ამბები
საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეშფოთებით აკვირდება ქართული ოცნების წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, პლატფორმის წევრი ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევროატლანტიკური არჩევანისთვის“ კამპანიურ დისკრედიტაციის მცდელობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. ,,აგენტების შესახებ კანონის“ არმიღებაზე წუხილი და აქცენტირება.
მივიჩნევთ, რომ ამგვარი მიდგომა და რიტორიკა, საფრთხეს უქმნის სამოქალაქო სექტორსა და მმართველ გუნდს შორის საჭირო თანამშრომლობას – ევროკავშირიდან საქართველოსთვის 9 დათქმის შესასრულებლად, ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო საზოგადოების საქართველოს ეროვნულ პლატფორმასა და საქართველოს პარლამენტს შორის გაფორმებულ მნიშვნელოვან თანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ევროკავშირის მხრიდან განსაკუთრებულად დადებითად შეფასდა, როგორც კანდიდატობის სტატუსის მინიჭების საკომუნიკაციო დოკუმენტში, ისე სხვა დოკუმენტებსა და მაღალი დონის გამოსვლებში.
მოვუწოდებთ საპარლამენტო უმრავლესობას , არ გადადგას უკუნაბიჯები პოლიტიკურ ძალებსა და სამოქალაქო სექტორს შორის თანამშრომლობის გზაზე , რაც პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე უკუსვლის.
იხილეთ ბმული 👇
საქართველოს ეროვნული პლატფორმის განცხადება Read More »
სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერის წერილი – ხელისუფლება საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმით „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს
სამოქალაქო ორგანიზაციების მხარდაჭერის წერილი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბოლო დღეების განმავლობაში საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ დაესხა თავს. ამჯერად თავდასხმის ობიექტი საზოგადოებრივი ორგანიზაცია “სამოქალაქო იდეა”, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი გახდნენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის მცდელობები მიმდინარეობს იმ ფონზე, როდესაც მძიმე სოციალური ფონი, სიღარიბე და ინფლაცია „ქართული ოცნების“ მრავალწლიანი მმართველობის პირობებში მოსახლეობისთვის კვლავ ყველაზე მტკივნეულ და გადაუჭრელ პრობლემებად რჩება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ საზოგადოებისთვის პოზიტიური დღის წესრიგის შეთავაზების ნაცვლად, ხელისუფლება ცდილობს ნეგატიური ანტიდასავლური საარჩევნო კამპანია აწარმოოს და საკუთარი ამომრჩეველი შემოიკრიბოს ქვეყნის „მტრების“ წინააღმდეგ ბრძოლის ცრუ რიტორიკით.
აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან საზოგადოებრივ ორგანიზაციებზე თავდასხმის მორიგი ტალღა, წინასაარჩევნო პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილია, იმეორებს რუსული დეზინფორმაციის ერთ-ერთ მთავარ ნარატივს და „მტრის ხატის“ შექმნის მიზანს ემსახურება. სამწუხაროდ, ეს არ არის მმართველი პარტიის მიერ საზოგადოებრივი ორგანიზაციების დისკრედიტაციის პირველი მცდელობა. მსგავსი საინფორმაციო თავდასხმა ხელისუფლებამ გამოიყენა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინაც. 2023 წლის გაზაფხულზე „ქართულმა ოცნებამ“ უშედეგოდ სცადა რუსული კანონის მიღებით, უცხოეთის აგენტის იარლიყით მოენიშნა საერთაშორისო დაფინანსების მიმღები ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია.
საზოგადოებაში დაპირისპირების პროვოცირება, კონკრეტული ადამიანებისა ან ორგანიზაციების პოლიტიკური დევნა, მათ წინააღმდეგ სიძულვილის კამპანიის წარმოება და საკუთარი ამომრჩევლების დარაზმვის მცდელობა, ქმნის შთაბეჭდილებას, რომ “ქართული ოცნება” სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე ვიწრო პარტიული მიზნების მიღწევას ცდილობს. მტრული რიტორიკა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ეწინააღმდეგება როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციურ ღირებულებებს, ასევე ევროკავშირის მოთხოვნებს, გადაიდგას ნაბიჯები პოლარიზაციის დასრულებისკენ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიზანმიმართული სიძულვილის კამპანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ, გადადგას ნაბიჯები მათთან პარტნიორული და საქმიანი კომუნიკაციის დასამყარებლად და უარი თქვას წინასაარჩევნო კამპანიაში პოლარიზაციის ინსტრუმენტალიზაციაზე.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
უფლებები საქართველო
აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD)
მწვანე ალტერნატივა
სასამართლოს გუშაგი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
დემოკრატიის მცველები
ლიბერალური აკადემია თბილისი
საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ღია სივრცე კავკასია (COS)
მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
ადამიანის უფლებათა ცენტრი
მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
ფრანკლინის კლუბი
სამოქალაქო იდეას განცხადება – ქართული ოცნების მიერ “ტაივანის აგენტურის გამოვლენის“ ოპერაციის გარშემო აბსურდული აჟიოტაჟის თაობაზე
საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით ვეხმიანებით პარლამენტის სპიკერის წამოწყებულ და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ატაცებულ, აბსურდული ბრალდებების სერიალს „სამოქალაქო იდეას“ და პირადად, მისი დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის – თინათინ ხიდაშელის წინააღმდეგ. ჩვენი კომენტარი სპიკერ პაპუაშვილის განცხადებებზე იმავე დღეს მოისმინა დაინტერესებულმა მაყურებელმა, თუმცა ამის შემდეგ ვიხილეთ 4 დღიანი შეუჩერებელი, აგრესიული შტურმი და ბრალდებებისა და შეურაცხყოფის ღვარცოფი, რომელსაც შევეცდებით მეტი ფაქტებით და ნაკლები ემოციებით გამოვეხმაუროთ.
პირველ რიგში, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ, რომ „სამოქალაქო იდეა“ კვლავაც გააგრძელებს ხელისუფლების მხილებას, რეპუტაციაშელახული, სკანდალებში გახვეული და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სანქცირებულ კომპანიებთან კორუფციად საშიში გარიგებების დადების შემთხვევაში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ კომპეტენტურ და ფაქტებით გამყარებულ კვლევებს და შევეცდებით საზოგადოების მუდმივ ინფორმირებას. გასაგებია, რომ მტკიცებულებებისა და რეალური არგუმენტების უქონლობის პირობებში, ქართულ ოცნებას სხვა იარაღი არ აქვს, გარდა პირდაპირი თავდასხმების, მუქარებისა და ტროლების საშუალებით ბინძური კამპანიის წარმოებისა. თუმცა, ვფიქრობთ კარგად იციან, რომ მსგავსი მეთოდებით ჩვენი შეშინება ან გაჩუმება შეუძლებელია.
ჩვენი ორგანიზაციის დასახელებაა – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის“. შესაბამისად, ყველა პროექტი და მთელი ჩვენი საქმიანობა, სწორედ ამ დასახელებაში განცხადებულ მიზანსა და ქართველი ხალხის არჩევანს ემსახურება და კრიტიკულად ვუყურებთ და ვაფასებთ ხელისუფლების ნაბიჯებს, რომელიც დასავლეთიდან დისტანცირებასა და ქვეყნის რუსეთის ორბიტაზე ჩატოვებას ემსახურება.
რას ვამბობთ ჩვენ და რას ამბობს ხელისუფლება:
უკვე 7 წელია ფაქტებით, კონკრეტული დოკუმენტებით ვამხელთ ხელისუფლების კორუფციად საშიშ მოქმედებებს და ვამხელთ მათ ტყუილსა და დეზინფორმაციის გავრცელებაში.
1. ჩინური კომპანიები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლება მრავალმილიონიან კონტრაქტებს უფორმებს მთელს მსოფლიოში რეპუტაციაშელახულია და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების შავ სიებში არიან. ხელისუფლება ამაზე ამბობს რომ ჩვენ ანტი-სახელმწიფო საქმიანობით ვართ დაკავებული. არავითარი პასუხი სანქციადადებულ კომპანიებთან კონტრაქტებზე, მხოლოდ იარლიყების მოკერება.
2. 7 წელია ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, უარი ეთქვა ერთ ერთ ყველაზე სახელგატეხილ და რეპუტაციაშელახულ კომპანია „სინოჰიდროსთან“ ურთიერთობაზე, ათობით მტკიცებულებაზე დაყრდნობით ვაცნობდით პრობლემებს, რომლებიც სხვა ქვეყნებს შეუქმნეს და ჩვენთანაც იქნებოდა, და ისევ, დასაბუთებული პასუხების ნაცვლად სულ „მტრები“ გვეძახეს, თუმცა, შედეგი ზუსტად ისეთი დადგა, რაზეც ვაფრთხილებდით. 2024 წლის იანვარში ხელშეკრულების გაწყვეტა მოუწიათ „სინოჰიდროსთან“, თუმცა დაგვიანებით და არაკომპეტენტურად. კომპანიამ კი საერთაშორისო არბიტრაჟში გვიჩივლა, რაც უკვე დამატებითი მილიონნახევარი ლარი დაუჯდა ქვეყნის ბიუჯეტს.
3. ანალოგიური ვითარება გვაქვს კიდევ ერთ კომპანიასთან დაკავშირებით – „ბიურო 23“, რომელმაც გასული წლის ნოემბერში, ასევე გვიჩივლა საერთაშორისო არბიტრაჟში. ისევ და ისევ, რომ გაეთვალისწინებინათ ჩვენი რჩევები, დღეს ამ პრობლემებს თავიდან ავიცილებდით, ასევე საბიუჯეტო ხარჯების დამატებით ფლანგვას.
4. ასევე, 5 წელია რიკოთზე დაქირავებულ, სხვადასხვა კონტრაქტორებზე ვაფრთხილებდით, რამდენიმე ანგარიში გამოვაქვეყნეთ, სადაც ამ კომპანიების მიერ სხვადასხვა ქვეყნებში „საქმენი საგმირონი“ აღვწერეთ და დავასაბუთეთ. ვითხოვდით არგუმენტებს, რატომ, რის საფუძველზე გაუჩნდა ხელისუფლებას განცდა, რომ მაინცდამაინც აქ, საქართველოში განახორციელებენ საქმეს კეთილსინდისიერად და პროფესიონალურად, თუკი მათ თითქმის ყველა კონტინენტზე უჩივიან და ედავებიან. არ მოგვისმინეს, კვლავ „მტრები“ და „ანტი-სახელმწიფოებრივი“ გვეძახეს. შემდეგ დადგა 2023 წელი და ერთმანეთის მიყოლებით ხან მიწა, ხანაც მთა ჩამოგვეშალა სხვადასხვა სამშენებლო უბანზე, მორიგ ჯერზე რამდენიმე ათეული დამატებითი მილიონი დაუჯდა ბიუჯეტს და ახალი ტენდერი გამოცხადდა.
ასეთი მაგალითი რამდენიმე ათეულია. სამწუხაროდ, ყოველ ჯერზე, სწორედ ჩვენ აღმოვჩნდით მართალი და ყველა ფაქტი და მტკიცებულება დადასტურდა, რომლითაც ხელისუფლებას მივმართავდით და პოლიტიკის ცვლილებას მოვუწოდებდით.
ბოლო დროინდელი ისტერიის წინ კი სრულიად უმტკივნეულო ფაქტები გამოვიტანეთ საზოგადოების სამსჯავროზე, რითიც ტყუილებსა და მანიპულაციაში ვამხილეთ.
ჩვენ დავწერეთ, რომ მიუხედავად ხელისუფლების განუწყვეტელი დემაგოგიისა, საქართველოში ჩინეთის ინვესტიციები სრულიად მინიმალურია და ბოლო 10 წლის მანძილზე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, ხშირად ინვესტორების ათეულშიც ვერ ხვდებოდა მისი 2 ან 5 პროცენტიანი წილით საერთო საინვესტიციო კალათაში (ჩვენი ანალიზი მთლიანად სახსტატის მონაცემებს ეყრდნობა); ხოლო სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც ივლისში გამოცხადდა, სინამდვილეში სრულად პოლიტიკურია და რამდენად ხმამაღლაც არ უნდა იგინონ და ილანძღონ სხვადასხვა რანგის ოცნების ჩინოვნიკებმა, ეს მას თვალწარმტაცსა და დიდებულ ეკონომიკურ აღმავლობად ვერ აქცევს.
და ბოლოს, ამ ივანიშვილის თუთიყუშებს მინდა ვურჩიო, სანამ ტერიტორიულ მთლიანობაზე ყელმოღერებულები სადმე ისარს გაისროდნენ, ჯერ იმ სტრატეგიულ განაცხადში ჩაიხედონ, სადაც რატომღაც რუსული ოკუპაცია საერთოდ „გამორჩათ“, ხოლო შემდეგ გაეროში დევნილების რეზოლუციაზე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხმის მიცემის შედეგები დაიზეპირონ. დარწმუნებული ვარ, მათ უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს ამ თემაზე, და ძალიან გაოცებული დარჩებიან. სხვათაშორის, ჩვენ ამაზეც ვწერდით.
რატომ გაბრაზდა პარლამენტის სპიკერი და საპარლამენტო უმრავლესობა? რატომ ახლა, 2024 წლის იანვარში, როდესაც უკვე 7 წელია „სამოქალაქო იდეა“ ხელისუფლების ჩინურ კომპანიებთან სავარაუდო კორუფციულ კავშირებზე და უშუალოდ პრემიერის პოლიტიკურ კორუფციაზე საუბრობს.
ამ კითხვაზე მარტივი პასუხია — ანაკლია.
როგორც ჩანს, ამ ეტაპზე ხელისუფლება, ანაკლიის პორტის ტენდერში, ჩინური კომპანიის გამარჯვების გადაწყვეტილებაზე მუშაობს. შესაბამისად, კარგად აცნობიერებენ უკმაყოფილების ტალღას, რომელსაც მსგავსი გადაწყვეტილება გამოიწვევს და მათი აზრით, პრევენციულ ზომებს ახორციელებენ. ქართულმა ოცნებამ იცის, რომ „სამოქალაქო იდეა“ ქვეყანაში ერთადერთი ორგანიზაციაა, რომელიც 7 წელია, სწორედ სტრატეგიულ კორუფციაზე და ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვაზე მუშაობს. შესაბამისად, ყველაზე კვალიფიციურ და დასაბუთებულ კრიტიკას სწორედ ჩვენგან ელიან. ჩვენს პოზიციებს ისმენენ და კითხულობენ ჩვენი დასავლელი პარტნიორებიც. შესაბამისად, დღეს ამზადებენ ნიადაგს იმისათვის, რომ კავლიფიციურ კრიტიკაზე პასუხად, ნაცვლად არგუმენეტებისა „ტაივანის ლობისტები“ იძახონ. მივმართავთ, მიხეილ სარჯველაძეს, ზუსტად განგვიმარტოს რას ნიშნავს მისი მუქარა, რომ „საქართველოს ხელისუფლება არ შეეგუება ტაივანიდან ქართული ორგანიზაციის დაფინანსებას“. ველით მის პასუხს და განმარტებებს, რას ნიშნავს და როგორ უნდა გავიგოთ „არ შეგუება“. ეს არის პირდაპირი მუქარა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციაზე, რაც განსაკუთრებით სამწუხაროა, როდესაც ამას არც მეტი არც ნაკლები, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს და არც გასაკვირია, რომ კრემლის ერთ-ერთმა მთავარმა პროპაგანდისტულმა მედია საშუალებამ – „სპუტნიკი“, სიამოვნებით აიტაცა აღნიშნული ინფორმაცია. შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო იდეას“ ხელმძღვანელი, ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო ქვეყანაში, ვისი თანამდებობიდან გათავისუფლებაც კრემლმა (იხილეთ კარასინის პრესკონფერენცია 2016 წლის გაზაფხულზე) ღიად, პირდაპირ ეთერში მოითხოვა. მაშინ სწორედ ასე ემუქრებოდა ბატონი კარასინი თინა ხიდაშელს — “საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ ცივილიზებული მსოფლიო უნდა გაერთიანდეს რუსული საფრთხის წინააღმდეგ. ნორმალურ საზოგადოებაში ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ თავს ვიკავებთ, მაგრამ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.
აქვე ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ:
– გაგიკვირდებათ და ჩვენ არ ვართ საგარეო საქმეთა სამინისტრო, შესაბამისად, არ გამოვხატავთ რომელიმე სახელმწიფოს აღიარების ან არ აღიარების შესახებ პოზიციას;
– არასოდეს, არც „სამოქალაქო იდეას“ და არც თინათინ ხიდაშელს, ტაივანის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია და ასეთს ვერც ვერასოდეს მოისმენთ;
– გაგიკვირდებათ, და არც თავდაცვის სამინისტროში აღარ ვართ, და შესაბამისად, ის რომ თინათინ ხიდაშელს 8 წლის წინ წვდომა ჰქონდა საიდუმლო დოკუმენტებთან (რომელიც, სხვათაშორის, არანაირად არ არის კავშირში არც ტაივანთან და არც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ვინაიდან მაშინ ისინი თავდაცვის სამინისტროს პარტნიორთა რიცხვში არ იყვნენ) შეუძლებელია დღეს, 8 წლის შემდეგ, ჩვენს საქმიანობასთან რაიმე კავშირში იყოს; ამ ფაქტის უკონტექსტოდ გახსენება პროპაგანდის სტანდარტულ მეთოდს წარმოადგენს;
– ჩვენ საგანმანათლებლო საქმიანობითაც ვართ დაკავებული და შეგვიძლია დაინტერესებული დეპუტატები ვამეცადინოთ „ერთი ჩინეთის პოლიტიკასა“ და „ერთი ჩინეთის პრინციპს“ შორის განსხვავებაზე, საქართველოს დასავლელი პარტნიორების პოზიციებზე და აღიარებებზე;
– დიახ, „სამოქალაქო იდეას“ აქვს პარტნიორული ურთიერთობები ტაივანში არსებულ ორგანიზაციებთან. ეს არც ტელეკომპანია „იმედს“ აღმოუჩენია და არც „რუსთავი 2“-ს. ეს ინფორმაცია ჩვენს ვებ-გვერდზე დევს სრულიად ღიად და საჯაროდ. ასევე, ჩვენს გვერდზე ამოიკითხავთ, რომ საერთაშორისო კონფერენციის პარტნიორი, რომელსაც 2023 წლის ოქტომბერში თბილისში ვუმასპინძლეთ და 30-ზე მეტი ქვეყნის წამყვანი ექსპერტები მონაწილეობდნენ, ტაივანის დემოკრატიის ფონდიც იყო, საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩო დიდი ბრიტანეთის, ასევე პოლონეთის საელჩოს, ვიშეგრადის ფონდთან, გერმანიის ფრიდრიხის ნაუმანის ფონდთან და NED-თან ერთად. მათი დაფინანსება კი შეადგენდა 5 ათას დოლარს.
– ასევე, ჩვენს გვერდზე დევს ინფორმაცია ტაივანში ჩვენი ვიზიტებისა და იქ, ჩვენს მიერ გამართული პანელური დისკუსიების შესახებ. რომ არ დაგზარებოდათ და ცოტათიმეტი წაგეკითხათ ჩვენს გვერდზე, აუცილებლად ნახავდით, რომ 2023 წლის დეკემბერში პირველად არ ვიყავით ტაივანში. თუმცა, აქვე იმედი უნდა გაგიცრუოთ, რომ ტაიპეიში ჩვენს მიერ გამართული ღონისძიებებისთვის დაფინანსება ჩვენი ტაივანელი პარტნიორებისგან არ იყო და მას ამერიკული ორგანიზაცია აფინანსებდა.
– და ბოლოს, ასევე იქვე, ჩვენს გვერდზე ნახავდით, რომ ძალიან დიდ საერთაშორისო პროექტში ვმონაწილეობთ ჩვენს კიდევ ერთ ტაივანელ პარტნიორთან ერთად, სადაც „სამოქალაქო იდეას“, მისი ექსპერტების რეპუტაციისა და პროფესიონალიზმის გათვალისწინებით, მსოფლიოს 13 სხვადასხვა სახელმწიფოში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ განხორციელებული საქმიანობის კვლევა და ანალიზი აქვს ჩაბარებული.
შეცდომაა – „ტაივანი გაფინანსებთ“, ვინაიდან განსხვავებით ჰოლანდიის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ს მთავრობებისგან, სადაც „სამოქალაქო იდეას“ დაფინანსება საელჩოების, შესაბამისად, პირდაპირ ამ სახელმწიფოებისგან აქვს წლების განმავლობაში, ჩვენ ტაივანის სახელმწიფოს დაფინანსება არასოდეს გვქონია. ნამდვილად გვქონდა და იმედი გვაქვს მომავალშიც გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს პარტნიორებთან ტაივანიდან, რომლებიც კერძო, დამოუკიდებელი ორგანიზაციები არიან და შესაბამისად, ჩვენს მიერ წარდგენილი ინიციატივების მოწონების შემთხვევაში, დაფინანსებასაც გამოყოფენ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვა
2023 წლის 31 ივლისს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს, ხელი მოეწერა ჩინეთ-საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების პირობების თანახმად, საქართველო სრულად უჭერს მხარს სი ძინპინის მიერ გაჟღერებულ ყველა ინიციატივას და აცხადებს მზადყოფნას აქტიური ჩართულობისთვის. მოვლენების მსგავსი მოულოდნელი განვითარება ძირს უთხრის ერის ამბიციებს ევროატლანტიკურ პარტნიორობასთან დაკავშირებით და უსაფრთხოების გრძელვადიანი რისკების მატარებელია. დასავლურ აკადემიასა და უსაფრთხოების თემში, ეჭვს არ იწვევს რომ „დიდი სახელმწიფოების კონკურენციის“ ერაში, ჩინეთის მიერ წამოწყებული ინიციატივები, არსებული გლობალური საერთაშორისო წესრიგის გადახედვისა და ალტერნატიული, სინოცენტრული საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად, სადაც ჩინეთის საშინაო ავტორიტარიზმი თუ აგრესიული საგარეო პოლიტიკა, შესაბამისი საერთაშორისო რეაქციის გარეშე დარჩება.
ამ ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა როლსა და ფუნქციას ასრულებს ჩინეთის ზემოხსენებული საბოლოო მიზნების რეალიზებაში, თითოეული ცალკე აღებული ინიციატივა. ამ მიზნით, „სამოქალაქო იდეამ“ მოამზადა ანალიტიკური ბლოგების სერია, სადაც გაანალიზებულია ჩინეთის:
• ერთი სარტყელი ერთი გზის ინიციატივა
• გლობალური განვითარების ინიციატივა
• გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა
• გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა
ჩინეთის გლობალური პოლიტიკის კონტექსტში საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეფასება მოითხოვს ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული ნიუანსური ტერმინოლოგიის სრულყოფილ გაგებას სხვა ქვეყნებთან პარტნიორობის პრიორიტეტების განსაზღვრისას. „ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის პარტნიორობა“ გულისხმობს ჩინეთსა და პარტნიორ ქვეყნებს შორის კავშირისა და ინტერესების გათანაბრების ქვაკუთხედს, თუმცა ყოველთვის არ იძლევა თანაბარი პირობების გარანტიას. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი ამყარებს სხვადასხვა სახის პარტნიორობას მის უახლოეს მოკავშირეებთან, როგორიცაა რუსეთი და პაკისტანი, და მსგავსი პარტნიორობის აღსაწერად იყენებს ისეთ ტერმინებს, როგორიცაა “კოორდინაცია ახალი ეპოქისთვის” (‘coordination for a new era’) და “პარტნიორობა ყველა ამინდის პირობებში” (‘all-weather partnership’). ამ უმაღლესი დონის პარტნიორობის მიღმა, ჩინეთი ასევე ამყარებს ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობას და სტრატეგიულ და კოოპერატიულ პარტნიორობას, რომელიც მიმართულია ჩინეთსა და პარტნიორ სახელმწიფოს შორის ორმხრივი კავშირების გაძლიერებისკენ. მაგალითად, მის 41 ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორს შორის, ყაზახეთი მუდმივი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორის სტატუსს ატარებს, რაც ხაზს უსვამს ქვეყნებს შორის განსაკუთრებით მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს. გარდა ამისა, ჩინეთი ინარჩუნებს სტრატეგიულ პარტნიორობას 23 ქვეყანასთან, მათ შორის კანადასთან, ჯიბუტთან, ნიგერიასთან, სუდანთან და უკრაინასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს პარტნიორობა აღნიშნავს სტრატეგიულ ინტერესებს, განსხვავებები ჩნდება ჩამოთვლილ სტრატეგიულ პარტნიორებსა და საქართველოს შორის ორმხრივი შეთანხმებების განხილვისას, რაც ურთიერთობის დინამიკასა და მასშტაბებს უკავშირდება.
სამოქალაქო იდეას მიერ გამოქვეყნებული ბლოგების სერია დეტალურად განიხილავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის გზით, საქართველოს პოზიციონირებას გლობალურ პოლიტიკურ ლანდშაფტში. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ და შევადაროთ საქართველოს შემთხვევა ჩინეთთან კავშირში მყოფ სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, რათა გამოვავლინოთ გაბატონებული ტენდენციები. ჩვენი კვლევა დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, და პირველ რიგში, მიმოიხილავს სტრატეგიული პარტნიორობის პოლიტიკური ნაწილს, რაც გულისხმობს „ერთი ჩინეთის პრინციპისა“ და ტერიტორიული მთლიანობის შესახებ განცხადებების შესწავლას, როგორც ჩინეთის, ისე მისი პარტნიორი ქვეყნების მხრიდან და მათ შედარებას საქართველოს ხედვასთან. ერთი ბლოგი დაეთმობა ეკონომიკურ სფეროს, ძირითადად ფოკუსით „სარტყლისა და გზის“ ინიციატივაზე. კვლევა უზრუნველყოფს საქართველოს მონაწილეობის უფრო დეტალურ შესწავლას და ჩინეთის სხვა პარტნიორ ქვეყნებთან მსგავსი ეკონომიკური თანამშრომლობის შედარებას. ხოლო, შემდგომი ბლოგები დაეთმობა საერთაშორისო სფეროს, ხაზს გაუსვამს ჩინეთის მიერ მხარდაჭერილ გლობალურ ინიციატივებს და შეაფასებს საქართველოს ჩართულობას სხვა სახელმწიფოების პოზიციონირებასთან შედარების პარალელურად. საბოლოოდ, ჩვენი ბლოგები მიზნად ისახავს ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის სრულფასოვან გააზრებასა და გლობალური პოლიტიკის ჭრილში მისი ვრცელი შედეგების კვლევას.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის მიმოხილვა Read More »
ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში
ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის განაცხადის გავრცელების შემდეგ, დოკუმენტის ავკარგიანობაზე დისკუსიები პერიოდულად ქართული მედიის წამყვანი თემა ხდება. ეს არც არის გასაკვირი, ვინაიდან საკითხი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ამბიციურ სახელმწიფოს ეხება და მისი საგარეო პოლიტიკური სვლები მუდმივად ყურადღების ცენტრშია. რუსული აგრესიისა და ტაივანის გარშემო მზარდი დაძაბულობის გათვალისწინებით, ამბები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ქართული აუდიტორიისთვის მუდმივად საინტერესოა.
თუმცა, მედიისთვის თვალის ერთი შევლებითაც კი უმალვე მიხვდებით, რომ ქართული შიდა პოლიტიკური წინააღმდეგობის ხაზი, სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩინეთის ამბებშიც გავლებულია და მედია საშუალების პოლიტიკური გემოვნების მიხედვით, ერთი და იმავე ამბის თხრობისას გვიყვებიან რომ იზრდება ჩინეთის ეკონომიკური ძალაუფლება, ან სრული ეკონომიკური კრიზისი და დაღმასვლაა. სიმართლე, როგორც წესი, სადღაც შუაში უნდა ვეძებოთ, მაგრამ ვინაიდან ქართულენოვანი ინფორმაცია არც ისე ადვილად ხელმისაწვდომია ადამიანები ჩინეთის შესახებ იგებენ ზუსტად და მხოლოდ იმას, რასაც ის მედია საშუალება უყვებათ რომლის მაყურებლებიც არიან.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის წიაღში დაგეგმილი პროპაგანდისტული გზავნილების გასავრცელებლად სხვადასხვა არხებზე პერიოდულად სპეციალური გადაცემებიც ჩნდება, რომელიც ექსკლუზიურად გვიყვება ამბებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შესახებ. არც ისე დიდი ხნის წინ ამ გადაცემების შემადგენელი გახდა ჩინეთის ელჩთან ექსკლუზიური ინტერვიუები, რომლებიც პირდაპირ გადმოგვცემს პროპაგანდის დღის წესრიგს. არანაკლები სიზუსტით იმეორებენ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ნარატივებს ქართული ოცნების დეპუტატები და პროპაგანდისტები. „ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის მომხიბვლელობა“ მათი საყვარელი სასაუბროდანაა და აბსოლუტური დამაჯერებლობით აცხადებენ, რომ მხოლოდ „ბრიყვები ამბობენ უარს“ ჩინეთიდან ინვესიტიციებზე, რისთვისაც საქართველოს მთავრობა თავდაუზოგავად მუშაობს.
აქვე აუცილებლად უნდა განვმარტოთ, რომ რომელიმე ქვეყანასთან წარმატებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მაშინ შეიძლება ვისაუბროთ, როდესაც პირდაპირი ინვესტიციები იზრდება და მეტი კომპანია შემოდის ქვეყანაში. შესაბამისად, გარედან შემოტანილი ფულით იქმნება დამატებითი სამუშაო ადგილები და შემოსავლები იზრდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომპანიების შემთხვევაში კი, უდიდესი ნაწილი იმის, რასაც საქართველოს გზებზე, ხიდებსა და გვირაბებში ხედავთ, თქვენი, ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულია. ეს ჩინური კომპანიები ჩვენი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ჩვენი დაკვეთით ახორციელებენ პროექტებს. შესაბამისად, მათ არაფერი აქვთ საერთო მზარდ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მთავრობის წარმატებული საქმიანობით დამდგარ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასთან.
სიმართლეს ყველაზე უკეთ ოფიციალური სტატისტიკა ასახავს და არაფერია მასზე უფრო ზუსტი და საიმედო. ყოველგვარი დამატებითი ახსნა-განმარტებისა და ინტეპრეტაციების გარეშე, გთავაზობთ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ წლების განმავლობაში გამოქვეყნებულ მონაცემებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ, სადაც სრულიად ერთმნიშვნელოვნად ჩანს ხელისუფლების სრული ფიასკო ჩინური ინვესტიციების მოზიდვის გზაზე, განსაკუთებით მაშინ როდესაც დიდ ინტერესსა და „უსაზღვროდ გაღრმავებულ“ ურთიერთობებზე გვესაუბრებიან.
როგორც წინამდებარე ცხრილშიც კარგად ჩანს ქვეყანაში ჩინეთის ინვესტიციები იმდენად მინიმალური და არაფრისმთქმელია, რომ მისი სერიოზულად განხილვაც კი შეუძლებელია. ამასობაში მთავრობის „ქმედითი ნაბიჯების კვალდაკვალ“ ინვესტიციები იკლებს და ახალი რესურსის წყაროც არ ჩანს. მაგალითად, ბოლო წლებში თითქმის ორჯერ იკლო ინვესტიციებმა 2018 წელთან შედარებით, 2020 და 2021 წლების ნიშნული კი უბრალოდ ნეგატიურია. ბუნებრივია, ოპონენტების მთავარი არგუმენტი 2020 და 2021 წლებთან მიმართებაში „კოვიდ 19“ პანდემიაა, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პანდემიას ხელი არ შეუშლია საქართველოს ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორებისთვის რომ ქვეყანაში ინვესტიციები განეხორციელებინათ. მეტი ინფორმაცია იხილეთ ცხრილში:
„ყველაზე წარმატებული“ ეკონომიკის ქვეყნის წილი საქართველოს საინვესტიციო კალათაში უკიდურესად მოკრძალებულია და მთავრობის პოლიტიკას, რომელიც უზარმაზარ შედეგებს გვპირდება 2016 წლიდან მოყოლებული, არსაით მივყავართ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან განხორციელებული ინვესტიციები ნამდვილად ხასიათდებოდა ზრდით როდესაც, 2013 წელს 100 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა, ხოლო მომდევნო, 2014 წელს გაორმაგდა და 221 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. თუმცა, ამის შემდეგ მკვეთრი შემცირება იწყება და სრულიად სიმბოლურ ნიშნულზეა. ქვემოთ მოცემულ ცხრილში კარგად ჩანს 2011-2022 წლების დინამიკა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების წილი (2011-2022)
სიმართლე ის არის, რომ 2015 წლიდან ჩინეთი საქართველოს 10 მთავარი ინვესტორის სიაში საერთოდ არ არის.
მათემატიკა ჭეშმარიტების დადგენისთვის საუკეთესო მეგობარია. რიცხვები არ იტყუებიან და იდეალურად აღწერენ პარტნიორობას, ინტერესებსა და სახელმწიფოთა საგარეო პოლიტიკურ ამოცანებს.
ზღვაში წვეთი ჩინური ინვესტიციები საქართველოში Read More »
სამოქალაქო იდეას წარმომადგენლები China in the World Summit (CITW) 2023-ზე
5-7 დეკემბერს, ტაიპეიში, ტაივანში, „სამოქალაქო იდეას“ წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს 2023 წლის „China In The World Summit“-ში, რომელიც ორგანიზებულია ტაივანის არასამთავრობო ორგანიზაცია „Doublethink Lab“-ის მიერ.
„სამოქალაქო იდეას“ უფროსმა მკვლევარმა – ანი კინწურაშვილმა და აღმასრულებელმა ასისტენტმა – სალომე სვანიძემ, ყაზახეთის “სამოქალაქო ექსპერტიზის” აღმასრულებელ დირექტორთან – დანილ ბექტურგანოვთან ერთად, გამართეს ვორქშოპი თემაზე – „გავლენებისა და ძალაუფლების გადანაწილება რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე: შესაძლებელია თუ არა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დომინირება ცენტრალურ აზიაში?”.
სესია შეეხო რუსეთ-უკრაინის ომში, ჩინეთის, როგორც „მედიატორის“ და „მშვიდობისმყოფელის“ როლს. მომხსენებლებმა ისაუბრეს თუ რა ფორმით ცდილობს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ორმაგი თამაშის თამაშს და პარალელურად, რუსეთის ირიბ მხარდაჭერას. ჩინეთის ორსახოვანმა როლმა კიდევ უფრო გაართულა მისი გლობალური დიპლომატიის მანიპულაციური ტექნიკები და დიდ გავლენას ახდენს ევრაზიის გეოპოლიტიკურ დინამიკაზე. ცენტრალური აზიის სახელმწიფოებმა, რომლებიც სიფრთხილით ცდილობდნენ დაეცვათ ბალანსი რუსეთსა და დასავლეთს შორის, ომის ფონზე, გადააფასეს მოსკოვზე დამოკიდებულება, რაც ზრდის რეგიონში როგორც ჩინეთის, ისე დასავლეთის გავლენებს. სესიაზე ასევე განიხილებოდა ყაზახეთის გამორჩეული, ცენტრალური აზიის სხვა სახელმწიფოებისაგან განსხვავებული, პრინციპული პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ, მისი განმაპირობებელი ფაქტორები და რეგიონის სამომავლო უსაფრთხოების არქიტექტურა.
სამოქალაქო იდეას წარმომადგენლები China in the World Summit (CITW) 2023-ზე Read More »
რა რისკებს შეიცავს ჩინეთის კომპარტიის ტელევიზიასთან თანამშრომლობა
ჩინეთის ცენტრალური ტელევიზია (CCTV) 65 წლის წინ, 1958 წელს დაარსდა და დღემდე ფუნქციონირებს, როგორც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ერთადერთი ავტორიზებული ეროვნული მაუწყებელი. ამჟამად, CCTV-ის მფლობელობაში 40 არხი შედის და წლიურად 300,000 საეთერო საათს იკავებს.
CCTV მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) სხვადასხვა დანაყოფებთან. აქედან გამომდინარე, სწორედ პარტია განსაზღვრავს CCTV-ის მიერ გაშუქებული ინფორმაციისა და ახალი ამბების ტიპოლოგიას, რომელიც ხელმისაწვდომია ჩინეთის 1,4 მილიარდი მოქალაქისთვის. ცენტრალური ტელევიზიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, შენ ჰაიქსიონგი, არა მხოლოდ ჩინეთის კომუნისტური პარტიის წევრია, არამედ ცენტრალური კომიტეტის წევრის თანამდებობასაც იკავებს. მანამდე იგი ხელმძღვანელობდა გუანდონგის პროვინციის პროპაგანდის განყოფილებას.
შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ CCTV ყველაზე გავლენიანი საინფორმაციო და პროპაგანდისტული მედია ორგანიზაციაა, რომელიც ჩინეთის კომუნისტური პარტიის შეხედულებების გამოხატვასთან ერთად, აერთიანებს „საგამოძიებო“ გადაცემებს, რომლებიც კვლავ ემსახურება პარტიის ინტერესებს და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე.
CCTV ცნობილია ბევრი მიზეზით და მათ შორის, ყველაზე პრობლემატურია საჯარო აღიარებების სერია. CCTV ხშირად აქვეყნებს გახმაურებულ საქმეებში ეჭვმიტანილთა აღიარებით ჩვენებებს, სწორედ, ბრალდების წაყენებისა ან მათი დაპატიმრების წინ. ამ სატელევიზიო აღიარებებმა, ფაქტობრივად შეაჩერა საჯარო დისკუსიები, რომლებიც აკრიტიკებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გავლენიან ბიზნეს ფიგურებს. ჰონგ კონგის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის, ფუ ჰუალინგის თქმით, CCTV-ს საშუალებით აღიარებითი ჩვენებების გაშუქება ან სხვა სიტყვებით, გავლენიანი პიროვნებების დანაშაულის სახალხოდ გამოცხადება, გამიზნულია საჯარო დებატების ჩახშობისკენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საზოგადოების განწყობები დაყოფილია და ონლაინ დისკუსიები მჭიდრო დაკვირვების საგანი ხდება მთავრობის მხრიდან. მაგალითად, 2013 წელს, CCTV-მ გააშუქა გუანჯოუში დაფუძნებული მედია ორგანიზაცია News Express-ის 27 წლის რეპორტიორის, ჩენ იონგჯოუს აღიარებითი ჩვენება. ის ამტკიცებდა, რომ სიხარბისა და სახელის მოხვეჭის მიზნით ქრთამს იღებდა და ამზადებდა სკანდალურ ისტორიებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის, რიგით მეორე უმსხვილეს მძიმე ტექნიკის მწარმოებელ კომპანია Zoomlion-ის გადაცდომების შესახებ.
CCTV-ის მნიშვნელოვანი კომპონენტი, საეთერო დრო, მიდის ანტიდასავლურ პროპაგანდაზე, ჭორებისა და დეზინფორმაციის გავრცელებაზე. შესაბამისად, მის დაქვემდებარებაში მყოფი ყველა ტელევიზია აქტიურად ემსახურება ამ მიზანს. ეს განსაკუთრებით შესამჩნევი გახდა რუსეთ-უკრაინის ომისა და კოვიდ-19-ის პრიზმიდან. მაგალითად, ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებელი, CCTV, პროპაგანდას უწევს რუსეთის მთავრობის ბრალდებებს, რომ შეერთებული შტატები უკრაინაში, ბიოლოგიური იარაღის შექმნას უჭერს მხარს. ბიოიარაღის ლაბორატორიის შეთქმულების თეორიის მიხედვით, აშშ და უკრაინა ერთობლივი ძალებით მოქმედებენ, რათა თავს დაესხან რუსეთს.
მსგავსი პროპაგანდისტული ნარატივები კოვიდ-19 პანდემიის დროსაც ვრცელდებოდა. CCTV-ის ვებსაიტმა 2020 წელს გამოაქვეყნა, რომ აშშ-ს სამხედრო ბიოლოგიური ლაბორატორიები, რომლებიც ფარულად ახორციელებენ ბიოლოგიური იარაღის წარმოებას, მდებარეობს ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკაში და 27 პოსტ კომუნისტურ რესპუბლიკაში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში. უფრო ზუსტად, მათი ვებსაიტის მიხედვით, აშშ ფლობს კვლევით ქსელს, რომელიც მოიცავს 15 ბიოლოგიურ ლაბორატორიას უკრაინაში, 3 ლაბორატორიასა და 11 მცირე ინსტიტუტს საქართველოში.
ძალიან სამწუხაროა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქართული ტელე მედია ორგანზიაციები CCTV-ისთან თანამშრომლობას იწყებენ. ამგვარი თანამშრომლობა სრულიად გაუგებარი და დამაზიანებელია. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს მედია საშუალებები აცნობიერებენ რომ თანამშრომლობას იწყებენ არა რომელიმე დიდი ტელემედიასთან, არამედ ჩინეთის კომუნისტური პარტიის მთავარ პროპაგანდისტულ იარაღთან, ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან. არსებობს სერიოზულო საფრთხე რომ, ისინი მარტივად გახდნენ დეზინფორმაციის მსხვერპლნი, გაუთვითცნობიერებლად მიიღონ მონაწილეობა ყალბი ამბების გავრცელებაში და ამით ქვეყნის, არა მარტო ეროვნულ უსაფრთხოებას შეუქმნას საფრთხე, არამედ საგარეო პოლიტიკურ კურსსაც, რომელიც მიმართულია დასავლურ ალიანსებში გაწევრიანებისკენ.
რა რისკებს შეიცავს ჩინეთის კომპარტიის ტელევიზიასთან თანამშრომლობა Read More »
საქართველოს გზა ევროპისკენ
ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნული ფონდის და ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის ორგანიზებით, 1 დეკემბერს გაიმართება ღონისძიება, “საქართველოს გზა ევროპისკენ”.
არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო იდეას” თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი, ღონისძიებაში მონაწილეობს, პანელზე ერთ-ერთი მომხსენებელად.
საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე, ევროკომისიის ნოემბრის რეკომენდაცია, იმ რთულად მოპოვებულ გამარჯვებათა შორის ერთ-ერთია, რომელსაც ქართველმა ხალხმა ბოლო თვეების განმავლობაში მიაღწია. მარტში, ასიათასობით ქართველი ქუჩებში გამოვიდა და აიძულა მთავრობ,ა უარი ეთქვა არასამთავრობოების შესახებ, რუსული ტიპის ,,დრაკონული’’ კანონის მიღებაზე. ოქტომბერში, იმის შემდგომ, რაც პარლამენტსა და სამოქალაქო საზოგადოებაში პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის, იმპიჩმენტის პროცესს ხმამაღალი წინააღმდეგობა მოჰყვა, ეს გეგმაც კრახით დასრულდა. დემოკრატიის კრახის წინააღმდეგ ქვეყანაში აქტიურად იბრძვიან ახალგაზრდები, სამოქალაქო საზოგადოება და ისეთი პარლამენტარები, როგორებიც არიან ამ პანელში მონაწილე ქალბატონები. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრი ქალები, ერთად შეიკრიბნენ იმისთვის, რომ ხაზი გაუსვან პოლიტიკური ჩართულობის გაზრდისა და ევროინტეგრაციის ერის უმთავრეს პრიორიტეტად შენარჩუნების მნიშვნელობას.
საქართველოს გზა ევროპისკენ Read More »
დისკუსია ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ.
24 ნოემბერს „სამოქალაქო იდეას“ თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო ტალინში ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიაში.
ამჟამად ნატოს საზღვრები ფართოვდება და იგი ხდება უფრო ერთიანი, ვიდრე ოდესმე. დისკუსიის მთავარ თემას წარმოადგენს, თუ რა ხდება მას შემდეგ, რაც ფინეთმა და შვედეთმა 2022 წლის 18 მაისს, ნატოს გენერალურ მდივანს – იენს სტოლტენბერგს, ერთდროულად გადასცეს თავიანთი ოფიციალური განაცხადი ნატოში გაწევრიანების შესახებ, რა გავლენას მოახდენს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება ორგანიზაციასა და რეგიონზე? რა გავლენას მოახდენს აღნიშნული წევრ სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობაზე?
კონფერენციის პარალელურად თინათინ ხიდაშელი ესტონეთის დედაქალაქში საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მხარდაჭერისთვის შეხვედრებს მართავს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
დისკუსია ნატოს გაფართოებისა და ორგანიზაციის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. Read More »