ამბები

შემდეგი გაჩერება საქართველო?

2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ, ამჯერად უკრაინაში, მორიგი აგრესიული ომის დაწყების კვალდაკვალ, სულ უფრო და უფრო მეტი ყოფილი, თუ მოქმედი პოლიტიკოსი, ექსპერტი და ანალიტიკოსი იხსენებს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს.  შეცდომებს,  რომელიც დემოკრატიულმა სამყარომ დაუშვა, როგორც ომის დაწყებამდე, ასევე, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების დადების შემდეგ. რადიო თავისუფლებისთვის, სულ რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში„დიქტატორებთან მაამებლობას არა მშვიდობასთან, არამედ ომთან მივყავართ“  ბატონი ანდერს ფოგ რასმუსენი, რომელიც მაშინ დანიის პრემიერ მინისტრი იყო, ხოლო აგვისტოს ომის წლისთავზე, ნატოს გენერალური მდივანი გახდა, გულდაწყვეტით იხსენებს 2008 წლის ბუქარესტის სამიტს და სამიტის ფარგლებში გამართულ ნატო-რუსეთის შეხვედრაზე, ვლადიმერ პუტინის „გაცოფებულ“ გამოსვლას. „ნეტა მაშინ კარგად მოგვესმინა მისთვის, მაგრამ სერიოზულად არ აღვიქვამდით…  ძალიან ვნანობ, რომ მაშინ პუტინი სერიოზულად არ აღვიქვით. და თუ რამე გაკვეთილის გამოტანა შეიძლება აქედან, ისაა, რომ პუტინი სერიოზულად უნდა აღვიქვათ. ახლა მაინც“ – იხსენებს ბატონი რასმუსენი.

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წლის, ხოლო 2014 წელს ყირიმის ანექსიისადან 8 წლის შემდეგ, როდესაც პუტინის რუსეთი კიდევ ერთხელ დაესხა თავს დამოუკიდებელ სახელმწიფოს, თვითმფრინავებით და ტანკებით უტევს მის დედაქალაქს, თავს ესხმის მშვიდობიან მოსახლეობას, ანადგურებს სკოლებს, საავადმყოფოებს, ქალაქებსა და სოფლებს,  ჩვენ, ნატოს საზღვრების აღმოსავლეთით მცხოვრებ, სწორედ ნატოს და ევროკავშირის დროშებით ხელში თავისუფლებისთვის სამი ათწლეულის მანძილზე მებრძოლი სახელმწიფოების მოქალაქეებს, ერთგვარი deja vu გვაქვს და გვინდა შევუძახოთ თავისუფალი მსოფლიოს ლიდერებს, იქნება ახლა მაინც მოუსმინოთ პუტინს ან უკრაინის თავზე მფრინავი ბომბების გუგუნს, ან ხარკოვში ნანგრევებში მოყოლილი ბავშვების ტირილს, ან…

ჯერ კიდევ დეკემბერში, როდესაც უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების მაქსიმალური კონცენტრაცია ხდებოდა, ხოლო პრეზიდენტი ზელინსკი პუტინის შემაკავებელ მკაცრ სანქციებს ითხოვდა, სწორედ 2008 წლის გაზაფხულის მსგავსი სიჯიუტით გერმანიის კანცლერი შოლცი აცხადებდა რომ ნორდსტორმ 2 არაპოლიტიკური, ბიზნეს პროექტი იყო და სანქციებზე დებატების ნაწილი არ უნდა გამხდარიყო. გარდაუვალის დანახვას და შესაბამისად ამ „აპოლიტიკურ, ბიზნეს პროექტზე“ უარს, კიევის თავზე ბომბები და ათასობით შეწირული სიცოცხლე დასჭირდა. პრეზიდენტი მაკრონის მიერ უკრაინის, და შესაბამისად საქართველოსა და მოლდოვასთვის ევროპულ პერსპექტივის მიცემაზე თანხმობას, რომელიც სულაც არ არის გარანტირებული გზა სწრაფი წევრობისკენ, მოჰყვა კიდევ უფრო მეტი ტრაგიკული დღე, უკრაინის დიდსა და პატარა ქალაქებში.

პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, ჯერ კიდევ დეკემბერში, სრულიად ერთმნიშვნელოვანი და ღია ულტიმატუმი წაუყენა ნატოსა და დასავლეთის სახელმწიფოებს. იგი ნატოსა და ევროკავშირში გადაწყვეტილებების მიღებაზე ვეტოს უფლებას ითხოვდა. მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, სამხედრო ავიაციას, უკვე სამი კვირაა იყენებს და ბირთვული იარაღის გამოყენებით იმუქრება. რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ იმავე ინტერვიუში, ნატოს ყოფილი გენმდივანი რასმუსენი ამბობს რომ „დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ, თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება“. რთულია არ დაეთანხმო მის ამგვარ მოლოდინსა და შეფასებას.

დღეს ძალიან ხშირად კითხულობენ, იქნება კი საქართველო პუტინის შემდეგი გაჩერება? ან უფრო მეტად ვინ იქნება შემდეგი? მე ვიტყოდი, სანამ „ვინ“ კითხვას გავცემთ პასუხს ჯერ „რა“ კითხვაზე უნდა ვიფიქროთ, რა იქნება შემდეგი, ან შედეგი რუსული ავანტურის, რომელიც უკრაინის მიწაზე მიმდინარეობს დღეს? სწორედ ამ საკითხის ანალიზი და პასუხის ძიება, ლოგიკურად მიგვიყვანს ყველა შემდგომ სცენარამდე.

საქართველოში რუსეთის მისია პრინციპში შესრულებულია. ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადება, მხოლოდ პოლიტიკური აქტი არ ყოფილა რუსეთისთვის. ორი უმთავრესი ამოცანა სამხრეთ კავკასიაში, ნატოს საზღვართან მისი სამხედრო ყოფნის უზრუნველყოფა და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესისთვის ხელის შეშლა, შესრულებულია. დღეს საქართველოს ტერიტორიაზე სამი რუსული სამხედრო ბაზაა, ორი სამხრეთ ოსეთში (ცხინვალსა და ჯავაში) და ერთი შავი ზღვის საქართველოს ნაპირებზე (გუდაუთაში). მუდმივად დისლოცირებული სამხედრო კონტინგენტი, ყველაზე მინიმალისტური მონაცემით,  15,000 სამხედრო მოსამსახურეს შეადგენს. ბუნებრივია, ზუსტ რიცხვებს არც რუსეთი და არც თვითგამოცხადებული რესპუბლიკები არ ასაჯაროვებენ, მაგრამ რუსული პროპაგანდისტული მედია საშუალებების მიხედვით (sputnik-ossetia, sputnik-abkhazia), სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში დისლოცირებულ, რუსულ სამხედრო შენაერთებს, სწორედ რუსეთის ფედერაციის მიერ დამტკიცებული, საკუთარი გარანტირებული ბიუჯეტები აქვთ. მრავლობით წვრთნებს ატარებენ, აფხაზი და ოსი წვევამდელებისთვის 20-მდე რუსული სამხედრო სასწავლების კარები ღიაა, ხოლო თავად დისლოცირებული ჯარი, თანამედროვე სამხედრო საშუალებებით აღჭურვილია და მუდმივ საომარ მზადყოფნაშია. 2019 წელს პრეზიდენტმა პუტინმა „აფხაზეთის არმიის მოდერნიზაციის გეგმას“ მოაწერა ხელი, რასაც მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მობილიზაცია და აფხაზეთის ტერიტორიაზე მრავლობითი ახალი შეიარაღებისა და სამხედრო აღჭურვილობის გადასროლა მოჰყვა. ამასობაში უნდა გვახსოვდეს, რომ ორივე, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დისლოცირებული რუსული შენაერთები, რუსეთის არმიის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაშია და სწორედ, მის სამხედრო შტაბს ემორჩილება. შესაბამისად, „საჭიროების გაჩენის“ ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი იარაღისა და აღჭურვილობის გადასროლა შეიძლება მარტივად განხორციელდეს.

საქართველოს კარგად გაწვრთნილი, საომარ ოპერაციებში და საკუთარი სამშობლოს დაცვაში გამოცდილი, კარგად შეიარაღებული და მოტივირებული ჯარი ჰყავს. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ის სამხედრო რეზერვი, რომელიც რამდენიმე ათეულ ათას ერაყსა და ავღანეთში ნაომარ ყოფილ სამხედროებს ითვლის. რეგულარული ნატო-საქართველოსა და საქართველოსა და მისი სხვადასხვა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა ერთობლივი წვრთნები, მხოლოდ ეხმარება არსებული პოტენციალის გაძლიერებასა და პროფესიონალიზმის ზრდას. არანაკლებ მნიშვნელოვანია, ბოლო წლებში აშშ-ს და ნატოს წევრი სხვა სახელმწიფოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საქართველოს მიერ იარაღის შესყიდვაზე არსებული შეზღუდვების მოხსნის თაობაზე, რამაც შესაძლებელი გახადა კიდევ უფრო მეტი თანამედროვე აღჭურვილობის შეძენა.

თუმცა, ბუნებრივია, საქართველოს დედაქალაქიდან 40 კილომეტრში განლაგებული შეუზღუდავი შესაძლებლობების რუსული სამხედრო ბაზები, რომლებიც როკის გვირაბის გამოყენებით, სულ რამოდენიმე საათში, ნებისმიერ დახმარებას მიიღებს, ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისთვის სერიოზულ საფრთხესა და გამოწვევას წარმოადგენს. ისევე, როგორც რუსული სამხედრო ბაზა გუდაუთაში. მაგრამ დღეს, თბილისში მყისიერი რუსული აგრესიის ახალი ტალღის მოლოდინი, განსაკუთრებით მაღალი არ არის. არსებობს სრულიად ლოგიკური კავშირი უკრაინაში ომის ბედსა და ქართული სახელმწიფოს მომავალს შორის.

არავის აქვს მოლოდინი, რომ უკრაინაში დამარცხებული რუსეთი საქართველოზე გამოილაშქრებს. თუმცა, თუკი ასეთ შემთხვევში რუსეთი მაინც გადაწყვეტს კუდის საქართველოში მოქნევას, უკრაინაში დამარცხებული რუსეთის საქართველოდან გაძევებაც უფრო მოსალოდნელია, ვიდრე პირიქით. თუმცა, მოვლენების სხვაგავრად განვითარების პირობებში, აბსოლუტურად მართალია ბატონი რასმუსენი, როდესაც აცხადებს, რომ ან დღეს დაამარაცხებს უკრაინაში რუსეთს დასავლეთი, ან თავად მოუწევს მასთან ომში დაპირისპირება. ვინაიდან კიევთან გამარჯვებული რუსეთისთვის, საქართველო ან მოლდოვა ძალიან მცირე ლუკმაა.  კრემლის ამბიციები, როგორც ეს ვლადიმერ პუტინის მიერ დასავლეთისთვის გაგზავნილ, დეკემბრის ულტიმატუმშიც ერთმნიშვნელოვნად წერია, სწორედ ნატოს წევრ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გადის.

ამ ომში ვლადიმერ პუტინი აუცილებლად დამარცხდება. ის დამარცხდება ან დღეს უკრაინაში, დასავლეთის უფრო აქტიური და რადიკალური ნაბიჯების პირობებში, ან ხვალ უკვე ნატოს ტერიტორიაზე. გარდაუვალი მარცხი სად და რის ფასად დადგება, მთლიანად ნატოს,  უკრაინის და საქართველოს მოკავშირეების ხელშია დღეს. გადამწყვეტი მოქმედების დროა!

თინათინ ხიდაშელი 13.03.2022

სტატია გერმანულ ენაზე ?

https://www.freiheit.org/de/ist-georgien-das-naechste-ziel-russlands

შემდეგი გაჩერება საქართველო? Read More »

უკრაინაში შეჭრა უბიძგებს საქართველოს გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი

გასულ კვირას, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი წარადგინა – განსაზღვრულ ვადაზე ორი წლით ადრე,  რაც  ქვეყანაში, უკრაინის მიმართ გაზრდილი მხარდაჭერით იყო ნაკარნახევი.

პროცესის მნიშვნელობა: საქართველოს რესპუბლიკის ლიდერები იმედოვნებენ, რომ რუსეთის შემოჭრით გამოწვეული შოკისმომგვრელი ტალღები, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს დაარწმუნებენ, მიიღონ  საქართველო, უკრაინა და მოლდოვა, რომლებიც უკვე დიდი ხანია ისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისაკენ.

  • „ამ ისტორიული გადაწყვეტილების მიღებისას, ქვეყანაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ფონზე,  საქართველო მტკიცედ დგას უკრაინისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების გვერდით,“ – ნათქვამია ვაშინგტონში, საქართველოს საელჩოს განცხადებაში.

ფაქტები: რუსეთი საქართველოში შემოიჭრა 2008 წლის აგვისტოში და ომი გაგრძელდა ხუთი დღის განმავლობაში, რომლის დროსაც რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები, საქართველოს ორ რეგიონში, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, განლაგდნენ და  შექმნეს თვითმმართველი რეგიონები.

  • უცნაურია ის გარემოება, რომ ეს შემოჭრა, ისევე, როგორც უკრაინაში მიმდინარე ომი – დაიწყო ზუსტად მაშინ, როდესაც ოლიმპიადა დასრულდა პეკინში.
  • რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთმა არ მიიღო საპასუხო რეაქციები, რამაც ზოგიერთი ანალიტიკოსის აზრით, გააძლიერა მოსკოვი და მისცა ყირიმის ანექსიის უფლება  2014 წელს.

ფონი: როგორც ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც გეოგრაფიულად მდებარეობს ევროპასა და აზიას შორის, საქართველოს იდენტობა გამოიხატება მისი ქრისტიანული მემკვიდრეობითა და ძველ ბერძნულ ცივილიზაციასთან კავშირებით, რაც მრავალი ქართველის ფართოდ გავრცელებული შეხედულებით, აქცევს ქვეყანას ევროპის ნაწილად.

  • „ჩვენ არ ვართ მხოლოდ ძველი ევროპელები, ჩვენ ვართ პირველი ევროპელები და, შესაბამისად, საქართველოს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ევროპულ ცივილიზაციაში“, – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც ცნობილია თავისი ძლიერი პროდასავლური და ნატოს მხარდამჭერი პოზიციით, 2004 წლის ინაუგურაციის დროს.
  • საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას  ხელი მოაწერა 2014 წელს, ხოლო ევროკავშირში წევრობის განაცხადის წარდგენას 2024 წელს გეგმავდა.

დიახ, მაგრამ:  ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას ეჭვი ეპარება, რომ  საქართველო შეძლებს წევრობისათვის დაწესებული სტანდარტების დაკმაყოფილებას, ისეთ საკითხებში, როგორიცაა ანტიკორუფციული და გამჭვირვალე არჩევნები. ისინი შიშობენ, რომ შესაძლოა გაიზარდოს ზეწოლა, სხვა პერსპექტიული წევრების მისაღებადაც.

  • მაშინ, როცა ბალტიისპირეთის ქვეყნებმა მხარი დაუჭირეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, გერმანია და საფრანგეთი  სკეპტიკურად არიან განწყობილნი.

გარემოება:  ქვეყნის მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ არადემოკრატიული ნაბიჯები,  საფრთხეს უქმნის და აფერხებს ქვეყნის ურთიერთობას ევროკავშირთან.

  • გასულ წელს „ქართულმა ოცნებამ“ გააკრიტიკა ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირები, როდესაც გამოვიდა ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან, რომელიც მიზნად ისახავდა პოლიტიკური კრიზისის მოგვარებას მას შემდეგ, რაც ოპოზიციურმა პარტიებმა გააპროტესტეს 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგები.
  • ამის შემდგომ საქართველომ უარი თქვა ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ სესხზე, რაც მიუთითებს მისი ბლოკიდან დაშორებას.

რუსეთის უკრაინაში შეჭრამ  „აშკარა გავლენა მოახდინა“ საქართველოს გადაწყვეტილებაზე, წარედგინა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მოსალოდნელზე ორი წლით ადრე, – განუცხადა Axios-ს საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა.

  • ათიათასიანი დემონსტრაციები გაიმართა საქართველოს დიდ ქალაქებში უკრაინის მხარდასაჭერად, თქვა თინათინ ხიდაშელმა. ასევე, ბევრმა ქართველმა მოაწერა ხელი ონლაინ პეტიციებს, რომლითაც მთავრობას მოუწოდებდა წარედგინა  განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე.

საყურადღებოა: საქართველოს გზა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ბევრი სირთულითაა სავსე,  მაგრამ ხიდაშელი ამბობს, რომ ევროკავშირის წევრებმა შესაძლოა მხარი დაუჭირონ საქართველოს, რადგან წინ აღუდგნენ რუსეთის მისწრაფებებს.

  • „ვფიქრობ, რომ ევროპულ ქვეყნებს ესმით, რომ მათ აუცილებლად უნდა იმოქმედონ ამ დროს,  გადადგან მკაფიო ნაბიჯები, რათა დაამტკიცონ, რომ რუსეთი  არ ფლობს ვეტოს უფლებას“.

უკრაინაში შეჭრა უბიძგებს საქართველოს გააკეთოს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადი Read More »

თედო ჯაფარიძე: დასავლეთმა უნდა დათრგუნოს შიშის სინდრომი

პრეზიდენტ პუტინზე ხშირად ამბობენ, რომ ის ძლიერი ტაქტიკოსია, მაგრამ არა სტრატეგიულად მოაზროვნე. აღნიშნული იმგვარად მესმის, რომ თითქოს, მას შეუძლია მაქსიმალურის მიღება დღევანდელი დღიდან და არ აქვს უნარი იწინასწარმეტყველოს, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს მის ქმედებებს მომავალში. ვფიქრობ, რომ ეს არ შეიძლება იყოს ბოლომდე სწორი პოზიცია.

პრეზიდენტი პუტინი სამხედრო ძალებს იმ ერთადერთი მიზნით იყენებს, რისთვისაც  ის იღწვის – ისეთი გარემოებების შესაქმნელად, რომლებიც მომავალში მიიყვანენ მოლაპარაკებებამდე. ასე რომ, პუტინი არის სწორედ ისეთი, როგორსაც ჩვენ მას ვქმნით.

თუ ვაშინგტონი, ბერლინი, პარიზი, რომი, ვენა და ლონდონი დაფრთხებიან და თანაც, ამას საჯაროდ დაანახებენ, მაშინ პუტინი მოიპოვებს სტრატეგიულ  გამარჯვებას.

მებადება შეკითხვა, მიეცემა თუ არა პუტინის უფლება, უხეში  ძალის გამოყენებით, განსაზღვროს ჩვენი მომავალი. პუტინის ფსიქიკური მდგომარეობის განსჯას, რაიმე შედეგი ვერ მოჰყვება. თუ იგი მიიღებდა ფსიქოლოგიურ  დახმარებას, შესაძლოა, იგი აღარ ყოფილიყო ასეთი დაუნდობელი დიქტატორი და ამ ფორმით ემართა ქვეყანა. თუმცა, მის ადგილას გამოჩნდებოდა სხვა. ამიტომაც, არცერთ ადამიანს არ უნდა მიეცეს ამდენი ძალაუფლება, რადგან ეს საზიანოა მათი ფსიქიკური მდგომარეობისთვის. მაგრამ ახლა, ეს დისკუსია უსაგნოა. ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი საკითხი: მიეცემა თუ არა შესაძლებლობა, რუსულ დათვს დააშინოს პირველ რიგში, ევროპა ან შესაძლოა, მთელი ე.წ. “კოლექტიური დასავლეთი”.

ვაშინგტონმა უნდა გადახედოს თავის პრიორიტეტებს, რადგან ის, რაც ხდება დღეს, არ არის მხოლოდ გეოგრაფიული, თუნდაც, ის გეოპოლიტიკური პრობლემაა. საკითხი აღარ დგას შენარჩუნდება თუ არა „ატლანტიკის, თუ წყნარი ოკეანეს სივრცეები“, არამედ დარჩება თუ არა რაიმე იმ სისტემისგან, რომელსაც ახლა „გლობალურ მმართველობად“ ვაღიარებთ: ინტერნეტი, საერთაშორისო ბაზარი და ადამიანის უფლებათა რეჟიმები, რომლებიც ნელ-ნელა გადაიქცევა ცალკეულ და შეუთავსებელ ეკოსისტემად, ოღონდ ნორმატიული გარანტიების გარეშე. ჩინეთის მსგავსად არ არსებობს დასავლეთის „დიდი კედელი“, რომ მან თავი შეაფაროს. თუ ვაშინგტონი უკან დაიხევს, ეს იქნება მისი მხრიდან გაკეთებული სტრატეგიული არჩევანი, რომელიც მნიშვნელოვნად შეასუსტებს მის ძალას,  და ამას უკვე აღიარება არ დასჭირდება. თუ ვაშინგტონი დღეს თავის სიძლიერეს არ გაუზიარებს ევროპას, მის ხელში არსებული ძალა აღმოჩნდება სრულიად უშედეგო.

ახლა, საჭიროა, დავფიქრდეთ და შევჯერდეთ გავრცელებული მტკიცებითი რიტორიკის  შინაარსსა და არსზე: „ჩვენ ყველა უკრაინელები ვართ!“ თუ ეს ასეა, მაშინ უნდა ვიფიქროთ, როგორც უკრაინელებმა. მთავარი კითხვა, რომლებიც უკრაინელებს აწუხებს, არის –  კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდება მათი ტკივილი და რა დარჩება მათი თავისუფლებისაგან. ურბანულ ცენტრებში ხალხი დარჩება ელექტროენერგიის, კომუნიკაციის და შესაძლოა, საკვების გარეშეც კი.  ბავშვები უკრაინაში ვერ იგრძნობენ თავს დაცულად, ვერ ივლიან სკოლაში და მთელი თაობა დაკარგვისა და განადგურების შიშით იქნება შეპყრობილი და ტრავმირებული.

ეს არის შიშის სინდრომი, რომელიც ქართველებმა ძალიან მძაფრად შევიგრძენით და ამიტომაც ვიაზრებთ. თუმცა,  ქართველები არ ვართ მარტო: ესტონელები, ლიეტუველები, ლატვიელები, პოლონელები, ჩეხები, სლოვაკები და უნგრელები –  ყველა მათგანში ეს შიშის ძალა ღრმადაა გამჯდარი. ევროპელებმა კარგად იციან, როგორი ხარისხის შიში შეუძლია მოგგვაროს რუსულმა ტანკებმა და როგორ ვრცელდება ეს შიში თაობებზე.  როგორც იტყვიან, ჩვენ კი, ხაზი უნდა გავავლოთ ქვიშაზე, მოვხაზოთ ზღვარი და როგორც ევროპელებმა, ეს შიშის სინდრომი უკან ჩამოვიტოვოთ.

შიში, მოწევისადმი გამჯდარ ჩვევას ჰგავს, რომლის დათრგუნვის ერთადერთი გზა არის ის, რომ არ დაშინდე, არ შეგეშინდეს. ჩვენ უნდა გვქონდეს იმის გამბედაობა, რომ წარმოვიდგინოთ მომავალი შიშის სინდრომის გარეშე, განსაკუთრებით ევროპაში, რადგან სხვა შემთხვევაში  ცნება „ევროპა“ თავის მნიშვნელობას დაკარგავს.

გასაგებია, რომ ევროპას ეშინია კიდევ ერთი დამანგრეველი ევროპული ომის პერსპექტივების.  მაგრამ შიშის სინდრომი  გადამდებია. თუ ევროპა შეუშინდება რუსეთს და ამ შიშის გავლენის შედეგად დასუსტდება და ჩაიძირება, “მშვიდობა” და “ომი” სულ უფრო და უფრო დაემსგავსება ერთმანეთს. რუსეთის ამბიციები „სუნთქვის სიახლოვეს“ ყავდეს მიბმული ე.წ. “ახლო საზღვარგარეთ” უფრო მეტად კვებავს და აღრმავებს ამ შიშს და ეს გამანადგურებელია ყველა ევროპული ქვეყნის დემოკრატიისათვის. რუსეთს შეუძლია შთანთქოს მეტი ქვეყანა, მეტი თავისუფლების შეზღუდოს, მეტი “გარანტიებიც” კი მოითხოვს იმისათვის, რომ კრემლმა უფრო მეტად დააშინოს ევროპა  ჩვენ უნდა ვიზრუნოთ რუს ხალხზეც და წინ აღვუდგეთ ჩაგვრას, რადგან, რაც უფრო მეტად იზრდება რუსეთის დომინირება და გავლენა „ახლო საზღვარგარეთში“, იგი დამახინჯებულ წარმოსახვაში სამომავლოდ შეიძლება გადაიზარდოს „შუა საზღვარგარეთშიც“ ან შესაძლოა, უფრო შორსაც.  

დასავლეთი უნდა დაეხმაროს უკრაინელებს შიშის დაძლევაში: გულუხვად დაეხმაროს ლტოლვილებს, რომლებმაც არჩიეს ცხოვრება სხვაგან და არა იქ, სადაც ბატონობს შიში; დაეხმაროს იმათ, ვისაც ურჩევნია სიკვდილი, შიშით აღსავსე ცხოვრებას. მათ უნდა მიხედონ საქართველოსაც და — ერთმანეთს — და იპოვონ გზებით ერთად დგომისა ისე, რომ მშვიდობა არ ემყარებოდეს შიშს.

თუ შიში განსაზღვრავს იმის არსს, თუ რას ნიშნავს იყო  ევროპელი ან დასავლელი, გამოდის, რომ  პუტინის რეჟიმმა გაიმარჯვა. ეს იქნება ყველა დასავლელის დამარცხება, რომელიც 1945 წლიდან მშვიდობისთვის იბრძოდა ატლანტიკის ოკეანის ორივე სანაპიროზე.

თედო ჯაფარიძე არის საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოფილი მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. ის ასევე იყო საქართველოს პრეზიდენტის-ედუარდ შევარდნაძის  მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ბლოგი წარმოადგენს მის პირად მოსაზრებებს.

თედო ჯაფარიძე: დასავლეთმა უნდა დათრგუნოს შიშის სინდრომი Read More »

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ

გთავაზობთ განცხადების ტექსტს ხელმოსაწერად. შემოურთდით და ერთად მოვითხოვოთ პარლამენტისგან რეალური ნაბიჯების გადადგმა ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე.

https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSfTFgZaZY8TULjSGwLxUGYkt5t8SNN2frsLtkychrpMPpk4_Q/viewform?fbclid=IwAR24dQ3iYghPdFx1MmR-QLqnr2DI9GRYTuPyt1jkzeHe96UzMaGBF9TxPa4

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ

დღეს, ისე როგორც არასდროს, უმნიშვნელოვანესია საქართველოს ხელისუფლების ყველა შტოს ერთობლივი და სწრაფი მოქმედება საქართველოს ევროპული პერსპექტივის უზრუნველსაყოფად. საქართველოს სახელმწიფოს ყველა წარმომადგენლის ვალია, იმოქმედოს სწრაფად და მიზანმიმართულად, რომ შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც ვლადიმერ პუტინის რეჟიმის დანაშაულებრივი გადაწყვეტილებებისა და მოქმედებების შესაჩერებლად გამოჩნდა, ქვეყნის ევროპული მომავლის უზრუნველყოფისთვის გამოვიყენოთ.

საქართველო პუტინის რეჟიმის პირველი მსხვერპლია, ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისათვის იმსახურებს სათანადო შეფასებას და ევროპულ პერსპექტივას.

ამასთანავე ვაცნობიერებთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმების შეუსრულებლობა წარმოადგენს მნიშვნელოვან წინაღობას საქართველოსთან, როგორც სანდო პარტნიორთან ურთიერთობის გზაზე. შესაბამისად, უმნიშვნელოვანეს პირობად მიგვაჩნია შარლ მიშელის შეთანხმების პირობების შესრულება ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის განმტკიცებისთვის.

ევროკავშირში ინტეგრაციისთვის სწორი და დროული განცხადებები და რეზოლუციები მნიშვნელოვანი, მაგრამ მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სწორედ დღეს, საქართველოს პარლამენტში შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებით უნდა ვაჩვენოთ მთელს ცივილიზებულ სამყაროს, მათ შორის ევროპარლამენტს, ევროპულ საბჭოსა და ევროკომისიას, რომ საქართველოს ბრძოლა დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული სახელმწიფოებრიობისთვის შეუქცევადია და ყველაფერს ვაკეთებთ მის უზრუნველსაყოფად.
შესაბამისად, 

  1. საქართველოს პარლამენტმა, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესაბამისად, დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის შესაბამისი პროცედურების დაწყების შესახებ.
  2. საქართველოს პარლამენტმა, მოუწოდოს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააკეთოს განაცხადი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ.
  3. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა საქართველოს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებისთვის მიმდინარე კვირის განმავლობაში განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.
  4. საქართველოს მთავრობამ კონსტიტუციის შესაბამისად საქართველოს პრეზიდენტს მიანიჭოს შესაბამისი უფლებამოსილებები ევროკავშირთან მოლაპარაკებების წარმოების დასაწყებად.

 ხელმომწერი ორგანიზაციები:

  1. სამოქალაქო იდეა
  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
  3. ღია საზოგადოების ფონდი
  4. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  5. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი
  6. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის
  7. სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
  8. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  9. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  10. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტი“
  11. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG)
  12. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  13. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)
  14. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  15. სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC)
  16. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  17. მომავლის სკოლა
  18. თანასწორობა 17
  19. დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ
  20. ფონდი „კავკასიური დიალოგი“

გარდა ამისა, მიმართვას ხელს აწერს 150-ზე მეტი ფიზიკური პირი.

შენიშვნა: სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ, რომელსაც 150-ზე მეტი ფიზიკური პირი და ათობით სამოქალაქო ორგანიზაციის წარმომადგენელი აწერს ხელს, მანამდე მომზადდა, ვიდრე მმართველი პარტია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის ოფიციალურად გაკეთების განზრახვის შესახებ საზოგადოებას ამცნობდა. საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამოქალაქო საზოგადოების განცხადება პირველადი სახით ვრცელდება.  

სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა საქართველოს პარლამენტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის დაუყოვნებლივ დაწყების შესახებ Read More »

თბილისი პეკინისკენ იხრება? – სამოქალაქო იდეას კვლევის შესახებ პოლონური გამოცემა მოგვითხრობს.

საქართველო, ათი წლის წინ, განიხილებოდა პოსტსაბჭოთა კავკასიაში საბაზრო რეფორმებისა და შედარებითი პოლიტიკური ლიბერალიზაციის წარმატების ნიმუშად. ქვეყანამ აირჩია პროდასავლური კურსი, ინარჩუნებს მჭიდრო ურთიერთობას აშშ-სთან და აცხადებს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებებს. 2008 წელს, ბუქარესტის სამიტზე გაწევრიანებას დაჰპირდნენ. საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყანაა, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით. მიუხედავად იმისა, რომ საგარეო პოლიტიკის ოფიციალური მიმართულებები უცვლელი რჩება, საქართველომ ახალი მნიშვნელოვანი პარტნიორი იპოვა.

რა შეიცვალა ბოლო წლებში?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ცდილობს, ქართული ანალიტიკური ორგანიზაცია. Civic IDEA – ს მიერ გამოქვეყნებული ანალიზი, აშშ-ს სახელმწიფო დახმარების სააგენტო USAID – თან, ჩეხეთის უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრთან და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეხება რუსეთისა და ჩინეთის გავლენებს, კავკასიის  ყველაზე პროდასავლურ ქვეყანაში. კვლევის წლევანდელი, მეორე გამოცემა აჩვენებს, მოსკოვისა და პეკინის გავლენის განვითარებას საჯარო ინსტიტუტებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, პოლიტიკურ პარტიებსა და ეკლესიაში.

დოკუმენტის მიხედვით, ჩინეთის გავლენა საქართველოში იზრდება, არა მხოლოდ კვლევით ერთეულებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში, არამედ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორშიც. ანგარიშის მიხედვით, ქართული ძალოვანი ელიტა ჩინეთს აღიქვამს, როგორც შიდა რუსული გავლენის დამაბალანსებელ ფაქტორს. თუმცა, საზოგადოებრივი აზრი ჩინეთის მიმართ, სკეპტიკურად რჩება, ინფრასტრუქტურულ კონტრაქტებში კორუფციის ეჭვების ან შრომითი უფლებების შეუსრულებლობის გამო.

ჯეიმსთაუნის ფონდის მონაცემებით, ჩინეთმა დაახლოებით 705 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა რკინიგზის, პორტებისა და მაგისტრალების მშენებლობის მხარდასაჭერად. იანვარში, ჩინურმა საინფორმაციო სააგენტო Xinhua-მ განაცხადა, რომ ჩინეთი საქართველოს პირველი საექსპორტო პარტნიორი გახდა. 2021 წელს, ქართულმა საწარმოებმა ჩინეთში  615 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი გაიტანეს, რუსეთში კი ოდნავ ნაკლები – 610 მლნ აშშ დოლარი. სხვათა შორის, ქართველებს, სპილენძისა და მანგანუმის გარდა, ექსპორტზე გააქვთ, მინერალური საწვავი, ზეთები, მატყლი, ტყავი, ქიმიკატები და ღვინო.

Civid IDEA – ს ანგარიშები გვაფრთხილებენ, რომ ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდა, განპირობებული იქნება პოლიტიკური გავლენით და რომ თბილისი, შეიძლება გამოყენებულ იქნას დასავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურის წინააღმდეგ სათამაშოდ. ადგილობრივი ანალიტიკოსები, ასევე მიუთითებენ აკადემიური საზოგადოების დამოკიდებულების შესაძლო ცვლილებაზე, რომელიც დროთა განმავლობაში შეიძლება გახდეს, უფრო პრო-ჩინური, სტიპენდიებისა და კვლევების მზარდი შეთავაზებების წყალობით.

მეტი კომენტარი აზიის შესახებ Boym Institute-ის ვებსაიტზე

https://www.wnp.pl/rynki-zagraniczne/czy-tbilisi-ciazy-ku-pekinowi,535618.html?fbclid=IwAR00SEUH1FLyIHH2xBy0AXrgOlQtSJyysU–4FDkj52DedlAm0AiWZ5et8s

თბილისი პეკინისკენ იხრება? – სამოქალაქო იდეას კვლევის შესახებ პოლონური გამოცემა მოგვითხრობს. Read More »

სამოქალაქო იდეას განცხადება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით

გვინდა გამოვეხმაუროთ 30 იანვარს  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს – ბათუმში უკანონო მშენებლობის შესახებ.  პრობლემა, რომელიც აღნიშნული მშენებლობების უკან დგას გაცილებით დიდი და სახიფათოა, ვიდრე 7 უკანონო შენობა ქვეყნის მთავარ ტურისტულ ქალაქში.
არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო იდეა“ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა ბათუმში უკანონო ბიზნესაქტივობის შესახებ.

ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტები:

  • ჩვენი ყურადღება თავდაპირველად მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ბათუმში გაგვიჭირდა კონფერენციის ჩასატარებლად შესაბამისი  სასტუმროს დაჯავშნა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარითაა გაცემული;

კვლევაც, სწორედ, ამ სასტუმროებიდან დავიწყეთ. სასტუმროებში შესახლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ჩინელები არიან და სასტუმროები, ბუნებრივია,  ტურისტული მიზნებით არ აქვთ ნაქირავები. გამოკითხვების და მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ისიც გავარკვიეთ, რომ მათი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ნაწილი კი –  არაბული ქვეყნებიდან.

ეჭვი მათი არალეგალური საქმიანობის შესახებაც, სწორედ, ამ გარემოებების გამო გაგვიჩნდა.

  • დაუჯერებელია, რომ ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის, ასეულობით ჩინეთის მოქალაქე შეუმჩნევლად ჩამოსულიყო.
  • ჩვეულებრივ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების  ღონისძიებებს ვიხილავდით წითელი ხალიჩებისა და „ბაფთების“ თანხლებით. არც ბატონი პრემიერი იტყოდა უარს, თავის ჩინელ კოლეგებთან ერთად მედიის წინ კეკლუცობაზე.

თუმცა, ამის ნაცვლად გვაქვს სრული დუმილი, და უფრო მეტიც, ინფორმაციის მიღებისა და ვითარებაში გარკვევის ყოველ მცდელობას, ბათუმში მტრული რეაგირებით ხვდებიან.

  • ამასობაში, სწორედ, იმ პერიოდში საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ახალი ამბები არაბულ ქვეყნებში ჩინელი „ბიზნესმენების“ წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ, ძირითადად, ფულის გათეთრების, უკანონო online კაზინოებისა და სხვა კიბერდანაშაულების თაობაზე.
  • აღნიშნული ფაქტების შესახებ გასული წლის ბოლოს, დეტალურად წერდა ქართული გამოცემა „ბათუმელებიც“.

თუკი ჩვენ შევძელით, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ერთი მედია საშუალების რესურსებით მიგვეკვლია პრობლემის როგორც გარე წყაროებისათვის, ასევე, აქ საქართველოში, შეუძლებელი და დაუჯერებელია, ჩინეთის ასეულობით მოქალაქის ორგანიზებულად ქვეყანაში შემოსვლისა და ბათუმში ძვირადღირებული სასტუმროების რამდენიმე თვის მანძილზე დაქირავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს. ასევე, შეუძლებელია, ისინი არ დაინტერესებულიყვნენ ამ ჯგუფების ისტორიითა და წარმომავლობით და ვერ მიეკვლიათ პრობლემისთვის, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყნებში დატოვეს.

შესაბამისად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბათუმში მიმდინარე არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების  (ჩვენი ინფორმაციით, ეს შენობები, სწორედ, იმ ჯგუფებისთვის შენდება, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სასტუმროებში არიან განთავსებული), არამედ, ქვეყნისთვის სავარაუდოდ, უდიდესი კიბერ-საფრთხის მატარებელი საქმიანობის მფარველები, სწორედ, ან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები.

აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყნისთვის ამ საფრთხის ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით.

სამოქალაქო იდეას განცხადება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით Read More »

თინათინ ხიდაშელი: ყაზახეთის მოვლენების შესახებ ჩემი მოლოდინები მძიმეა

“სამწუხაროდ, ამ უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის ეს არ არის დემოკრატიული პოტენციალის მქონე მოძრაობა და რევოლუცია. ცენტრალურ აზიაში ასეთი, დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე ძალები ან უბრალოდ არ არიან, ან უკიდურესად მცირე და ფრაგმენტირებულნი არიან. თუკი რამე გვასწავლა ყირგიზეთის განგრძობითმა რევოლუციურმა მოძრაობამ 2000-იანების დასაწყისში, ყირგიზეთში, სადაც მაშინ ამერიკული ბაზაც იყო და დემოკრატიული რესურსის შექმნისთვის ბევრი და  მნიშვნელოვანი პროექტებიც ხორციელდებოდა, არის პირველ რიგში სწორედ ამ რესურსის სიმწირე.

დიახ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ,  რომ თავისი არსით და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები არის პოლიტიკური და ვერ ეტევა სოციალური მღელვარების ფარგლებში. თუმცა  პრობლემაც სწორედ აქ არის – როდესაც თავისი არსით პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს თან, როდესაც დღის წესრიგი ქაოსურია და ძალადობაც არის,  ხელისუფლების, უფრო კი რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

დღეს რუსეთისთვის დახმარებისთვის მიმართვა და ე.წ. “მშვიდობისმყოფელების” შეყვანა ყაზახეთის ქალაქებში კი უკიდურესად სახიფათო და რისკიანი ნაბიჯია, პირველ რიგში, თავად ნაზარბაევისა და მისი გარემოცვისთვის, რომელიც თითქმის 30 წლის მანძილზე მუდმივად აბალანსებდა ქვეყანაში დომინანტ ინტერესებს და ინარჩუნებდა ქვეყნის სუვერენიტეტს და მშვიდობას.

ყაზახეთში ჩემი უკვე თითქმის 6-წლიანი საქმიანობის შემდეგ, ერთი რამ, რაც შემიძლია დადასტურებულად ვთქვა, ის არის, რომ რიგითი ადამიანებისთვის სწორედ ეს მშვიდობა იყო ყველაზე ძვირფასი, რის გამოც ბევრ რამეზე ხუჭავდნენ თვალს.

გამოცდილება ადასტურებს რომ დასახმარებლად მისული რუსული ჩექმა ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას.

არც ის არის სიახლე ვინმესთვის, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიშები აქვს ყაზახეთთან და ეს ანგარიშები არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ, დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული და არაეფექტურია.

ამ ყველაფერში ერთადერთი საინტერესო ამბავი რჩება ის,  თუ როგორ მოიქცევა ჩინეთი? ჩინეთი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ყაზახეთის  სტრატეგიული მოკავშირეა, განსაკუთრებით, როდესაც საქმე სტრატეგიულ ეკონომიკას ეხება.

რუსეთთან გავლენის სფეროებზე ბალანსის შენარჩუნების პოლიტიკა დღევანდელი მოვლენების ფონზე შესაძლოა რისკის ქვეშ აღმოჩნდეს და, შესაბამისად,  რისკის ქვეშ იქნება აქამდე არსებული რიგი დაწერილი თუ დაუწერელი შეთანხმებები.

პარალელები საქართველოსთან უსაგნოა.  ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთისგან დემოკრატიისა და საკუთარი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში. აქ სრულიად ერთმნიშვნელოვანი უპირატესობა გვაქვს. თუკი რამე გვამსგავსებს,  არის ის, რომ  ბატონი ივანიშვილი ქვეყნის სწორედ ნაზარბაევიზაციას ცდილობდა.  როდესაც დასავლეთის ხმა აღარ ისმის, როდესაც ქვეყანაში მთავარი მოთამაშეები რუსეთი და ჩინეთი არიან, ჩვენს შემთხვევაში ირანიც შეგვიძლია დავამატოთ ამ ჩამონათვალს, როდესაც ქვეყნის მმართველობა მთლიანად დაცლილია პოლიტიკისა და პოლიტიკოსებისგან და მართვის ბერკეტი მთლიანად და სრულად ოლიგარქისა და მისი ხელის ბიჭების ხელშია.

შედეგად კი სწორედ ის დგება, რასაც დღეს ყაზახეთში ვუყურებთ – შესაძლოა, ერთ დღეს ძალაუფლება ქუჩაში ეგდოს, ქვეყანაში კი პოლიტიკური ძალა აღარ იყოს, რომელიც მას ხელში აიღებს და ეფექტურად, ქვეყნის სასიკეთოდ მიმართავს. აქედან რუსეთისთვის “დახმარების ხელი გამოგვიწოდეთ” თხოვნამდე კი ნახევარი ნაბიჯია.

მოკლედ, ოპტიმიზმისგან დაცლილია ჩემი მოლოდინები ყაზახეთში დემოკრატიული ცვლილებების შესაძლებლობის თაობაზე.“ – თინათინ ხიდაშელი

ლინკი ?

https://netgazeti.ge/opinion/585690/?fbclid=IwAR0NJ5Ux6mdiUAMn-9QNoFY9k_yOrZOGu3eo_qg84j2AozxAE9Iwdk0itMI

თინათინ ხიდაშელი: ყაზახეთის მოვლენების შესახებ ჩემი მოლოდინები მძიმეა Read More »

თინათინ ხიდაშელის სტატია მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის კონფერეციის ანგარიშში

სამოქალაქო იდეას თავმჯდომარემ, თინათინ ხიდაშელმა, მონაწილეობა მიიღო, მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში – “30 წლის შემდეგ: ისევ არსებობს თუ არა პოსტ-საბჭოთა სივრცე?”. გამოქვეყნდა კონფერენციის ანგარიში, რომელშიც მოცემულია თინათინ ხიდაშელის სტატიაც:

„ქართული პერსპექტივიდან, მნიშვნელოვანია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ პოლიტიკური და გეოგრაფიული ევროპა. თავად საქართველო საკუთარ თავს პოლიტიკური ევროპის ნაწილად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად ის კავკასიაში მდებარეობს. საქართველო სწორედ ის ადგილია, სადაც რუსეთი დასავლეთს ებრძვის გავლენისთვის და ცდილობს იმის ჩვენებას, რომ საქართველო მუდმივად მის მიერ დომინირებული სამეზობლოს ნაწილი იქნება. ქართველებისთვის იქმნება განცდა, რომ ევროკავშირი და ნატო „რკინის ფარდას“ აშენებს, და ქვეყნები, რომლებიც ამ ფარდის მიღმა ექცევიან, მათ საზრუნავს აღარ წარმოადგენს“. 

ანგარიშის ლინკი ?

https://www.iipvienna.com/ussr-conf-2021

თინათინ ხიდაშელის სტატია მშვიდობის საერთაშორისო ინსტიტუტის კონფერეციის ანგარიშში Read More »

პროექტის „საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით და დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ დასკვნითი ღონისძიება

2021 წლის 16 დეკემბერს, თბილისში, სასტუმრო Hilton Garden-ში, სამოქალაქო იდეამ საქართველოს რეფორმების ასოციაციასა და მედიის განვითარების ფონდთან ერთად მონაწილეობა მიიღო მედიაწიგნიერების პროექტის დახურვის ღონისძიებაში, რომელსაც მასპინძლობდა არასამთავრობო ორგანიზაცია “People in Need” ჩეხეთის მთავრობისა და USAID / საქართველოს მხარდაჭერით.

გახსნითი სიტყვა ეკუთვნოდა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში პეტრ მიკისკას, USAID/GEORGIA-ს მისიის ხელმძღვანელს, პეტერ ვიბლერსა და „People in Need Georgia”-ს აღმასრულებელ დირექტორს დიონ ბატერსბს. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განიხილეს ჩინეთისა და რუსეთის მავნე გავლენები, როგორც საფრთხე დემოკრატიული პროცესისთვის საქართველოში, დეზინფორმაციის მასშტაბები, უცხოური ყალბი ამბები და პროპაგანდისტული კამპანიები Covid-19-ის პანდემიის დროს.

მოკლე ინფორმაცია ღონისძიების შესახებ ?

https://bit.ly/3p60Gqx

პროექტის „საქართველოში სამოქალაქო მედეგობის გაძლიერება დემოკრატიის ხელშეწყობით და დემოკრატიის გაძლიერება მედია წიგნიერების ამაღლებით“ დასკვნითი ღონისძიება Read More »

ჩინეთის მზარდი გავლენების ანალიზი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

ძვირფასო მკითხველებო,

ჩვენთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ “სამოქალაქო იდეა”-ს მიერ ინიცირებული და პარტნიორებთან ერთად მომზადებული პუბლიკაციის პირველი ნაწილი, რომელიც  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უცხო ქვეყნების მზარდი გავლენების შესახებ მოგვითხრობს. ამ გამოცემის მეორე ნაწილის მომზადება 2022 წელს იგეგმება.

ეს პუბლიკაცია წარმოადგენს 8 ანალიტიკურ სტატიას, რომელიც ძირითადად ასახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების, სესხებისა და ვალების დინამიკას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) როლის ზრდასა და გაფართოებას, არსებულ საფრთხეებსა და ყველაზე თვალსაჩინო მოვლენებს მოცემულ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს წერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციების შესახებ, ძალიან ცოტაა ნათქვამი ჩვენი ინტერესის რეგიონის შესახებ და კიდევ უფრო ნაკლები დინამიკაზე, რომელიც ცალსახად ჩანს ამ სახელმწიფოებში.

სამოქალაქო იდეა სამ წელზე მეტია სწავლობს ჩინეთის გავლენის ოპერაციებს ჩვენს რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთის სახელმწიფოს, მისი უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო ცენტრების, კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკით. შესაბამისად, ჩვენს წინა პუბლიკაციებში იხილავთ მასალებს კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობის, სტუდენტური და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების, ე.წ. „ვალის ხაფანგის“ პრაქტიკის, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების რისკების შესახებ და ა.შ.

ამ კვლევაში თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და ცოდნას შვიდი ქვეყნის შესახებ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ თურქმენეთში შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა ერთობლივ კვლევაში მონაწილეობას.

ნაშრომი საქართველოს შესახებ ეკუთვნის სამოქალაქო იდეას უფროს მკვლევარს ანი კინწურაშვილს. ნაშრომი აჯამებს სამოქალაქო იდეას China Watch-ის ანგარიშებს და მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვის სექტორებში, საქართველოში “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში, რეპუტაციაშელახულ და შავ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიებთან (CEFC, Sinohydro, Motor Sich, Nuctech, CRBC) დაკავშირებული გადაცდომების მიმოხილვით. უფრო მეტიც, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს ჩინური კომპანიები, როგორც წესი, შუამავლობენ ჩინეთის სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების მიერ ორგანიზებულ მასიურ კორუფციულ სქემებში. ეს გარემოება ხსნის საქართველოს მთავრობის უუნარობას გამოიძიოს იმ კომპანიის რეპუტაცია, რომელთანაც ხელს აწერს მემორანდუმებს და  რომელსაც გადასცემს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

არტაკ კიურუმიანი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ფონდ ღია საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, განიხილავს ჩინეთ-სომხეთის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სომხურ ინვესტიციებს  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.ნაშრომი ხაზს უსვამს ექსპერტთა საზოგადოებაში აზრთა მრავალფეროვნებას, რადგან ზოგი მიიჩნევს, რომ სომხეთს აქვს ჩამოყალიბებული სამუშაო ურთიერთობები ჩინეთთან, ზოგი კი ფიქრობს, რომ სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები სტაგნაციაშია. სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს ხედვა ან სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაამყაროს კავშირები ჩინეთთან. რუსეთს ჰქონდა და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და აქვს ბერკეტები მათზე გავლენის მოხდენისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის სხვადასხვა მთავრობა ოპტიმისტურად იყო განწყობილი სომხურ-ჩინური ერთობლივი საწარმო „Shanxi-Nairit“-ის მიმართ. Shanxi-Nairit არ მუშაობს სრული სიმძლავრით და ვერ ფარავს ხარჯებს, რაც სომხეთისთვის დიდი ზარალის მომტანია. 2018 წლის შემდეგ რევოლუციური ხელისუფლების წარმომადგენლები Shanxi-Nairit-ის საბჭოშიც იყვნენ წარმოდგენილნი და ირწმუნებოდნენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა, სომხური საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობებს მოგზაურობისთვის იყენებს და რეალურად, არ ქმნის რაიმე მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას.

გუბად იბადოღლუ, ეკონომიკური კვლევითი ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი, ნაშრომში განიხილავს ჩინეთის მზარდ ინტერესებსა და გავლენას აზერბაიჯანში. იგი ხაზს უსვამს გაძლიერებულ სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთსა და აზერბაიჯანს და ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც წარმოადგენს ერთი სარტყელი და ერთი გზა ინიციატივის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელოვან კომპონენტს. სწორედ ეს რკინიგზა აკავშირებს ევრაზიის აღმოსავლეთ ნაწილს და დასავლეთ ნაწილთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანი გეგმავს ახალი დერეფნის მშენებლობას ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, რათა შეუერთდეს აზერბაიჯანის მატერიკს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. ჩინეთისთვის ეს დერეფანი წარმოადგენს მეორე მარშრუტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის, სომხეთის, ნახიჩევანისა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიემართება. აზერბაიჯანის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინეთის მზადყოფნა გადასცეს სამრეწველო შესაძლებლობები, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, ჩინეთმა ვერ გააუქმ სამთავრობო დონეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. თუმცა, ამჟამად ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შეთანხმებები ვალუტის გაცვლის, ინდუსტრიული ტრანსფერის ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ყაზახეთის მოპოვებით სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ ყაზახეთის მოსახლეობის ინფორმირების დონის კვლევა ეკუთვნის პოლიტოლოგს და ყაზახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ექსპერტიზის” დირექტორს დანილ ბექტურგანოვს, რომელიც აანალიზებს ექსტრაქციულ სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის ადგილობრივი მედიის მიერ გაშუქებას. მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაანალიზების გარდა, ის იკვლევს ყაზახეთის მთავრობის მიერ გაცემული განცხადებებისა და სხვა დოკუმენტების ხელმისაწვდომობას, რომლებიც დაკავშირებულია ჩინურ ინვესტიციებთან და “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივასთან. კვლევა განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ თემებზე ჩინური მომპოვებლური კომპანიების ზემოქმედებასთან და ამ საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებთან. ბ-ნი ბექტურგანოვი ამტკიცებს, რომ ყაზახეთი “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირებენ მსხვილი ჩინური სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები, ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტები, მათ შორის „დასავლეთ ევროპა – დასავლეთ ჩინეთის“ დერეფანი. ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ყაზახეთის მოქალაქეების ინფორმირება ბიზნესისა და ადგილობრივი თემებისთვის მიწოდებული შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაციის არარსებობა ან ნაკლებობა წარმოშობს მითებისა და ფობიების დიდ რაოდენობას და არ უწყობს ხელს საზოგადოების ჩინური ბიზნესისადმი ნდობის გაზრდას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ჩინური პროექტების გარემოზე ზემოქმედება, რომელიც ობიექტურად და საჯაროდ უნდა შეფასდეს.

ბაკიტბეკ სატიბეკოვი, ექსპერტი და ყირგიზეთის რესპუბლიკის ღია მმართველობის ეროვნული ფორუმის თანათავმჯდომარე მიმოიხილავს ჩინეთის “ვალების ხაფანგის” დიპლომატიას ყირგიზეთში, ქვეყანაში არსებული მსგავსი პოლიტიკის არსებობის აშკარა ნიშნების ხაზგასმით. ავტორი იწყებს სხვა ქვეყნების მაგალითზე ტერმინ “ვალის ხაფანგის“ განმარტებას. ამის შემდეგ ბატონი სატიბეკოვი აღწერს ყირგიზეთის მიერ ჩინეთისგან აღებული სესხების დეტალურ ისტორიას, მათ მიზნობრიობას, ფინანსურ და სხვა პირობებს და მოგვიანებით ხაზს უსვამს ყირგიზეთის ვალის მართვის სტრატეგიის ევოლუციას და განსაკუთრებულ ყურადღებას კრედიტორის წილის შეზღუდვაზე ამახვილებს. საბოლოოდ, ის გვთავაზობს იმ შედეგების ანალიზს, რომელიც ჩინურმა „ვალების ხაფანგმა“ შეიძლება გამოიწვიოს ყირგიზეთში.

უმედჯონ მაჯიდი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და სასექსის უნივერსიტეტის ასპირანტი, განიხილავს კოროზიული კაპიტალის შემოდინებას ტაჯიკეთის რესპუბლიკაში და თუ როგორ უთხრის ძირს ჩინური ინვესტიციები კარგ მმართველობასა და გამჭვირვალობას ცენტრალური აზიის რეგიონში. ორგანიზაცია “საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრის”(CIPE) მიერ შემუშავებული ტერმინი “კოროზიული კაპიტალი” გულისხმობს დაფინანსების ისეთ წყაროს, რომელსაც აკლია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ბაზარზე ორიენტაცია, რომელიც მოედინება ავტორიტარული რეჟიმებიდან ახალი ან გარდამავალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში. კოროზიული კაპიტალი პირდაპირ კავშირშია დიდ ავტორიტარულ ქვეყნებთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებსაც არ გააჩნიათ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კარგი მმართველობის ნიშნები კაპიტალის მინიჭების სქემებში. ეს ნაშრომი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ენაზე არსებულ მრავალფეროვან პუბლიკაციებზე, აანალიზებს კონკრეტულად იმას, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა “ერთი სარტყელი და ერთი გზა” ინიციატივის სტრატეგიის ფარგლებში, ტაჯიკეთში ე.წ. “ცუდი მმართველობის” სქემებს ტაჯიკეთის ადგილობრივ და ეროვნულ მმართველობის ინსტიტუტებში, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, სადაც კაპიტალი და ფინანსური სახსრები, როგორც წესი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმაციის პირობით მოედინება.

ფარხოდ ტოლიპოვი, არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტის „Bilim Karvoni“-ის („ცოდნის ქარავანი“) დირექტორი, ასრულებს სტატიების კრებულს ნაშრომით, „ჩინეთის ძალაუფლების პროექცია ცენტრალურ აზიაში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები: უზბეკეთის მაგალითი“. იგი განმარტავს სახელმწიფოს ძალაუფლების პროექციის შესაძლებლობას, როგორც მის უნარს მოახდინოს გავლენა სხვა სახელმწიფოზე მისი ნამდვილი ძალის გამოყენებით. ძალაუფლების ამ გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები, დიპლომატიური კომუნიკაციებიდან დაწყებული პოლიტიკური ზეწოლის ღია დემონსტრაციით დამთავრებული, რბილი და მყარი ძალის ელემენტების ცალ-ცალკე ან მათი კომბინაციის გამოყენებით. მოცემული ნაშრომი აგებულია მთავარი კითხვის გარშემო, თუ რა ვიცით ჩინეთის ძალის პროექციის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა ძირითადი ყურადღება უზბეკეთის მაგალითზეა გამახვილებული. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის გავლენის შესახებ საზოგადოებისა და ექსპერტების მოსაზრებები საკმაოდ ბუნდოვანია; სინოფობია და სინოფილია თანაარსებობს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს შორის. კერძოდ, სინძიანის პროვინციაში პეკინის რეპრესიულმა დამოკიდებულებამ უიღურების მიმართ ასევე მოახდინა გავლენა ცენტრალური აზიელების მიერ ჩინეთის აღქმაზე. ჩინეთი, ახორციელებს დიდი ძალის პოლიტიკას, რომელსაც თავისთავად მოაქვს შესაძლებლობები და გამოწვევები მეზობელ ტერიტორიებზე, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. უფრო მეტიც, ყველა დიდი სახელმწიფო ისტორიულად ყოველთვის ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ეს კონკურენცია, თავის მხრივ, ყოველთვის იწვევდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ შედეგებს.

პუბლიკაციები იხილეთ ინგლისურ და რუსულ ენაზე ?

ჩინეთის მზარდი გავლენების ანალიზი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში Read More »

Scroll to Top