიზების, რომელმაც ქვეყანა ომით გამოწვეული ჰუმანიტარული, ეკონომიკური და ფინანსური კრიზისისგან იხსნა და ქვეყნის სტაბილურობა უზრუნველყო;

კოვიდ პანდემიის დროს, როდესაც მცირე ეკონომიკის ქვეყნები განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ, ამერიკული დახმარების პროგრამები არც ერთი დღით არ გაჩერებულა, ქვეყანაში ასევე შემოდიოდა ამერიკული ინვესტიციები, მაშინ როცა ჩინეთის ისედაც მიზერული საინვესტიციო პაკეტი ნულოვან ნიშნულს ჩამოსცდა.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერის თვალსაზრისით, აშშ-ს და ჩინეთს შორის არსებული აშკარა ასიმეტრიის მიუხედავად, პრემიერ-მინისტრის ამ განცხადების უკან საგარეო პოლიტიკური პოპულიზმიდგას, რაც შიდა პოლიტიკურ-პარტიული ინტერესებისთვის ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების  იგნორირებასა  და  უგულებელყოფაზე გადის.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ეროზიის ფონზე, საქართველოს ხელისუფლებამ სტრატეგიული ბუნდოვანების პოლიტიკა აირჩია. ერთი მხრივ, მოსახლეობის ზეწოლით აცხადებს დასავლურ ინსტიტუტებში ინტეგრაციის სურვილს და მეორე მხრივ, ზრდის სავაჭრო- ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, პარალელურად კი სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ განაცხადს აკეთებს ჩინეთთან.

აღნიშნული საგარეო პოლიტიკური ქცევის ლეგიტიმატორად, ვერ გამოდგება საერთაშორისო ურთიერთობების თეორიების აბსტრაქტული კლიშეები. ბატონი კობახიძის განცხადება, რომ „ორივე ზესახელმწიფოსთან საქართველოს ურთიერთობის [თანაბრად] გაღრმავება“ უნდა, საუკეთესო შემთხვევაში, სასურველის რეალობად წარმოჩენის გულუბრყვილო სურვილია და უარეს შემთხვევაში, უსაფრთხოების მყარ გარანტიებს მოკლებული, საქართველოს მოსახლეობისთვის მიყიდული ბოროტი პოპულიზმი. „დიდი სახელმწიფოების კონკურენციის ერაში“, აშშ-ს და ჩინეთთან ურთიერთობების თანაბრად გაღრმავების შესაძლებლობა სულ უფრო მცირდება ნებისმიერი აქტორისთვის, მით უფრო მცირე სახელმწიფოსთვის.
კიდევ უფრო აბსურდულია, ჩინეთის გავლენებით, საქართველოში რუსეთის ინტერესების დაბალანსების შესაძლებლობაზე ლაპარაკი. ჯერ კიდევ უკრაინაში ომის დაწყებამდე, ჩინეთ-რუსეთის ურთიერთქმედება ეფუძნება კოოპერაცია- კონკურენცია-ურთიერთშევსების ფორმულას, ხოლო უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან, ეს ორი სახელმწიფო კოორდინირებულად მოქმედებს წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის საბოლოო რევიზიისათვის, რაც საბოლოოდ საქართველოს ტიპის სახელმწიფოებს რუკიდან გაქრობას უქადის.

სინამდვილეში ქვეყნის სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ამოცანები ქართული ოცნების პარტიულ დღის წესრიგს ემსახურება – ძალაუფლების შენარჩუნება. დასავლური დემოკრატიებისგან განსხვავებით (რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანასთან თანამშრომლობისას, ხშირად არიან შეზღუდული, პოლიტიკური სისტემის შინაარსით), ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ნებისმიერი ტიპის რეჟიმთან თანამშრომლობს, განსაკუთრებით გლობალური სამხრეთის ქვეყნებში.

შესაბამისად, შემთხვევითი არაა, რომ საშინაო ავტორიტარიზმის ზრდის პირდაპირპროპორციულად, ქართულ ოცნებას საგარეო პოლიტიკურ მაშველ რგოლად ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება მოევლინა. ეს კონკრეტული მაგალითი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დაუბალანსებელი, ინსტიტუციური კონტროლისა და ანგარიშვალდებულების მიღმა დარჩენილი ხელისუფლება უზარმაზარი საფრთხის მატარებელია საქართველოს მომავლისთვის.

ქართული ოცნების ხელში უკონტროლო უმრავლესობის არსებობის პირობებში ძალიან მაღალია იმის ალბათობა, რომ ხელში შეგვრჩეს კომუნისტური პარტიის მიერ ,,ლეგიტიმიზირებული’’ ავტორიტარიზმი, ერთი მხრივ, სიღარიბის და მეორე მხრივ, პოლიტიკური ელიტების ჩაცემენტებით.

,,სამოქალაქო იდეას’’ განცხადება პრემიერ კობახიძის 23 თებერვლის საგარეო პოლიტიკურ გზავნილებზე Read More »

შრომითი უფლებების მონიტორინგი

გიზიარებთ NED-ისა და „Caps Unlock“- ის მხარდაჭერით „სამოქალაქო იდეას“ მიერ მომზადებულ ანგარიშს – „შრომითი უფლებების მონიტორინგი“.

დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით 2023 წელს ორგანიზაციამ საქართველოს ბაზარზე ოპერირებადი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაკავშირებული 8 კომპანია გამოიკვლია. 

დოკუმენტი ეყრდნობა სსიპ საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ 2022 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელებული ინსპექტირებების შედეგებსა და დასკვნებს, ასევე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ მედია მონიტორინგისა და დაზარალებულებთან მრავლობითი ინტერვიუების შედეგად გამოვლენილ დარღვევებს. 

კვლევის შედეგად, ორგანიზაციის აზრით, იკვეთება ისეთი ტიპის ღონისძიებების გატარების საჭიროება, რომელიც კომპანიებს საშუალებას არ მისცემს უგულებელყონ შრომით-სამართლებრივი ნორმები და შედეგად დაირღვეს დასაქმებულთა სოციალურ-ეკონომიკური თუ სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებები.

ვრცლად 👇

შრომითი უფლებების მონიტორინგი Read More »

ფაქტები ქართული ოცნების დემაგოგიის ნაცვლად

საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების შესახებ. ქართული ოცნების მარცხი და სახელმწიფო ინტერესების დაუცველობის მაგალითი, სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადის მიხედვით!

ფაქტები ქართული ოცნების დემაგოგიის ნაცვლად Read More »

ჩინეთთან ურთიერთობებში სახელმწიფო ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვის (კვიპროსი) და დაუცველობის (საქართველო) მაგალითები.

ჩინეთთან ურთიერთობებში სახელმწიფო ინტერესების და სუვერენიტეტის დაცვის (კვიპროსი) და დაუცველობის (საქართველო) მაგალითები. Read More »

საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეშფოთებით აკვირდება ქართული ოცნების წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, პლატფორმის წევრი ორგანიზაციის –  „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევროატლანტიკური არჩევანისთვის“  კამპანიურ დისკრედიტაციის მცდელობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. ,,აგენტების შესახებ კანონის“ არმიღებაზე წუხილი და აქცენტირება. 

მივიჩნევთ, რომ ამგვარი მიდგომა და რიტორიკა, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორსა და მმართველ გუნდს შორის საჭირო თანამშრომლობას – ევროკავშირიდან საქართველოსთვის 9 დათქმის შესასრულებლად, ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან განსაკუთრებულად დადებითად შეფასდა, როგორც კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკომუნიკაციო დოკუმენტში, ისე სხვა დოკუმენტებსა და მაღალი დონის გამოსვლებში. 

მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას , არ გადადგას უკუნაბიჯები პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გზაზე , რაც პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის. 

იხილეთ ბმული 👇

განცხადება

საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება Read More »

სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერის წერილი – ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს

სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერის წერილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს. ამჯერად თავდასხმის ობიექტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გახდნენ. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე და ინფლაცია „ქართული ოცნების“ მრავალწლიანი მმართველობის პირობებში მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემებად რჩება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ნეგატიური ანტიდასავლური საარჩევნო კამპანია აწარმოოს და საკუთარი ამომრჩეველი შემოიკრიბოს ქვეყნის „მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლის ცრუ რიტორიკით. 

აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს და „მტრის ხატის“ შექმნის მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, ეს არ არის მმართველი პარტიის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა ხელისუფლებამ გამოიყენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. 2023 წლის გაზაფხულზე  „ქართულმა ოცნებამ“ უშედეგოდ სცადა რუსული კანონის მიღებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით მოენიშნა საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია.  

საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, კონკრეტული ადამიანებისა ან ორგანიზაციების პოლიტიკური დევნა, მათ წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის წარმოება და საკუთარი ამომრჩევლების დარაზმვის მცდელობა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ქართული ოცნება” სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევას ცდილობს. მტრული რიტორიკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, გადაიდგას ნაბიჯები პოლარიზაციის დასრულებისკენ. 

საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიზანმიმართული სიძულვილის კამპანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, გადადგას ნაბიჯები მათთან პარტნიორული და საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად და უარი თქვას წინასაარჩევნო კამპანიაში პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე.  

ხელმომწერი ორგანიზაციები:
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი 
უფლებები საქართველო
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
მწვანე ალტერნატივა
სასამართლოს გუშაგი 
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
დემოკრატიის მცველები
ლიბერალური აკადემია თბილისი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია 
ღია სივრცე კავკასია (COS)
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი 
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ფრანკლინის კლუბი

სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერის წერილი – ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს Read More »

სამოქალაქო იდეას განცხადება – ქართული ოცნების მიერ “ტაივანის აგენტურის გამოვლენის“ ოპერაციის გარშემო აბსურდული აჟიოტაჟის თაობაზე 

პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ „სამოქალაქო იდეა“ კვლავაც გააგრძელებს ხელისუფლების მხილებას, რეპუტაციაშელახული, სკანდალებში გახვეული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სანქცირებულ კომპანიებთან კორუფციად საშიში გარიგებების დადების შემთხვევაში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ კომპეტენტურ და ფაქტებით გამყარებულ კვლევებს და შევეცდებით საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. გასაგებია, რომ მტკიცებულებებისა და რეალური არგუმენტების უქონლობის პირობებში, ქართულ ოცნებას სხვა იარაღი არ აქვს, გარდა პირდაპირი თავდასხმების, მუქარებისა და ტროლების საშუალებით ბინძური კამპანიის წარმოებისა. თუმცა, ვფიქრობთ კარგად იციან, რომ მსგავსი მეთოდებით ჩვენი შეშინება ან გაჩუმება შეუძლებელია.

ჩვენი ორგანიზაციის დასახელებაა – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის“. შესაბამისად, ყველა პროექტი და მთელი ჩვენი საქმიანობა, სწორედ ამ დასახელებაში განცხადებულ მიზანსა და ქართველი ხალხის არჩევანს ემსახურება და კრიტიკულად ვუყურებთ და ვაფასებთ ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელიც დასავლეთიდან დისტანცირებასა და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე ჩატოვებას ემსახურება.

რას ვამბობთ ჩვენ და რას ამბობს ხელისუფლება:

უკვე 7 წელია ფაქტებით, კონკრეტული დოკუმენტებით ვამხელთ ხელისუფლების კორუფციად საშიშ მოქმედებებს და ვამხელთ მათ ტყუილსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.

1. ჩინური კომპანიები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს უფორმებს მთელს მსოფლიოში რეპუტაციაშელახულია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შავ სიებში არიან. ხელისუფლება ამაზე ამბობს რომ ჩვენ ანტი-სახელმწიფო საქმიანობით ვართ დაკავებული. არავითარი პასუხი სანქციადადებულ კომპანიებთან კონტრაქტებზე, მხოლოდ იარლიყების მოკერება.

ასეთი მაგალითი რამდენიმე ათეულია. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ყველა ფაქტი და მტკიცებულება დადასტურდა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით და პოლიტიკის ცვლილებას მოვუწოდებდით.
ბოლო დროინდელი ისტერიის წინ კი სრულიად უმტკივნეულო ფაქტები გამოვიტანეთ საზოგადოების სამსჯავროზე, რითიც ტყუილებსა და მანიპულაციაში ვამხილეთ.

რატომ გაბრაზდა პარლამენტის სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობა? რატომ ახლა, 2024 წლის იანვარში, როდესაც უკვე 7 წელია „სამოქალაქო იდეა“ ხელისუფლების ჩინურ კომპანიებთან სავარაუდო კორუფციულ კავშირებზე და უშუალოდ პრემიერის პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.

ამ კითხვაზე მარტივი პასუხია — ანაკლია.

აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ:

– გაგიკვირდებათ და ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას;

– არასოდეს, არც „სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ;

– გაგიკვირდებათ, და არც თავდაცვის სამინისტროში აღარ ვართ, და შესაბამისად, ის რომ თინათინ ხიდაშელს 8 წლის წინ წვდომა ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან (რომელიც, სხვათაშორის, არანაირად არ არის კავშირში არც ტაივანთან და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ვინაიდან მაშინ ისინი თავდაცვის სამინისტროს პარტნიორთა რიცხვში არ იყვნენ) შეუძლებელია დღეს, 8 წლის შემდეგ, ჩვენს საქმიანობასთან რაიმე კავშირში იყოს; ამ ფაქტის უკონტექსტოდ გახსენება პროპაგანდის სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენს;

– ჩვენ საგანმანათლებლო საქმიანობითაც ვართ დაკავებული და შეგვიძლია დაინტერესებული დეპუტატები ვამეცადინოთ „ერთი ჩინეთის პოლიტიკასა“ და „ერთი ჩინეთის პრინციპს“ შორის განსხვავებაზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორების პოზიციებზე და აღიარებებზე;

– დიახ, „სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან. ეს არც ტელეკომპანია „იმედს“ აღმოუჩენია და არც „რუსთავი 2“-ს. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე დევს სრულიად ღიად და საჯაროდ. ასევე, ჩვენს გვერდზე ამოიკითხავთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი, რომელსაც 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ვუმასპინძლეთ და 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ, ტაივანის დემოკრატიის ფონდიც იყო, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩო დიდი ბრიტანეთის, ასევე პოლონეთის საელჩოს, ვიშეგრადის ფონდთან, გერმანიის ფრიდრიხის ნაუმანის ფონდთან და NED-თან ერთად. მათი დაფინანსება კი შეადგენდა 5 ათას დოლარს.

– ასევე, ჩვენს გვერდზე დევს ინფორმაცია ტაივანში ჩვენი ვიზიტებისა და იქ, ჩვენს მიერ გამართული პანელური დისკუსიების შესახებ. რომ არ დაგზარებოდათ და ცოტათიმეტი წაგეკითხათ ჩვენს გვერდზე, აუცილებლად ნახავდით, რომ 2023 წლის დეკემბერში პირველად არ ვიყავით ტაივანში. თუმცა, აქვე იმედი უნდა გაგიცრუოთ, რომ ტაიპეიში ჩვენს მიერ გამართული ღონისძიებებისთვის დაფინანსება ჩვენი ტაივანელი პარტნიორებისგან არ იყო და მას ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა.

– და ბოლოს, ასევე იქვე, ჩვენს გვერდზე ნახავდით, რომ ძალიან დიდ საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობთ ჩვენს კიდევ ერთ ტაივანელ პარტნიორთან ერთად, სადაც „სამოქალაქო იდეას“, მისი ექსპერტების რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მსოფლიოს 13 სხვადასხვა სახელმწიფოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განხორციელებული საქმიანობის კვლევა და ანალიზი აქვს ჩაბარებული.

შეცდომაა – „ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებისგან, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ.

სამოქალაქო იდეას განცხადება – ქართული ოცნების მიერ “ტაივანის აგენტურის გამოვლენის“ ოპერაციის გარშემო აბსურდული აჟიოტაჟის თაობაზე  Read More »

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვა

ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა როლსა და ფუნქციას ასრულებს ჩინეთის ზემოხსენებული საბოლოო მიზნების რეალიზებაში, თითოეული ცალკე აღებული ინიციატივა. ამ მიზნით, „სამოქალაქო იდეამ“ მოამზადა ანალიტიკური ბლოგების სერია, სადაც გაანალიზებულია ჩინეთის:

• ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა

• გლობალური განვითარების ინიციატივა

• გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა

• გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა

ჩინეთის გლობალური პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეფასება მოითხოვს ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ნიუანსური ტერმინოლოგიის სრულყოფილ გაგებას სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის პრიორიტეტების განსაზღვრისას. „ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის პარტნიორობა“ გულისხმობს ჩინეთსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის კავშირისა და ინტერესების გათანაბრების ქვაკუთხედს, თუმცა ყოველთვის არ იძლევა თანაბარი პირობების გარანტიას. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამყარებს სხვადასხვა სახის პარტნიორობას მის უახლოეს მოკავშირეებთან, როგორიცაა რუსეთი და პაკისტანი, და მსგავსი პარტნიორობის აღსაწერად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “კოორდინაცია ახალი ეპოქისთვის” (‘coordination for a new era’) და “პარტნიორობა ყველა ამინდის პირობებში” (‘all-weather partnership’). ამ უმაღლესი დონის პარტნიორობის მიღმა, ჩინეთი ასევე ამყარებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას და სტრატეგიულ და კოოპერატიულ პარტნიორობას, რომელიც მიმართულია ჩინეთსა და პარტნიორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი კავშირების გაძლიერებისკენ. მაგალითად, მის 41 ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, ყაზახეთი მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს ატარებს, რაც ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის განსაკუთრებით მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ჩინეთი ინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას 23 ქვეყანასთან, მათ შორის კანადასთან, ჯიბუტთან, ნიგერიასთან, სუდანთან და უკრაინასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტნიორობა აღნიშნავს სტრატეგიულ ინტერესებს, განსხვავებები ჩნდება ჩამოთვლილ სტრატეგიულ პარტნიორებსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეთანხმებების განხილვისას, რაც ურთიერთობის დინამიკასა და მასშტაბებს უკავშირდება.

სამოქალაქო იდეას მიერ გამოქვეყნებული ბლოგების სერია დეტალურად განიხილავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გზით, საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ და შევადაროთ საქართველოს შემთხვევა ჩინეთთან კავშირში მყოფ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა გამოვავლინოთ გაბატონებული ტენდენციები. ჩვენი კვლევა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, და პირველ რიგში, მიმოიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის პოლიტიკური ნაწილს, რაც გულისხმობს „ერთი ჩინეთის პრინციპისა“ და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ განცხადებების შესწავლას, როგორც ჩინეთის, ისე მისი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან და მათ შედარებას საქართველოს  ხედვასთან. ერთი ბლოგი დაეთმობა ეკონომიკურ სფეროს, ძირითადად ფოკუსით „სარტყლისა და გზის“ ინიციატივაზე. კვლევა უზრუნველყოფს საქართველოს მონაწილეობის უფრო დეტალურ შესწავლას და ჩინეთის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მსგავსი ეკონომიკური თანამშრომლობის შედარებას. ხოლო, შემდგომი ბლოგები დაეთმობა საერთაშორისო სფეროს, ხაზს გაუსვამს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ გლობალურ ინიციატივებს და შეაფასებს საქართველოს ჩართულობას სხვა სახელმწიფოების პოზიციონირებასთან შედარების პარალელურად. საბოლოოდ, ჩვენი ბლოგები მიზნად ისახავს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სრულფასოვან გააზრებასა და გლობალური პოლიტიკის ჭრილში მისი ვრცელი შედეგების კვლევას.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვა Read More »

ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში

ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადის გავრცელების შემდეგ, დოკუმენტის ავკარგიანობაზე დისკუსიები პერიოდულად ქართული მედიის წამყვანი თემა ხდება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საკითხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამბიციურ სახელმწიფოს ეხება და მისი საგარეო პოლიტიკური სვლები მუდმივად ყურადღების ცენტრშია. რუსული აგრესიისა და ტაივანის გარშემო მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამბები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ქართული აუდიტორიისთვის მუდმივად საინტერესოა.

თუმცა, მედიისთვის თვალის ერთი შევლებითაც კი უმალვე მიხვდებით, რომ  ქართული შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის ხაზი, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩინეთის ამბებშიც გავლებულია და მედია საშუალების პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ერთი და იმავე ამბის თხრობისას გვიყვებიან რომ იზრდება ჩინეთის ეკონომიკური ძალაუფლება, ან სრული ეკონომიკური კრიზისი და დაღმასვლაა. სიმართლე, როგორც წესი, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ვინაიდან ქართულენოვანი ინფორმაცია არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია ადამიანები ჩინეთის შესახებ იგებენ ზუსტად და მხოლოდ იმას, რასაც ის მედია საშუალება უყვებათ რომლის მაყურებლებიც არიან.

ჩინეთის კომუნისტური პარტიის წიაღში დაგეგმილი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად სხვადასხვა არხებზე პერიოდულად სპეციალური გადაცემებიც ჩნდება, რომელიც ექსკლუზიურად გვიყვება ამბებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ გადაცემების შემადგენელი გახდა ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიური ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ გადმოგვცემს პროპაგანდის დღის წესრიგს. არანაკლები სიზუსტით იმეორებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნარატივებს ქართული ოცნების დეპუტატები და პროპაგანდისტები. „ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მომხიბვლელობა“ მათი საყვარელი სასაუბროდანაა და აბსოლუტური დამაჯერებლობით აცხადებენ, რომ მხოლოდ „ბრიყვები ამბობენ უარს“ ჩინეთიდან ინვესიტიციებზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს.

აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები იზრდება და მეტი კომპანია შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, გარედან შემოტანილი ფულით იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და შემოსავლები იზრდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანიების შემთხვევაში კი, უდიდესი ნაწილი იმის, რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან.

სიმართლეს ყველაზე უკეთ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს და არაფერია მასზე უფრო ზუსტი და საიმედო. ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტებისა და ინტეპრეტაციების გარეშე, გთავაზობთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ მონაცემებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, სადაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე გვესაუბრებიან.

როგორც წინამდებარე ცხრილშიც კარგად ჩანს ქვეყანაში ჩინეთის ინვესტიციები იმდენად მინიმალური და არაფრისმთქმელია, რომ მისი სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია. ამასობაში მთავრობის „ქმედითი ნაბიჯების კვალდაკვალ“ ინვესტიციები იკლებს და ახალი რესურსის წყაროც არ ჩანს. მაგალითად, ბოლო წლებში თითქმის ორჯერ იკლო ინვესტიციებმა 2018 წელთან შედარებით, 2020 და 2021 წლების ნიშნული კი უბრალოდ ნეგატიურია. ბუნებრივია, ოპონენტების მთავარი არგუმენტი 2020 და 2021 წლებთან მიმართებაში „კოვიდ 19“ პანდემიაა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიას ხელი არ შეუშლია საქართველოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის რომ ქვეყანაში ინვესტიციები განეხორციელებინათ. მეტი ინფორმაცია იხილეთ ცხრილში:

 „ყველაზე წარმატებული“ ეკონომიკის ქვეყნის წილი საქართველოს საინვესტიციო კალათაში უკიდურესად მოკრძალებულია და მთავრობის პოლიტიკას, რომელიც უზარმაზარ შედეგებს გვპირდება 2016 წლიდან მოყოლებული, არსაით მივყავართ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან განხორციელებული ინვესტიციები ნამდვილად ხასიათდებოდა ზრდით როდესაც, 2013 წელს 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მომდევნო, 2014 წელს გაორმაგდა და 221 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, ამის შემდეგ მკვეთრი შემცირება იწყება და სრულიად სიმბოლურ ნიშნულზეა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში კარგად ჩანს 2011-2022 წლების დინამიკა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების წილი (2011-2022)

სიმართლე ის არის, რომ 2015 წლიდან ჩინეთი საქართველოს 10 მთავარი ინვესტორის სიაში საერთოდ არ არის.

მათემატიკა ჭეშმარიტების დადგენისთვის საუკეთესო მეგობარია. რიცხვები არ იტყუებიან და იდეალურად აღწერენ პარტნიორობას, ინტერესებსა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს.

ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში Read More »

Scroll to Top