26 სექტემბერს, ბერლინში, „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, მონაწილეობას იღებს „საერთაშორისო სამშვიდობო თანამშრომლობის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ რიგით მეორე ექსპერტთა დიალოგში თემაზე: „საით მიდის საქართველო? საქართველო რუსეთ-უკრაინის ომის ჩრდილქვეშ“. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი, შეხვედრებს გამართავს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში და სხვადასხვა კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან.
უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული შეჭრის შემდგომ, საქართველოში აქტიურად დომინირებს მოსაზრება, რომ საქართველო, შესაძლოა, რუსეთის მორიგი სამიზნე აღმოჩნდეს. ამასთან, ქვეყანაში მწვავედ დგას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, რომელიც ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის გრძელვადიან პერსპექტივებში.
ექსპერტთა დიალოგში საქართველოდან მონაწილეობას იღებენ:
– პაატა გაფრინდაშვილი, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის (Grass)“ დირექტორი;
– შტეფან მეისტერი, საერთაშორისო პროგრამის – „საერთაშორისო წესრიგი და დემოკრატია“ ხელმძღვანელი.
ექსპერტთა დისკუსიები მოიცავს რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს :
– რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა სამხრეთ კავკასიის რეგიონზე და მიმდინარე საფრთხეების შეფასება კონკრეტულად, საქართველოსათვის;
– რა ნაბიჯების გადადგმა შეუძლიათ ევროკავშირს და გერმანიას, როგორც საქართველოს საიმედო პარტნიორებს, მოიმოქმედონ, რათა საქართველომ არ გადაუხვიოს ევროპული კურსიდან;
– როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის უმეტესი ნაწილის გამოხატული ნების დეკლარირება, ქვეყანა იყოს ევროკავშირის წევრი, სახელისუფლებო დონეზე, რა ნაბიჯების გადადგმა უნდა აიძულოს მოსახლეობამ ხელისუფლებას?
– საქართველოს ამჟამინდელი პოლიტიკური კურსის, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ნაწილის შეფასება;
– ექსპერტები იმსჯელებენ, თუ როგორ შეიძლება დასტაბილურდეს სიტუაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე სეპარატისტულ რეგიონებთან – სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან – რათა ხელი შეეშალოს რუსეთის მიერ პროცესების შესაძლო ესკალაციას?.
რამდენიმე დღის წინ, ცენტრალური აზიის რეგიონი მთელი მსოფლიოს ყურადღების ეპიცენტრში მოექცა, სი ძინპინის ისტორიული ვიზიტის გამო, რომელიც მისი პირველი პოსტ პანდემიური ვიზიტია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ. მისი მოგზაურობა ცენტრალურ აზიაში ყაზახეთით დაიწყო, სადაც ის 14 სექტემბერს გაემგზავრა და შეხვდა ყაზახეთის პრეზიდენტს, კასიმ-ჯომარტ ტოკაევს, ვიცე-პრემიერთან, ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან და ნურ-სულთანის მერთან ერთად, მხარეებმა ენერგეტიკის, ჯანდაცვისა და სავაჭრო საკითხები განიხილეს და არაერთი ახალი ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებაზე შეთანხმდნენ. ორმა სახელმწიფომ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც ყაზახეთი მხარს უჭერს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეტენზიებს ტაივანზე და „ერთი ჩინეთის პრინციპის“ ერთგული რჩება. “ამ მოკლე პერიოდის განმავლობაში (30 წელი), ჩვენ დავამყარეთ ძლიერი სახელმწიფოთაშორისი კავშირები. გულწრფელად მადლობას გიხდით ყაზახეთის ეკონომიკური განვითარებისა და ჩვენი საერთაშორისო ინიციატივების მხარდაჭერისთვის”, – განუცხადა ტოკაევმა ჩინეთის ლიდერს. იმავე დღეს, ყაზახეთის ლიდერისთვის მხარდაჭერის გამოცხადების შემდეგ, სი ძინპინი უზბეკეთში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) სამიტზე დასასწრებად გაფრინდა. ორმხრივი შეხვედრები გამართა რამდენიმე ლიდერთან, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი. რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრამდე, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ლიდერი უზბეკეთის პრეზიდენტს შავკათ მირზიოევს შეხვდა, რათა ყაზახეთის მსგავსად, დაეცვა მათი გრძელვადიანი პარტნიორობა და ერთობლივი მომავალი, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით. უზბეკეთის პრეზიდენტმა გამოხატა თავისი მტკიცე და ცალსახა მხარდაჭერა „ერთი ჩინეთის პრინციპის“ მიმართ, რომელიც ტაივანში მის ძირითად ინტერესებს უკავშირდება. 16 სექტემბერს, ჩინეთის ლიდერი შეხვდა თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს და “ორმხრივი პოლიტიკური ნდობა” გამოუცხადა. იმავე დღეს, სი ძინპინმა ასევე გამართა ორმხრივი მოლაპარაკებები ირანის პრეზიდენტ, ებრაჰიმ რაისთან. ირანის პრეზიდენტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის დახმარებით, აშშ-ს მიერ დაწესებულ სანქციებზე თავის არიდების სურვილი გამოთქვა. თავად სიმ აღნიშნა, რომ მათი ყოვლისმომცველი პარტნიორობის ზრდის მოლოდინშია და მხარდაჭერა გამოუცხადა „ირანს მისი სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების დაცვაში“.
თუმცა, საინტერესოა იმის ცოდნა, თუ რატომ აირჩია ჩინეთის ლიდერმა კონკრეტულად ცენტრალური აზია, როგორც მისი პირველი დანიშნულების ადგილი, ორწლიანი საყოველთაო კარანტინის შემდეგ. გასაკვირი არ არის, რომ მის საქციელს უფრო ფართო და სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და მისი პარტიისთვის. სის გზავნილი იყო ლაკონური და მკაფიო, და გულისხმობდა, რომ ამ რთულ დროს, როდესაც რუსეთის როლი ცენტრალურ აზიაში მცირდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა მზად არის რეგიონში წამყვანი გლობალური ძალის როლი შეასრულოს, ხოლო ჩინეთის ლიდერის ვიზიტი კი სწორედ ამ მიზნის დადასტურებაა. ჩინეთის კომუნისტური პარტიის საგარეო ამბიციები ყოველთვის მიზნად ისახავდა ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული პროექტებით ქვეყნების ჩინეთთან დაკავშირებას. 2013 წლიდან, “ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა” (BRI) სწორედ ამ მიზანს ემსახურება და ქვეყნებს წყნარი ოკეანის სამხრეთიდან აზიის გავლით ახლო აღმოსავლეთში, ევროპასა და აფრიკაში სხვადასხვა სავაჭრო გზებით აკავშირებს. თავისი ვიზიტით სიმ სახელმწიფოებს გლობალური ინიციატივისადმი ჩინეთის ერთგულებისა და მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების გარანტია მისცა. ცენტრალურმა აზიამ და განსაკუთრებით ყაზახეთმა BRI-ის ფარგლებში, ცხრაწლიანი ორმხრივი თანამშრომლობის განმავლობაში, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. თავად რეგიონი კი წარმოადგენს ე.წ. “კარიბჭეს”, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ევროპასთან აკავშირებს. გასაკვირი არ არის, რომ დაძაბული გარემოებებით სავსე სამყაროში, ჩინეთი არ კარგავს ინტერესს ცენტრალური აზიის მიმართ და ყოველთვის მზადაა გააფართოვოს თავისი გავლენა რეგიონში. თავად ცენტრალური აზია, დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით, საკმაოდ სტაბილური აღმოჩნდა. რეგიონში ნაკლებად გამოვლინდა ძალაუფლებისთვის მნიშვნელოვანი კონკურენცია. შესაბამისად, ჩინეთი აღიქვამს ამ რეგიონს, როგორც თავისი კომპანიებისთვის და გრძელვადიანი ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ ჰაბს.
მეორე მხრივ, ცენტრალური აზიის ქვეყნების მოლოდინები, რომ სი ძინპინთან შეხვედრა არის ურთიერთგაგების, ნდობის გაღრმავებისა და ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გამყარების გამოძახილი, ასევე გამართლდა სის პირველი და ისტორიული ვიზიტით კოვიდ-19 პანდემიის პირობებში. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი მჭიდროდ არის დამოკიდებული მოსკოვზე, ხოლო თავად რუსეთი კი ჩართულია უკრაინასთან ომში, სანქცირებულია სრულიად დასავლეთის მიერ (და არა მხოლოდ დასავლეთის ქვეყნების, არამედ წამყვანი აზიის დემოკრატიული სახელმწიფოების მიერ), მისი გავლენა კი რეგიონულ დონეზე იკლებს, ცენტრალურმა აზიამ შესაძლოა მომავალში რუსეთის ეფექტურ ალტერნატივად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა განიხილოს, განსაკუთრებით ეკონომიკური თანამშრომლობის კუთხით. აქედან გამომდინარე, ცენტრალური აზიის ლიდერების მიერ სის ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები და მათი გადარჩენის საერთო მოლოდინები ასახავს ამ სტრატეგიულ განზრახვას. იმავდროულად, ჩინეთის ლიდერმა უზბეკეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, რუსეთის პრეზიდენტთან პირისპირ შესახვედრად გამოიყენა. იმის გათვალისწინებით, რომ ჩინეთი ეწინააღმდეგება რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პარალელურად ტაივანის საკითხზე მეტი მხარდამჭერის პოვნას ცდილობს, სი ძინპინმა პირობა დადო, რომ მზადაა იმუშაოს პრეზიდენტ პუტინთან და განაგრძოს მათი საერთო ინტერესების გატარება დასავლეთის წინააღმდეგ, რადგან პეკინი და მოსკოვი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას აღიქვამენ, როგორც რეგიონში შეერთებული შტატების ალიანსების საპირწონეს.„ჩინეთი მზადაა რუსეთთან ერთად შეითავსოს დიდი და ძლევამოსილი სახელმწიფოს სახელი და წამყვანი როლი შეასრულოს სოციალური არეულობით შეძრწუნებულ სამყაროში სტაბილურობისა და პოზიტიური ენერგიის შესატანად“, – შეხვედრისას განუცხადა სიმ პუტინს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ჩინეთის საჯაროდ გამოცხადებული თავშეკავებულობის პოლიტიკისა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის ფონზე, მან შეხვედრამდეც განაგრძო ფარული ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა კრემლთან. რუსეთ-უკრაინის ომში ჩინეთის პოზიცია უფრო გასაგები რომ გავხადოთ, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ის ადანაშაულებს არა რუსეთს, არამედაშშ-სა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს (ნატო), რომლებმაც, ჩინეთის აღქმის თანახმად, მოახდინეს პროვოცირება და მანიპულირება დაპირისპირებულ მხარეთა შორის უკვე არსებული დაძაბული სიტუაციით. ამ შეხვედრაზე სი ძინპინმა გაიმეორა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოზიცია და პუტინისგან მოითხოვა იმის გარანტია, რომ ომი კიდევ უფრო არ დააზიანებს რეგიონულ უსაფრთხოებას. მიუხედავად ამისა, 21 სექტემბერს, პუტინის და სი ძინპინის პირისპირ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, პრეზიდენტმა პუტინმა რუსი სამხედროების ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ხოლო მოსკოვის მერმა სერგეი სობიანინმა დედაქალაქში პირველი გაწვევის ცენტრის შექმნა დაანონსა იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც რუს ჯარისკაცებთან ერთად უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა სურთ. უცნობია სი ძინპინთან შეხვედრა და ჩინეთის ლიდერის მიერ გამოთქმული „მტკიცე ურთიერთმხარდაჭერა“ მოიცავდა თუ არა რუსეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევის ნარატივს, დასავლეთის მხრიდან უკრაინის სამხედრო დახმარების ფონზე. თუმცა, პუტინის შემდგომი ქმედებები, რა თქმა უნდა, იძლევა ამის ვარაუდის საფუძველს. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, იმავე დღეს ჩინეთის ლიდერმა, ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელ არმიას სამხედრო მზადყოფნისკენ მოუწოდა ტაივანთან მიმართებაში სიტუაციის ესკალაციის გამო.
აღსანიშნავია, რომ საგარეო ინტერესებს თან ახლავს სის პირადი ზრახვები და ამბიციები. 2022 წლის 16 ოქტომბერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის მე-20 ეროვნული კონგრესი შეიკრიბება პეკინში, სადაც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში პარტიის უმაღლეს ხელმძღვანელობას აირჩევენ. კონგრესი განსაკუთრებით საყურადღებოა, რადგან ამჟამინდელი ლიდერი, სი ძინპინი, სავარაუდოდ, მესამე ვადით დარჩება ქვეყნის სათავეში, არღვევს “seven up, eight down” წესს, რომლის მიხედვითაც, 68 წლის და ზემოთ მყოფი ლიდერები თანამდებობას ტოვებენ, ხოლო სი ძინპინმა უკვე გადააჭარბა ასაკობრივ ზღვარს. ექსპერტები ვარაუდობენ, მიუხედავად ამ პოლიტიკური ტრადიციისა, სი უკვე ემზადება მესამე ვადისთვის, ვინაიდან მისმა მმართველობამ მკვეთრად შეცვალა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური ლანდშაფტი. მისი ვიზიტი ცენტრალურ აზიაში კონგრესამდე დაიგეგმა, იმის დასამტკიცებლად რომ მაოს შემდეგ ჩინეთის ყველაზე გავლენიანი ლიდერია, და ეფექტურად ხელმძღვანელობს ანტიდასავლურ სახელმწიფოთა ალიანსს.
სტატიის ავტორი – ანი კინწურაშვილი, მთავარი მკვლევარი, სამოქალაქო იდეა
სამოქალაქო იდეა მოხარულია გაგიზიაროთ China Watch-ის რიგით მეათე ანგარიში, რომელიც ეხება კიდევ ერთი საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიის China State Construction Engineering Corporation Ltd.-ის (ე.წ. CSCEC-ის) გადაცდომებს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
CSCEC, არის ერთერთი უდიდესი ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 1982 წელს. მას შემდეგ ის ოპერირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავ ქონების, მშენებლობის დაფინანსებას, ოპერირებას, ინჟინერიას, პროექტირებასა და კვლევას. ეს კომპანია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრ სკანდალში იყო გარეული. უფრო ზუსტად, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები კორუფციისა და თაღლითობის სქემებს ახორციელებდნენ აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, უნგრეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების შავ სიაში მოხვდნენ.
ვრცლად კომპანიის რეპუტაციისა და საქმიანობის შესახებ, იხილეთ ჩვენს ანგარიშში. ?
2022 წლის 29-30 აგვისტოს, სლოვენიაში ქალაქ ბლედში გაიმართება კონფერენცია სახელწოდებით „ძალაუფლების წესი თუ წესების ძალაუფლება?“. 30 აგვისტოს კონფერენციაზე სიტყვით გამოვა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სლოვენიის პრეზიდენტი ბორუთ პაჰორი, მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ, ისლანდიის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი და სხვა მრავალი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები და მკვლევარები.
კონფერენცია მიზნად ისახავს დღევანდელი მსოფლიო წესრიგის, გარდამავალი მოვლენებისა, ევროკავშირის პოლიტიკისა და რუსეთ-უკრაინის ომის შედეგების განხილვას ფართო ჭრილში.
დღესდღეობით, ჩვენ ვცხოვრობთ გაურკვეველ და არასტაბილურ გარემოში. საყოველთაოდ მიღებულ წესებზე აგებული მსოფლიო წესრიგი ფაქტობრივად გაქრა და რუსეთის აგრესიით უკრაინაზე, საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარჩენილი პოსტულატები დაინგრა, რამაც გაურკვევლობისა და არასტაბილურობის ეპოქა მოიტანა. კიდევ ერთხელ, ჩვენ ვხედავთ ძლიერი გეოპოლიტიკური და სუვერენიტეტული ტენდენციების აღზევებას, რეალიზმისა და ხისტი ძალის კონცეფციის დაბრუნებას.
მსოფლიოს ქვეყნები ზრდიან თავდაცვის ხარჯებს და აძლიერებენ თავიანთ შესაძლებლობებს ომის ისეთი ახალი ფორმების წინააღმდეგ, როგორებიცაა ჰიბრიდული ომები ან კიბერტერორიზმი.
ეს არასტაბილური გარემო იწვევს უამრავ გლობალურ პრობლემას, როგორც ეკონომიკურ, ასევე ფინანსურ სექტორში, მაგალითად როგორებიცაა მიწოდების ჯაჭვების რღვევა, ინფლაციის ზრდა, სავალუტო კრიზისი და საპროცენტო განაკვეთების მატება, საწვავის და სურსათის ფასების მრავალჯერადი მატება, კონვენციური და სავაჭრო ომები. ყოველივე ზემოთქმული აფერხებს გლობალურ ძალისხმევას სასათბურე გაზების ემისიების შესამცირებლად და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში.
საერთაშორისო საზოგადოებას არ შეუძლია საკმარისად სწრაფად რეაგირება ამ გამოწვევების ადეკვატურად გადასაჭრელად. საერთაშორისო წესებზე დაფუძნებულმა წესრიგმა, რომელიც წარმოადგენდა გლობალურ პასუხს მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში ორივე მსოფლიო ომის წინააღმდეგ, დაიწყო ნგრევა. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, რომელიც შეიქმნა როგორც ცენტრალური ფორუმი თანამშრომლობისა და გლობალური საკითხების გადასაჭრელად, ახლა ხშირად დგას გზაჯვარედინზე, მრავალ სხვა ორგანიზაციასთან ერთად, რომლებიც შექმნილია მსოფლიო მასშტაბის კონკრეტული ფენომენების მოსაგვარებლად.
რა ადგილი უნდა დაიკავოს ამ არასტაბილურ გარემოში ევროკავშირმა? თუ ევროკომისიის ხედვის თანახმად, ევროკავშირს უნდა ჰქონდეს გეოპოლიტიკური გავლენა, მას მოუწევს გაზარდოს თავისი შესაძლებლობები ძირითადი გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად.
საქართველოს ხელისუფლების მუდმივი მცდელობების შესახებ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეები დაადანაშაულოს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ
სახელისუფლებო პარტია და მისი თავმჯდომარე აგრძელებენ საკუთარი მოქალაქეებისა და სტრატეგიული პარტნიორების დადანაშაულების სრულიად უპასუხისმგებლო კამპანიას, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ.
ბოლო 5 თვის მანძილზე ბატონი კობახიძე და მისი კოლეგები, პრაქტიკულად ყოველდღიურად აბსოლუტური ტყუილისა და გაყალბებული რეალობის ტირაჟირებას ცდილობენ. სწორედ ამგვარი სიცრუის ნაწილია განცხადებები იმაზე, თითქოს ჩვენი დასავლელი პარტნიორები და საქართველოს მოქალაქეების ერთი ნაწილი საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობდეს. დღეს ვიხილეთ მორიგი, ტყუილზე დაფუძნებული კამპანიის დაწყების მცდელობა, სადაც ბატონი კობახიძე ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დიდ ნაწილს ქსენოფობიაში ადანაშაულებს. გარდა იმისა, რომ მორიგ ჯერზე ტყუილსა და სიყალბეზე დაფუძნებულ განცხადებებს ვისმენთ მმართველი პარტიის თავმჯდომარისგან, მისი დღევანდელი განცხადებები ადამიანის უფლებების, მცირე ერების მედეგობისა და ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნების წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატების ელემენტარული, ფუნდამენტური პრინციპებისა და ცნებების უცოდინრობის კლასიკური გამოვლინება იყო. უპირველეს ყოვლისა ერთმნიშვნელოვანად უნდა ითქვას რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება გაუმართლებელი და უგუნური შეცდომა იყო ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების მხრიდან და მას არავითარი გამართლება არა აქვს. ზუსტად ისევე, როგორც არავითარი გამართლება აქვს 12 წლის წინ დაშვებულ შეცდომაში გაჯიუტებას. ამგვარი სიხისტე განსაკუთრებით გაუმართლებელი და დანაშაულებრივიც კია დღეს, როდესაც ერთი მხრივ კრემლის აგრესიამ და რუსი ჯარისკაცების სისატიკემ, წამების, არადამიანური მოპყრობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის უმძიმესი მაგალითები გვაჩვენა, ხოლო მეორეს მხრივ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან გამრავლდა ზუსტად იმდაგვარი განცხადებები საქართველოს წინააღმდეგ, რაც უკრაინაში ომის დაწყების წინ გვესმოდა. სავიზო რეჟიმის შემოღება, საზღვარზე რუსეთის მოქალაქეების სპეციალური შემოწმების ნორმების ამოქმედება და სხვა მსგავსი პროცედურები მხოლოდ ერთი ნაწილია მცირე ერების მედეგობის პოლიტიკის, რომელიც დიდი ხანია საქართველოს ხელისულებას ამოქმედებული უნდა ქონდეს ქვეყანაში „მწვანე კაცუნების“ შემოსვლის მსგავსი სცენარის განმეორების თავიდან აცილების მიზნით, და არაფერი აქვს საერთო ქსენოფობიასთან. მაშინ როდესაც ხელისუფლება არ მოქმედებს, მოქალაქეების მხოლოდ ბუნებრივი ინსტიქტია რეაგირება მოახდინონ რუსი ტურისტების გაზრდილ ნაკადებზე და აჩვენონ საკუთარი განწყობა და დამოკიდებულება კრემლის პოლიტიკის მიმართ. შესაძლოა სტატისტიკა სულაც არ იყოს მნიშვნელოვნად გაზრდილი და სხვადასხვა მანიპულაციების ტექნიკების გამოყენების დათვლილი რიცხვები ამბობდეს, რომ მაგალითად 2019 წელს იმდენივე ან ცოტა ნაკლები რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. თუმცა ამგვარ სტატისტიკას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როდესაც სრულიად ლეგიტიმურად სახეზეა მოსახლეობის დიდი ნაწილის სენსიტიურობა, მომეტებული საფრთხის განცდა და უკრაინაში მიმდინარე ომით გამოწვეული წუხილი, რომ მის ნაწილობრივ ისედაც ოკუპირებულ ქვეყანას შესაძლოა უფრო დიდი ხიფათი ელოდეს.
უკრაინაში ომის დაწყებიდან ხუთი თვის შემდეგ გაუგებარია ხელისუფლების:
უარი უსაფრთხოების ზომების გააქტიურებაზე,
საკუთარ მოქალაქეებთან კომუნიკაციის არ არსებობა,
მუდმივი ბრალდებები, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეები (და არავითარი მნიშვნელობა არ აქვს რომელი პარტიის მხარდამჭერია ეს ხალხი, ისინი საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ინტერესებსაც ისევე წარმოადგენს ქართული ოცნება, როგორც მისი მიმდევრების) არიან ქსენოფობები, ომის მოსურნენი, ექსტრემისტები და სხვა,
დაპირისპირება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან,
სიძულვილის და ბრალდებების კამპანია ამერიკელი და ევროპელი დიპლომატებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ,
დუმილი, ან უკეთეს შემთხვევაში მოკრძალებული საუბრები რუსული აგრესიისა და განსაკუთრებულად სასტიკი ქმედებების თაობაზე…
ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს, მუდმივად ბრალდებებს გვიყენებს და სხვადასხვა დანაშაულს გვაბრალებს საკუთარი ხელისუფლება, რომელმაც:
გასული წლის მიწურულს, როდესაც მთელი მსოფლიო უკრაინაში რუსული აგრესიის მოლოდინში იყო საპარლამენტო სხდომა არ ჩაატარა სპეციალური გაცხადების მისაღებად, მხოლოდ იმიტომ რომ განცხადება ოპოზიციის მიერ იყო ინიცირებული,
უარი თქვა ნატოს შესახებ რეზოლუციის მიღებაზე ისევდაისევ მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ოპოზიციური ფრაქცია ლელოს მიერ იყო ინიცირებული,
საბოლოოდ, როდესაც მოახერხა და მიიღო უკრაინის შესახებ რეზოლუცია, ვერ გაბედა მასში მოვლენებისთვის რუსეთის აგრესია დაერქმია და აბსტრაქტულ საფრთხეზე ისაუბრა,
ბუჩას ტრაგედიის შემდეგ, საზოგადოების და ოპოზიციის რამდენიმე დღიანი მძაფრი პროტესტი დასჭირდა, რომ უკრაინაში სოლიდარობისა და თანამდგომის ვიზიტი განეხორციელებინა,
სრული იგნორირება გაუკეთა ბიჭვინთის უმძიმეს თემას, რომელსაც თავად აფხაზეთის საზოგადოებაც კი ქმედითად ეწინააღმდეგებოდა,
უკრაინაში მიმდინარე ომის პირობებში ნატოს ქვეყნებისა და პარტნიორების იმ შეკრებებში (რამშტეინის ბაზაზე) არ მიიღო მონაწილეობა, სადაც რეგიონის უსაფრთხოების ზომებზე მსჯელობდნენ,
დღემდე ვერ მოახერხა, რუსეთის მიერ ნაწილობრივ ოკუპირებული საქართველო სამხედრო დახმარების სერიოზული პროექტების მონაწილე გაეხადა,
უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, მადრიდის ნატოს სამიტიდან სრულიად უშედეგოდ ხელცარიელი დაბრუნდა,
ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო, ან უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ ეს არ მომხდარიყო, და სხვა.
მაშინ როდესაც ხელისუფლება დუმს და არ მოქმედებს, სწორედ მოქალაქეები იცავენ და წარმოადგენენ ქვეყნის ინტერესებს. ზუსტად ასე მოხდა უკრაინის მხარდამჭერი მასობრივი საჯარო გამოსვლების დროს, ისევე როგორც ევროკავშირის მხარდამჭერი უპრეცედენტოდ დიდი დემონსტრაციების პირობებში. ადამიანები, რომლებიც ეძებენ ოკუპაციასთან შეურიგებლობის ფორმებს და ყოველდღიურად ქმნიან მედეგობის მაგალითებს სწორედ ის ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, მეგობრები, მეზობელები, თანაქალაქელები არიან ვინც 20 ივნისს იდგნენ რუსთაველის გამზირზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით, ადამიანები ვინც გადაწყვიტეს ხელისუფლების დუმილის პირობებში მთელი მსოფლიოსთვის ეთქვათ რომ საქართველოს ადგილი რუსული სამყაროდან შორს – ევროპაშია და არავის დაანებებენ ამ არჩევანს.
კიდევ ერთხელ, თითოეული ის ქართველი რომელიც დღეს უარს ამბობს რუსულ ენაზე მოემსახუროს რუსეთიდან შემოსულ ტურისტს, საკუთარი პროტესტი აჩვენოს რუსული ჩექმისა და კრემლის პოლიტიკის მიმართ, ტურისტულ ადგილებში გამოკიდოს უკრაინის დროშა როგორც საკუთარი სამოქალაქო პოზიციის უსიტყვი და ერთმნიშვნელოვანი გამოვლინება, ჩვენი ქვეყანის მედეგობის ფარს ქმნის და მათ მადლობა უნდა ვუთხრათ სამოქალაქო სიმტკიცისთვის.
სამოქალაქო საზოგადოების წერილი საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით, გვსურს მადლობა გადაგიხადოთ საქართველოში თქვენი მრავალწლიანი წარმატებული საქმიანობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო და სამოქალაქო საზოგადოება ყოველთვის გრძნობდა ევროკავშირისგან – და პირადად თქვენგან.
თქვენი საქართველოში ყოფნის პერიოდი დაემთხვა ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს, როგორც საქართველოში – ასევე უკრაინაში. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი სამშობლო ყოველთვის იღებდა საქართველოს მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია, და განსაკუთრებით მადლიერები ვართ იმ მუდმივი და ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელსაც თქვენ ავლენდით ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.
ჩვენ ვაფასებთ თქვენს ჩართულობას ყველა იმ რეფორმის გატარებაში, რომლებიც დააახლოებენ საქართველოსა და ევროპის კავშირს, და რომელთა ჩატარება აუცილებელია ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. თქვენ პირადად იყავით ჩართული არაერთ პროექტში, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის გაზრდას – იქნებოდა ეს ტურიზმის მხარდაჭერა, აგრარული სექტორის განვითარება, თუ საუკეთესო ევროპული გამოცდილების დანერგვა.
განსაკუთრებით გვსურს ხაზი გავუსვათ თქვენს პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევის საქმეში – სამწუხაროდ, საქართველოს პოლიტიკურმა კლასმა სათანადოდ ვერ შეაფასა ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა, მაგრამ მომავალში ეს შეთანხმება უკეთესი ქართული, ევროპული დემოკრატიის ქვაკუთხედი გახდება.
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ საქართველოს ევროპული მომავლისთვის, საქართველოში ყოფნის დროს უდიდესი პატივისცემითა და მოწიწებით ეკიდებოდით ქართულ კულტურასა და ყველას დაგვამახსოვრეთ თავი თითოეული ჩვენგანის საყვარელი კომპოზიტორის, გია ყანჩელის, შემოქმედების დაფასებით. ეს პატივისცემა და ქართული კულტურის, ჩვენი სიამაყის, დაფასება ყოველთვის გვემახსოვრება.
ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ ბოლო პერიოდში ქართული ოცნების მხრიდან გახშირებული ანტიევროპული და ანტიამერიკული განცხადებები, საქართველოს სტრატეგიული მოკავშირეებისა და მეგობარი ქვეყნების ელჩებზე თავდასხმები, საგარეო პოლიტიკისა და ქვეყნის ინტერესების შიდაპოლიტიკურ თამაშში გამოყენების მცდელობები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის მომავალს.
მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას და ყველაფერს გააკეთებს ჩვენი ქვეყნის მთავარი საგარეოპოლიტიკური მიზნის მისაღწევად – დავუბრუნდეთ ევროპული ერების ოჯახს და დავასრულოთ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაცია.
დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება და ჩვენი ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერად მომავალშიც დარჩებით.
მადლობა გაწეული სამსახურისა და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას პირადად თქვენგან ჰქონდა.
ხელმომწერი ორგანიზაციები
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს სასამართლოს გუშაგი
ღია საზოგადოების ფონდი
სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრი (CIIC)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ქალები საერთო მომავლისთვის (WECF) – საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი (რონდელის ფონდი)
დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი
უფლებები საქართველო
სამოქალაქო იდეა
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS)
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
ჭავჭავაძის ცენტრი
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
მედიაომბუდსმენი
Საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
Საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
საფარი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
მედიის და კომუნიკაციის საგანმანათლებლო და კვლევითი ცენტრი (MCERC)
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარმოადგინეს ერთობლივად შემუშავებული სამოქმედო გეგმა, რომელიც, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში, შეიძლება ადვილად განხორციელდეს 2022 წლის ბოლომდე.
სამოქმედო გეგმა შეიცავს კრიტიკულად მნიშვნელოვანი რეფორმების იმ მინიმუმს, რაც აუცილებელია ევროპის კავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ღია საზოგადოების ფონდი
დემოკრატიის ინდექსი
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
დღეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გარდამტეხ ფაზაშია შესული. საქართველოსთვის გაიხსნა ფანჯარა, რომელიც გვაძლევს ევროპასთან დაახლოების უნიკალურ შესაძლებლობას; ამ დროისთვის საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლებლობის მხოლოდ მინიმუმს მიაღწია. საქართველომ, უკრაინისა და მოლდოვასგან განსხვავებით, ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. თუმცა, შესაძლებლობის ფანჯარა საქართველოსთვის არ დახურულა. ევროპულმა კომისიამ მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ 6 თვის შემდეგ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი კვლავ დადგება ევროკავშირის დღის წესრიგში.
საქართველოს ძალიან ცოტა დრო რჩება შესაძლებლობის წარმატებით გამოსაყენებლად, რაც გვავალდებულებს გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები ევროინტეგრაციის მიზნის მისაღწევად. ამ მოცემულობაში, მმართველი ხელისუფლების ნებისმიერი მცდელობა, მიმართული ქვეყნის ევროინტეგრაციის მნიშვნელობის დაკნინებისკენ, ან ისეთი საკითხების წინ წამოწევისკენ, რომელიც არ ემსახურება ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 მოთხოვნის შესრულებას, წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების და საქართველოს კონსტიტუციის საწინააღმდეგო მოქმედებას.
ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პირობის შესრულებაზე ხელისუფლების სამივე შტოა პასუხისმგებელი. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პარლამენტის როლი, რადგან სწორედ მისი ვალდებულებაა, როგორც შესაბამისი ნორმატიული ბაზის შექმნა, ასევე, მთავრობის მიერ პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა.
საქართველოს პარლამენტმა 24 ივნისს დაასრულა მორიგი (საგაზფხულო) სესიის ფარგლებში მუშაობა და პირველად მიმდინარე მოწვევის განმავლობაში არ მოუთხოვია რიგგარეშე სესიის გამართვა. შექმნილ ვითარებაში, როდესაც ევროკავშირის მიერ დადგენილი პირობების შესასრულებლად სულ უფრო ცოტა დრო რჩება, საქართველოს პარლამენტის პასიურ როლში ყოფნა დაუშვებელია.
ხელმომწერ ორგანიზაციებს მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, საქართველოს პარლამენტმა განაახლოს სასესიო მუშაობა 12 პირობის შესასრულებლად კონკრეტული ნაბიჯების გადასადგმელად. შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მოწვეული პარლამენტის რიგგარეშე სესია დღის წესრიგით, რომელშიც სულ მცირე, გათვალისიწნებული იქნება შემდეგი სწრაფად განხილვადი საკითხები:
საარჩევნო სისტემის რეფორმის დასრულება, საკონსტიტუციო ცვლილება, რომლის განხილვაც პარლამენტში გაჩერებულია ითვალისწინებს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას 2%-იანი საარჩევნო ბარიერით. საკონსტიტუციო ცვლილებები მრავალპარტიული მხარდაჭერით მიღებულია პირველი მოსმენით, რაც იმას ნიშნავს, რომ დასრულებულია საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცედურების ყველაზე რთული ეტაპი; დარჩენილი მეორე და მესამე მოსმენებით აღნიშნული ცვლილებების მიღება, რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს რამდენიმე დღის ვადაში შეუძლია.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ფორმირება. ცესკოს თავმჯდომარეს და ორ წევრს უფლებამოსილების ვადა 2022 წლის აგვისტოში ეწურებათ. პარლამენტმა ისინი 2 კვირის ვადაში საპარლამენტო ძალებს შორის კონსენსუსის ზოგადი (და არა საგამონაკლისო) წესით უნდა აირჩიოს.
ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნა. კნონპროექტი ინიცირებულია 2022 წლის 25 იანვარს, სარგებლობს საპარლამენტო ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ფართო მხარდაჭერით; ევროპარლამენტის 2018 წლის 14 ნოემბრის რეზოლუცია მოუწოდებს საქართველოს შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო მაღალი დონის ელიტური კორუფციის ეფექტიანი გამოძიების მიზნით. ინიციატივა განხილულია ერთ-ერთ სავალდებულო კომიტეტზე და ასევე გაჩერებულია პარლამენტში. ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის პროცესის დასრულება პარლამენტს შეუძლია რიგგარეშე სესიის ფარგლებში, რამდენიმე დღეში.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის დანიშვნა და იუსტიციის საბჭოში გადაწყვეტილების მიღების წესის შეცვლა ე.წ. ორმაგი 2/3 პრინციპით. იუსტიციის საბჭოს ხუთივე წევრი პარლამენტმა უნდა აირჩიოს პოლიტიკურ ძალთა შორის კონსენსუსის წესით. ამავდროულად, განხილულ უნდა იქნეს 2021 წლის ივლისში ინიცირებული კანონპროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონის ცვლილების შესახებ, რომელიც მიმართულია კორპორატივიზმის შემცირებასა და იუსტიციის საბჭოს საქმიანობაში არამოსამართლე წევრების ჩართულობის გაზრდისკენ. რიგგარეშე სესიის პირობებში, პარლამენტს შეუძლია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების განხილვა და მიღება რამდენიმე დღის ვადაში.
ჩამოთვლილი საკითხების განხილვით პარლამენტი შეასრულებს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 მოთხოვნიდან კონკრეტული რეფორმების გატარებასთან დაკავშირებულ პუნქტებს, ასევე, გადადგამს ნაბიჯებს დეპოლარიზაციის, დეოლიგარქიზაციის მოთხოვნის შესრულებისკენ. პარლამენტმა უნდა განსაზღვროს პრიორიტეტულად სასამართლოს ამბიციური რეფორმის და 12 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ყველა პირობის მორიგ სესიაზე შესრულების გეგმა. მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციას:
მიმართონ პრეზიდენტს რიგგარეშე სესიის მოწვევის მოთხოვნით, ხსენებული დღის წესრიგით და დაიწყონ შესაბამისი მუშაობა პარლამენტში. პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისთვის საკმარისია პარლამენტის 38 წევრის ხმა.
მოვუწოდებთ საქართველოს პრეზიდენტს:
დაუყოვნებლივ დაიწყოს ცესკოს თავმჯდომარისა და ორი წევრის კანდიდატების შერჩევის პროცედურები და უზრუნველყოს პროცესის წარმართვა ფართო ჩართულობით, პროცესის უზრუნველყოფისთვის საკმარისი ვადით ადრე, არაუგვიანეს 15 ივლისისა;
შერჩევის პროცესის დაგეგმვისას გაითვალისწინოს ყველა შენიშვნა, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის და წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით გამოითქვა შერჩევის ბოლო ორ პროცესში მონაწილე და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ.
ხელმომწერი ორგანიზაციები: დემოკრატიის ინდექსი – საქართველოდემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) სამოქალაქო იდეა ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI) საქართველოს სასამართლოს გუშაგი მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
„ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის და ნულოვანი შედეგი“, — ასე აფასებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი ნატოს მადრიდის სამიტის შედეგებს თბილისისთვის და დეკლარაციაში საქართველოს მოლდოვასთან დაჯგუფებას.
„დიდი პატივისცემით მოლდოვასადმი, მისი დიდი გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ჩემთვის პირადად ნატოს სამიტზე (ხაზს ვუსვამ, რომ ნატო-ზე ვსაუბრობ და არა — ევროკავშირზე) რამე ტიპის დოკუმენტი, რომელშიც საქართველო და მოლდოვა ერთად არის მოხსენიებული, არის ყველაზე დიდი მარცხი საქართველოსთვის. სულ რამდენიმე წლის წინ, მოლდოვა ჰორიზონტზე არ არსებობდა [ნატოსთვის]. ჩვენ ყოველთვის ვიყავით გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორებში, ფინეთთან და შვედეთთან ერთად. ახლა უცბად ვართ მოლდოვასთან ერთად პროგრამაში, რომელიც არ ვიცით რა არის და რომელსაც გვპირდებიან, რომ იქნება. ეს არის პირდაპირი შედეგი იმ აბსოლუტური ნულოვანი ჩართულობის, ნულოვანი ბრძოლის, ნულოვანი მოთხოვნის, რომელიც გააფორმა პრემიერმა ყატარში ფორუმზე, როდესაც თქვა, რომ ჯერ ტერიტორიული მთლიანობა და მერე — ნატო. ამის შედეგია, რაც მივიღეთ მადრიდში. ძალიან მრცხვენია, რომ ამ მდგომარეობაში აღმოვჩვდით“, — ამბობს ხიდაშელი.
ხიდაშელის თქმით, ნატოს არასდროს დაუსახელებია ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გაწევრიანების წინაღობად და ქართული მხარის მიერ ამ „არგუმენტზე“ აპელირება რუსეთისადმი კაპიტულაციური გზავნილის გაჟღერების ტოლფასია.
თინა ხიდაშელის შეფასებით, თავისთავად ცუდი ფაქტია, რომ მადრიდის სამიტის დეკლარაციაში პირველად, 2008 წლის შემდეგ, არ არის ჩანაწერი, რომ ალიანსი ერთგული რჩება ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების საქართველოს გაწევრიანების შესახებ. თუმცა საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას ადასტურებს ნატოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც მადრიდის სამიტზე დაამტკიცეს.
„გასაგებია, რომ იგულისხმება [რომ გადაწყვეტილება ძალაშია] და ხელისუფლება ამას იტყვის, მაგრამ როგორც წესი, არაფერი იგულისხმება ხოლმე და როგორც წესი, ბოლომდე ვიბრძვით ხოლმე ასეთი ტიპის ჩანაწერების შენარჩუნებისთვის“, — დასძინა ხიდაშელმა.
ხელმომწერი პირები ეხმაურებიან იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიერ მიხეილ ჩინჩალაძის თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციაზე ხელახალი ვადით დანიშვნის მცდელობას და მოუწოდებენ მოსამართლეებს არ დაუჭირონ მხარი კლანური მმართველობის გამაძლიერებელ გადაწყვეტილებებს.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე რამდენიმე სასამართლოს თავმჯდომარეს, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს მიხეილ ჩინჩალაძეს ამოეწურა სასამართლოს თავმჯდომარეობის 5 წლიანი ვადა. კანონით, სასამართლოს თავმჯდომარეს ამავე სასამართლოს მოსამართლეთაგან 5 წლის ვადით თანამდებობაზე ნიშნავს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დასაბუთებული გადაწყვეტილებით. სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნამდე იუსტიციის უმაღლესი საბჭო შესაბამისი სასამართლოს მოსამართლეებთან მართავს კონსულტაციებს.
სასამართლო სისტემის მიმართ ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე მზარდი კრიტიკის ფონზე იუსტიციის საბჭო, როგორც ჩანს, ცდილობს საზოგადოებისგან მალულად შეინარჩუნოს კლანური მმართველობა სასამართლო სისტემაში. იუსტიციის საბჭომ ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება დროებით დააკისრა კლანის არაფორმალურ ლიდერს, მიხეილ ჩინჩალაძეს. ამ დრომდე ეს გადაწყვეტილება გამოქვეყნებული არ არის.
მიხეილ ჩინჩალაძე სასამართლო სისტემაში დანიშნულია 2007 წლიდან, მაშინ, როდესაც იმდროინდელი მთავარი პროკურორის გავლენით, მოსამართლეებზე არაფორმალური კონტროლის განხორციელების მიზნით, პროკურატურის სისტემიდან მოსამართლის თანამდებობაზე დაინიშნა რამდენიმე კაციანი ჯგუფი. 2016 წელს, როდესაც მიხეილ ჩინჩალაძეს ეწურებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ათწლიანი ვადა, საქართველოს პარლამენტმა დასრულებული კანონპროექტი დააბრუნა ხელახლა განსახილველად და შეიტანა მასში ცვლილება, რომელიც მორგებული იყო კონკურენციის გარეშე მიხეილ ჩინჩალაძის უვადო დანიშვნაზე. ამ ცვლილების საფუძველზე ის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა 2017 წლიდან.
2022 წლის 17 ივნისს გამოქვეყნებული ევროკომისიის მოსაზრებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობა არის საქართველოს დემოკრატიულ ქვეყანად არსებობის მნიშვნელოვანი დაბრკოლება. მოსაზრებაში საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ პირობად აღნიშნულია მართლმსაჯულების ინსტიტუციურ ჯაჭვში სასამართლო სისტემის მთლიანი და ჭეშმარიტი დამოუკიდებლობის, ანგარიშვალდებულების და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფა. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ამ დრომდე პარლამენტს არ ჰყავს დანიშნული 5 არამოსამართლე წევრი იუსტიციის უმაღლეს საბჭში, რაც იმას ნიშნავს რომ საზოგადოება არ მონაწილეობს საბჭოს საქმიანობაში, ხოლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება არ შეესაბამება კონსტიტუციით დადგენილ სტანდარტს. იუსტიციის საბჭოს მიერ ამ ვითარებით სარგებლობა და კლანის არაფორმალური ლიდერისთვის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გახანგრძლივება აზიანებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ იუსტსიციის უმაღლეს საბჭოს და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებს:
მხარი არ დაუჭირონ მიხეილ ჩინჩალაძის კანდიდატურას სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობზე.
თავმჯდომარის შერჩევის პროცესი გაიმართოს გამჭირვალედ, ინკლუზიურად, მათ შორის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებთან კონსულტაციები ჩატარდეს საჯაროდ.
დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფი დემოკრატიის ინდექსი – საქართველო დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა სასამართლოს გუშაგი სამოქალაქო იდეა საქართველოს რეფორმების ასოციაცია ევროპულ ქართული ინსტიტუტი