ამბები

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში.

„საერთაშორისო იდეას“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ მრგვალი მაგიდა – „რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში“.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შეფასებას და უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული პოტენციური საფრთხეების ანალიზს სომხეთში, საქართველოსა და მოლდოვაში. გარდა ამისა, შეხვედრის ფარგლებში, მომხსენებლებმა ისაუბრეს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ ეროვნულმა და საერთაშორისო აქტორებმა დემოკრატიის გასაძლიერებლად, მოცემული კრიზისის პირობებში.

მომხსენებლებმა – საქართველოდან, სომხეთიდან და მოლდოვადან მიმოიხილეს რუსეთ-უკრაინის ომის შესაძლო გავლენები, მათი ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებაზე;

შეაფასეს, თუ რა პოტენციური საფრთხე შეიძლება დაემუქროს განვითარებადი ქვეყნების დემოკრატიებს და განსაზღვრეს ომის მოსალოდნელი დადებითი და უარყოფითი შედეგები;

უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში, უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე სასწრაფო განაცხადი გააკეთა, რასაც საქართველოსა და მოლდოვას მხრიდან წევრობაზე განაცხადის გაკეთება მოჰყვა. გაკეთებული განაცხადი კიდევ ერთხელ ავალდებულებს ამ ქვეყნებს და მათ მოქმედ მთავრობებს, ევროპული სტილის დემოკრატიის დამკვიდრებას, სადაც ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა დაცული და უზრუნველყოფილია. შეხვედრისას აღინიშნა, რომ ეს მოვლენები, მაშინაც კი, თუ ევროკავშირში გაწევრიანება შორეულ პერსპექტივად რჩება, სამივე ქვეყნის გადაწყვეტილება ერთგვარი სიგნალია, რომ ისინი ირჩევენ პროდასავლურ კურსს და გამოთქვამენ მზადყოფნას, განახორციელონ ინვესტიციები დემოკრატიულ სამყაროში. თუ ამ დამანგრეველი ომისგან რაიმე დადებითი შედეგის პოვნა შეიძლება, ეს შეიძლება აღნიშნული ფაქტი იყოს.

რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ – გავლენა დემოკრატიასა და დემოკრატიის მხარდაჭერაზე, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში. Read More »

შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები

რუსეთის უკრაინაში შეჭრა შუა აზიის სახელმწიფოებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბუნებრივია, მათი ყურადღება მიპყრობილი იყო 2022 წლის დასაწყისში, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე, სამოქალაქო წინააღმდეგობის ცენტრალური აზიისათვის უჩვეულოდ მძლავრ ტალღასა და ყაზახეთში რუსულ-ბელორუსიული ერთობლივი სამხედრო შენაერთების შესვლაზე, როდესაც რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიო შეძრა.

უფრო მეტიც, ცენტრალური აზიის სამი ქვეყანა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, სომხეთთან და ბელორუსიასთან ერთად, უსაფრთხოების/სამხედრო ალიანსის (CSTO) წევრები არიან, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. სწორედ აღნიშნული ალიანსის დროშის ქვეშ მოქმედებდნენ ალმაატასა და ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში შესული
რუსულ-ბელორუსიული სამხედროები 2022 წლის დასაწყისში. შესაძლოა მოსკოვის სწორედ ამგვარი სწრაფი რეაგირების შედეგი იყო, CSTO -ს წევრი ქვეყნებისგან სამხედრო სფეროში, მყისიერად ღია მხარდაჭერის მიღების მოლოდინი უკრაინაში აგრესიის შემდეგ, რაც საბედნიეროდ არ გამართლდა.

მოსკოვთან ახლო კავშირების მიუხედავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ეროვნული მთავრობების რეაქციები და პოლიტიკური განცხადებები, სრული დუმილიდან მშვიდობისკენ მოწოდებამდე მერყეობს და მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, განსხვავდება თავად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვადასხვა წარმომადგენლის პოზიციებიც. პრეზიდენტ პუტინის მიერ, დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფობად აღიარებამ და უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმამ, ცენტრალური აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში, განსაკუთრებით იქ, სადაც
ანგარიშგასაწევი ეთნიკურად რუსი უმცირესობები ცხოვრობენ, ერთმნიშვნელოვნად შფოთი გამოიწვია და უსაფრთხოების რისკები გაზარდა.

შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები Read More »

შემდეგი გაჩერება რუსეთი!

დასაწყისშივე უნდა ვთქვა, საქართველოს ნეიტრალიტეტზე გულუბრყვილო საუბრები, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩვენი სამშობლოს მთლიანად რუსულ ორბიტაზე დაბრუნებას უდრის.

დღევანდელი მდგომარეობით აქ არ არსებობს მცირე და დიდი ზიანის ტესტი. ოფიციალური თბილისის ნებისმიერი განაცხადი ნეიტრალიტეტის შესახებ, მხოლოდ და მხოლოდ რუსული ოცნების ასრულებას და შესაბამისად, ბოლო 30 წლის განმავლობაში ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის დაღუპული გმირების ოცნების კიდევ დიდი ხნით დასამარებას ემსახურება.

რას ნიშნავს სახელმწიფოს ნეიტრალიტეტი?

1955 წლის 26 ოქტომბერს გამოცხადდა ავსტრიის ნეიტრალიტეტი. ეს იყო პირველი დღე, რომელსაც ავსტრია შეხვდა საოკუპაციო ჯარების გარეშე, რომლებიც 1945 წლიდან იმყოფებოდნენ მის ტერიტორიაზე.

1956 წლის მაისში ამერიკის შეერთებული შტატები, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დათანხმდნენ ავსტრიას საოკუპაციო ჯარების გაყვანაზე სახელმწიფოს სამხედრო ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ.

ავსტრიამ ანალოგიური თხოვნით მიმართა ყველა ქვეყანას ვისთანაც ჰქონდა დიპლომატიური ურთიერთობები და მიიღო თანხმობა.

შესაბამისად, სწორედ 1955 წლის 26 ოქტომბერი იყო ის პირველი დღე, რომელსაც ავსტრია უცხო ქვეყნის ჯარისკაცების გარეშე შეხვდა და მისი ნეიტრალიტეტი საერთაშორისო სამართლით განმტკიცდა.

შვეიცარიამ საკუთარი ნეიტრალიტეტი 1515 წელს ფრანგებთან სასტიკი მარცხის შემდეგ გამოაცხადა, თუმცა ამან ქვეყანა ვერ გადაარჩინა ნაპოლეონის თავდასხმებისგან, რომელიც შვეიცარიაში, მიუხედავად მის მიერ ცალმხრივად ნეიტრალიტეტის გამოცხადებისა, მაინც შეიჭრა და ვასალ სახელმწიფოდ აქცია.

მხოლოდ 1815 წელს პარიზის ხელშეკრულებით, ევროპის მთავარი სახელმწიფოების მიერ შვეიცარიის ნეიტრალიტეტის აღიარების შემდეგ გახდა შესაძლებელი მისი სტატუსის შენარჩუნება და გარე თავდასხმებისგან დაცვა.

რას გვასწავლის ისტორია?

სახელმწიფოთა მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტის უზრუნველყოფა ნაკლებად არის დამოკიდებული თავად ამ სახელმწიფოებზე და უფრო მეტად მისი მეზობლებისა და მოწინააღმდეგეების მიერ ნეიტრალიტეტის ცნობასა და შეთანხმებული წესების დაცვაზე.

ნაპოლეონის ნეიტრალური შვეიცარიის წინააღმდეგ გალაშქრება არაფრით ჩამოუვარდება ბოლშევიკური რუსეთის შეტევას დამოუკიდებელი საქართველოს პირველ რესპუბლიკაზე, რომელსაც საკუთარი დამოუკიდებლობის აქტში ცალმხრივად გამოცხადებული ჰქონდა, რომ „საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა“, ან თანამედროვე რუსეთის გალაშქრებაზე კონსტიტუციურად ნეიტრალიტეტის მქონე მოლდოვაზე, რომლის ტერიტორიაზეც დღემდე არიან განთავსებული რუსული საოკუპაციო ძალები.

ნეიტრალიტეტი რუსულად!

განსხვავებით ავსტრიის რესპუბლიკისგან, სადაც ნეიტრალიტეტის მიზეზიც და მიზანიც საოკუპაციო ჯარებისგან ქვეყნის გათავისუფლება და საკუთარი სახელმწიფოს მართვაზე დამოუკიდებლად პასუხისმგებლობის აღება იყო, საქართველოს შემთხვევაში ოკუპანტი ქვეყანა არაფერს გვთავაზობს.

ნეიტრალიტეტი რუსულად უფრო კაპიტულაციაა ვიდრე საერთაშორისო სამართლით დაცული სახელმწიფო ნეიტრალიტეტი. დღეს აქტუალური, თითქოს სრულიად მარტივ კითხვაზე – ომი გვირჩევნია თუ ნეიტრალიტეტი? ცხადია ყველას ერთმნიშვნელოვანი პასუხი გვექნება – „ნეიტრალიტეტი“, ანუ მშვიდობა ვინაიდან არავის გვინდა ომი. არადა არც კითხვა არაფერს ამბობს და მით უფრო არც პასუხი, ვინაიდან სინამდვილეში რუსული პროპაგანდა, რომელიც ამ კითხვის შემქმნელიც არის და დამსმელიც არასოდეს იძლევა რეალურ ალტერნატივას, არასოდეს ინტერესდება სიმართლით.

მთელი იდეოლოგია რუსული ნარატივის, მთელი იდეოლოგია საქართველოს რუსეთის გუბერნიად ქცევის სწორედ ამ კითხვის ასეთ ფორმულირებაშია.

პრეზიდენტ პუტინის ნეიტრალიტეტის შემოთავაზება კი სინამდვილეში ასეთ კითხვად ყალიბდება:

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტზე სტატუს ქვოს მდგომარეობაში?

სტატუს ქვო ასეთია – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. არსებობს ყოველი ჩვენგანის თავზე ჩამოკიდებული საფრთხე, რომ შესაძლოა განხორციელდეს მოსკოვის შემდგომი ავანტიურა რუსული საოკუპაციო ჯარების თბილისზე წამოსვლით, კითხვაც შესაბამისია, უფრო რომ დავაზუსტოთ: თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ნეიტრალიტეტზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის გარეშე?

ეს კითხვა იმ კარგი კითხვის დამახინჯებული ვერსიის სარკისებური ანალოგია ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი რასმუსენი რომ გვთავაზობდა, საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ საზღვრებში (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ჩათვლით) ნატოში გაწევრიანებას, ოღონდ იმ პირობით, რომ საქართველო ვაშინგტონის შეთანხმების მე-5 მუხლის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყისიერად გავრცელებას არ მოითხოვდა.

გავიხსენოთ რას ამბობდნენ და როგორ იქცეოდნენ ის ადამიანები, ვინც დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უარის ფასად, თითქოს თბილისის გადარჩენის მიზნით, ტერიტორიებშეკრეჭილი საქართველოს ნეიტრალიტეტს მოითხოვს და ვფიქრობ ყველაფერი ნათელი გახდება.

და თუ მაინც დაგრჩათ კითხვები, მაშინ მოისმინეთ უმარტივესი განმარტებები ნეიტრალიტეტის შესახებ. არა ჩემი, ან სხვა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის მებრძოლი მეგობრების, არამედ საერთაშორისო სამართლისა და ისტორიის:

ცალმხრივად, რომელიმე ქვეყნის მიერ გამოცხადებული ნეიტრალიტეტი არ მუშაობს, არაფერს ნიშნავს და ფარატინა ქაღალდია (გაიხსენეთ შვეიცარიის, მოლდოვას ან ჩვენი პირველი რესპუბლიკის ისტორია); ქვეყნის ნეიტრალიტეტი მრავალმხრივი შეთანხმების საგანი უნდა იყოს. პირველ რიგში მეზობლებს და ასევე მსოფლიოს ძირითად მოთამაშეებს შორის (გავიხსენოთ შვედეთსა და ფინეთის ნეიტრალიტეტი).

ქვეყნის ნეიტრალიტეტი, რომელსაც მეზობლები ადასტურებენ ავტომატურად ნიშნავს, რომ არც ერთ მეზობელს შენთან ტერიტორიული პრეტენზიები აღარ აქვს (შეგახსენებთ, რომ ერთადერთ მეზობელი რომელთანაც საზღვარი დადგენილი გვაქვს თურქეთია);

ქვეყნის ნეიტრალიტეტი ნიშნავს მთელი ქვეყნიდან, ზემოთ რომ ვთქვით საზღვრები რომ დადგენილი გვაქვს იმ საზღვრებიდან, უცხო ქვეყნის საოკუპაციო ჯარების გასვლას (უფრო დამარცვლით აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან რუსული ჯარების გასვლას ნიშნავს ეს);

სხვა ყველა შემთხვევაში, თუკი ტერიტორიებს ვერ ვიბრუნებთ და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ვერ ვაცხადებთ ნეიტრალიტეტს, ეს ნიშნავს რომ ჩვენი ნებით უარს ვამბობთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე;

თუკი რუსული შეიარაღებული ძალები არ ტოვებენ საქართველოს, მაშინ სინამდვილეში კაპიტულაციას ვაცხადებთ, რომელსაც ნეიტრალიტეტს ვეძახით; თუკი რუსეთს უკან არ მიაქვს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარება და ცხინვალსა და სოხუმში საკუთარ „საელჩოებს“ ტოვებს უბრალოდ უარს ვამბობთ სუვერენიტეტზე.

და ამ ყველაფერზე დღეს უნდა ვიკამათოთ, მიამიტი სახეებით კითხვები დავსვათ და ახალი დისკურსი გავაჩინოთ მხოლოდ იმიტომ, რომ ქვეყანაში ვიღაცას დაუძლეველი სურვილი გაუჩნდა ყველა ერთად დაგვაშინოს უკრაინაში სამშობიაროებისა და თეატრების დამბომბავი „ძლევამოსილი“ რუსული არმიის თბილისზე ეფემერული თავდასხმის მუქარით.

სტატიის ლინკი

https://publika.ge/article/shemdegi-gachereba-ruseti/?fbclid=IwAR2k8Pfza1RvbiMfdmI5c78vgXznttsTUKSuL6eItarokcCM-zYFR6iv9Ro

შემდეგი გაჩერება რუსეთი! Read More »

მომდევნო 10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრების გზაზე

საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესი წარმოადგენს ქართველი ხალხის ურყევ ნებას, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა და განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით. ამის შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ 2022 წლის 3 მარტს გააკეთა ქვეყნის ევროპის კავშირში გაწევრების განაცხადი. 2022 წლის 10 მარტს საფრანგეთში გამართულ ევროპის კავშირის ლიდერთა სამიტზე ევროკომისიას ეთხოვა, საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით შეფასების მომზადება, რის საფუძველზეც შესაძლოა მას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. მიგვაჩნია, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავება და წევრობა საქართველოსთვის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალური სიკეთეების და უსაფრთხოების გაძლიერების წინაპირობებს შექმნის. უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპეიზაციის პროცესის უპირობო მნიშნელობა აჩვენა, არა მხოლოდ პოლიტიკური, სამართლებრივი და სოციალური განვითარების მნიშვნელობით, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების კუთხითაც.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დინამიური განვითარება უნდა გახდეს პოლიტიკური აქტორებისთვის კონსოლიდირების და პოლარიზების დასრულების წინაპირობა. ჩვენ ქვემოთ წარმოდგენილი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მზად ვართ, უფრო აქტიურად ჩავერთოთ აღნიშნულ პროცესში და საქართველოს ხელისუფლებას ვთავაზობთ გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

  1. შეიმუშაოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული სტრატეგია და შექმნას მისი მონიტორინგის ქმედითი მექანიზმი, რომელშიც სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი;
  2. განახორციელოს 2021 წლის 17 აპრილს შეთანხმებით „მომავლის გზა საქართველოსთვის“[1] (ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმება) გათვალისწინებული დემოკრატიული რეფორმები;
  3. გააძლიეროს დიპლომატიური ძალისხმევა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან საქართველო-ევროპის კავშირის ასოცირების ახალი დღის წესრიგის[2] დროულად მისაღებად და დაიწყოს მისი ეფექტიანი იმპლემენტაცია;
  4. გაწიოს სათანადო დიპლომატიური ძალისხმევა, ევროკომისიის მხრიდან ევროპის კავშირის კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის[3] მიღების დასაჩქარებლად;
  5. მობილიზება გაუკეთოს შესაბამის ადამიანურ, ფინანსურ და ტექნიკურ რესურსს (მათ შორის შექმნას შესაბამისი უწყებათშორისი სამუშაო ჯგუფი და/ან შესაბამისი უწყება), რათა მოხდეს კანდიდატის სტატუსის შეფასების კითხვარის დროული და სრულყოფილი შევსება და ევროპის კავშირისთვის წარდგენა;
  6. ახალი რეალობის გათვალისწინებით ცვლილებები შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულებაში[4], გააქტიუროს და უფრო ეფექტიანი გახადოს მისი მუშაობა, რაც კითხვარზე პასუხების მომზადების პროცესში სამუშაო ჯგუფების აქტიურ ჩართვას ითვალისწინებს;
  7. გახადოს პროცესი გამჭვირვალე და ინკლუზიური. ჩამოაყალიბოს ევროპის კავშირში გაწევრების ეროვნული საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ სფეროს ექსპერტები და ექნება საკონსულტაციო ორგანოს სტატუსი. საბჭო ხელს შეუწყობს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესის კოორდინაციასა და მონიტორინგს;
  8. განიხილოს საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ადამიანის უფლებების, იურიდიულ და საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეების, ასევე ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის პოსტების ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ დაკავების შესაძლებლობა, რათა გაიზარდოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესზე საპარლამენტო ზედამხედველობა;
  9. პეტრას ციხის (ასოცირების ტრიო – მოლდოვა, საქართველო, უკრაინა) დეკლარაციის[5] შესაბამისად, ქმედითი ნაბიჯები გადადგას რათა ერთის მხრივ გაძლიერდეს ტრიოს თანამშრომლობის ფორმატი, დარეგულირდეს ურთიერთობები უკრაინასთან და მეორეს მხრივ, ჩამოყალიბდეს ტრიოსა და ევროპის კავშირის ერთობლივი სამიტი;
  10. უზრუნველყოს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრების პროცესთან დაკავშირებული მოლოდინების მართვა და აწარმოოს შესაბამისი შიდა და საგარეო კომუნიკაცია.

ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  3. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  4. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო ასოციაცია (ISFED)
  5. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო
  6. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  7. უფლებები საქართველო
  8. საქართველოს სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტი (GISS)
  9. მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  10. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  11. მშვიდობის, დამოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი (CIPDD)
  12. რონდელის ფონდი
  13. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  14. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  15. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  16. საფარი
  17. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT)
  18. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი (HRHT)
  19. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  20. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  21. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  22. ლიბერალური აკადემია თბილისი (LAT)
  23. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  24. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  25. სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია
  26. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  27. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP)
  28. ღია სივრცე კავკასია (COS)
  29. საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია (GYLA)
  30. სამოქალაქო იდეა
  31. მწვანე ალტერნატივა
  32. მედიის ინსტიტუტი

[1]https://bit.ly/3t9osnD
[2] ასოცირების დღისწესრიგი ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძირითადი განსახორციელებელი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს ამ შეთანხმების ძირითად პრიორიტეტებს. წინა დღსწესრიგის მოქმედების ვადა 2020 წელს დასრულდა და ახალი ამ დრომდე არ დამტკიცებულა.
[3] კითხვარი წარმოადგენს ევროკომისიის ოფიციალურ დოკუმენტის, რომლის გამოყენებითაც ევროკავშირის მიერ ხდება ევროკავშირში გაწევრების მსურველი ქვეყნის შეფასება კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
[4] საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის დებულება https://bit.ly/3KYa4EP
[5]https://bit.ly/3tMpTY1

მომდევნო 10 ნაბიჯი ევროპის კავშირში გაწევრების გზაზე Read More »

შემდეგი გაჩერება საქართველო?

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ, ამჯერად უკრაინაში, მორიგი აგრესიული ომის დაწყების კვალდაკვალ, სულ უფრო და უფრო მეტი ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ანალიტიკოსი იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.  შეცდომებს,  რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ დაუშვა, როგორც ომის დაწყებამდე, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ. რადიო თავისუფლებისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში„დიქტატორებთან მაამებლობას არა მშვიდობასთან, არამედ ომთან მივყავართ“  ბატონი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც მაშინ დანიის პრემიერ მინისტრი იყო, ხოლო აგვისტოს ომის წლისთავზე, ნატოს გენერალური მდივანი გახდა, გულდაწყვეტით იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტს და სამიტის ფარგლებში გამართულ ნატო-რუსეთის შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინის „გაცოფებულ“ გამოსვლას. „ნეტა მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით…  ძალიან ვნანობ, რომ მაშინ პუტინი სერიოზულად არ აღვიქვით. და თუ რამე გაკვეთილის გამოტანა შეიძლება აქედან, ისაა, რომ პუტინი სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ახლა მაინც“ – იხსენებს ბატონი რასმუსენი.

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსიისადან 8 წლის შემდეგ, როდესაც პუტინის რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თვითმფრინავებით და ტანკებით უტევს მის დედაქალაქს, თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სკოლებს, საავადმყოფოებს, ქალაქებსა და სოფლებს,  ჩვენ, ნატოს საზღვრების აღმოსავლეთით მცხოვრებ, სწორედ ნატოს და ევროკავშირის დროშებით ხელში თავისუფლებისთვის სამი ათწლეულის მანძილზე მებრძოლი სახელმწიფოების მოქალაქეებს, ერთგვარი deja vu გვაქვს და გვინდა შევუძახოთ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერებს, იქნება ახლა მაინც მოუსმინოთ პუტინს ან უკრაინის თავზე მფრინავი ბომბების გუგუნს, ან ხარკოვში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვების ტირილს, ან…

ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მაქსიმალური კონცენტრაცია ხდებოდა, ხოლო პრეზიდენტი ზელინსკი პუტინის შემაკავებელ მკაცრ სანქციებს ითხოვდა, სწორედ 2008 წლის გაზაფხულის მსგავსი სიჯიუტით გერმანიის კანცლერი შოლცი აცხადებდა რომ ნორდსტორმ 2 არაპოლიტიკური, ბიზნეს პროექტი იყო და სანქციებზე დებატების ნაწილი არ უნდა გამხდარიყო. გარდაუვალის დანახვას და შესაბამისად ამ „აპოლიტიკურ, ბიზნეს პროექტზე“ უარს, კიევის თავზე ბომბები და ათასობით შეწირული სიცოცხლე დასჭირდა. პრეზიდენტი მაკრონის მიერ უკრაინის, და შესაბამისად საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროპულ პერსპექტივის მიცემაზე თანხმობას, რომელიც სულაც არ არის გარანტირებული გზა სწრაფი წევრობისკენ, მოჰყვა კიდევ უფრო მეტი ტრაგიკული დღე, უკრაინის დიდსა და პატარა ქალაქებში.

პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჯერ კიდევ დეკემბერში, სრულიად ერთმნიშვნელოვანი და ღია ულტიმატუმი წაუყენა ნატოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს. იგი ნატოსა და ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაზე ვეტოს უფლებას ითხოვდა. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სამხედრო ავიაციას, უკვე სამი კვირაა იყენებს და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ იმავე ინტერვიუში, ნატოს ყოფილი გენმდივანი რასმუსენი ამბობს რომ „დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ, თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება“. რთულია არ დაეთანხმო მის ამგვარ მოლოდინსა და შეფასებას.

დღეს ძალიან ხშირად კითხულობენ, იქნება კი საქართველო პუტინის შემდეგი გაჩერება? ან უფრო მეტად ვინ იქნება შემდეგი? მე ვიტყოდი, სანამ „ვინ“ კითხვას გავცემთ პასუხს ჯერ „რა“ კითხვაზე უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგი, ან შედეგი რუსული ავანტურის, რომელიც უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს დღეს? სწორედ ამ საკითხის ანალიზი და პასუხის ძიება, ლოგიკურად მიგვიყვანს ყველა შემდგომ სცენარამდე.

საქართველოში რუსეთის მისია პრინციპში შესრულებულია. ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, მხოლოდ პოლიტიკური აქტი არ ყოფილა რუსეთისთვის. ორი უმთავრესი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში, ნატოს საზღვართან მისი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესისთვის ხელის შეშლა, შესრულებულია. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე სამი რუსული სამხედრო ბაზაა, ორი სამხრეთ ოსეთში (ცხინვალსა და ჯავაში) და ერთი შავი ზღვის საქართველოს ნაპირებზე (გუდაუთაში). მუდმივად დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტი, ყველაზე მინიმალისტური მონაცემით,  15,000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. ბუნებრივია, ზუსტ რიცხვებს არც რუსეთი და არც თვითგამოცხადებული რესპუბლიკები არ ასაჯაროვებენ, მაგრამ რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მიხედვით (sputnik-ossetia, sputnik-abkhazia), სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დისლოცირებულ, რუსულ სამხედრო შენაერთებს, სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული, საკუთარი გარანტირებული ბიუჯეტები აქვთ. მრავლობით წვრთნებს ატარებენ, აფხაზი და ოსი წვევამდელებისთვის 20-მდე რუსული სამხედრო სასწავლების კარები ღიაა, ხოლო თავად დისლოცირებული ჯარი, თანამედროვე სამხედრო საშუალებებით აღჭურვილია და მუდმივ საომარ მზადყოფნაშია. 2019 წელს პრეზიდენტმა პუტინმა „აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციის გეგმას“ მოაწერა ხელი, რასაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზაცია და აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავლობითი ახალი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გადასროლა მოჰყვა. ამასობაში უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული შენაერთები, რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაშია და სწორედ, მის სამხედრო შტაბს ემორჩილება. შესაბამისად, „საჭიროების გაჩენის“ ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი იარაღისა და აღჭურვილობის გადასროლა შეიძლება მარტივად განხორციელდეს.

საქართველოს კარგად გაწვრთნილი, საომარ ოპერაციებში და საკუთარი სამშობლოს დაცვაში გამოცდილი, კარგად შეიარაღებული და მოტივირებული ჯარი ჰყავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის სამხედრო რეზერვი, რომელიც რამდენიმე ათეულ ათას ერაყსა და ავღანეთში ნაომარ ყოფილ სამხედროებს ითვლის. რეგულარული ნატო-საქართველოსა და საქართველოსა და მისი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ერთობლივი წვრთნები, მხოლოდ ეხმარება არსებული პოტენციალის გაძლიერებასა და პროფესიონალიზმის ზრდას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო წლებში აშშ-ს და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, რამაც შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო მეტი თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა.

თუმცა, ბუნებრივია, საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში განლაგებული შეუზღუდავი შესაძლებლობების რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც როკის გვირაბის გამოყენებით, სულ რამოდენიმე საათში, ნებისმიერ დახმარებას მიიღებს, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის სერიოზულ საფრთხესა და გამოწვევას წარმოადგენს. ისევე, როგორც რუსული სამხედრო ბაზა გუდაუთაში. მაგრამ დღეს, თბილისში მყისიერი რუსული აგრესიის ახალი ტალღის მოლოდინი, განსაკუთრებით მაღალი არ არის. არსებობს სრულიად ლოგიკური კავშირი უკრაინაში ომის ბედსა და ქართული სახელმწიფოს მომავალს შორის.

არავის აქვს მოლოდინი, რომ უკრაინაში დამარცხებული რუსეთი საქართველოზე გამოილაშქრებს. თუმცა, თუკი ასეთ შემთხვევში რუსეთი მაინც გადაწყვეტს კუდის საქართველოში მოქნევას, უკრაინაში დამარცხებული რუსეთის საქართველოდან გაძევებაც უფრო მოსალოდნელია, ვიდრე პირიქით. თუმცა, მოვლენების სხვაგავრად განვითარების პირობებში, აბსოლუტურად მართალია ბატონი რასმუსენი, როდესაც აცხადებს, რომ ან დღეს დაამარაცხებს უკრაინაში რუსეთს დასავლეთი, ან თავად მოუწევს მასთან ომში დაპირისპირება. ვინაიდან კიევთან გამარჯვებული რუსეთისთვის, საქართველო ან მოლდოვა ძალიან მცირე ლუკმაა.  კრემლის ამბიციები, როგორც ეს ვლადიმერ პუტინის მიერ დასავლეთისთვის გაგზავნილ, დეკემბრის ულტიმატუმშიც ერთმნიშვნელოვნად წერია, სწორედ ნატოს წევრ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გადის.

ამ ომში ვლადიმერ პუტინი აუცილებლად დამარცხდება. ის დამარცხდება ან დღეს უკრაინაში, დასავლეთის უფრო აქტიური და რადიკალური ნაბიჯების პირობებში, ან ხვალ უკვე ნატოს ტერიტორიაზე. გარდაუვალი მარცხი სად და რის ფასად დადგება, მთლიანად ნატოს,  უკრაინის და საქართველოს მოკავშირეების ხელშია დღეს. გადამწყვეტი მოქმედების დროა!

თინათინ ხიდაშელი 13.03.2022

სტატია გერმანულ ენაზე ?

https://www.freiheit.org/de/ist-georgien-das-naechste-ziel-russlands

შემდეგი გაჩერება საქართველო? Read More »

უკრაინაში შეჭრა უბიძგებს საქართველოს გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი

გასულ კვირას, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი წარადგინა – განსაზღვრულ ვადაზე ორი წლით ადრე,  რაც  ქვეყანაში, უკრაინის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერით იყო ნაკარნახევი.

პროცესის მნიშვნელობა: საქართველოს რესპუბლიკის ლიდერები იმედოვნებენ, რომ რუსეთის შემოჭრით გამოწვეული შოკისმომგვრელი ტალღები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაარწმუნებენ, მიიღონ  საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც უკვე დიდი ხანია ისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისაკენ.

  • „ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყანაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ფონზე,  საქართველო მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით,“ – ნათქვამია ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ფაქტები: რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 2008 წლის აგვისტოში და ომი გაგრძელდა ხუთი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, საქართველოს ორ რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, განლაგდნენ და  შექმნეს თვითმმართველი რეგიონები.

  • უცნაურია ის გარემოება, რომ ეს შემოჭრა, ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომი – დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც ოლიმპიადა დასრულდა პეკინში.
  • რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა არ მიიღო საპასუხო რეაქციები, რამაც ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, გააძლიერა მოსკოვი და მისცა ყირიმის ანექსიის უფლება  2014 წელს.

ფონი: როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, საქართველოს იდენტობა გამოიხატება მისი ქრისტიანული მემკვიდრეობითა და ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან კავშირებით, რაც მრავალი ქართველის ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, აქცევს ქვეყანას ევროპის ნაწილად.

  • „ჩვენ არ ვართ მხოლოდ ძველი ევროპელები, ჩვენ ვართ პირველი ევროპელები და, შესაბამისად, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ევროპულ ცივილიზაციაში“, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი პროდასავლური და ნატოს მხარდამჭერი პოზიციით, 2004 წლის ინაუგურაციის დროს.
  • საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას  ხელი მოაწერა 2014 წელს, ხოლო ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა.

დიახ, მაგრამ:  ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ეჭვი ეპარება, რომ  საქართველო შეძლებს წევრობისათვის დაწესებული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა ანტიკორუფციული და გამჭვირვალე არჩევნები. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა გაიზარდოს ზეწოლა, სხვა პერსპექტიული წევრების მისაღებადაც.

  • მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გერმანია და საფრანგეთი  სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

გარემოება:  ქვეყნის მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული ნაბიჯები,  საფრთხეს უქმნის და აფერხებს ქვეყნის ურთიერთობას ევროკავშირთან.

  • გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირები, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგები.
  • ამის შემდგომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ სესხზე, რაც მიუთითებს მისი ბლოკიდან დაშორებას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ  „აშკარა გავლენა მოახდინა“ საქართველოს გადაწყვეტილებაზე, წარედგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მოსალოდნელზე ორი წლით ადრე, – განუცხადა Axios-ს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.

  • ათიათასიანი დემონსტრაციები გაიმართა საქართველოს დიდ ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად, თქვა თინათინ ხიდაშელმა. ასევე, ბევრმა ქართველმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციებს, რომლითაც მთავრობას მოუწოდებდა წარედგინა  განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

საყურადღებოა: საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ბევრი სირთულითაა სავსე,  მაგრამ ხიდაშელი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებმა შესაძლოა მხარი დაუჭირონ საქართველოს, რადგან წინ აღუდგნენ რუსეთის მისწრაფებებს.

  • „ვფიქრობ, რომ ევროპულ ქვეყნებს ესმით, რომ მათ აუცილებლად უნდა იმოქმედონ ამ დროს,  გადადგან მკაფიო ნაბიჯები, რათა დაამტკიცონ, რომ რუსეთი  არ ფლობს ვეტოს უფლებას“.

უკრაინაში შეჭრა უბიძგებს საქართველოს გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი Read More »

თედო ჯაფარიძე: დასავლეთმა უნდა დათრგუნოს შიშის სინდრომი

პრეზიდენტ პუტინზე ხშირად ამბობენ, რომ ის ძლიერი ტაქტიკოსია, მაგრამ არა სტრატეგიულად მოაზროვნე. აღნიშნული იმგვარად მესმის, რომ თითქოს, მას შეუძლია მაქსიმალურის მიღება დღევანდელი დღიდან და არ აქვს უნარი იწინასწარმეტყველოს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს მომავალში. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ბოლომდე სწორი პოზიცია.

პრეზიდენტი პუტინი სამხედრო ძალებს იმ ერთადერთი მიზნით იყენებს, რისთვისაც  ის იღწვის – ისეთი გარემოებების შესაქმნელად, რომლებიც მომავალში მიიყვანენ მოლაპარაკებებამდე. ასე რომ, პუტინი არის სწორედ ისეთი, როგორსაც ჩვენ მას ვქმნით.

თუ ვაშინგტონი, ბერლინი, პარიზი, რომი, ვენა და ლონდონი დაფრთხებიან და თანაც, ამას საჯაროდ დაანახებენ, მაშინ პუტინი მოიპოვებს სტრატეგიულ  გამარჯვებას.

მებადება შეკითხვა, მიეცემა თუ არა პუტინის უფლება, უხეში  ძალის გამოყენებით, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის განსჯას, რაიმე შედეგი ვერ მოჰყვება. თუ იგი მიიღებდა ფსიქოლოგიურ  დახმარებას, შესაძლოა, იგი აღარ ყოფილიყო ასეთი დაუნდობელი დიქტატორი და ამ ფორმით ემართა ქვეყანა. თუმცა, მის ადგილას გამოჩნდებოდა სხვა. ამიტომაც, არცერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს ამდენი ძალაუფლება, რადგან ეს საზიანოა მათი ფსიქიკური მდგომარეობისთვის. მაგრამ ახლა, ეს დისკუსია უსაგნოა. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: მიეცემა თუ არა შესაძლებლობა, რუსულ დათვს დააშინოს პირველ რიგში, ევროპა ან შესაძლოა, მთელი ე.წ. “კოლექტიური დასავლეთი”.

ვაშინგტონმა უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს, რადგან ის, რაც ხდება დღეს, არ არის მხოლოდ გეოგრაფიული, თუნდაც, ის გეოპოლიტიკური პრობლემაა. საკითხი აღარ დგას შენარჩუნდება თუ არა „ატლანტიკის, თუ წყნარი ოკეანეს სივრცეები“, არამედ დარჩება თუ არა რაიმე იმ სისტემისგან, რომელსაც ახლა „გლობალურ მმართველობად“ ვაღიარებთ: ინტერნეტი, საერთაშორისო ბაზარი და ადამიანის უფლებათა რეჟიმები, რომლებიც ნელ-ნელა გადაიქცევა ცალკეულ და შეუთავსებელ ეკოსისტემად, ოღონდ ნორმატიული გარანტიების გარეშე. ჩინეთის მსგავსად არ არსებობს დასავლეთის „დიდი კედელი“, რომ მან თავი შეაფაროს. თუ ვაშინგტონი უკან დაიხევს, ეს იქნება მისი მხრიდან გაკეთებული სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მნიშვნელოვნად შეასუსტებს მის ძალას,  და ამას უკვე აღიარება არ დასჭირდება. თუ ვაშინგტონი დღეს თავის სიძლიერეს არ გაუზიარებს ევროპას, მის ხელში არსებული ძალა აღმოჩნდება სრულიად უშედეგო.

ახლა, საჭიროა, დავფიქრდეთ და შევჯერდეთ გავრცელებული მტკიცებითი რიტორიკის  შინაარსსა და არსზე: „ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ!“ თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, როგორც უკრაინელებმა. მთავარი კითხვა, რომლებიც უკრაინელებს აწუხებს, არის –  კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ტკივილი და რა დარჩება მათი თავისუფლებისაგან. ურბანულ ცენტრებში ხალხი დარჩება ელექტროენერგიის, კომუნიკაციის და შესაძლოა, საკვების გარეშეც კი.  ბავშვები უკრაინაში ვერ იგრძნობენ თავს დაცულად, ვერ ივლიან სკოლაში და მთელი თაობა დაკარგვისა და განადგურების შიშით იქნება შეპყრობილი და ტრავმირებული.

ეს არის შიშის სინდრომი, რომელიც ქართველებმა ძალიან მძაფრად შევიგრძენით და ამიტომაც ვიაზრებთ. თუმცა,  ქართველები არ ვართ მარტო: ესტონელები, ლიეტუველები, ლატვიელები, პოლონელები, ჩეხები, სლოვაკები და უნგრელები –  ყველა მათგანში ეს შიშის ძალა ღრმადაა გამჯდარი. ევროპელებმა კარგად იციან, როგორი ხარისხის შიში შეუძლია მოგგვაროს რუსულმა ტანკებმა და როგორ ვრცელდება ეს შიში თაობებზე.  როგორც იტყვიან, ჩვენ კი, ხაზი უნდა გავავლოთ ქვიშაზე, მოვხაზოთ ზღვარი და როგორც ევროპელებმა, ეს შიშის სინდრომი უკან ჩამოვიტოვოთ.

შიში, მოწევისადმი გამჯდარ ჩვევას ჰგავს, რომლის დათრგუნვის ერთადერთი გზა არის ის, რომ არ დაშინდე, არ შეგეშინდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გამბედაობა, რომ წარმოვიდგინოთ მომავალი შიშის სინდრომის გარეშე, განსაკუთრებით ევროპაში, რადგან სხვა შემთხვევაში  ცნება „ევროპა“ თავის მნიშვნელობას დაკარგავს.

გასაგებია, რომ ევროპას ეშინია კიდევ ერთი დამანგრეველი ევროპული ომის პერსპექტივების.  მაგრამ შიშის სინდრომი  გადამდებია. თუ ევროპა შეუშინდება რუსეთს და ამ შიშის გავლენის შედეგად დასუსტდება და ჩაიძირება, “მშვიდობა” და “ომი” სულ უფრო და უფრო დაემსგავსება ერთმანეთს. რუსეთის ამბიციები „სუნთქვის სიახლოვეს“ ყავდეს მიბმული ე.წ. “ახლო საზღვარგარეთ” უფრო მეტად კვებავს და აღრმავებს ამ შიშს და ეს გამანადგურებელია ყველა ევროპული ქვეყნის დემოკრატიისათვის. რუსეთს შეუძლია შთანთქოს მეტი ქვეყანა, მეტი თავისუფლების შეზღუდოს, მეტი “გარანტიებიც” კი მოითხოვს იმისათვის, რომ კრემლმა უფრო მეტად დააშინოს ევროპა  ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რუს ხალხზეც და წინ აღვუდგეთ ჩაგვრას, რადგან, რაც უფრო მეტად იზრდება რუსეთის დომინირება და გავლენა „ახლო საზღვარგარეთში“, იგი დამახინჯებულ წარმოსახვაში სამომავლოდ შეიძლება გადაიზარდოს „შუა საზღვარგარეთშიც“ ან შესაძლოა, უფრო შორსაც.  

დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინელებს შიშის დაძლევაში: გულუხვად დაეხმაროს ლტოლვილებს, რომლებმაც არჩიეს ცხოვრება სხვაგან და არა იქ, სადაც ბატონობს შიში; დაეხმაროს იმათ, ვისაც ურჩევნია სიკვდილი, შიშით აღსავსე ცხოვრებას. მათ უნდა მიხედონ საქართველოსაც და — ერთმანეთს — და იპოვონ გზებით ერთად დგომისა ისე, რომ მშვიდობა არ ემყარებოდეს შიშს.

თუ შიში განსაზღვრავს იმის არსს, თუ რას ნიშნავს იყო  ევროპელი ან დასავლელი, გამოდის, რომ  პუტინის რეჟიმმა გაიმარჯვა. ეს იქნება ყველა დასავლელის დამარცხება, რომელიც 1945 წლიდან მშვიდობისთვის იბრძოდა ატლანტიკის ოკეანის ორივე სანაპიროზე.

თედო ჯაფარიძე არის საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ის ასევე იყო საქართველოს პრეზიდენტის-ედუარდ შევარდნაძის  მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბლოგი წარმოადგენს მის პირად მოსაზრებებს.

თედო ჯაფარიძე: დასავლეთმა უნდა დათრგუნოს შიშის სინდრომი Read More »

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ

გთავაზობთ განცხადების ტექსტს ხელმოსაწერად. შემოურთდით და ერთად მოვითხოვოთ პარლამენტისგან რეალური ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfTFgZaZY8TULjSGwLxUGYkt5t8SNN2frsLtkychrpMPpk4_Q/viewform?fbclid=IwAR24dQ3iYghPdFx1MmR-QLqnr2DI9GRYTuPyt1jkzeHe96UzMaGBF9TxPa4

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ

დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი და სწრაფი მოქმედება საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენლის ვალია, იმოქმედოს სწრაფად და მიზანმიმართულად, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესაჩერებლად გამოჩნდა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის გამოვიყენოთ.

საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის იმსახურებს სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას.

ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაღობას საქართველოსთან, როგორც სანდო პარტნიორთან ურთიერთობის გზაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.

ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სწორი და დროული განცხადებები და რეზოლუციები მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სწორედ დღეს, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით უნდა ვაჩვენოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, რომ საქართველოს ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადია და ყველაფერს ვაკეთებთ მის უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად, 

  1. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების შესახებ.
  2. საქართველოს პარლამენტმა, მოუწოდოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
  3. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის მიმდინარე კვირის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
  4. საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების დასაწყებად.

 ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. სამოქალაქო იდეა
  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  3. ღია საზოგადოების ფონდი
  4. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  5. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
  6. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  7. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  9. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  10. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“
  11. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  16. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  17. მომავლის სკოლა
  18. თანასწორობა 17
  19. დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ
  20. ფონდი „კავკასიური დიალოგი“

გარდა ამისა, მიმართვას ხელს აწერს 150-ზე მეტი ფიზიკური პირი.

შენიშვნა: სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, რომელსაც 150-ზე მეტი ფიზიკური პირი და ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს, მანამდე მომზადდა, ვიდრე მმართველი პარტია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის ოფიციალურად გაკეთების განზრახვის შესახებ საზოგადოებას ამცნობდა. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების განცხადება პირველადი სახით ვრცელდება.  

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ Read More »

თბილისი პეკინისკენ იხრება? – სამოქალაქო იდეას კვლევის შესახებ პოლონური გამოცემა მოგვითხრობს.

საქართველო, ათი წლის წინ, განიხილებოდა პოსტსაბჭოთა კავკასიაში საბაზრო რეფორმებისა და შედარებითი პოლიტიკური ლიბერალიზაციის წარმატების ნიმუშად. ქვეყანამ აირჩია პროდასავლური კურსი, ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას აშშ-სთან და აცხადებს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანებას დაჰპირდნენ. საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის ოფიციალური მიმართულებები უცვლელი რჩება, საქართველომ ახალი მნიშვნელოვანი პარტნიორი იპოვა.

რა შეიცვალა ბოლო წლებში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს, ქართული ანალიტიკური ორგანიზაცია. Civic IDEA – ს მიერ გამოქვეყნებული ანალიზი, აშშ-ს სახელმწიფო დახმარების სააგენტო USAID – თან, ჩეხეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრთან და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეხება რუსეთისა და ჩინეთის გავლენებს, კავკასიის  ყველაზე პროდასავლურ ქვეყანაში. კვლევის წლევანდელი, მეორე გამოცემა აჩვენებს, მოსკოვისა და პეკინის გავლენის განვითარებას საჯარო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებსა და ეკლესიაში.

დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის გავლენა საქართველოში იზრდება, არა მხოლოდ კვლევით ერთეულებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც. ანგარიშის მიხედვით, ქართული ძალოვანი ელიტა ჩინეთს აღიქვამს, როგორც შიდა რუსული გავლენის დამაბალანსებელ ფაქტორს. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი ჩინეთის მიმართ, სკეპტიკურად რჩება, ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებში კორუფციის ეჭვების ან შრომითი უფლებების შეუსრულებლობის გამო.

ჯეიმსთაუნის ფონდის მონაცემებით, ჩინეთმა დაახლოებით 705 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა რკინიგზის, პორტებისა და მაგისტრალების მშენებლობის მხარდასაჭერად. იანვარში, ჩინურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ განაცხადა, რომ ჩინეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორი გახდა. 2021 წელს, ქართულმა საწარმოებმა ჩინეთში  615 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანეს, რუსეთში კი ოდნავ ნაკლები – 610 მლნ აშშ დოლარი. სხვათა შორის, ქართველებს, სპილენძისა და მანგანუმის გარდა, ექსპორტზე გააქვთ, მინერალური საწვავი, ზეთები, მატყლი, ტყავი, ქიმიკატები და ღვინო.

Civid IDEA – ს ანგარიშები გვაფრთხილებენ, რომ ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, განპირობებული იქნება პოლიტიკური გავლენით და რომ თბილისი, შეიძლება გამოყენებულ იქნას დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ სათამაშოდ. ადგილობრივი ანალიტიკოსები, ასევე მიუთითებენ აკადემიური საზოგადოების დამოკიდებულების შესაძლო ცვლილებაზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს, უფრო პრო-ჩინური, სტიპენდიებისა და კვლევების მზარდი შეთავაზებების წყალობით.

მეტი კომენტარი აზიის შესახებ Boym Institute-ის ვებსაიტზე

https://www.wnp.pl/rynki-zagraniczne/czy-tbilisi-ciazy-ku-pekinowi,535618.html?fbclid=IwAR00SEUH1FLyIHH2xBy0AXrgOlQtSJyysU–4FDkj52DedlAm0AiWZ5et8s

თბილისი პეკინისკენ იხრება? – სამოქალაქო იდეას კვლევის შესახებ პოლონური გამოცემა მოგვითხრობს. Read More »

სამოქალაქო იდეას განცხადება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით

გვინდა გამოვეხმაუროთ 30 იანვარს  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს – ბათუმში უკანონო მშენებლობის შესახებ.  პრობლემა, რომელიც აღნიშნული მშენებლობების უკან დგას გაცილებით დიდი და სახიფათოა, ვიდრე 7 უკანონო შენობა ქვეყნის მთავარ ტურისტულ ქალაქში.
არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო იდეა“ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა ბათუმში უკანონო ბიზნესაქტივობის შესახებ.

ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტები:

  • ჩვენი ყურადღება თავდაპირველად მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ბათუმში გაგვიჭირდა კონფერენციის ჩასატარებლად შესაბამისი  სასტუმროს დაჯავშნა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარითაა გაცემული;

კვლევაც, სწორედ, ამ სასტუმროებიდან დავიწყეთ. სასტუმროებში შესახლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ჩინელები არიან და სასტუმროები, ბუნებრივია,  ტურისტული მიზნებით არ აქვთ ნაქირავები. გამოკითხვების და მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ისიც გავარკვიეთ, რომ მათი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ნაწილი კი –  არაბული ქვეყნებიდან.

ეჭვი მათი არალეგალური საქმიანობის შესახებაც, სწორედ, ამ გარემოებების გამო გაგვიჩნდა.

  • დაუჯერებელია, რომ ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის, ასეულობით ჩინეთის მოქალაქე შეუმჩნევლად ჩამოსულიყო.
  • ჩვეულებრივ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების  ღონისძიებებს ვიხილავდით წითელი ხალიჩებისა და „ბაფთების“ თანხლებით. არც ბატონი პრემიერი იტყოდა უარს, თავის ჩინელ კოლეგებთან ერთად მედიის წინ კეკლუცობაზე.

თუმცა, ამის ნაცვლად გვაქვს სრული დუმილი, და უფრო მეტიც, ინფორმაციის მიღებისა და ვითარებაში გარკვევის ყოველ მცდელობას, ბათუმში მტრული რეაგირებით ხვდებიან.

  • ამასობაში, სწორედ, იმ პერიოდში საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ახალი ამბები არაბულ ქვეყნებში ჩინელი „ბიზნესმენების“ წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ, ძირითადად, ფულის გათეთრების, უკანონო online კაზინოებისა და სხვა კიბერდანაშაულების თაობაზე.
  • აღნიშნული ფაქტების შესახებ გასული წლის ბოლოს, დეტალურად წერდა ქართული გამოცემა „ბათუმელებიც“.

თუკი ჩვენ შევძელით, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ერთი მედია საშუალების რესურსებით მიგვეკვლია პრობლემის როგორც გარე წყაროებისათვის, ასევე, აქ საქართველოში, შეუძლებელი და დაუჯერებელია, ჩინეთის ასეულობით მოქალაქის ორგანიზებულად ქვეყანაში შემოსვლისა და ბათუმში ძვირადღირებული სასტუმროების რამდენიმე თვის მანძილზე დაქირავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს. ასევე, შეუძლებელია, ისინი არ დაინტერესებულიყვნენ ამ ჯგუფების ისტორიითა და წარმომავლობით და ვერ მიეკვლიათ პრობლემისთვის, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყნებში დატოვეს.

შესაბამისად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბათუმში მიმდინარე არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების  (ჩვენი ინფორმაციით, ეს შენობები, სწორედ, იმ ჯგუფებისთვის შენდება, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სასტუმროებში არიან განთავსებული), არამედ, ქვეყნისთვის სავარაუდოდ, უდიდესი კიბერ-საფრთხის მატარებელი საქმიანობის მფარველები, სწორედ, ან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები.

აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყნისთვის ამ საფრთხის ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით.

სამოქალაქო იდეას განცხადება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით Read More »

Scroll to Top