ამბები

რა არის “სტრატეგიული კომუნიკაციები”?

აშკარაა, რომ 2000-იანი წლებიდან დღემდე „სტრატეგიულიკომუნიკაცია“ (სტრატკომი), როგორც ინფორმაციის მენეჯმენტის ახალი დისციპლინა, დღემდე აქტიურად იბრძვის თვითგამორკვევისთვის და თავის მონათესავე, უკვე დამკვიდრებულ სპეციალობებთან თუ პროფესიებთან(საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ოპერაციები, საზოგადოებასთან ურთიერთობა, მარკეტინგი, ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები, კორპორატიული კომუნიკაციები, ორგანიზაციული კომუნიკაციები და სხვა) არც თუ სახარბიელო ურთიერთობებში იმყოფება.

სრული ტექსტი

რა არის “სტრატეგიული კომუნიკაციები”? Read More »

კონფლიქტის საფასური: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი

„კონფლიქტის საფასური: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი“  წარმოადგენს სტატიების კრებულს, რომელშიც შესულია ქართველი, ოსი და საერთაშორისო ექსპერტების მრავალფეროვანი და ზოგჯერ წინააღმდეგობრივი თვალსაზრისი კონფლიქტის საფასურის შესახებ. პუბლიკაცია მომზადდა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტისა და კონფლიქტების ტრანსფორმაცის ალიანსის (აშშ) მიერ დიდი ბრიტანეთის კონფლიქტების აღმოფხვრის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობის ფონდისა და აშშ განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით.

  • გამოცემის წელი: 2016
  • გამომცემლობა: ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტი, აშშ

გადმოწერა

კონფლიქტის საფასური: ქართულ-სამხრეთოსური კონტექსტი Read More »

რისთვის და რამდენი ოსი გადმოდის დანარჩენ საქართველოში და რისი ეშინია ცხინვალს?!

ბოლო წლებია, სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის შემოსაზღვრის პროცესს (ბორდერიზაციას) ფონად გასდევს საქართველოს მოქალაქეების დაკავება „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით, რაც ქართულ-რუსულ-ოსური ურთიერთობების პერიოდულ დაძაბვასა და ხშირად, შიდა ქართულ, მინი-პოლიტიკურ კრიზისებსაც იწვევს. ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ უნიათობაში ადანაშაულებს, ეს უკანასკნელი კი ნაციონალური მოძრაობის მიერ დატოვებულ მემკვიდეობაზე მიუთითებს და შექმნილ ვითარებაში ბრალეულად სწორედ მას მიიჩნევს.

ამ ფონზე ქათული საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება ერთი ფრიად საინტერესო ამბავი – კერძოდ, 2014 წლიდან მოყოლებული, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებულთა აბსოლუტური უმრავლესობა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები ოსია. ასე, იმავე 2014 წლის მონაცემებით, 493 დაკავებულიდან მხოლოდ 140 აღმოჩნდა საქართველოს მოქალაქე. ეს ტენდენცია არც შემდეგი წლების განმავლობაში შეცვლილა. მეტიც, უფრო გაღრმავდა. შედეგად, უკვე 2018 წლის მონაცემებით, ე.წ. საზღვრის დამრღვევთა რაოდენობა 607-მდე გაიზარდა, საიდანაც 90 პროცენტი სამხრეთ ოსეთის ან რუსეთის მოქალაქეები აღმოჩდნენ. ამასთან, ადმინისტრაციული საზღვრის დარღვევის ფაქტები წინა წელთან შედარებით ათი პროცენტით გაიზარდა. ამ პროცესებზე საპასუხოდ ცხინვალის ხელისუფლებამ არსებული სადამსჯელო მექანიზმი კიდევ უფრო გაამკაცრა, კერძოდ, გაზარდა ჯარიმის სიდიდე (დაახლოებით ათას ლარამდე).

გამოდის, რომ ყოველწლიურად, რუსი „მესაზღვრეების“ მიერ 500-მდე ეთნიკური ოსის დაკავება ხდება, რომლებსაც თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გარკვეული საჭიროებების გამო გადასვლა სურს. ეს რაოდენობა მზარდია – როგორც თვითონ, ოსური და რუსული სტრუქტურები ადასტურებენ. 

ამ სტატიის ფარგლებში შევეცდები დავადგინო ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებს ოსების გადმოსვლას დანარჩენ საქართველოში. მართალია, ღია წყაროების სიმწირიდან გამომდინარე, გართულდება ზუსტი რაოდენობისა და მოტივების დადგენა, თუმცა სხვადასხვა მონაცემების შეჯერება ზოგადი ტენდენციების გამოკვეთის საშუალებას მაინც იძლევა. ამასთანავე, შევეცდები ავხსნა, თუ რატომ ეწინააღმდეგებიან რუსები და ოსები ამ პროცესს. 

რეფერალური სამედიცინო პროგრამა

2008 წლის ქართულ-რუსულმა ომმა ქართულ პოლიტიკაში ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შემოიტანა – შეწყდა კონფლიქტების მოკლევადიან პერსპექტივაში გადაწყვეტის გზების ძიება. და რადგან აშკარა გახდა მოსკოვთან, სოხუმთან და ცხინვალთან პოლიტიკურ საკითხებზე კონსენსუსის მიღწევის შეუძლებლობა, აქცენტი ხალხთა შორის ურთიერთობებზე გაკეთდა. 

ზუსტად ამ პარადიგმული ცვლილების გამოხატულებას წარდმოადგენდა 2010 წელს მიღებული „სახელმწიფო სტრატეგია ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ – ჩართულობა თანამშრომლობის გზით“. თბილისი იმედოვნებდა, რომ სხვადასხვა პროექტების მეშვეობით, ეტაპობრივად შეცვლიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის გუნება-განწყობებს. ოპტიმალურ შემთხვევაში – ნაკლებად მტრულს გახდიდა, პროგრამა მაქსიმუმს კი წარმოადგენდა მათი თბილისისაკენ შემოტრიალება.

მას შემდეგ უკვე თითქმის ათი წელი გავიდა და ქართული ხელისუფლება ამ გზიდან არ უხვევს. თბილისი ოსებისა და აფხაზებისთვის სულ უფრო მეტ საგანმანათლებო, ეკონომიკურ-სავაჭრო და სხვა ტიპის პროგამა-ინიციატივების შექმნას განაგრძობს. ზუსტად ამ ხაზის ნაწილს წარმოადგენს 2018 წელს გაცხადებული  „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“.

ამჟამად უკვე დარწმუნებით შეიძლება ითქვას – რეფერალური პროგრამა, რომლის მეშვეობითაც აფხაზები და ოსები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში უფასო სამედიცინო დახმარებას იღებენ, ამ ინიციატივებიდან ყველაზე წარმატებულია. 2014-2017 წლებში, საქართველოს საავადმყოფოებში მკურნალობა 2 650-მა ოსმა გაიარა.  2018 წლებში მაჩვენებელი მცირედად დაეცა და 342 ადამიანი შეადგინა.

თუ ამ ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს ავიღებთ, აღმოჩნდება, რომ მხოლოდ სამკურნალოდ თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე წელიწადში დაახლოებით 600 ადამიანი გადმოდის. გასათვალისწინებელია, რომ პროგრამით სარგებლობენ ძირითადად ძლიერ დაავადებული ადამიანები. ანუ ისინი მკურნალობენ ხანგრძლივად და მათ ახლავთ ან ოჯახის წევრები, ან ნათესავები. თუ აქაც საშუალოდ ვიგულისხმებთ ერთ ან ორ ადამიანს, გამოდის, რომ ჩამომსვლელთა რაოდენობა დაახლოებით 1500-ზე ადის. 

შესაბამისად, მხოლოდ სამკურნალოდ საქართველოში სამხრეთ ოსეთის ეთნიკურად ოსი მოსახლეობის 3,1 პროცენტი დადის. ეს იმ შემთხვევაში, თუ 2015 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერას მივენდობით, რომლის მიხედვითაც ეთნიკური ოსების რაოდენებამ 48 146 ადამიანი შეადგინა. სხვა, დამკვირვებლის ვარაუდით, გარე მოსახლეობა 25 000-ს არ უნდა აღემატებოდეს. ამ ციფრის შემთხვევაში პროცენტი 6-მდე აიწევს. 

ნათესაური კავშირები

საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის მეორე  მნიშვნელოვანი მოტივია ნათესაური კავშირები. საქმე ის არის, რომ კონფლიქტამდე საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე იმაზე მეტი ოსი ცხოვრობდა, ვიდრე სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საბჭოთა კავშირის ბოლო საყოველთაო აღწერის მიხედვით, 1989 წელს საქართველოში 164 055 ეთნიკური ოსი ცხოვრობდა, აქედან 98 823 -ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ფარგლებს გარეთ. ოსები დიდი რაოდენობით ცხოვრობდნენ თბილისში, გორში, ბაკურიანსა და მის მიმდებარე სოფლებში. ასევე, ქართლის, კახეთისა და მცხეთა-თიანეთის მრავალ სოფელში.  

მიუხედავად იმისა, რომ 90-იან წლებში ბევრ ოსს საცხოვრებლად ან ცხინვალში, ან ჩრდ. ოსეთში გადასვლა მოუწია (რაზეც ქართულ საზოგადოებაში დღემდე არ შემდგარა საგნობრივი საუბარი…), მნიშვნელოვანი ნაწილი საქართვლოში ცხოვრებას განაგრძობდა.  საქართველოში ჩატარებული 2002 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, საქართველოში ჯერ კიდევ 3, 028 ეთნიკური ოსი ცხოვრობდა. სამწუხაროდ, ამჟამად ოსური მოსახლეობის რაოდენობა, ისევე როგორც მთლიანობაში საქართველოს მოსახლეობის, სულ უფრო მცირდება და 2014 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით მათმა რიცხვმა  14 400 კაცი შეადგინა.

მიუხედავად კონფლიქტისა, სამხრეთ ოსეთსა და დანარჩენ საქართველოში მცხოვრებ ოსურ თემებს შორის კავშირი არ გაწყვეტილა.  ამასთანავე, რადგანაც ოსები ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის კარგად იყვნენ ინტეგრირებულნი (მაჩვენებლად შეგვიძლია ავიღოთ ქართული ენის ცოდნა, შერეული ქართულ-ოსური ოჯახების რაოდენობა და ა.შ.), ეს ურთიერთობები არასოდეს რჩებოდა ექსკლუზიურად შიდაოსური. 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განლაგებული სოფლების მნიშვნელოვანი ნაწილი – ეთნიკურად შერეული, ქართულ-ოსური სოფლებია, რაც, ბუნებრივია, ართულებს ცხინვალისა და მოსკოვის მცდელობას მინიმუმამდე დაიყვანონ ოსების კავშირები საქართველოსთან. მიუხედავად საფრთხისა, ადგილობრივები მაინც  დადიან ერთმანეთის ქორწილებში, დასაფლავებებზე და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებზე. უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დაკავებულთა უდიდესი ნაწილი სწორედ მოსახლეობის ამ სეგმენტზე მოდის. 

თბილისის მიზიდულობა

ცხინვალის რეგიონი გარშემორტყმულია დანარჩენი საქართველოთი და კავკასიონის ქედით. გარესამყაროსთან ცხინვალს მხოლოდ როკის გვირაბი აკავშირებს, რომლის რეაბილიტაციაც რუსეთის მიერ 2014 წელს მოხდა და 400 მილიონი დოლარიც დაიხარჯა (აღნიშნული თანხის რაოდენობა კარგად აჩვენებს, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია რუსეთისთვის, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრალურ საქართველოში დამატებითი რესურსების დროულად გადმოსროლა).

ცხინვალს ვლადიკავკაზამდე – რუსეთის პირველ დიდ ქალაქამდე-  170 კილომეტრი აშორებს და ამ გზის დაფარვა დაახლოებით სამ საათშია შესაძლებელი. სამაგიეროდ, პირველი ქართული ქალაქი – გორი, ცხინვალიდან ნახევარი საათის სიშორეზეა, ხოლო საქართველოს დედაქალაქი თბილისი- საათნახევრის სავალზე. ცხინვალიდან გორამდე 34, ხოლო თბილისამდე 114 კილომეტრია. ამასთანავე, ცხადია, რომ თბილისი და ვლადიკავკაზი სხვადასხვა მასშტაბის ქალაქებია. ბოლო წლებია თბილისში და მის შემოგარენში მრავალი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა – აშენდა ახალი აეროპორტი (სადაც სულ უფრო მეტი იაფფასიანი ავიაკომპანია იწყებს შემოსვლას), სავაჭრო ცენტრები, მოხერხდა ტურისტული პოტენციალის აღდგენა; თბილისი კულტურული და საგანმანათლებლო პროცესებში ჩართვის შესაძლებლობასაც იძლევა. ეს ყველაფერი თბილისს გრავიტაციის უპირობო ცენტრად აქცევს და გარკვეულ ინტერესს, როგორც ჩანს, ცხინვალის მოსახლეობაშიც იწვევს.

მიზიდულობის კონტექსტშივე შეგვიძლია განვიხილოთ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. უნიკალური სავაჭრო ჰაბის – ე.წ. ერგნეთის ბაზრობის კონტრაბანდასთან ბრძოლის საბაბით დახურვის მიუხედავად, სავაჭრო ურთიერთობები 2008 წლამდე და მას შემდეგაც შენარჩუნდა და სანამ სხვადასხვა პროდუქტებზე ფასთა შორის სხვაობა მნიშვნელოვანი იქნება, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცხინვალისკენ მათი გადინება კვლავ გაგრძელდება.  ამჟამად ეს პროცესი ახალგორის გავლით ხორციელდება, მომავალში შესაძლოა სხვა ფორმებიც გამოიძებნოს. ნებისმიერ  შემთხვევაში – თბილისს ამ მიმართულებით ფიქრის გაგრძელება ნამდვილად მართებს. 

რისი ეშინია ცხინვალს?

როგორც ზემოთ ვიხილეთ, ოსების დანარჩენ საქართველოში გადმოსვლას ძირითადად განაპირობებს  სამედიცინო დახმარების მიღების სურვილი. ასევე, ნათესაური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები. რეფერალური პროგრამის გარდა, სხვა მიზეზებით ჩამომსვლელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია, თუმცა გვაქვს სულ მცირე ერთი ინდიკატორი –  „საზღვრის“ კვეთისას დაჭერილთა სტატისტიკა (წლიურად დაახლოებით 500 ადამიანი). 

ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ცხინვალის აკრძალვას თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლასთან დაკავშირებით დაკავებულთა რაოდენობაზე რამოდენიმეჯერ მეტი არღვევს. ასე, რომ არ ყოფილიყო, ანუ დე ფაქტო კანონმდებლობის დამრღვევთა უმეტესობის პასუხისმგებლობაში მიცემა რომ ხერხდებოდეს, ისეთ მცირე საზოგადოებაში, როგორიც ოსურია, ამის შესახებ ცნობილი გახდებოდა და ამგვარი აქტივობა მინიმუმამდე შემცირდებოდა. 

შესაბამისად, მხოლოდ ამ ორი მონაცემის შეჯერებით (რეფერალური პროგრამის ბენეფიციართა და „საზღვრის უკანონოდ“ გადამკვეთთა სავარაუდო რაოდენობა) გამოდის, რომ ყოველწლიურად თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოდის სამხრეთ ოსეთის მცხოვრებელთა სულ მცირე 8-9 პროცენტი. და ეს ხდება აქტიური ბორდერიზაციის, დაკავებებისა და საქართველოს შესახებ სხვადასხვა დეზინფორმაციის სისტემატიური გავრცელების ფონზე.

დიდი ალბათობით, უფრო სრულყოფილი სურათი რუსულ და ოსურ მხარეებს გააჩნიათ და გატარებული პოლიტიკის სიხისტეც შექმნილ მდგომარეობას უკავშირდება. გადაადგილების თავისუფლებისადმი მოსკოვისა და ცხინვალის მიერ შედარებით ლიბერალური მიდგომის პირობებში, ხალხთა შორის ურთიერთობები, სავარაუდოდ, 2004 – წლამდე არსებულ ნიშნულს მალევე დაუბრუნდებოდა. ანუ ცხინვალის რეგიონი ეტაპობრივად გახდება საქართველოს ეკონომიკურ-სოციალური სივრცის ნაწილი.  როგორც ჩანს, მოსკოვისა და ცხინვალის მცდელობას, არ დაუშვას ადგილობრივი მოსახლეობის კავშირები საქართველოსთან, საფუძვლად ზუსტად იმის შიში უდევს, რომ ეკონომიკური, სოციალური და სხვა ტიპის ურთიერთობების აღდგენა გამოიწვევს მოსახლეობის განწყობების ეტაპობრივ ცვლილებას საქართველოს მიმართ.


დაზუსტებით იმის თქმა, თუ რამდენი ოსი გადმოდის თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე, რთულია. თუმცა ის კი ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს რაოდენობა არცთუ მცირეა და მას აღმავალი ხასიათი გააჩნია. 2008 წლის ტრავმა არსად არ წასულა, თუმცა, როგორც ჩანს, ხალხთა შორის ურთიერთობების ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაწყებულია. ამ ფონზე სასურველია, ცხინვალისა და მოსკოვის იზოლაციონისტურ პოლიტიკას თბილისმა დაუპირისპიროს მაქსიმალური ღიაობა. ნებისმიერი ესკალაცია, თუნდაც მცირედი ინციდენტები, ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებსა და ჩვენს ხელთ არსებულ ერთადერთ იარაღს – „მშვიდობის მოგების“ სტრატეგიას.

რისთვის და რამდენი ოსი გადმოდის დანარჩენ საქართველოში და რისი ეშინია ცხინვალს?! Read More »

ათი წელი აგვისტოს ომიდან: პრაგმატული ოსები, იმედგაცრუებული აფხაზები, „არაპროგნოზირებადი“ რუსები და ჩვენ, ქართველები

2008 წლის აგვისტოს ომის ათი წლის თავზე საქართველო კიდევ უფრო დაშორდა აფხაზეთსა და ოსეთს, რუსეთი – საქართველოს, აფხაზეთი –  დამოუკიდებლობას. ალბათ სამხრეთ ოსეთი ერთადერთია, რომელიც საკუთარ ნაიცონალურ პროექტს – გახდეს რუსეთის ფედერაციის ნაწილი, უფრო მიუახლოვდა, ვიდრე დაშორდა. ამასთანავე, 2008 წელმა და თანმდევმა საშინაო და საგარეო პოლიტიკურმა მოვლენებმა, ერთი სიახლე ნამდვილად მოიტანა – კერძოდ, მხარეებმა საბოლოოდ გააცნობიერეს, რომ კონფლიქტი განგრძობით ხასიათს ატარებს და სტატუს-კვოს კიდევ ერთხელ შესაცვლელად არავინაა მზად.

ნაციონალები, ოცნება და “პაატა”- ანუ რატომ არ იცვლებიან ქართველები?!

საქართველოს გაცხადებული მიზანი იყო და რჩება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა; თუმცა, 2008 წლის შემდგომ, საკითხის „ქართულად“ გადაჭრის პერსპექტივა ფრიად ბუნდოვანი გახდა. ომის შემდგომ, სამხრეთ კავკასიაში, ხოლო მოგვიანებითმთიანად პოსტ-საბჭოთა სივრცეში(უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე),   ძალთა ბალანსი, რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა. ქართულ-ოსური და ქართულ-აფხაზური ურთიერთობების „მოგვარების“ სამხედრო ვარიანტი, ქართველებმა თაროზე შემოდეს; დარჩა ერთადერთი გზა – მშვიდობის მოგება, ანუ საკუთარი ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის გაძლიერება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ხელსაყრელი საერთაშორისო გარემოს პირობებში, რაიმე იმგვარის შეთავაზება აფხაზებისა და ოსებისთვის, რაზეც უარის თქმა ფრიად გაჭირდებოდა.

ვერ ვიტყვით, რომ  ქართული პოლიტიკური ელიტისა და საზოგადოებისთვის, ეს გზა სრულიად ახალი იყო – 2008 წლამდეც, თბილისს კონფლიქტის დარეგულირების არაერთი სამშვიდობო ინიციატივა ჰქონდა; სამწუხაროდ მოუთმენლობა, რომელიც ყველა საქმის უპირველესი მტერია, ხოლო კონფლიქტებში დამღუპველი – ქართველთა ინიციატივების განუყრელი თანმდევი იყო.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ომიდან სულ რამოდენიმე კვირის თავზე, ჩვეული შეუპოვრობით იმუშავა და მალევე, კანონმდებლობისა (კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ) და მოგვიანებით, პოლიტიკის დოკუმენტების შეიმუშავა. . მრავალი საინტერესო იდეისა და შესაძლებლობის მიუხედავად, რომელთაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობდა  აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთში მცხოვრებ მოსახლეობას, სტრატეგიამ ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ იმუშავა; რაც ბუნებრივი და გასაგებიც იყო – გარდა იმისა, რომ ქართული ტექსტების ტერმინოლოგია (ოკუპაციის მუდმივი რეფერირება და სხვა), როგორც სოხუმისთვის, ასევე ცხინვალისთვის მიუღებელი იყო, მხარეებს აკლდათ მთავარი – ერთურთის ნდობა.

შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ „ქართულ ოცნებას“, ფრიად რთული მემკვიდრეობა ერგო. გარკვეული ოპტიმიზმი, პაატა ზაქარეიშვილის რეინტეგრაციის მინისტრად დანიშვნამ გააჩინა (მოგვიანებით სამინისტროს სახელი გადაერქვა). იგი, კონფლიქტების თემატიკაზე, სამოქალაქო სექტორიდან მრავალი წელი მუშაობდა და გამოირჩეოდა თავისი გამბედავი, ლიბერალური ინიციატივებით. პაატა ზაქარეიშვილისა  და როგორც ჩანს, მაშინდელი მმართველი გუნდის, ხედვა შემდეგ დაშვებას ეყრდნობოდა: თუ საქართველო მოახერხებდა ქართულ-რუსული ურთიერთობების შედარებით ნორმალიზაციას და პოლიტიკური დაძაბულობის დაწევას, მაშინ, პარალელურ რეჟიმში, მოხერხდებოდა ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური თანამშრომლობის წარმართვაც; იგულისხმებოდა, რომ რუსეთი, საერთაშორისო დონეზე ნაკლებად „ხმამაღალი“ და ზოგადად კონსტრუქციული საქართველოს პირობებში, ამ ურთიერთობებს ხელს არ შეუშლიდა; ან ნაკლებად შეუშლიდა. პარადოქსულია, მაგრამ თბილისში თითქმის არ ფიქრობდნენ, იმაზე თუ რა ინტერესი უნდა ჰქონოდა მოსკოვს ქართულ-აფხაზურ-ოსურ დაახლოებაში? ქართველთა გულუბრყვილობა განსაკუთრებით გასაკვირი ხდება, რუსეთის უზომოდ პრაგმატული და ცინიკური საგარეო პოლიტიკის ფონზე; ვრცლად რუსეთის ინტერესებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

რუსეთის ინტერესების არასწორ ინტერპრეტაციას, არახელსაყრელი საერთაშორისო მოვლენებიც დაემთხვა. საგარეო დონეზე საქართველოს პოლიტიკის ძირითადი მსაზღვრელი, უკრაინაში განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა; ყირიმის ანექსიამ და რუსეთის სამხედრო აქტივობებმა აღმოსავლეთ უკრაინაში,  დაძაბა საერთაშორისო კონტექსტი. ხოლო,  რუსეთ-დასავლეთის დაპირისპირების ფონზე, თბილისი რაიმე სახის მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოერიდა – გაუგებარი შეიქმნა სავარაუდო რეაქციები მოსკოვიდან, ვაშინგტონიდან, თუ ბრიუსელიდან.

სიახლეების მოწინააღმდეგეთა ბანაკი, შიგნითაც ბევრად უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ახალ მინისტრს, მრავალი ოპონენტი გამოუჩნდა, როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელმწიფო ინსტიტუციებსა და საკუთრივ ქართული ოცნების მინისტრთა კაბინეტშიც. „კონსერვატორებისთვის“ გაუგებარი იყო, რა შედეგების მოტანა შეეძლო პირდაპირ დიალოგს აფხაზებთან და ოსებთან; მაშინ როდესაც პროცესებზე რეალური გავლენის მოხდენა, მათი აზრით, მხოლოდ მოსკოვს შეეძლო, ხოლო დიალოგსა და პირდაპირ კონტაქტებს, შესაძლოა სოხუმისა და ცხინვალისთვის დამატებითი ლეგიტიმაცია შეეძინა.

პარადოქსულია, მაგრამ პირდაპირი ურთიერთობების დამყარების პერსპექტივას, არც სოხუმი და ცხინვალი გამოხმაურებია განსაკუთრებული ენთუზიაზმით; პაატა ზაქარეიშვილის განცხადებების ადრესატები, ძირითად, საკმაოდ  თავშეკავებულნი იყვნენ.

საბოლოოდ ქართული ოცნება ფრთხილ, შეიძლება ითქვას ზედმეტადაც, მოზომილ პოლიტიკას დაადგა, რომელიც შემდეგ ძირითად მიმართულებებს მოიცავს: რუსეთის ზომიერ კრიტიკას საერთაშორისო არენაზე, ოკუპაციის თემის აქტუალიზაციას და მის გამყარებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის დონეზე, არაღიარების პოლიტიკის აქტიურ გატარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მცირე ნაბიჯებს აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში. ეს შეთავაზებები, საკუთარი არსითა და ფორმით, ხშირ შემთხვევაში იმდენად დაბანსებულია, რომ არც პოლიტიკურ ოპოზიციაში, არც სოხუმში, არც ცხინვალში და ასე განსაჯეთ, არც მოსკოვში, განსაკუთრებულ გაღიზიანებას არ იწვევს. ყველასათვის გასაგებია, რომ ისინი სტატუს-კვოს (ყოველ შემთხვევაში დღეს) –  არაფრით ემუქრება.

ალბათ, განსაკუთრებულ ცვლილელებს არც მომავალში უნდა ველოდოთ, მითუმეტეს, რომ ამომრჩეველებს შორის ქართული ოცნების მხარდაჭერა, ექვსი წლის თავზე, მნიშვნელოვნად შემცირდა; კონფლიქტები, მრავალი მოუგვარებელი სოციალური საკითხის ფონზე, ქართველთა ყოველდღიურობაში სულ უფრო მცირე ადგილს იკავებს; აფხაზთა და ოსთა მოსახიბლ ქვეყანამდეც ჯერ შორია და არც საერთაშორისო კონიუქტურა იძლევა განსაკუთრებული ოპტიმიზმის საფუძველს.

საბოლოო ჯამში, ქართველებს მუდმივად ეშინიათ გადადგან ნაბიჯი და დაუშვან შეცდომა, რათა ამით არ დააჩქარონ აფხაზეთისა და ოსეთის აღიარება/დაკარგვა; თუმცა, მოგვიანებით უფრო დიდ დათმობებზე უწევთ წასვლა. დროა ეს გამოცდილება, ცოდნად ვაქციოთ.

“არაპროგნოზირებადი” რუსეთი

ჩვენ, ქართველების უმეტესობას, არ მოგვწონს რუსეთის მიდგომები, თუმცა ის რასაც რუსეთი, ბოლო ათი წელია აკეთებს თბილისთან, სოხუმთან და ცხინვალთან მიმართებაში სრულიად ეწერება იმ საგარეო ლოგიკაში, რომელსაც იგი პოსტ-საბჭოთა სივრცეში და უკვე მის მიღმაც, მისდევს. ნატოს და ევროკავშირის არ შეშვება ახალ ტერიტორიებზე და საკუთარი გავლენის აღდგენა, ყველგან, სადაც ამის საშუალებას ადგილობრივი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტებისა და სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე იძლევა – არის ის პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი თანმიმდევრულად და საკმაოდ წარმატებით ატარებს; ამასთანავე, როგორც საქართველოსა და უკრაინის შემთხვევებმა ცხადჰყვეს, ამ გზაზე იგი ნებისმიერ მეთოდს იყენებს – ოკუპაციიდან დაწყებული, ანექსიით დამთავრებული.

პირველ ნაწილში, ანუ საქართველოს “არ გაშვებაში”, რუსეთი ნაწილობრივ წარმატებულია – ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა, ბუქარესტის სამიტიდან ათი წლის თავზე, კვლავ ბუნდოვანია; ევროკავშირის წევრობაც შორსაა. თუმცა, ერთია დე-იურე და მეორეა ფაქტობრივი სიტუაცია – დღეს საქართველოში ბევრად უფრო მეტი ნატო და ევროკავშირია, ვიდრე 2008 წელს და პირიქით.

უცნაურია, მაგრამ მეტი ნატოსა და ევროკავშირის ფონზე, დღეს საქართველოში მეტი რუსეთიცაა – ეკონომიკური ურთიერთობები, ტურისტების რაოდენობა, კულტურულ-ჰუმანიტარული კონტაქტები, ყველა ეს მიმართულება მზარდია; გაჩნდნენ პოლიტიკური პარტიებიც, მათ შორის საქართველოს პარლამენტშიც, რომელთა რუსეთისადმი დამოკიდებულება უფრო დადებითია, ვიდრე უარყოფითი.

ზუსტად ამიტომ, რუსეთი არც თბილისთან, არც სოხუმთან და არც ცხინვლათან მიმართებაში მკვეთრ ნაბიჯებს არ გადადგამს. საქართველო, 2008 წლის ომმა, რუსეთს დააშორა, მაგრამ არა იმდენად, რომ იგი საბოლოო დაკარგულად ჩაითვალოს; შესაბამისად, არც ოსეთის და მითუმეტეს აფხაზეთის, ანექსია მალე არ მოხდება, მათი საქართველოზე ზეწოლის პოტენციალი, ჯერ, სრულად, არ ამოწურულა; და თუ რუსეთი, ოდესმე,  ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ ურთიერთობებს არ შეეწინაღმდეგება, ეს მხოლოდ საქართველოს რუსეთის ორბიტაზე დაბრუნების კონტექსტში მოხდება.

რა ხდებოდა აფხაზეთში?

2008 წლის ქართულ-რუსული ომის შედეგმა, განსაკუთრებით კი აფხაზეთის რუსეთის მხრიდან აღიარებამ – ადგილობრივ ელიტებში და ზოგადად საზოგადოებაში, დიდი აღფრთოვანება და ენთუზიაზმი გამოიწვია. თითქოსდა საქართველოს საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნას, აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის განუხრელი განვითარება უნდა მოჰყოლოდა. მაშინ ცოტა თუ ფიქრობდა იმაზე, თუ რამდენად შეძლებდა აფხაზური ელიტა – სახელმწიფოებრიობის “აწევას”; იყო კი მზაობა კორუფციასთან, ნეპოტიზმთან, კრიმინალთან, კლანურობასთან და სხვა მრავალ, თითქმის ენდემურ, მოვლენასთან, ბრძოლისთვის?! აღარაფერს ვამბობ ისეთ გამოწვევასთან  გამკლავებაზე, როგორიც შეიძლება იდგეს საზოგაოების წინაშე, რომლის მხოლოდ მესამედია სახელწიფოებრიობის იდეისადმი ლოიალური – ქართველები და სომხები, როგორც აღიარებამდე, ასევე აღიარების შემდგომ, აფხაზურ პროექტში თავს დიდად ვერ ხედავდნენ; აფხაზებს ამისთვის ბევრი არც არაფერი გაუკეთებიათ, უფრო პირიქით.

მიუხედავად ხელისუფალთა ცვლისა, არსებულმა პოლიტიკურ-საზოგადოებრივმა ელიტებმა, ვერცერთი ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევა ვერ დაძლიეს; მეტიც, კრიმინალმა და კორუფციამ, განსაკუთრებით რაულ ხაჯიმბას მმართველობის პირობებში, შეუქცევადი და აღმავალი ხასიათი შეიძინა; ამასთანავე 2014 წელს, საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირებული ხელშეკრულების ფონზე, საქართველოს დასჯის საბაბითა და აფხაზეთში საკუთარი გავლენის გაზრდის მიზნით, რუსეთმა  აფხაზეთთან „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის“ შეთანხმება გააფორმა.

შედეგად რუსეთის ისედაც უზარმაზარი გავლენა, ამ ათი წლის განმავლობაში, ეტაპობრივად აბსოლუტურ კონტროლში გადაიზარდა; ყოველ შემთხვევაში ყველაფერი აქეთკენ მიდის. მართალია მოვლენათა ამგვარი განვითარება ფრიად აღიზიანებს ადგილობრივებს, თუმცა ეს გაღიზიანება ვერა და ვერ გადაითარგმნა პოზიტიურ ძალისხმევაში – სახელწიფოებრიობის, ინსტიტუტების, ეკონომიკის და სხვა დარგთა მშენებლობაში; რაც ბუნებრივია შეამცირებდა სოხუმის მოწყვლადობას მოსკოვთან მიმართებაში.

თბილისში სწუხან, მრავალი მაღალჩინოსანი აცნობიერებს, რომ საკუთარ სახელწიფოებრივ იდეაში იმედგაცრუებული აფხაზეთის ტრანსფორმაცია სამხრეთ ოსეთად, მხოლოდ და მხოლოდ დროისა და ტექნიკის ამბავია. მაგრამ, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე, „აღიარების პარანოია“, ანუ შეცდომების დაშვების შიში – საქართველოს გაბედულ ქმედებებს, აგერ უკვე ოცდახუთი წელია აფერხებს. 

რა ხდებოდა სამხრეთ ოსეთში?

საკუთარ შესაძლებლობებს, ჩამოთვლილთა შორის, ყველაზე ადექვატურად ოსები აფასებენ – დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას, ცხინვალში ყოველთვის „ორი ოსეთის“ გაერთიანებას ამჯობინებდნენ. ამ ორ იდეას შორის ჭიდილი, დიდხანს მიდიოდა, თუმცა ბოლო დროს, უნიონიზმი დომინანტ პოლიტიკურ ნარატივად იქცა.

2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთიდან წამოსული ფინანსური რესურსების, ჯერ კიდევ გაუგონარი უყაირათობით ხარჯვის ფონზე, ადგილობრივი  პოლიტიკური კლანების, გეოგრაფიული მდებარეობისა და არსებული დემოგრაფიული მდგომარეობის პირობებში, დამოუკიდებელ ოსეთზე საუბარი ოსური საზოგადოებაში სულ უფრო ნაკლებ პოპულარული გახდა. სწორედ რუსეთთან გაერთიანების ლოზუნგით, მოიგო საპარლამენტო და შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნები დე-ფაქტო პრეზიდენტმა – ანატოლი ბიბილოვმა.

და რადგან, ჯერჯერობით რუსეთი ოსეთის ანექსიას, თითქოსდა არ აპირებს – იძულებითი დამოუკიდებლობა, უახლოეს მომავალში, ერთადერთ პერსპექტივად რჩება.

დასკვნის მაგიერ

ჩვენი საქმეები ვერაა მთლად კარგად, მაგრამ შეიძლებოდა უარესადაც ყოფილიყო; ვისაც არ სჯერა ჩემი, შეუძლია ჩამოვიდეს თბილისში და გაიხედოს აღმოსავლეთით – ყარაბაღის, დასავლეთით – უკრაინის, განსაკუთრებით ურწმუნოებმა კი სამხრეთით – სირიის, მიმართულებით. თუმცა, გვერდებზე ყურებას, ალბათ ჯობია გავაგრძელოთ საუბარი – ჟენევაში, თბილისში, სოხუმში, ცხინვალში და თუ საქმეს წაადგება – მოსკოვში, ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც.

ათი წელი აგვისტოს ომიდან: პრაგმატული ოსები, იმედგაცრუებული აფხაზები, „არაპროგნოზირებადი“ რუსები და ჩვენ, ქართველები Read More »

რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ბევრის აზრით, ამ ცვლილებას შეეძლო, ქვეყანა დასავლური კურსიდან  გადაეხვია და რუსული გავლენისაგან დაუცველი გაეხადა. ეს ხუთი წელიწადი მთელს მსოფლიოში, მათ შორის – სამხრეთ კავკასიაშიც, რუსული “რბილი ძალის” მომძლავრებით აღინიშნა; თუმცა, ადგილობრივად ამ რბილ ძალას შეზღუდული ძალა აქვს და გამოკვეთილი გავლენის მიღწევას ვერ ახერხებს. ამ სტატიის მიზანია რუსული ძალის აქამდე არსებული მიღწევების, შეზღუდვებისა და სამომავლო საფრთხეების გაანალიზება საქართველოს პერსპექტივიდან.

რუსული რბილი ძალის შედეგები

2017 წლის მაისში საქართველომ მიიღო თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი (ინგლ. Strategic Defense Review), სადაც რუსეთის რბილი ძალა ოფიციალურად იქნა აღიარებული ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად საფრთხედ. სახელმწიფო სტრატეგიაში  ამის შესახებ ოფიციალურად პირველად იქნა განცხადებული, და, მაშასადამე, შეიძლება, იმ ქმედებათა შედეგად ჩაითვალოს, რასაც რუსული პროპაგანდა და რუსული გავლენა ახორციელებს უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში.

საქართველოში მომძლავრებული რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი სერიოზული გამარჯვება იყო ევროსკეპტიკური პოლიტიკური პარტიების გააქტიურება, რომლებიც, შესაძლოა, სრულად პრორუსული განწყობის ძალები არ არიან, მაგრამ მოსკოვთან მჭიდრო ურთიერთობის იდეას კი ემხრობიან. ეს, ერთი მხრივ, სრულად შეესატყვისება რუსეთის რბილი ძალის უცხოეთში სამოქმედო პოლიტიკას, რადგან  საერთაშორისო დონეზე რუსული პოლიტიკა სამიზნე ქვეყნებში არსებული ზოგი პრობლემისა თუ დაძაბულობის წარმოჩენას ისეთი გადაჭარბებით  ცდილობს, რასაც დემოკრატიისა და დასავლეთისადმი ნდობის შერყევა  შეიძლება მოჰყვეს.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს საქართველოში “პატრიოტთა ალიანსმა” საარჩევნო ზღვარი გადალახა, პარლამენტში ექვსი ადგილი მოიპოვა, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში – ერთი ადგილი. ბევრის გასაკვირად, აჭარის უმაღლეს საბჭოში საკუთარი წარმომადგენლის გაყვანა ნინო ბურჯანაძის პარტიამ, “ერთიანმა საქართველომაც” მოახერხა. უნდა ითქვას, რომ ამ რეგიონს, ტურისტული მიმზიდველობის გარდა, საკუთარი, გამორჩეული იდენტობა აქვს, რაც, შესაძლოა, რუსული გავლენის აქ  გასაძლიერებლად ხელშემწყობი ფაქტორიც აღმოჩნდეს, თუმცა, ამ პრობლემაზე ქვემოთ უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ. ლეგიტიმაციის მინიჭება იმ ანტიდასავლური პარტიებისათვის, რომლებსაც მოსკოვთან უშუალო კავშირი აქვთ, სწორედ ისაა, რისკენაც რუსეთი ასე “ოპერატიულად” მიისწრაფის ევროპასა და პოსტსაბჭოთა სივრცეში.

რუსეთის რბილი ძალის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და ხილული გავლენის ნიშანია მისი ანტიდასავლური, ტრადიციონალისტური და მესიანური იმიჯის დამკვიდრება საქართველოში, რასაც თან ახლავს რუსეთთან საუკუნოვანი რელიგიური და კულტურული კავშირების ხაზგასმა. ამ თვალსაზრისით, რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი აგენტი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა, რომელიც ქვეყანაში კონსერვატიზმის ფორპოსტად  რჩება და თან მოსახლეობის დიდი ნაწილის ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს. თუმცა, გავრცელებულია აზრი, რომ ეკლესიაში არსებული პროდასავლური ხაზი, ასე თუ ისე, პრორუსული მიმართულების საპირწონე ძალის როლს ასრულებს, რის წყალობითაც ხსენებული ინსტიტუცია იმაზე ნაკლებადაა რუსული გავლენისადმი მიდრეკილი, ვიდრე,  შესაძლოა, გარედან ჩანდეს.

ამას გარდა, საქართველოში ასპარეზი ჰპოვა დასავლეთის იმგვარმა აღქმამ, რომლის თანახმადაც მსოფლიოს ეს ნაწილი ზნეობრივ ხრწნას განიცდის. საქართველოში, გამოკვეთილად მასკულინური კულტურის ქვეყანაში, პუტინის, როგორც ძლიერი, გაბედული ლიდერის იმიჯი რუსეთის პოზიტიურ აღქმას უწყობს ხელს, რომელიც მას ქართული ტრადიციებისა და კულტურის უცხოური საფრთხისაგან დამცველად წარმოაჩენს.

ზემოთ მოტანილი მიღწევების მიუხედავად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ძალისხმევა საქართველოში პრორუსულზე მეტად ანტიდასავლური განწყობების დამკვიდრებაზეა მიმართული და ამგვარად რბილი ძალა აქ პროპაგანდითა და შეზღუდული მასშტაბის ქმედებებით შემოიფარგლება, რასაც სტატიის მომდევნო ნაწილში შევეხები.

რუსული რბილი ძალის შეზღუდვები

მოსაზრება, რომ რუსეთის რბილი ძალა საწადელს აღწევს, ახალი არ არის – არც დანარჩენი მსოფლიოსთვის, არც  თვით მოსკოვისთვის. სიტყვებსა და ქმედებებს შორის სერიოზული შეუსაბამობა  მნიშვნელოვნად უშლის ხელს სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით  კი – საქართველოში იმის დაჯერებას, რომ კრემლის ინტერესი რეგიონისადმი წრფელია და უანგარო. ამას გარდა, ეკონომიკური თუ ნორმატიული თვალსაზრისით, რუსეთი იმდენად ძლიერი სახელმწიფო არ არის, რომ დასავლეთის ალტერნატივად წარმოჩინდეს, რაც მას კიდევ უფრო ნაკლებად მიმზიდველს  ხდის.

საქართველოში რუსული რბილი ძალის ზემოქმედებისათვის უმთავრესი შემზღუდავი ფაქტორი, უპირველეს ყოვლისა, ამ ქვეყნის მიერ დღემდე წარმოებული სამხედრო ოკუპაციაა, რომელიც არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. 2008 წლის რუსულ-ქართული ომი და მისი მძიმე მემკვიდრეობა, რომელიც საზღვრების პერმანენტულ გადმოწევაშიც ვლინდება, რუსეთს იმპერიულ სახელმწიფოდ და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობის საფრთხედ წარმოაჩენს, რაც შეუძლებელს ხდის მოსკოვის ქმედებები სანდოდ იქნეს მიჩნეული.

ამასთან, ქართველები რუსეთს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად აღიქვამენ, რადგან ორი მოუგვარებელი კონფლიქტი მის ფინანსურ სტაბილობას მუდმივი რისკის ქვეშ აყენებს.  მედია და პოლიტიკური პარტიები ყოველდღიურად აახლებენ რუსეთის საფრთხისშემცველ იმიჯს, რაც პრაქტიკულად აღარ ტოვებს სივრცეს მისდამი სიმპათიისათვის, ამის გამო, მოსკოვის ყველა ძალისხმევა საქართველოს მიმართ სრულიად არარელევანტური ხდება.

მეორე შეზღუდვა, რომელიც რუსული რბილი ძალის გავლენის შეკავებას იწვევს, მისი დაბალი კონკურენტუნარიანობაა. აშშ-სა თუ ევროკავშირის მიერ საქართველოში დახარჯული ფინანსური, პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსები ძალიან ასიმეტრიულად გამოიყურება რუსეთის შესაბამის მცდელობებთან შედარებით. დასავლეთი საქართველოს მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს  სამოქალაქო,  პოლიტიკის, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში, რისი თქმაც რუსეთის შემთხვევაში რთულია.

როგორც ჩანს, ეს ტენდენცია გაგრძელდება და მეტადაც კი გაძლიერდება, მით უფრო, ყველა იმ შესაძლებლობის გათვალისწინებით, რომელსაც საქართველო ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მეშვეობით იღებს.  უკანასკნელ წლებში ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც კი ეკონომიკურად რთულ მდგომარეობაში არიან, რომლებიც   საქართველოში  კრემლის პოლიტიკის აქტიური მხარდამჭერები იყვნენ.

ამ ორგანიზაციებზე ბევრი თქმულა და დაწერილა, მაგრამ მათი ფუნქციონირებიდან რამდენიმე წლის თავზე ამ ორგანიზაციების უმრავლესობა სრულიად არაეფექტური გამოდგა – მათ ვერც საზოგადოების დამოკიდებულებებისა და შეხედულებების შეცვლა მოახერხეს და ვერც სოციალურ-პოლიტიკური წონის შეძენა. ეს ნათლად მოწმობს, რომ რუსეთი მაინც ვერ ახერხებს საზღვარგარეთ თავისი ადრეული სამოქალაქო საზოგადოების “ექსპორტს”. ეს, საბოლოო ჯამში, რუსეთს ძალზე ურთულებს შეაღწიოს ქართულ ელიტაში. თანამედროვე ქართული ელიტა უმთავრესად დასავლეთში განათლებამიღებული ახალგაზრდებისგან შედგება, რომელთაც მოსკოვის ფრთის ქვეშ ცხოვრების არც ნოსტალგია აქვთ და არც სურვილი. ამ არგუმენტის ერთ-ერთი ძირითადი ინდიკატორი კვლევებია, რომლებიც გვიჩვენებს, რომ რუსული მედიის ბოლოდროინდელი გამოცოცხლებისა და ქართულენოვანი საიტების მომრავლების მიუხედავად, ახალგაზრდა თაობაში რუსეთისდამი დამოკიდებულება მეტწილად ნეგატიურია, ან – ნეიტრალური.

 ერთადერთი კატეგორია, ვინც  რუსულმა პროპაგანდამ მის სასარგებლოდ  შეიძლება გამოიყენოს,  ხანდაზმული ადამიანებია, ვისაც რუსეთთან ენობრივი (თუმცა რუსეთიდან მომავალ ტურისტულ ნაკადთან ერთად საქართველოში რუსული ენაც ბრუნდება) და   პირადი ურთიერთობები აკავშირებს. თუმცა, ამ ასაკობრივი ჯგუფიდან რუსეთის მცდელობები  ყველასთვის სულაც არაა მისაღები. ამდენად, მომავალში რუსეთის გავლენა ამ კატეგორიაშიც კიდევ უფრო შესუსტდება, რადგან უფროსი თაობის ახალგაზრდებით ჩანაცვლება მნიშვნელოვნად შეამცირებს ქვეყანაში მის მხარდამჭერებს.

ზემოთ მოტანილი შეზღუდვების გარდა, საქართველოში და ასევე რეგიონშიც, რუსული რბილი ძალის ზეგავლენას  არსებით დაბრკოლებას უქმნის რუსეთის ეკონომიკის არასტაბილურობა და სისუსტე, რაც დასავლური ყაიდის განვითარების ალტერნატივად ვერ გამოდგება. საქართველო, სადაც სიღარიბის მაღალი პროცენტული მაჩვენებელია, ისეთი მოდელისკენ მიისწრაფის, რომელიც მის სოციალურ სიდუხჭირეს აღმოფხვრის, ხოლო ის, რომ რუსეთს, ზედმიწევნით კორუმპირებული და არაეფექტიანი სისტემის მქონე ქვეყანას, ამ მხრივ შემოსათავაზებელი არაფერი აქვს, ყველასათვის გასაგებია. უკრაინის კრიზისმა, რუსეთისათვის უხვად დაწესებული სანქციების სპექტრმა და ნავთობის ფასების ვარდნამ ეს არგუმენტი ქართულ საზოგადოებაში ხელახლა გააძლიერა.

სამომავლო საფრთხეები

ის ფაქტი, რომ საქართველომ ოფიციალურად აღიარა რუსული რბილი ძალა სერიოზულ საფრთხედ მისი უსაფრთხოებისათვის, გვაფიქრებინებს, რომ თბილისი ადგილობრივ საზოგადოებაში პოტენციური განხეთქილების ნიშნებს ხედავს, რომელთა გამოყენება რუსეთს საკუთარ ინტერესებისთვის შეუძლია.

ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებით დასახლებული რეგიონები შეიძლება  რუსეთის რბილი ძალისთვის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ჯგუფიგახდეს. თავისი ინტერესების ამოქმედება რეგიონებში, სადაც  ცენტრის მიმართ სერიოზული უკმაყოფილება არსებობს, შეიძლება მანიპულაციის ეფექტურ ინსტრუმენტად იქცეს. 90-იანი წლების სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ეს უკვე ვნახეთ; ახლა უკრაინაშიც იმავე პროცესის მომსწრენი ვართ. ამ თვალსაზრისით ორი რეგიონია აღსანიშნავი: ჯავახეთი და აჭარა. პირველი რეგიონი ეთნიკური სომხებითაა დასახლებული და სომხეთის უფრო ახლოს ინტეგრირებამ  რუსულ ეკონომიკურ თუ უსაფრთხოების პროექტებში, შესაძლოა გამოძახილი ჰპოვოს ამ რეგიონში და პრორუსული განწყობები გააღვივოს. მეორე, აჭარა,  კი ის რეგიონია, რომელსაც, ასე თუ ისე, გამოკვეთილი იდენტობა და ავტონომიის ფიქტიურად შენარჩუნებული სტატუსი აქვს.

2017 წლის მარტში ბათუმის სპონტანური ძალადობრივი საპროტესტო გამოსვლები, რაც ადგილობრივ მოსახლეობაში პოლიციის მიმართ უკმაყოფილებამ გამოიწვია, იმის თვალსაჩინოება იყო, როგორი არაეფექტურია თბილისსა და ბათუმს შორის ხელისუფლების ამჟამინდელი გადანაწილება, რაც კრიზისულ ვითარებაში განსაკუთრებით საგრძნობია; აშკარად გამოჩნდა ისიც, თუ რამდენად მყიფეა, ზოგადად, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა. თუმცა, აჭარის რეგიონში თურქეთის მომძლავრებული გავლენა, შესაძლოა, რუსული რბილი ძალისათვის მთავარ პრობლემად და პოტენციურ სამიზნედაც ჩაითვალოს. რეგიონის ისტორიული მეხსიერებისა თუ საგარეო აქტორების ინტერესთა გათვალისწინებით, აჭარაში საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას სიფხიზლე და, ზოგადად, აჭარის რეგიონისათვის მეტი მხარდაჭერა ჰმართებს. 

საქართველოს გარკვეულ სოციალურ ჯგუფებში მომძლავრებული ქსენოფობიური და შოვინისტური განწყობები, შესაძლოა, რუსეთისათვის კარგ ინსტრუმენტად იქცეს ქვეყანაში ანტილიბერალური და ანტიგლობალური პროპაგანდისტული ომის საწარმოებლად.

2017 წლის ივლისში მოწყობილმა “ქართველთა მარშმა” ათასობით რადიკალი ნაციონალისტი გააერთიანა ქვეყნის მასშტაბით. მეორე მხრივ, ამ გამოსვლების ორგანიზატორები თავიანთი პრორუსული განცხადებებით არიან ცნობილნი, რამაც სერიოზული ეჭვები და შეშფოთება გამოიწვია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს პროცესები, შესაძლოა, მოსკოვის ჩარევით და მისი მხარდაჭერით იქნა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ სოციალური სიდუხჭირისა და აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ტურისტების მზარდი შემოდინების ფონზე ეს განწყობებიც მომძლავრდება და პოლიტიკური დებატის სერიოზულ ნაწილად იქცევა; შესაბამისად, მთავრობას ამ ასპექტშიც სიფხზილის შენარჩუნება მოეთხოვება.

პოტენციური რისკის შემცველი კიდევ ერთი ზონა კვლავაც ქართული მართლმადიდებლური ეკლესიაა. ეგრეთ წოდებული  “ციანიდის საქმე”, რომელიც ერთ-ერთი მღვდლის მიერ პატრიაქის მდივნის მოწამვლის სავარაუდო მცდელობის გამო აღიძრა, საპატრიარქოში არსებული სიტუაციის თვალსაჩინოებაა. წინა წლებშიც გამოჩნდა, რომ ეკლესიის წიაღში სხვადასხვა ჯგუფებს შორის საკმაოდ მძაფრი კონფლიქტია და ეს ჯგუფები უკვე მომდევნო შესაძლო კათალიკოს-პატრიარქის წინაშე ცდილობენ პოზიციათა გამყარებას. ამ ეტაპზე საკმაოდ რთულია სამომავლო სურათის განჭვრეტა, მაგრამ სრულიად ნათელია, რომ დაპირისპირებული მხარეები მხარდაჭერას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთაც ცდილობენ, რაც, საფიქრებელია,  რუსეთის გავლენას კონფლიქტის იმ მხარეზე გაზრდის, რომელიც რუსეთისადმი სიმპათიას გამოხატავს, ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანია, საქართველოს მთავრობამ, სამოქალაქო საზოგადოებამ და მედიამ ყურადღებით ადევნონ თვალი განვითარებულ პროცესებს, რომლებსაც შეუძლია, ქვეყანაში რადიკალურად შეცვალოს ვითარება.

დასკვნა

რუსეთის რბილი ძალა საქართველოში არსით იგივეა, რაც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მაგრამ სრულიად განსხვავებულ გარემოში უწევს მოქმედება. რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ოკუპაციისა და ანტირუსული განწყობების ფართოდ გავრცელების გამო, მოსკოვს ქვეყანაში მხოლოდ მცირემასშტაბიანი მოქმედებებისთვის აქვს ასპარეზი დარჩენილი, შესაბამისად, იმ ქართველების გულსა და გონებაში შესაღწევად, ვინც რუსეთთან კავშირს პოლიტიკურ და სოციალურ დონეებზე ემხრობა, მან პრაგმატული და ტაქტიკური მიდგომა არჩია.  არავინ უარყოფს, რომ კრემლმა ამ თვალსაზრისით გარკვეულ წარმატებას მიაღწია. თუმცა, საფიქრებელია, რომ რუსულ რბილ ძალას საქართველოში ბუნდოვანი მომავალი ელის. მისი უმთავრესი სამიზნე ჯგუფის წევრთა ხანდაზმულობის გამო, რუსეთის გავლენის ზრდა მხოლოდ საშუალო- და მოკლევადიან პერსპექტივაშია მოსალოდნელი, მაგრამ გრძელვადიან პერპექტივაში, ახალი თაობისა და ელიტების ასპარეზზე გამოსვლასთან ერთად, მისი გავლენა  უფრო მეტადაც კი შეიზღუდება.

რუსული რბილი ძალა საქართველოში: შედეგები, შეზღუდვები და სამომავლო საფრთხეები Read More »

ნატო და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური

ბოლო დროს სულ უფრო ხშირად ისმის ამგვარი თეზა: „ნატო საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საფრთხეს უქმნის და ზოგადადაც, გაუგებარია, რატომ მივისწრაფვით ნატოსკენ, როდესაც მისი კარი ჩვენთვის დახურულია“; რომლის ართქმული გაგრძელებაა: „რადგან ამ საქმიდან არაფერი სახეირო არ გამოდის, ხომ არ აჯობებს, ისევ რუსეთთან გვეცადა ბედი“.
პოლიტიკოსები, ექსპერტები, საზოგადოების ნაწილი, რომლებიც ამ კითხვებს სვამენ, დისკუსიაში შედიან მეორე ნაწილთან, რომელიც სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს.

წარმოდგენილ სტატიაში შევეცდები გავაანალიზო ქვეყნის საგარეო ორიენტაციისა და ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთმიმართება, რაშიც ორი ძირითადი კითხვა დამეხმარება:

– გვაშორებს თუ გვაახლოებს დასავლეთი ტერიტორიულ მთლიანობასთან?
– რა საფასური უნდა გადავუხადოთ რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სანაცვლოდ?

დასავლეთი და ტერიტორიულ მთლიანობა

დავიწყოთ იქიდან, რომ ზემოთ მოყვანილ თეზაში, რამოდენიმე უზუსტობაა დაშვებული, მათ შორის ერთ-ერთი ფრიად მნიშვნელოვანია და უნებლიე შეცდომას არ წააგავს. საქმე ის არის, რომ წლების განმავლობაში საკითხი იმგვარად იყო წარმოჩენილი, თითქოს რუსეთისათვის მეზობლების მხოლოდ ნატოში ინტეგრაციაა მიუღებელი. თუმცა ბოლოდროინდელი გამოცდილება, კერძოდ კი, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია, საკითხის მხოლოდ ნატომდე დაყვანის სიმცდარეს მკაფიოდ კვეთს.
უკრაინის გარშემო შექმნილმა მდგომარეობამ აჩვენა, რომ რუსეთის „წითელი ხაზი“ ვრცელდება ევროკავშირთან ინტეგრაციაზეც. აღმოჩნდა, რომ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულბაც კი, შესაძლოა, რუსეთის აგრესიის წინაპირობა გახდეს (ასოცირება კი წევრობისგან ძალიან შორსაა. მაგალითად, მეზობელმა თურქეთმა ასოცირების ხელშეკრულებას 1963 წელს მოაწერა ხელი). აქედან დასკვნა: რუსეთი რეაგირებს შერჩევით, ერთ შემთხვევაში აგრესიის გამომწვევი შესაძლოა ნატოსთან დაახლოება გახდეს, მეორეში კი- ევროკავშირთან. არაა გამორიცხული, გამოიძებნოს სრულიად სხვა მიზეზიც. აქ გადამწყვეტია მიმდინარე პროცესების რუსეთისეული აღქმა, ანუ, თუ რუსეთი სტატუს კვოს ცვლილებას მის საზიანოდ, საკუთარ ინტერესებთან შეუსაბამოდ განიხილავს, მაშინ აქტიურ მოქმედებებსაც უნდა ველოდეთ.

ის, რომ თეზა სტატუს კვოსთან დაკავშირებით მართებულია, 2014 წელს საქართველოსა და ევროკაშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების საპასუხოდ რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან გაფორმებული „ხელშეკრულებებიც“ ცხადყოფს.
შესაბამისად, რაც უფრო წარმატებული იქნება საქართველოს დასავლური გზა (განურჩევლად, ევროკავშირისკენ თუ ნატოსკენ), მით უფრო გაიზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე იურე ანექსიის ალბათობაც. თუ მოვლენათა განვითარების ეს ლოგიკა მართებულია, მაშინ, სულ მცირე, დროის საშუალოვადიან მონაკვეთში საქართველოს საგარეო კურსი მას ტერიტორიული მთლიანობისგან აშორებს. თუმცა ისინი, ვინც ფაბულის პირველ ნაწილზე ამახვილებენ ყურადღებას, რატომღაც ერიდებიან საუბარს იმ საფასურის შესახებ, რომელიც საქართველომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების პერსპექტივაში (და არა მაინცდამაინც დაბრუნებაში!) უნდა გაიღოს.

ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური

კონფლიქტების მოსაგვარებლად რუსეთის გამოყენება ახალი და ორიგინალური აზრი არაა, ის მუდმივად მუსირებდა ქართულ პოლიტიკურ, თუ საზოგადოებრივ სივრცეში. თუმცა გამოყენებული ძირითადად ისევ ეს უკანასკნელი რჩებოდა. 1993 წელს, აფხაზეთში საქართველოს დამარცხებიდან (რაც მთლად ურუსეთოდ არ მომხდარა) რამდენიმე თვის შემდეგ, ზუსტად ზემოთ მოყვანილი მოსაზრებით საქართველო დსთ-ში გაწევრიანდა. სამართლიანობა მოითხოვს, აღვნიშნოთ, რომ ამ სტრუქტურაში გაწევრიანებას შევარდნაძე-გამსახურდიას დაპირისპირება და სამოქალაქო ომიც დაედო საფუძვლად. შესაბამისად, დსთ-ში შესვლისას თბილისი შემდეგი მოტივებით ხელმძღვანელობდა: ა) პირველ ეტაპზე დეზინტეგრაციული პროცესების შეჩერება, უფრო ზუსტად კი, პირველი პრეზიდენტის მხარდამჭერთა დამარცხება უნდა მომხდარიყო; ბ) ამის შემდგომ, იმავე რუსეთის დახმარებით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

ქვეყნის შემდგომი გახლეჩვის შეჩერება მოხერხდა, თუმცა დსთ-ში შესვლა საკმარისი არ აღმოჩნდა. აუცილებელი გახდა რუსეთის ბაზების განთავსება საქართველოში (ახალქალაქი, ბათუმი, ვაზიანი, გუდაუთა), ასევე, საქართველოს ხელისუფლება დათანხმდა ძალოვანი (თავდაცვა, უშიშროება) მინისტრების მოსკოვთან შეთანხმებით დანიშვნას.

შეიძლება ითქვას, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ რაღაც ორი წლის თავზე საქართველომ სტაბილურობასა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივაში სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილი გაცვალა. იძულებით გაწევრიანდა რა დსთ-ში, მან დათმო საგარეო პოლიტიკის ავტონომიურობა, მეტიც, დათანხმდა რა მინისტრების გარედან დანიშვნას, საშინაო პოლიტიკასაც ვერ აწარმოებდა დამოუკიდებლად.

თუმცა ამ ყველაფერს რაიმე სახის მნიშვნელოვანი ძვრები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით არ მოჰყოლია. ზუსტად ეს გახდა იმის მიზეზი, რომ მოგვიანებით, უკვე 90-იანი წლების ბოლოს, შევარდნაძემ მზერა ჩრდილოეთიდან ნელ-ნელა დასავლეთისკენ გადაიტანა.

ამ მოვლენების შემდგომ ბევრმა წყალმა ჩაიარა და ქართულ-რუსული ურთიერთობები ნელ-ნელა სულ უფრო უარესდებოდა. ხოლო 2008 წლის მოვლენების შედეგად, მდგომარეობა თვისობრივად შეიცვალა, რამაც კიდევ უფრო გაართულა იმ საფასურის წარმოდგენა, რაც საქართველომ რუსეთს ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა გადაუხადოს. თუმცა სავარაუდო „საწყისი შენატანის“ გამოცნობა დაახლოებით მაინც შესაძლებელია: ნატოზე უარის თქმა; ევროკავშირის მიმართულებით ძალისხმევის ნელ-ნელა შენელება და, საბოლოო ჯამში, პროცესის საბოლოო შეჩერება (ამ მხრივ სამაგალითოა სომხეთის შემთხვევა); რუსეთის მიერ ინიცირებულ ინტეგრაციულ (ევრაზიული კავშირი და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია) პროექტებზე საფუძვლიანი მსჯელობის დაწყება და მათთან ეტაპობრივი მიერთება.

ანუ თბილისს მოსთხოვენ ლოიალურობის დამტკიცებას და იმგვარი გარანტიების გაცემას, რომლებიც ერთხელ და სამუდამოდ (ანდა გრძელვადიანად) უზრუნველყოფენ მის მიბმას რუსეთთან. მხოლოდ ამ ყველაფრის შემდგომაა მოსალოდნელი ტერიტორიულ მთლიანობაზე რაიმე სახის საქმიანი საუბარი. თუმცა რთულად წარმოსადგენია, რომ ცხინვალი, განსაკუთრებით კი სოხუმი, დიდი ენთუზიაზმით დაჰყვეს მოსკოვის ნებას. საბოლოო ჯამში, შესაძლოა, მივიღოთ კონფედერაციული ტიპის წარმონაქმნი, რომლის არსებობაც, თბილისის თუნდაც ერთი „არასანქცირებული“ მოძრაობის შემთხვევაში, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

საშუალოვადიან პერსპექტივაში საქართველოს პროდასავლური კურსი ტერიტორიულ მთლიანობას მართლაც აშორებს, თუმცა სხვა არჩევანი თითქოსდა არც არის, რადგან საფასური, რომლის გადახდაზეც ჩრდილოეთიდან მიგვანიშნებენ, სხვას არაფერს, თუ არა სუვერენიტეტზე უარის თქმას ნიშნავს.

ასე რომ, ქართული საზოგადოება არჩევანის წინაშე დგას- გახდეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მუდმივი მძევალი, თუ განაგრძოს სახელმწიფოს შემდგომი მშენებლობა იმის იმედით, რომ მამავალში, როდესაც შესაბამისი პოლიტიკური რეალობა გაჩნდება, ამ „შესაძლებლობის ფანჯარას“ მომზადებული დახვდება.

ზოგადად, მუდმივად რუსეთ-დასავლეთის შეპირისპირებას და ამაზე ქვეყნის ისედაც შეზღუდული ინტელექტუალური რესურსის ხარჯვას ალბათ განვითარების სხვა ასპექტებზე ფიქრი გვმართებს; ამ მიმართულებით წარმატების შემთხვევაში, საქართველოს „ფასი“- როგორც რუსეთის, ასევე დასავლეთისათვის- მნიშვნელოვნად აიწევს, რაც საბოლოო ჯამში, კონფლიქტებზეც შესაბამის ასახვას პოვებს.

ნატო და ტერიტორიული მთლიანობის რუსეთისეული საფასური Read More »

რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში

„რბილი ძალა“ პოლიტიკურ მეცნიერებებში შედარებით ახალი ცნებაა და განვლილი საუკუნის 90-იან წლებში ფუძნდება სამეცნიერო ლიტერატურაში. რბილი ძალა ყველაზე მარტივად, ალბათ, შემდეგნაირად შეგვიძლია განვსაზღვროთ: სასურველი შედეგის მიღება არაძალისმიერი მეთოდების გამოყენებით. რბილი ძალის წარმატებით გამოყენების პრაქტიკას ძირითადად დასავლეთის ქვეყნებს უკავშირებენ, თუმცა ბოლო დროს ამ კონცეპტის განვითარებას სხვებიც ცდილობენ, მათ შორის რუსეთიც. 

რბილი ძალა ოკუპაციის პირობებში

რუსეთის რბილ ძალას საქართველოში ჩვენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაციის პირობებში უწევს ოპერირება, რაც, ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ზღუდავს მას. ერთადერთი შემთხვევა, სადაც რუსეთისა და დასავლეთის რბილ ძალებს მიახლოებულ პირობებში უწევთ კონკურენცია, სერბეთია. 

თუმცა აქაც მნიშვნელოვანი განსხვავებებია, რომელთა არსებობაც რუსეთის რბილი ძალის წარმატებით განვრცობას საქართველოზე კიდევ უფრო ართულებს: ა) ბელგრადს ნატო ბომბავდა და არა ევროკავშირი;  მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის ბევრი ქვეყანა ამავე დროს არის ნატოს წევრი, მათი მონაწილეობა სამხედრო ოპერაციაში განსხვავებული იყო; ბ) ევროკავშირის ყველა ქვეყანას არ უღიარებია კოსოვოს დამოუკიდებლობა. საქართველოს შემთხვევაში კი:  აგრესორი, მისი ტერიტორიების ოკუპაციისა და ასევე რბილი ძალის გამტარებელი ერთი და იგივე სუბიექტია. 

მიუხედავად სერბეთში რუსეთისთვის თითქოსდა სახარბიელო სასტარტო პირობებისა (ისტორიული მოკავშირეობა, ერთმორწმუნეობა, ნატოს სამხედრო ოპერაცია ბელგრადის წინააღმდეგ) რუსეთისა და დასავლეთის რბილ ძალთა კონკურენცია უფრო ამ უკანასკნელის სასარგებლოდ მიმდინარეობს, რაც გამოიხატება სერბული პოლიტიკური ელიტის უფრო დიდი ნაწილის სურვილში მაქსიმალურად დაახლოვოს სერბეთი ევროკავშირს; დღის წესრიგში დგას ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავებაც. ეს მაგალითი ცხადჰყოფს, რომ ამ ეტაპზე ისეთ ხელსაყრელ პირობებშიც კი, როგორიც სერბეთში აქვს, რუსეთის რბილი ძალა ვერ უწევს სათანადო კონკურენციას დასავლეთისას. 

ამ მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, რუსეთის რბილი ძალის მიზანი – მოახერხოს ქართველთა გულებისა და გონების მოგება, რათა პირდაპირი გავლენა შეიძინოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე, ნაკლებადაა მიღწევადი. მით უფრო, რომ იგივე სერბეთის მაგალითი იმასაც გვაჩვენებს, რომ მიმზიდველი/მისაბაძი გარე მოდელის არსებობის შემთხვევაში, ქვეყანამ  საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი შეიძლება გვერდზე გადადოს წარმატებული განვითარების  სასარგებლოდ. 

რუსეთის რბილი ძალის ინსტრუმენტები

აქ იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის პოლიტიკურ აზროვნებაში და არსენალში რბილი ძალის ფენომენის გაჩენა, როგორც საგარეო პოლიტიკის ქმედითი კომპონენტისა, ბოლო დროის მოვლენაა. შესაბამისად, სისტემური მიდგომის შემუშავება, მისი ინსტრუმენტების გამოკვეთა და ამოქმედება, როგორც საქართველოსთან მიმართებაში, ისე პოსტსაბჭოთა სივრცეზე მთლიანად, ფაქტობრივად, ამჟამად ხდება. 

იდეოლოგიურკულტურულიგანზომილება

რუსული რბილი ძალის იდეოლოგიურ-კულტურულ განზომილებას უნივერსალობის პრეტენზია გააჩნია და, შესაბამისად, იგი არ არის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობაზე გათვლილი. პოსტსაბჭოთა რუსეთი დიდხანს იდგა იდენტობის კრიზისის წინაშე; ბოლო წლებში დასავლეთთან მზარდი დაპირისპირების რეჟიმში, მან გამოკვეთა ის იდეოლოგიური ქვაკუთხედი, რომელსაც განსაზღვრავს ცნება ტრადიციონალიზმი. შინ თუ გარეთ პუტინი რუსეთის პოზიციონირებას ტრადიციული ღირებულებების დამცველად ახდენს, რაც გარკვეულ პოზიტიურ გამოძახილს ჰპოვებს როგორც პოსტსაბჭოთა საზოგადოებების ნაწილში, ისე დასავლეთშიც. უკვე შესაძლებელია იმის კონსტატაცია, რომ პუტინის იდეოლოგიისა და ფინანსების კომბინაციით რუსეთი წარმატებით ახერხებს ახალი მოკავშირეების შეძენას ევროპის სხვადასხვა მზარდი პოლიტიკური პარტიისა თუ საზოგადოებრივი მოძრაობის სახით; ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (საქართველოს ჩათვლით) ანტიდასავლური განწყობების მატარებელი ადამიანები შეაგულიანა და მკაფიო ორიენტირიც გაუჩინა.

რელიგია

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ტრადიციულად იდგა რუსული სახელმწიფოს სამსახურში. დღესაც, მსოფლიოს მართლმადიდებელ თემებთან კავშირების მეშვეობით, ის ხელს უწყობს რუსეთის რბილი ძალის ამოქმედებასა თუ წარმატებულობას ყველგან, სადაც კი ხელი მიუწვდება. მით უფრო, რომ პუტინისეული ტრადიციონალიზმი, არსით კი ანტილიბერალიზმი, ძალიან ახლოა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მეინსტრიმის შეხედულებებთან.

ცნობილია, რომ რუსეთისა და საქართველოს საპატრიარქოებს შორის კავშირი მჭიდროა. დღეს საქართველოში ყველაზე რეიტინგული ინსტიტუცია, რომელიც განიცდის რუსეთის რბილი ძალის უშუალო გავლენას, სწორედ საპატრიარქოა; თუმცა, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, წარმოდგენები მისი რეალური გავლენის შესახებ ერთგვარად გაზვიადებულია. 

სხვადასხვა ღია და დახურული წყაროს მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში თანაარსებობს რამდენიმე ჯგუფი, რომელთა დამოკიდებულება რუსეთის მიმართ განსხვავებულია, რაც ამცირებს რუსეთის ეკლესიის გავლენას საქართველოს ეკლესიაზე და, შესაბამისად, მრევლზე. 

ეკონომიკურიბერკეტები

ეკონომიკა რუსეთის რბილი ძალის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია. რუსეთი წარმატებით ახერხებს სხვადასხვა ეკონომიკური ბერკეტით, ძირითადად კი ენერგორესურსებით, პარტნიორი ქვეყნების შანტაჟირებას.  საქართველოსთან მიმართებით რუსეთის ბიზნესი საკმაოდ აქტიურია საკუთრივ ქვეყნის შიგნით; ამასთანავე, ახალი ხელისუფლების ძალისხმევით რუსულ ბაზარზე ნაწილობრივ დაბრუნდა ქართული პროდუქცია და რუსეთთან მზარდი ეკონომიკური კავშირები ქართული საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შიშებს აღძრავს. თუმცა ახლაც რუსეთში ექსპორტს არ მიუღწევია იმ მაჩვენებლისთვის საქართველოს საგარეო ვაჭრობაში, რათა შესაძლო ემბარგომ რუსეთის მხრიდან აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენოს ჩვენს ეკონომიკას. ევორკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში გაჩენილი პერსპექტივები კი საქართველოზე რუსეთის ეკონომიკურ გავლენას, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეამცირებს. 

ეთნიკურიუმცირესობები

საკუთარი ინტერესების უზრუნველსაყოფად რუსეთი გეგმაზომიერად მუშაობს სპეციფიკურ რეგიონებში, სადაც არსებობს უკმაყოფილება ცენტრის მიმართ. საკმაოდ ეფექტური იყო ეს მუშაობა ჯავახეთში, რაც უკავშირდებოდა მრავალ ფაქტორს, მათ შორის რეგიონში რუსეთის სამხედრო ბაზის ყოფნას. ბოლო წლებში საქართველოს ხელისუფლების მიერ სხვადასხვა ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტის განხორციელების ფონზე, ამ გავლენის კლება შეინიშნება. იმავდროულად ანგარიშგასაწევია ის ფაქტი, რომ მეზობელი სომხეთი უფრო ღრმა ინტეგრაციის გზით მიდის რუსეთთან, რაც ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტზე ახდენს შესაბამის გავლენას. 

პოლიტიკურიპარტიებიმედიაარასამთავრობოორგანიზაციები

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად ახალი ხელისუფლების მოსვლამ და რეპრესიულ მეთოდებზე უარის თქმამ ხელი შეუწყო იმ პოლიტიკური პარტიების, მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების გააქტიურებას, რომლებიც პრორუსული ორიენტაციის მატარებლებადაა მიჩნეული. საზოგადოების ნაწილში მათმა გააქტიურებამ გადამეტებული შფოთვა გამოიწვია. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, რუსეთის რბილი ძალა საქართველოში ბევრი ობიექტური ფაქტორით არის შეზღუდული, რომელთაგან უმთავრესი დასავლურ მოდელთან შედარებით რუსული მოდელის არაკონკურენტუნარიანობაა. ამის მიზეზები კი, მათ შორის, საკუთრივ რუსეთში პოლიტიკური პარტიების სისუსტე, სახელმწიფოს მიერ მკაცრად კონტროლირებადი მედია და ნაკლებად განვითარებული, მუდმივი რეპრესიების რეჟიმში მყოფი არასამთავრობო ორგანიზაციებია. პრინციპულად შეუძლებელია სხვა ქვეყანაში განავითარო ის ინსტიტუტები, რომლებიც შენთან განიცდიან კრიზისს და, შესაბამისად, აღნიშნული აქტორების გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაზე იმთავითვე ლიმიტირებულია.

დასკვნა

რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში შეზღუდულია; მას უწევს, ერთი მხრივ, დასავლეთის რბილ ძალასთან კონკურენცია, ხოლო მეორე მხრივ – მასპინძელი ქვეყნის ტერიტორიის ნაწილების ოკუპაციისა და მასთან ხანგრძლივი პოლიტიკური კონფრონტაციის პირობებში ფუნქციონირება. ეს კი გვაფიქრებინებს, რომ არსებულ რეალიებში მას არ ძალუძს გარდატეხის შეტანა საქართველოს მოსახლეობის განწყობებსა და ორიენტაციაში.

რუსეთის რბილი ძალის პოტენციალი საქართველოში Read More »

კონსტიტუციის მოდელი სახიფათოა ქვეყნისთვის: დარღვეულია უსაფრთხოების ერთიანი სხეული, ოკუპაციის პირობებში გადაწყვეტილებაუუნაროა

კონსტიტუცია, ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსთვის, კონსენსუსზე დაფუძნებული პოლიტიკურ-სამართლებრივი დოკუმენტია ხანგრძლივი, სტაბილური ფუნქციონირების, გამართული ინსტიტუციური მმართველობის და ქვეყნის განვითარების პოლიტიკური არჩევანის შესახებ.

თუკი დარღვეულია კონსტიტუციის პოლიტიკურ-სამართლებრივობის რომელიმე კომპონენტი ის არ მუშაობს.

თუ კონსტიტუცია არ მუშაობს და ქვეყანაში წესრიგს ვერ ადგენს, მაშინ ქვეყანა გარანტირებულად მიექანება ქაოსისკენ.

a. კონსტიტუცია ხანგრძლივი მოქმედების დოკუმენტია. შესაბამისად, ნებისმიერი საკონსტიტუციო რეფორმა წარმატებულია მხოლოდ ფართო პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად. დემოკრატიულ ქვეყნებში პასუხისმგებლობიანმა პოლიტიკურმა ძალებმა იციან რომ არჩევნების გზით ისინი იცვლებიან, კონსტიტუცია კი უნდა დარჩეს. შესაბამისად კონსტიტუციას წერენ ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის და არა საკუთარი ძალაუფლების მუდმივობისთვის და ეძებენ კონსენსუსს.

b. კონსტიტუციის სტაბილურობა ქვეყნის სტაბილურობის ერთადერთი გარანტია. ინსტიტუციურ სტაბილურობას მოაქვს გრძელვადიანი ხედვა, გრძელვადიანი დაგეგმვა და შესაბამისად სტაბილური განვითარება.

c. სახელმწიფოს სუვერენიტეტი და საგარეო პოლიტიკური არჩევანი, უსაფრთხოების არქიტექტურა, ქვეყნის სოციალური კურსი, ინსტიტუციური მოწყობა, ძალაუფლების ვერტიკალური და ჰოლიზონტალური დანაწილება, ბალანსის და კონტროლის მექანიზმები და პლურალიზმი — ეს არის ის ძირითადი კომპონენტები რომელზეც ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და აშენოს სახელმწიფო. სხვა ყველაფერს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები და კოდექსები მოერევა, რომელიც შეიძლება კონკრეტული გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის გემოვნების მიხედვით იცვლებოდეს.

საქართველოს გამოცდილება ადასტურებს, რომ სწორედ პოლიტიკური კონსენსუსის არარსებობის გამო, შესაბამისი უმრავლესობით მოსულმა ყველა ხელისუფლებამ კონსტიტუცია საკუთარ თავზე, და შესაბამისად საკუთარი ძალაუფლების მუდმივობაზე მოირგო.

ჩვენივე ქვეყნის გამოცდილება ადასტურებს, რომ ეს საკუთარი ძალაუფლების განგრძობითობაზე მოჭრილ-მოქარგული კონსტიტუცია არც ერთს გამოადგა, და მოვლენების განვითარებამ უცებ უსარგებლო, გაუგებარ, ბუნდოვან აქტად აქცია რასაც შემდეგ მოსულნი უპირისპირდებიან და ქვეყანა ახალი ჭრა-კერვის პროცესში შედის.

გარდამავალი, გნებავთ ჰიბრიდული, გნებავთ ჯერ კიდევ პოსტ-საბჭოთა ქვეყნისთვის, რომელიც განგრძობითი ოკუპაციის რეჟიმში ცხოვრობს და რომელსაც დემოკრატიული სახელმწიფოებრიობის ძალიან მწირი გამოცდილება აქვს, კონსტიტუციური სისტემის სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, იმავე მიზეზების გამო რაც ზემოთ ჩამოვთავლეთ: უსაფრთხოების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის, ინსტიტუციური სტაბილურობისთვის, გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის, საერთო ეროვნული ღირებულებითი სიმყარისთვის, საგარეო პოლიტიკური არჩევანისა და სოციალური სისტემის სტაბილურობისთვის, და კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი წინაპირობისთვის რომლის გარეშეც სახელმწიფო ვერ ყალიბდება, და რის გამოც საქართველომ, განსხვავეით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებისგან დღემდე ვერ მოახერხა პოსტ-საბჭოთას იარლიყის მოხსნა.

საქართველოში დღემდე განხორციელებულ ყველა საკონსტიტუციო რეფორმას კონკრეტული მიზეზი და მახასიათებელი ქონდა. 2004 წლის რეფორმა გამოწვეული იყო პრეზიდენტის ხელში ძალაუფლების კონცენტრაციის სურვილით რევოლუციურ ტალღაზე მოსული პრეზიდენტი სააკაშვილის მხრიდან, 2010 წლის რეფორმის მიზანი პრეზიდენტის ხარჯზე პრემიერის გაძლიერება იყო, ვინაიდან იგივე პრეზიდენტი სააკაშვილი თავისთვის ახალი როლის მორგებით იყო დაინტერესებული, 2017 წლის რეფორმის მამოძრავებელი კი, როგორც ჩანს მოქმედი პრეზიდენტის დასუსტება, მაგრამ უფრო მეტად, მომავალში ხალხის მიერ ასარჩევი ნებისმიერი პრეზიდენტის უკონტროლობის შიშია. სახელისუფლებო ძალის გათვლა კი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში მისი მუდმივობის მოლოდინი და შესაბამისად, დისკომფორტის ნებისმიერი ცენტრის დასუსტებიაა. სწორედ ანალოგიური ამოცანის შესრულებას ემსახურება ქვეყანაში პარალელურად მიმდინარე თვითმმართველობების დასუსტების ან სრულად გაქრობის მცდელობა.

ძალიან მოკლედ შემოთავაზებული საკონსტიტუციო მოდელის ერთ ძალიან კონკრეტულ ასპექტზე, თავდაცვისა და უსაფრთხოების შემოთავაზებულ სტრუქტურაზე მინდა შევაჩერო თქვენი ყურადღება.

დასაწყისშივე ცალსახად უნდა ითქვას, დემოკრატიული სახელმწიფოები ამ თვალსაზრისით სრულიად განსხვავებულ და მრავალფეროვან მოდელებს იცნობს. ნატოსა და ევროკავშირის წევრებ სახლემწიფოებში გვაქვს მონარქიები, ძლიერი საპრეზიდენტო, მთლიანად საპარლამენტო და შერეული მმართველობის სახელმწიფოები.

თავისთავად დემოკრატიის ნიშანი არსად, არც ერთ ვითარებაში არ არის ერთი ფაქტორი. მაგალითად თუ ხალხის არჩეული პფეზიდენტი გყავს აუცილებლად დემოკრატიაა და სხვა. სისტემის სტაბილურობა და დემოკრატიულობა მტავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ უპირველესად იმაზე

– როგორია ქვეყანაში პასუხისმგებლობის, ანგარიშვალდებულების, ურთიერთკონტროლის ხარისხი;

– კონსტიტუციური მოდელი შესაძლებელია გახდეს ერთპიროვნული, უპასუხისმგებლო მმართველობის საწყისი თუ არა?

– კონსტიტუციური მოდელი კრიზისის დროს მართვისა და გადაწყვეტილების მიღების მკაფიო, ერთმნიშვნელოვან სისტემას გვთავაზობს თუ არა? და სხვა.

მთავარი და გადამწყვეტი ორი ძირითადი ფაქტორია

1. ანგარიშვალდებულება / უკონტროლო ძალაუფლების შეუძლებლობა

2. გადაწყვეტილების მიღების, პასუხისგმებლობის სიცხადე და არაბუნდოვანება

კიდევ ერთხელ, ეს ორი ფაქტორი განსაკუთრებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია განგრძობითი ოკუპაციის, არგმოცხადებული ომის პირობებში მცხოვრები ქვეყნისთვის.

რატომ არ ვარგა შემოთავაზებული მოდელი

1. დაუშვებელია კონსტიტუციაში არსებობდეს დებულება, რომელიც არაიდენთიფიცირებული, დაუდგენელი მმართველობისა და დაქვემდებარების შეიარაღებულ ძალების შექმნის შესაძლებლობას იძლევა;

პროექტის ჩანაწერში ვკითხულობთ “საქართველოს ჰყავს სამხედრო და სხვა შეარაღებული ძალები”.

გარდა იმისა რომ შემოდის “სხვა შეიარაღებული ძალების” ძალიან საშიში დებულება, იქვე ირკვევა რომ “სამხედრო ძალების სტრუქტურას”, მთავრობის წარდგინებით ამტკიცებს პრეზიდენტი, თუმცა არაფრია ნათქვამი სხვა შეიარაღებული ძალების ფორმირების პროცესში სახელისუფლებო შტოების ფუნქციებზე.

2. დაუშვებელია კონსტიტუციაში სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ არსებობდეს ბუნდოვანი, უფრო მეტიც კონფლიქტური დებულებები. მეტი სიცხადისთვის, შემოთავზებული მოდელით:

ა. მუხლი 70. სამხედრო ძალები მოქმედებენ თავდაცვის მინისტრის ბრძანებით, ხოლო საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს პრემიერ მინისტრის ბრძანებით.

ბ. მუხლი 72. სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობის წარდგინებით იღებს საქართველოს პრეზიდენტი და დაუყოვნებლიც შეაქვს იგი პარლამენტში დასამტკიცებლად.

გ. მუხლი 72. გადაწყვეტილებას საომარი მდგომარეობის, აგრეთვე ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ იღებს პრემიერ მინისტრი და ეს გადაწყვეტილება არ საჭიროებს დამტკიცებას პარლამენტის მიერ.

დ. მუხლი 72. საერთაშორისო ვალდებულებათა შესასრულებლად სახედრო ძალების გამოყენება დაუშვებელია პარლამენტის თანხმობის გარეშე.

ეს არის დებულებები, რომელიც შეიარაღებული ძალების გამოყენებას “აწესრიგებს” შემოთავაზებულ მოდელში. რას ვიგეთ ამ დებულებებით, რა მოდელს გვთავაზობს მმართველი პარტია? კონსტიტუცია არ იძლევა პასუხს არც ერთ არსებით კითხვაზე და ტოვებს ძალაუფლებით მანიპულირების უზარმაზარ სივრცეს.

ა. ვინაიდან ირკვევა რომ საგანგებო და საომარი მოქმედების დროს სამხედრო ძალების გამოყენების უფლება ექსკლუზიურად პრემიერს აქვს, გაუგებარია რა გადაწყვეტილებებს იღებს თავდაცვის მინისტრი, რომელი მდგომარეობის დროს? თუმცა პროექტში წერია, რომ მისი ბრძანებით მოქმედებენ სამხედრო ძალები, არ წერია როდის, რა ვითარებაში. (ისევ და ისევ არაფერია ნათქვამი სხვა შეიარაღებულ ძალებზე)

ბ. 72-ე მუხლის შესაბამისად პრეზიდენტი იღებს გადაწყვტილებას სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ, მთავრობის წარდგინებით რაც პარლამენტს წარედგინება, თუმცა იმავე 72-ე მუხლის შესაბამისად პრემიერი იღებს იგივე გადაწყვეტილებას რაც პარლამენტის დამტკიცებას არ საჭიროებს, საომარი მდგომარეობის, ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფის ან ეპიდემიის დროს.

გაუგებარი რჩება თუკი პრეზიდენტია მთავრსარდალი (შემოტავაზებული პროექტის 49-ე მუხლი), მაგრამ საომარი მდგომარეობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებაზე პარლამენტის და პრეზიდენტის გარეშე პრემიერი იღებს გადაწვეტილებას, ასევე პრემიერის ბრძანებით მოქმედებენ სამხედრო ძალები, მაშინ რა ფუნქცია აქვს პრეზიდენტს, და რისთვის გვჭირდება ეს ინსტიტუტი 49-ე მუხლით დადგენილი სტატუსით? რა ფუნქციის მატარებელია, იმავე 72-ე მუხლის დებულება რომ პრეზიდენტი მთავრობის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას სამხედრო ძალების გამოყენებაზე და პარლამენტში წარადგენს ამ გადაწყვტილებას?

არსებული რეალობის გათვალისწინებით ვიღებთ რეალობას, რომ ჩვენი სამხედრო ძალების მხოლოდ საერთაშორისო მისიაში გამოყენების შემთხვევაში ერევა პრეზიდენტი და პარლამენტი ამ პროცესში. სხვა ყველა შემთხვევში ორივე პრეზიდენტიც და პარლამენტიც ამოვარდნილია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემიდან.

3. ეროვნული თავდაცვის საბჭოს მოდელი რომელიც შემოთავაზებულ პროექტშია არაფრის მომცემი, სრულიად სიმბოლური ორგანოა, რომელიც ვერავითარ შემთხვევაში ვერ შეძლებს ქვეყნის უსაფრთხოების გამოწვევებსა და ამოცანებს გასცეს პასუხი. პრობლემა კი მრავალმხრივია:

ა. კონსტიტუციის შემოთავაზებულ მოდელში არაფერია ნათქვამი მუდმივმოქმედ ორგანოზე, რომელიც ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ამოცანებზე იქნება პასუხისმგებელი. პირობითად დღევანდელი უშიშროების საბჭოს ამოცანის მატარებელი. იმის მიუხედავად, ეს ფუნქცია პრეზიდენტთან დარჩება თუ პრემიერთან უმნიშვნელოვანესია არსებობდეს ორგანო, სადაც თავს იყრის ინფორმაცია, მუშავდება ინფორმაცია, სადაც თავს იყრიან შესაბამისი პასუხისმგებლობის მატარებელი თანამდებობის პირები, მიმდინარეობს ინფორმაციისა და დამოკიდებულებების მუდმივი გაცვლა-გამოცვლა, არსებობს სივრცე უწყვეტი კომუნიკაცისაა და კონსენსუსისთვის, შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები.

ბევრ დემოკრატიებში უშიშროების საბჭოს შემადგებლობაში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფების ხელმძღვანელებიც კი შედიან სწორედ თემის ზეპარტიულობის გამო და კონსენსუსის უზრუნველყოფის მიზნით.

არ მეგულება დემოკრატიული ქვეყანა, სადაც მსგავსი თემები კონსტიტუციით არ არის რეგულირებული.

ბ. დღევანდელი ვითარებაში, ჰიბრიდული ომის გამოწვევების დროს, როდესაც საქართველო ყოველდღიურად გამოუცხადებელი ომის პირობებში ცხოვრობს, როდესაც ჩვენი ტერიტორიების მცოცავი ოკუპაცია მიმდინარეობს, ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის გამალებული მცდელობაა რუსეთის მხრიდან, კიბერ შეტევები მომძლავრებულია და მთელი დატვირთვის მუშაობს რუსული საინფორმაციო პროპაგანდისტული მანქანა სრულაიდ გაუგებარია ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვიუნარიანობისათვის საერთო კოორდინაციის ორგანოს მხოლოდ გამოცხადებული, კონვენციური ომის პირობებში ვქმნიდეთ.

ანუ, თავისთვად ამგვარი კოორდინაციის აუცილბელობა აღიარებულია, თუმცა კანონმდებელი ომს, დაახლოებით მეორე მსოფლიო ომის მახასიათებლებით უდგება.

შემოთავაზებული მოდელი არა მარტო გაუმართავია და არ იძლევა გადაწყვტეტილებების მიღების სისტემის დანახვის, ან უსაფრთხოების ერთიანი არქიტექტურის ანიდან ჰოემდე დანახვის შესაძლებლობას, არამედ იგი ეწინააღმდეგება რეალობას რომელშიც საქართველოა დღეს – განგრძობითი ოკუპაციის, მიმდინარე საომარი მდგომარეობის რეალობას, რომელიც 24 საათიან კოორდინაციას და შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს.

კონსტიტუციის მოდელი სახიფათოა ქვეყნისთვის: დარღვეულია უსაფრთხოების ერთიანი სხეული, ოკუპაციის პირობებში გადაწყვეტილებაუუნაროა Read More »

თ. ხიდაშელი ჰააგაში კონფერენციაზე

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი ჰააგაში Humanity House და PAX international -ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე: “როგორ გავხადოთ ომი შეუძლებელი”. კონფერენცია ევროკავშირის მომავალს და 2040 წლისთვის მოსალოდნელი სცენარების განხილვას მიეძღვნა.

„მანამ სანამ არ შევთანხმდებით ომის თანამედროვე განმარტებაზე შეუძლებელია რაიმე ეფექტური ღონისძიებების დაგეგმვა. როგორია დღევანდელი ევროპა? გვაქვს მშვიდობა? მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავად ევროკავშირის ქვეყნები აღარ ომობენ საკმარისია თუ არა ვისაუბროთ საერთო ევროპულ მშვედობაზე? ომი საქართველოში, უკრაინაში, რუსეთის მოქმედებები კიბერ სივრცეში, თავად ევროკავშირის საჰაერო სივრცეში, არის თუ არა ის საკითხები რომელიც ართულებს ევროპულ მშვიდობაზე, როგორც შემდგარ ფაქტზე საუბარს. ამასობაში, საუბარი ევროკავშირზე 2049-ში ისე რომ იქვე არ ვსაუბრობთ 2040-ში რუსეთზე, ტრანსატლანტიკურ ერთობაზე და დღევანდელი ევროკავშირის სამეზობლოზე ვფიქრობ ჩვენს დისკუსიას არაეფექტურს ხდის” – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

თავის გამოსვლაში სამოქალაქო იდეას-ს თავმჯდომარემ რამდენიმე უმნიშვნელოვანეს პრინციპზე ისაუბრა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეფექტური პოლიტიკის განხორციელება კონფლიქტების მოგვარებისა და ომის თავიდან აცილებისთვის.

2018 წლის დეკემბერში პირველი ღონისძიება კიევში გაიმართა.

თ. ხიდაშელი ჰააგაში კონფერენციაზე Read More »

დემოკრატია პრაქტიკაში – შეხვედრა გორში

“სამოქალაქო იდეის” ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა, გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში საჯარო ლექცია – “დემოკრატია პრაქტიკაში” წაიკითხა. ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა” ტრენინგებსა და შეხვედრებს რამდენიმე თვის მანძილზე მთელს საქართველოში ჩატარებს.

პროექტის ფარგლებში ასევე დაიწყება დემოკრატიის ონლაინ აკადემიის კურსი, სადაც მონაწილეობას საქართველოს ყველა კუთხის წარმომადგენლები ყოველგვარი ტერიტორიული ბარიერების გარეშე, ვირტუალურად შეძლებენ.

თანამედროვე საინფორმაციო გარემოში დემოკრატიის განმტკიცების გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ადგილობრივებს საკუთარი შეხედულებები გიორგი მოლოდინმაც გაუზიარა.

დემოკრატია პრაქტიკაში – შეხვედრა გორში Read More »

Scroll to Top