Civicidea

ზელენსკის თქმით რუსეთის მხარეს უკრაინაში ჩინეთის 150-ზე მეტი მოქალაქე იბრძვის

უკრაინა ჩინეთის მოქალაქეებს რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილეობაში ადანაშაულებს. განცხადების მიხედვით, უკრაინას მოპოვებული აქვს დეტალური სადაზვერვო ინფორმაცია 150-ზე მეტ დაქირავებულზე, რომლებიც, სავარაუდოდ, მოსკოვმა სოციალური მედიის საშუალებით მოიზიდა და ჩართო საომარ მოქმედებებში. ჩინეთის ხელისუფლებამ ამ ბრალდებებს “სრულიად უსაფუძვლო” უწოდა. 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაატყვევეს ჩინეთის ორი მოქალაქე, რომლებიც რუსეთის მხარეს იბრძოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა უკრაინამ ოფიციალურად განაცხადა ჩინელი მებრძოლების მონაწილეობაზე ომში. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ კიევი მზად არის დატყვევებული ორი ჩინელი მოქალაქე რუსეთის მიერ დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცებში გაცვალოს.

მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ მტკიცებულებები არ წარმოადგინა, მან განაცხადა, ჩინეთის ოფიციალურ პირებს ჰქონდათ ინფორმაცია იმაზე, რომ რუსეთი ჩინელი მოქალაქეების ომში ჩართვაზე მუშაობდა. თუმცა, მან თავი შეიკავა იმის თქმისგან, რომ ჩინეთის მთავრობა ოფიციალურად ახალისებდა მათ მონაწილეობას ომში. 

ზელენსკის თქმით, უკრაინას აღმოაჩნდა ინფორმაცია ჩინეთის 155 მოქალაქის შესახებ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის მხარეს იბრძვიან. უკრაინის სახელმწიფოს ხელშია მათი გვარები და პასპორტის მონაცემები. ზელენსკიმ დასძინა, რომ უკრაინელების ინფორმაციით ჩინეთის მოქალაქეთა რიცხვი გაცილებით მეტია.

ზელენსკიმ ჟურნალისტებს გაუზიარა დოკუმენტები, რომლებიც მოიცავს ჩინელი მებრძოლების სახელებს, პასპორტის მონაცემებსა და პირად დეტალებს — მათ შორის, როდის ჩავიდნენ ისინი რუსეთში სამხედრო წვრთნებისთვის და როდის გაემგზავრნენ ფრონტზე. Associated Press-ს დოკუმენტების ავთენტურობა დამოუკიდებლად არ დაუდგენია.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჩინეთმა სტაბილური დიპლომატიური მხარდაჭერა გაუწია მოსკოვს. დასავლელი ოფიციალური პირების განცხადებით, პეკინმა რუსეთს მიაწოდა სამრეწველო ტექნიკა და მიკროელექტრონიკა, რომლებიც შესაძლებელია გამოიყენოს იარაღის წარმოებისთვის. გარდა ამისა, ჩინეთი რუსეთს დაეხმარა ეკონომიკურად, ენერგორესურსებითა და სამომხმარებლო საქონლით ვაჭრობით.

ზელენსკის თქმით, ამერიკელი ოფიციალური პირები “გაკვირვებულნი” იყვნენ, როცა ჩინელი მებრძოლების შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს.

ვაშინგტონში სამშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ტემი ბრუსმა, ჩინელი მოქალაქეების რუსეთის მხარეს ბრძოლაზე გავრცელებული ცნობები “შემაშფოთებლად” შეაფასა.

“ჩინეთი რუსეთის მთავარი მხარდამჭერია უკრაინაში მიმდინარე ომში,” — განაცხადა ბრუსმა. მისი თქმით, ჩინეთი რუსეთს “ომის საწარმოებლად საჭირო ორმაგი დანიშნულების პროდუქციის თითქმის 80 პროცენტით” ამარაგებს.

ზელენსკის თქმით რუსეთის მხარეს უკრაინაში ჩინეთის 150-ზე მეტი მოქალაქე იბრძვის Read More »

პეკინი აშშ-ის საჯარო მოხელეების რეკრუტირებას ცდილობს

აშშ-ს კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების ეროვნული ცენტრმა (NCSC) გამაფრთხილებელი  განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც ჩინეთის სადაზვერვო სააგენტოები ფარულად ცდილობენ აშშ-ის მოქალაქეების დაქირავებას, რომლებსაც წვდომა აქვთ სენსიტიურ სამთავრობო ინფორმაციაზე.

მათი თქმით, პეკინი დახვეწილ და სახიფათო მეთოდებს იყენებს თავისი მიზნების მისაღწევად და რეკრუტინგის პროცესი ხშირად მომგებიან კარიერულ შესაძლებლობებად ინიღბება. NCSC-ის თანახმად, LinkedIn-ის ყალბი პროფილებით ამერიკის სახელმწიფო სამსახურებში ყოფილ თუ ამჟამინდელ დასაქმებულებს კონფერენციებსა თუ „საკონსულტაციო საბჭოებში“ იწვევენ, რაც ფედერალური სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლებისა და რესტრუქტურიზაციის ფონზე ხდება. შეგახსენებთ, რომ ამერიკის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის (DOGE) ზედამხედველობით, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, ცვლილებები მიმდინარეობს, რომლებიც ბიუროკრატიის შემცირებას ისახავს მიზნად. ამ პროცესებმა უმუშევართა უეცარი ნაკადი წარმოშვა, რომელიც მნიშვნელოვანი სამიზნე გახდა ჩინეთისათვის.

Reuters-ის ადრინდელმა საგამოძიებო რეპორტაჟმა ფირმების ფარული ქსელი გამოავლინა, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავშირებულია საიდუმლო ჩინურ ტექნოლოგიურ კონგლომერატთან, რომლის პარტნიორი ორგანიზაციები უკავშირდებიან აშშ-ს ფედერალურ მუშაკებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც გამოცდილება აქვთ ეროვნულ უსაფრთხოებაში, თავდაცვასა და საგარეო პოლიტიკაში.

მიუხედავად იმისა, რომ რეკრუტირების ზუსტი მასშტაბი გასაიდუმლოებული რჩება, აშშ-ს ოფიციალური პირების განცხადებით, ეს აქტივობები ჩინეთის ფართო კამპანიის ნაწილია, რომელიც შეერთებულ შტატებში ადამიანური დაზვერვის (HUMINT) შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად. მათივე თქმით, ჩინეთის მხრიდან ,,დასაქმების მცდელობების მკვეთრი ზრდა“ აღინიშნება.

გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისი (ODNI) აქტიურად მონაწილეობენ კონტრდაზვერვის ოპერაციებში, რათა საფრთხეების იდენტიფიცირება და განეიტრალება ეფექტურად მოხდეს. წარსულში პეკინი გამუდმებით უარყოფდა ბრალდებებს ჯაშუშობასა ან აშშ-ს საშინაო საქმეებში ჩარევაზე და ამგვარ დისკურსს „პოლიტიკურად მოტივირებულ“ და „ანტიჩინური ისტერიის“ კამპანიის ნაწილს უწოდებდა.

ვაშინგტონსა და პეკინს შორის დაძაბულობა გრძელდება. უახლესი გამაფრთხილებელი განცხადება კი ხაზს უსვამს დაზვერვასა და ეროვნულ უსაფრთხოებაში გაძლიერებულ კონკურენციას, რაზეც ამჟამად ჩინეთის საელჩოს ვაშინგტონში ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

პეკინი აშშ-ის საჯარო მოხელეების რეკრუტირებას ცდილობს Read More »

რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში

აფხაზეთში, ოჩამჩირის პორტში, რუსული საზღვაო ბაზის შექმნის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკური სტაბილურობა და საქართველოს სუვერენიტეტი სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთი ამ ექსპანსიას სტრატეგიულ საჭიროებად მიიჩნევს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც უკრაინის თავდასხმების შედეგად მისი საზღვაო ფლოტი შავ ზღვაში მნიშვნელოვნად დაზიანდა. თავის მხრივ, საქართველოსა და მისი დასავლელი მოკავშირეებისთვის, მოსკოვის ეს ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევას და რეგიონში გავლენის გაძლიერების მორიგ მცდელობას წარმოადგენს.

ნახეთ კვლევა სრულად:

რუსეთის ექსპანსია შავ ზღვაში Read More »

სატარიფო ომი: ტრამპი ჩინეთს დამატებითი 50%-იანი ტარიფებით ემუქრება

დონალდ ტრამპი ჩინეთს დამატებითი 50%-იანი ტარიფების დაწესებას ჰპირდება, თუ პეკინი 8 აპრილისთვის ამერიკულ საქონელზე დამატებითი 34 %-იანი გადასახადების დაწესების შესახებ გადაწყვეტილებას უკან არ გაიწევს.  საერთო ჯამში, ამერიკაში იმპორტირებულ ჩინურ საქონელზე გადასახადი 104%-ით გაიზრდება. 

როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა 7 აპრილს განაცხადა, ეს ამერიკის მხრიდან ჩინეთისადმი მიმართული ბულინგია, მუქარა და ზეწოლა კი არ არის სწორი გზა ჩინეთთან გასამკლავებლად. მან ტარიფებს ცალმხრივი, ეკონომიკური ბულინგი და პროტექციონიზმი უწოდა. პრესკონფერენციაზე მან აღნიშნა, რომ ორმხრივობის პრინციპის სახელით დაწესებული ამერიკული ტარიფები სხვა ქვეყნების ხარჯზე აშშ-ს ინტერესებს ემსახურება.

„შტატების მიერ ტარიფების ბოროტად გამოყენება გლობალური სამხრეთის ქვეყნებს ართმევს განვითარების უფლებას“,- განაცხადა ლინმა და დასტურად მოიყვანა იმ უფსკრულის გაღრმავება, რომელიც თითოეულ ქვეყანაში მდიდრებსა და ღარიბებს შორის, განსაკუთრებით ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში, არსებობს.

ლინმა მოუწოდა სხვა სახელმწიფოებს, ერთად დაუპირისპირდნენ ცალმხრივობასა და პროტექციონზიმს, დაიცვან საერთაშორისო და მრავალმხრივი სავაჭრო სისტემა, გაეროსა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ღირებულებების შესაბამისად.

ჩინეთი უარს აცხადებს, დაემორჩილოს ამერიკის „შანტაჟს“. ვაჭრობის მინისტრის თქმით, ჩინეთის წინააღმდეგ ამერიკის მუქარა არის დიდი შეცდომა და ამას გარდა, კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ამერიკის მოშანტაჟე ბუნებას. „თუ ამერიკა თავის გზას არ გადაუხვვეს, ჩინეთი ბრძოლას ბოლომდე გააგრძელებს“,- განაცხადა ვანგ ვენტაომ.

ამის ფონზე, ჩინეთის ვაჭრობის ვიცე მინისტრმა ლინგ ჯიმ ამერიკულ კომპანიებს, მათ შორის, Tesla-სა და GE Healthcare-ს, პირობა მისცა, რომ ქვეყანა ყოველთვის დაიცავს ჩინეთში მოქმედ უცხოური დაფინანსების მქონე კომპანიებს, მათ შორის, ამერიკულ კომპანიებსაც.

„ჩინეთი იყო, არის და იქნება „იდეალური, უსაფრთხო და პერსპექტიული საინვესტიციო ადგილი უცხოელი ინვესტორებისთვის“,- განაცხადა ლინგმა კვირას პეკინში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც აშშ-ს მიერ დაფინანსებული 20-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. როგორც ლინგი ამბობს, პეკინი არ აპირებს ამერიკულ კომპანიებს აგებინოს პასუხი იმის გამო, რომ პრეზიდენტი ტრამპი სატარიფო ომის ესკალაციას ახდენს მთელ დანარჩენ მსოფლიოსთან, მათ შორის ჩინეთთანაც.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეხვედრაზე 9 აპრილს, ჩინეთი აპირებს შტატების საპასუხო ტარიფები წინ წამოწიოს, როგორც „ახალი სავაჭრო საზრუნავი“. ჩინეთმა უკვე შეიტანა ოფიციალური საჩივარი ჟენევის სადამკვირვებლო ორგანიზაციაში.

სატარიფო ომი: ტრამპი ჩინეთს დამატებითი 50%-იანი ტარიფებით ემუქრება Read More »

სენატორი შაჰინი ანაკლიის პროექტის შესახებ იმედგაცრუებას გამოხატავს

ამერიკელმა დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩინური კომპანიისთვის გადაცემის ფაქტის შესახებ იმედგაცრუება გამოხატა. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანელ-ამერიკელი ჟურნალისტი, ალექს რაუფოღლუ ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქართულმა მხარემ დასავლურ კომპანიებთან პორტის შესახებ  კონტრაქტი გააუქმა და, ბოლოდროიდელი ცნობების მიხედვით, საქაართველო აპირებს შავ ზღვაზე არსებული პროექტი ჩინურ ფირმას გადასცეს. სენატორი შაჰინის მიხედვით, ის და აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რიში თავდადებით მუშაობდნენ საქართველოს „წინ წასაწევად“ და სამწუხაროდ მიიჩნევენ ქართული მხრიდან აღნიშნული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებას.

სენატორი შაჰინის განცხადებას წინ ჰელსინკის კომისიის, იგივე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის, წევრების განცხადება უძღვის, რომელიც ასევე ეხმიანება ანაკლიის პორტის საკითხს და ხაზს უსვამს იმ საფრთხეებს, რომელსაც აშშ-ს მიერ სანქცირებული ჩინური კომპანიები შეუქმნიან საქართველოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაფრთხილებების შემდეგაც, „ქართული ოცნება“ აგრძელებს პორტის პროექტის ჩინური კონსორციუმისთვის გადაცემის პროცესს და კიდევ ერთხელ საფრთხეს უქმნის დასავლეთსა და საქართველოს შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბებულ პარტნიორობას.

სენატორი შაჰინი ანაკლიის პროექტის შესახებ იმედგაცრუებას გამოხატავს Read More »

ჩინეთმა შესაძლოა TikTok-ის სანაცვლოდ, აშშ-ს ტარიფებზე შეღავათი მიიღოს

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა განიხილოს ახალი შეთანხმება TikTok-ის შესახებ. მოგეხსენებათ, რომ TikTok-ის მფლობელი გახდათ კომპანია ByteDance. მას ტრამპა წარუდგინა შეთავაზება, რომელზე თანხმობის შემთხვევაშიც რომელიმე ამერიკული დიდი კომპანია (მაგ., დავუშვათ, Microsoft, Oracle, ან სხვ.) შეიძენდა TikTok-ის ამერიკაში ოპერირებად ყველა მონაცემს, ოპერაციასა და ადგილობრივ (ამერიკულ) ალგორითმს. ამ შეთავაზების უკან, უპირველეს ყოვლისა, დგას აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მხრიდან წამოსული გაზრდილი ვნებათაღელვა ეროვნული უსაფრთხოებისა და ამერიკელი მოსახლეობის მონაცემთა დაცულობის თაობაზე.

ტრამპის თქმით,  თუკი ჩინეთი დათანხმდება ByteDance-ის მფლობელობაში მყოფი აპლიკაციის TikTok-ის („ამერიკული ნაწილის“ გაყიდვას, აშშ გადახედავს ჩინურ იმპორტზე დაწესებულ ტარიფებს.

ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას TikTok მოიყვანა იმის მაგალითად, თუ როგორ შეიძლება ტარიფები ერთგვარი იარაღი იყოს მოლაპარაკებების საწარმოებლად სხვა ქვეყნებთან ურთიერთობაში.

“მოკლედ, ასეთი სიტუაცია გვაქვს TikTok-თან დაკავშირებით:  ჩინეთი, სავარაუდოდ, გვეტყვის: ‘ჩვენ კი დავთანხმდებით თქვენს შეთავაზებას, მაგრამ თქვენ ტარიფებს თუ არ შეამცირებთ [უსამართლობა ხომ არ იქნება?]'” — განაცხადა ტრამპმა. “ჩვენ კი, დიახ, შეგვიძლია, ტარიფები სავაჭრო ბერკეტად გამოვიყენოთ.”

TikTok-ს 5 აპრილამდე აქვს ვადა, რომ იპოვოს არაჩინური და, სასურველია, ამერიკელი მყიდველი, წინააღმდეგ შემთხვევაში, აპლიკაცია აშშ-ში აიკრძალება.

ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია “ძალიან ახლოს” არის TikTok-ის შესახებ შეთანხმების მიღწევასთან. მოლაპარაკებებში რამდენიმე ინვესტორია ჩართული.

შეგახსენებთ, აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ტრამპმა წინა დღეს 10%-იანი საბაზისო ტარიფის დაწესება გამოაცხადა ყველა ტიპის იმპორტზე, რომელიც აშშ-ში შედის. ამერიკის ზოგიერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის მიმართ კი 10%-ზე გაცილებით მეტი ტარიფებიც დაწესდა. ჩინური საქონლის იმპორტზე ტარიფები ახლა 54%-ს შეადგენს. TikTok-ს კი ამ დრომდე არ გაუკეთებია კომენტარი ახალ შეთავაზებაზე.

ტრამპის მიერ ახალი რეციპროკული, ანუ, საპასუხო ტარიფების გამოცხადების შემდეგ — რომლებიც განსაკუთრებით მკაცრია ჩინეთისა და მისი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების მიმართ — იუანი, ჩინეთის ვალუტა, შვიდი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალ მაჩვენებლამდე დაეცა, ხოლო საფონდო ბაზრებმა მკვეთრი ვარდნა განიცადა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები ერთი კვირის განმავლობაში ელოდებოდნენ ტარიფებს, ვაშინგტონის მიერ გამოცხადებული ზომები მოსალოდნელზე ბევრად უფრო მკაცრი აღმოჩნდა.

ჩინეთმა შესაძლოა TikTok-ის სანაცვლოდ, აშშ-ს ტარიფებზე შეღავათი მიიღოს Read More »

სამხრეთ კავკასია გარდამავალ ეტაპზე – თინათინ ხიდაშელის სიტყვით გამოსვლა ჰააგაში

3 აპრილს ჰააგაში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია “The South Caucasus Again in Transition”, რომლის ერთ-ერთ პანელზე სპიკერის სტატუსით წარსდგა ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეას“ ხელმძღვანელი, თინათინ ხიდაშელი.

სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება გაამახვილა როგორც საქართველოს, ისე მთლიანად სამხრეთ კავკასიის რეგიონის წინაშე მდგარ გამოწვევებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც რეგიონის წინაშე დგას ამ გარდამავალ ეპოქაში. 

კონფერენცია ორგანიზებული იყო LINKS Europe Foundation-ის მიერ — ჰააგაში დაფუძნებული ორგანიზაციის, რომელიც ევროპაში და მის აღმოსავლეთ და სამხრეთ მეზობელ რეგიონებში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცებაზე, ასევე ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობს.

სამხრეთ კავკასია გარდამავალ ეტაპზე – თინათინ ხიდაშელის სიტყვით გამოსვლა ჰააგაში Read More »

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება

აშშ-ს „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის“, იგივე „ჰელსინკის კომისიის“ წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ ფაქტზე, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელოვანი წილი ჩინურ კონგლომერატს გადასცა, რომელიც აშშ-ს მიერ სანქცირებული და ჩინეთის მთავრობის მიერ მხარდაჭერილია.

კომისიის შვიდი წევრის მიხედვით, კონგლომერატის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, ჩინეთის კომუნიკაციების კონსტრუქციის კომპანია, ინფრასტრუქტურის განმავითარებელ პროექტებს ქვეყნების დესტაბილიზაციისა და მათი ჩინეთზე დამოკიდებულების გასაზრდელად იყენებს. გარდა ამისა, კომისია ხაზს უსვამს ჩინეთის შავ ზღვაში გააქტიურების საფრთხეებს, რომელიც, მათი თქმით, რეგიონის უსაფრთხოებასა და თავისუფალ ვაჭრობას უთხრის ძირს.  განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ჩინეთი რეგიონში გააქტიურებას რუსეთთან თანამშრომლობით ახერხებს.

აღნიშნული კომისიის დასკვნით, „ქართული ოცნება“ კიდევ უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ ტრაექტორიასა და საკუთარი ეკონომიკური მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს. კონგრესმენები პარტიას მოუწოდებენ გადახედოს გადაწყვეტილებასა და  შეაფასოს [სატენდერო] წინადადებები იმის მიხედვით, თუ რამდენად სამართლიანად და გამჭვირვალედ განავითარებენ ისინი კრიტიკულ ინფრასტრუქტურას.

მნიშვნელოვანია ისიც, რომ განცხადებას ხელს როგორც რესპუბლიკელი, ისე დემოკრატი სენატორები და კონგრესმენები.

ჰელსინკის კომისია ანაკლიის პორტის საკითხს ეხმაურება Read More »

ჩინეთის ფართომასშტაბიანი წვრთნები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში: განახლებული ესკალაცია ტაივანის წინააღმდეგ

პეკინმა აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები დაიწყო, რაც მორიგი ესკალაციის მცდელობაა ტაივანის წინააღმდეგ, რომელსაც ჩინეთი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. წვრთნები ფოკუსირებულია ,,სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის” შესაძლებლობების გამოცდაზე და მასში მონაწილეობას 76 სამხედრო თვითმფრინავი და 19 საზღვაო ხომალდი იღებს. ზოგიერთი მათგანი ტაივანის თავდაცვის ზონაშიც შევიდა.

ამ წვრთნების ფარგლებში, ჩინელმა სამხედროებმა გამოაქვეყნეს კადრები, რომლებშიც ნაჩვენებია რაკეტების დარტყმა სამიზნეებზე, მათ შორის აფეთქებების ანიმაციური სიმულაციები ტაივანის ქალაქებსა და სტრატეგიულ ადგილებზე, სადაც განლაგებულია სამხედრო ბაზები და პორტები.

ჩინეთის კამპანიები ტაივანის წინააღმდეგ 2024 წლის არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა. პეკინმა ტაივანის პრეზიდენტს, ლაი ცინგ დეს ,,სეპარატისტი“ და ,,პარაზიტი” უწოდა. ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომლებიც ბლოკადების სიმულაციას ახდენდნენ, დაემთხვა აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეთის ვიზიტს აზიაში, რომელმაც მკაცრად გააკრიტიკა პეკინის სამხედრო აგრესია.

ტაივანის საპრეზიდენტო ოფისის სპიკერმა X-ზე განაცხადა, რომ ჩინეთის აშკარა სამხედრო პროვოკაციები არა მხოლოდ ტაივანის სრუტეში ქმნის უსაფრთხოების გამოწვევებს, არამედ მთელ რეგიონში ძირს  უთხრის მას. წვრთნები ავსტრალიის, ახალი ზელანდიის, იაპონიის, კორეის, ფილიპინებისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვის (SCS) სიახლოვეს ტარდება, რომელიც მნიშვნელოვან და სადავო წყლებს წარმოადგენს, რომელზეც ჩინეთი აცხადებს პრეტენზიას.

ჩინეთის ზღვაში მიმდინარე ფართომასშტაბიანი წვრთნების გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვეს. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ჩინეთის სამხედრო ნაბიჯებია გაკრიტიკებული, სადაც ვკითხულობთ, რომ პეკინის ქმედებები ,,აძლიერებენ დაძაბულობას და რეგიონულ სტაბილურობას უქმნიან საფრთხეს.” ევროკავშირმა კი ტაივანის სრუტის სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ და დიდ ცვლილებასთან თავისი წინააღმდეგობრივი პოზიცია კიდევ ერთხელ დაადასტურა.

ჩინეთმა ბოლო წლებში მრავალი დიდი სამხედრო წვრთნა ჩაატარა  ტაივანის გარშემო, აგრეთვე, ხშირად ახორციელებდა ბლოკადებსა და შეტევებს. წვრთნები Strait Thunder-2025A ხაზს უსვამს პეკინის მზარდ სამხედრო ძალას და მის მზადყოფნას, თავისი ძალაუფლების დემონსტრაცია მოახდინოს რეგიონში, რაც შესაძლო სამომავლო კონფლიქტებთან დაკავშირებით ძლიერ შეშფოთებას იწვევს.

ჩინეთის ფართომასშტაბიანი წვრთნები აღმოსავლეთ ჩინეთის ზღვაში: განახლებული ესკალაცია ტაივანის წინააღმდეგ Read More »

მორიგი სკანდალი ივანიშვილის რუსულ კავშირებზე

ბრიტანელი დამოუკიდებელი ჟურნალისტის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოავლინა მასშტაბური ფინანსური ქსელი, რომელიც რუს ოლიგარქებს, ქართულ მმართველ ელიტებთან აკავშირებს. სქემის ცენტრში კვლავ ივანიშვილი დგას.


გამოძიება ჩატარდა Civic IDEA-ს მხარდაჭერით. ორიგინალური მასალა მომზადებულია ბრიტანელი ჟურნალისტის, ნილ უილის მიერ Byline Times-ისთვის.


მთავარი ფიგურა ამ სქემაში არის  დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული კომპანია    — Hunnawell Business Ltd, რომელიც ფარულად უზრუნველყოფდა რუსული კაპიტალის საქართველოში გადმოტანას. კომპანიის დამფუძნებელი ივანიშვილის ფინანსური მრჩეველი, ირაკლი რუხაძე გახლავთ, რომელიც წლების განმავლობაში მართავდა აქტივებს, დაკავშირებულს როგორც რუს ოლიგარქებთან, ისე საქართველოს მმართველ ელიტასთან. მან ეს ფიქტიური კომპანია დააარსა აქტივების მოძიების მიზნით და მნიშვნელოვანი მოგებაც მიიღო.

გაჟონილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ 2008 წელს ლონდონში ოლიგარქ ბადრი პატარკაციშვილის იდუმალი გარდაცვალების შემდეგ, მის აქტივებზე კონტროლი ივანიშვილის გარემოცვამ, კერძოდ, რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა გადაიბარეს.

როგორ მოხდა ეს?

როგორც უკვე ვიცით, ივანიშვილი წლების განმავლობაში ნიღბავდა თავის კავშირებს კრემლთან, თუმცა პარალელურად, დასავლური ფინანსური ინფრასტრუქტურის მეშვეობით ინარჩუნებდა და ზრდიდა თავის კაპიტალს. გაჟონილი დოკუმენტები ადასტურებს, რომ ბრიტანეთში დაარსებული კომპანიების[1] გამოყენებით (მაგ.: Hunnawell Business Ltd) ქართველ ოლიგარქებს რუსული ფული შეუმჩნევლად გადაჰქონდათ საქართველოს საინვესტიციო ბაზარზე.

ნახსენები კომპანია უზბეკეთში, ვლადიმერ პუტინის მაღალჩინოსან მოკავშირეს, რომან ამბამოვიჩს, $1.5 მილიარდზე მეტი ღირებულების კორუფციული სქემის კოლაფსით სარგებლობაში დაეხმარა. კერძოდ, სტატიაში წერია, რომ უზბეკეთის ყოფილი პრეზიდენტის შვილი გულნარ კარიმოვა ხელმძღვანელობდა ორგანიზაციას, სახელწოდებით ‘The Office’ და რუსეთის უმსხვილესი ტელეკომუნიკაციების პროვაიდერისგან, ‘Mobile Telesystems (MTS)’-ისგან, ასობით მილიონი დოლარის ქრთამს იღებდა უზბეკეთის ბაზარზე წვდომის სანაცვლოდ.

ამ ფაქტმა იმდენად დიდი ზიანი მიაყენა კომპანიას, რომ ინვესტორებმა MTS-ს უჩივლეს. ერთ-ერთი ინვესტორი კი იყო ნახსენები Hunnewell Partners, რომელიც ლონდონის კენსინგტონისა და ჩელსის რაიონში მდებარეობს.

ივანიშვილთან და რუხაძესთან დაკავშირებულმა კომპანია Hunnewell-მა აშშ-ის სასამართლოში სარჩელი შეიტანა და თქვა, რომ უზბეკეთის კორუფციული სკანდალის გამო „დიდი ზარალი განიცადა“. ეს სარჩელი, რეალურად, მხოლოდ სტრატეგიის ნაწილი იყო: დისტანცირება მოეხდინათ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული თაღლითური ქეისისგან.  კორპორაციული დოკუმენტების გაჟონვის, საჯარო ჩანაწერებისა და სასამართლოს პროცესების მეშვეობით, გამოძიებამ გამოავლინა, რომ ლონდონური კომპანია, ფაქტობრივად, ვლადიმირ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე სანდო პირის, რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩის ინტერესებს წარმოადგენდა და მისი სახელით მოქმედებდა. ამან კი ნათელი მოჰფინა რომან აბრამოვიჩის კავშირებს მორიგ ავტორიტარულ, პოსტ-საბჭოთა რეჟიმთან.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 19 მარტს ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუხაძემ და მისმა პარტნიორებმა—ბენჯამინ მარსონმა და იგორ ალექსეევმა—170 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების აქტივების თაღლითური სქემა განახორციელეს. ეს თანხები, თავდაპირველად ბადრი პატარკაციშვილთან დაკავშირებული, მოგვიანებით Hunnawell-ის თაღლითური ქსელის მეშვეობით უკანონოდ გადანაწილდა. Hunnawell-ის ოპერაციები კარგად აჩვენებს, თუ როგორ იყენებს ივანიშვილი და მასთან დაკავშირებული ოლიგარქები ბრიტანულ ფინანსურ ინფრასტრუქტურას არალეგალური აქტივების გასათეთრებლად.  ეს ფინანსური სქემა არამხოლოდ ივანიშვილის პირადი სიმდიდრის დაცვის საშუალება იყო, არამედ მოსკოვის ეკონომიკური გავლენის კიდევ უფრო განმტკიცების მექანიზმიც.


[1] იგ., ე.წ. „shell companies“, რომლებიც, ძირითადად, არსებობენ მხოლოდ ქაღალდზე და არ გააჩნიათ რეალური ეკონომიკური საქმიანობის ისტორია. ისინი ხშირად გამოიყენება ფინანსური საიდუმლოების, გადასახადებისგან თავის არიდებისა და ფულის გათეთრებისთვის, ასევე – აქტივების დამალვისთვის.

მორიგი სკანდალი ივანიშვილის რუსულ კავშირებზე Read More »

Scroll to Top