ამბები
კიდევ ერთი ტრაგედია საქართველოში ჩინური კომპანიების ჩართულობით მიმდინარე გზის პროექტში
ქვეშეთი–კობის გზის სამშენებლო მონაკვეთზე 23 ნოემბერს მორიგი ტრაგედია დატრიალდა. სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, მეწყრის შედეგად ჩამოიშალა მიწის დიდი მასა, რომლის ქვეშ მოყვა სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი – თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები. ოთხი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი გადაყვანილ იქნა კლინიკაში. გზების დეპარტამენტის ცნობით „შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გამოძიება კი უკვე დაწყებულია”.
პროექტს ახორციელებენ ჩინური კომპანიები China Railway Tunnel Group Co და China Railway 23rd Bureau Group Co. მთავრობის განცხადებაში საუბარია კონტრაქტორი კომპანიებისთვის უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მოთხოვნაზე.
სამწუხაროდ, ქვეშეთი–კობის გზაზე მომხდარი ტრაგედია მხოლოდ მორიგი დასტურია იმ მძიმე ტენდენციისა, რომელზეც „სამოქალაქო იდეა” ბოლო რამდენიმე წელია წერს ანგარიშებს, გასცემს რეკომენდაციებს და აფრთხილებს როგორც ქვეყნის მთავრობას, ისე მოსახლეობას.
2017 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები მიუთითებდა, რომ ზემოხსენებული კონტრაქტორები უსაფრთხოების წესებს მხოლოდ ფორმალურად ასრულებდნენ, ხოლო რეალური მონიტორინგი არ ხდებოდა. ეს საქართველოში დადასტურდა ჯერ კიდევ 2022 წელს, როდესაც CRTG-ის გვირაბში აფეთქების შედეგად CO₂-ის დაგროვებამ ერთი ადამიანის სიცოცხლე უკვე შეიწირა.
კომპანიას პრობლემატური რეპუტაცია აქვს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. CRTG და მისი დედა კომპანია CRCC აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის შავ სიაში არიან. ამას გარდა, 2019 წელს მსოფლიო ბანკმა ამავე კომპანიებს თაღლითური პრაქტიკების გამო 20-თვიანი სანქციების პაკეტი წარუდგინა. მათ შორის სატენდერო დოკუმენტაციის გაყალბებისა და მუშების შრომითი უფლებების დარღვევისთვის.
„სამოქალაქო იდეა” გამაფრთხილებელი ანგარიშების პასუხად იღებდა ბრალდებებს ქვეყნის ინტერესების საწინაარდეგოდ მოქმედებაზე. კობზე მომხდარი მორიგი ტრაგედია კითხვას აჩენს, თუ ვის ინტერესებს ემსახურებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების მანძილზე უგულებელყოფდნენ ჩვენი და ამ საკითხებზე მომუშვე ყველა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციის რეკომენდაციებს.
მაღალი ტექნიკური და გარემოსდაცვითი რისკებისა და გაფრთხილებების ფონზე ცხადად სავალდებულო იყო კონტრაქტორების მკაცრი მონიტორინგის საჭიროება. თუმცა, ეს შემთხვევა კიდევ ერთი ტრაგიკული დასტურია იმისა, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ყველა გაფრთხილება იგნორირებულ იქნა და, მეტიც, ისინი კვლავ აგრძელებენ ამ კომპანიების უპირობოდ მხარდაჭერას. საინტერესოა, რა ინტერესები იდგა ამ გარიგებების უკან, რომლებსაც ოცნების რეჟიმი საერთაშორისოდ სანქცირებულ და რეპუტაციაშელახულ ჩინურ კომპანიებთან დებდა.
კიდევ ერთი ტრაგედია საქართველოში ჩინური კომპანიების ჩართულობით მიმდინარე გზის პროექტში Read More »
თინათინ ხიდაშელი საერთაშორისო კონფერენციაზე მონტენეგროში
სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელი თინათინ ხიდაშელი 14-15 ნოემბერს მონაწილეობდა მონტენეგროში გამართულ საერთაშორისო ფორუმში სახელწოდებით „დაუბალანსებელი მსოფლიო წესრიგი: დემოკრატიის წინაშე არსებული გამოწვევები გლობალური ტრანსფორმაციის ეპოქაში”
ფორუმმა ევროპისა და აშშ-დან მოწვეული მნიშვნელოვანი პოლიტიკოსები, დიპლომატები და ექსპერტები გააერთიანა, რომლებიც ევროკავშირის გაფართოებას, რეგიონულ უსაფრთხოებას, ადამიანის უფლებებს, მედიის თავისუფლებასა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს განიხილავდნენ.
თინათინ ხიდაშელმა პანელზე „დემოკრატიული ღირებულებების დაცვა მზარდი ავტორიტარიზმის ეპოქაში“, ისაუბრა დემოკრატიის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე საქართველოსა თუ მსოფლიოში, ავტორიტარული გავლენების გაძლიერების ტენდენციებსა და ამ პროცესში აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე.
პანელების მოსმენა სრულად შეგიძლიათ შემდეგ ლინკზე:
თინათინ ხიდაშელი საერთაშორისო კონფერენციაზე მონტენეგროში Read More »
კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის
სანამ „ქართული ოცნება” აგრძელებს საქართველოს საჯარო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო რესურსების მიტაცებას, ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.
დამოუკიდებელი მონიტორინგის თანახმად, 2013 წლიდან მოყოლებული, კომპანიებმა, რომლებიც დაკავშირებულნი არიან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებთან და პარტიის დამფუძნებელთან, ბიძინა ივანიშვილთან, სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვების შედეგად 3.28 მილიარდ ლარზე მეტი მიიღეს. მათ შორის, 2020–2024 წლებში სახელმწიფო ტენდერებით 1.028 მილიარდი ლარი მიენიჭათ კომპანიებს, რომლებიც დაკავშირებულნი არიან მმართველი პარტიის დონორებთან, ხოლო მათივე შემოწირულობების ოდენობამ 7.7 მილიონი ლარი შეადგინა.
სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული კორუფციული ქმედებები მრავალმხრივია და მოიცავს არაკონკურენტულ შესყიდვებსა და გამარტივებულ ტენდერებს, რომლებიც მიკერძოებულია მმართველ პარტიასთან დაახლოებული კომპანიების სასარგებლოდ, ასევე დასაქმების პროგრამებს, რომლებიც ფორმალურად მიზნად ისახავს მოწყვლადი მოქალაქეების მხარდაჭერას, მაგრამ რეალურად საჯარო სახსრებს მმართველი პარტიის ვიწრო-პარტიული ინტერესების მიღწევისკენ მიმართავს, პარტიული კადრების არაფორმალურ ქსელების დაფინანსების გზით. ასევე ნიშანდობლივია, საჯარო მოხელეთა არაპირდაპირი, გაუმჭვირვალე ქონებრივი გარიგებები, მათ შორის არაერთი დადასტურებული შემთხვევა დაუფიქსირებელი ქონების შესახებ. 2024–2025 წლებში მხოლოდ ამ ფორმით დაფიქსირდა 34 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქონების, მათ შორის, ნაღდი ფულის და უძრავი ქონების გადაცემა თანამდებობის პირებზე. ფორმალურად ეს ტრანზაქციები რეგისტრირდება როგორც საჩუქარი, თუმცა ფაქტობრივად წარმოადგენს ალტერნატიულ კორუფციულ მექანიზმს, რომელიც მიზნად ისახავს პოლიტიკური ლოიალობის შენარჩუნებას და გავლენების სისტემურ განაწილებას. ეს საკითხები არ არის ასახული ანტიკორუფციული ბიუროს 2023–2024 წლების ანგარიშებში, მიუხედავად იმისა, რომ ბიუროს კანონით ევალება თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი და საეჭვო გარიგებებზე რეაგირება.
ბიუროს მიერ წარდგენილი ანგარიშები ფორმალური ხასიათისაა, მათში არ ფიქსირდება არც ერთი ელიტური კორუფციის შემთხვევა, არც ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტი და არც კონკრეტული ქონებრივი გარიგებების შეფასება. ასეთი მიდგომა ცხადყოფს, რომ ბიურო რეალურად არ ახორციელებს პრევენციულ ან მაკონტროლებელ ფუნქციას, არამედ ემსახურება პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნებს.
შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ საჯაროდ საუბრობს კორუფციასთან ბრძოლაზე, პრაქტიკაში, სახელმწიფო რესურსები მიტაცებულია პოლიტიკური ელიტის და მასთან დაახლოებული ბიზნესის მიერ, რომლებიც მდიდრდებიან გამჭვირვალობის, სამართლიანი კონკურენციისა და საჯარო ანგარიშვალდებულების იგნორირების ხარჯზე.
ამავდროულად, სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიურო გამოიყენება დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დევნის ინსტრუმენტად. დამოუკიდებელ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ავალებენ ბიუროს მიაწოდონ მოცულობითი ინფორმაცია, მათ შორის, პირადი მონაცემები, 2024 წლიდან დღემდე შესრულებულ საქმიანობაზე, რაც უპრეცედენტო ჩარევაა სამოქალაქო სექტორის დამოუკიდებლობაში.
2025 წლის 4 სექტემბერს, ბიურომ დაიწყო 80-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაციის “მონიტორინგი”, „გრანტების შესახებ კანონში” ამა წლის აპრილში მიღებული ცვლილებების ფარგლებში. აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ გაერთიანების თავისუფლებას და არათანაბრად აზარალებს ადამიანის უფლებებსა და დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებზე მომუშავე ორგანიზახიებს.
ეს ქმედებები ასახავს მზარდ ტენდენციას, რომლის პირობებშიც მიტაცებული სახელმწიფო აპარატი მიმართულია სამოქალაქო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაზე, ხოლო ხელისუფლების კორუმპირებული წარმომადგენლები ხელშეუხებლები რჩებიან. კონტროლი გარდაიქმნება რეპრესიად, რომელიც ნიღბად იყენებს სამართლიანობას. ასეთი შერჩევითი ქმედება ზღუდავს სამოქალაქო თავისუფლებებს, სპობს სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობს გამოთქვან დამოუკიდებელი აზრი ან ხელისუფლებას პასუხი მოსთხოვონ კორუფციაზე ან სხვა სახის დანაშაულებზე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ მომავალს.
ყველასთვის ნათელია “ქართული ოცნების” ორმაგი სტანდარტი. მაშინ როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს. ეს არ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა — ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომელითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ევროპის ფონდი
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
ადამიანის უფლებების განვითარების ფონდი
ქალები საქართველოდან
სამოქალაქო იდეა
თანასწორობის მოძრაობა
პრევენცია პროგრესისთვის
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი
ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
საქართველოს მომავლის აკადემია
თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
მხარდაჭერის და შესაძლებლობების განვითარების ცენტრი
დემოკრატ მესხთა კავშირი
საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდი
ქართული მედია ჯგუფი
მწვანე სექტორი
სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
უფლებები საქართველო
საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
გრლზვეივ
მედია ცენტრი კახეთი
ასოციაცია “სოციალური ქოლგა”
Მწვანე ალტერნატივა
ჩართულობის და განვითარების ცენტრი
ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი – GCRT
ა(ა)იპ – ,,შეხვედრის ადგილი – დმანისი”
ა(ა)იპ – ახალგაზრდა ფემინისტები
მედიის ინსტიტუტი
ა(ა)იპ რაჭის სათემო ორგანიზაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
ა(ა)იპ გორელ ფოტოგრაფთა კლუბი / ხელოვნების სახლი
საქართველოს ევროპული ორბიტა
სამოქალაქო ინტეგრაციი ფონდი
მხარდაჭერის და შესაძლებლობის განვითარების ცენტრი
ყვარლის ევროკლუბი
პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი
ლომეკი
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
სათემო ფონდი ლელი
ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრი
სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი -კონსტიტუციის 78-ე მუხლი
თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი
ღია სივრცე კავკასია
კორუფციის მხილების ნაცვლად, ანტიკორუფციული ბიურო სამოქალაქო საზოგადოებას დევნის Read More »
ჩინელებს ჯერ ფულის დახარჯვა არ უნდათ, ეს კი ივანიშვილს არ აწყობს – ინტერვიუ თინათინ ხიდაშელთან
შუა დერეფანზე გაამახვილა ყურადღება ირაკლი კობახიძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 29 სექტემბერს.
მანამდე, რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჰელსინკის კომისიას მიმართა: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“
რეალურად, რა ინტერესი აქვს ჩინეთს საქართველოში?
„მარტო გზებში ჩინური კომპანიების მიერ მიღებული სატენდერო თანხები თითქმის ორჯერ აღემატება მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ ინვესტიციებს. ჩინეთიდან ინვესტიცია რამდენად რეალურია, ყველაზე კარგად ამ რიცხვების შედარებით ჩანს: ორჯერ მეტი ფული აქვთ წაღებული საქართველოდან, ჩვენი გადასახადის გადამხდელების, ევროპელი, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების ფული,“ – ამბობს თინა ხიდაშელი.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, საქართველომ უნდა დაიბრუნოს თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია რეგიონში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ანაკლიის პორტიც კი, ჩინეთისთვის საინტერესო აღარ იქნება.
„თუ რამე დღეს საქართველოსთან დაკავშირებით ინტერესს იწვევს, ეს არის საქართველოს პოზიციონირება ჩინეთთან და ირანთან… ეს არის თემა, რომლითაც შეიძლება დავაინტერესოთ ჩვენი პარტნიორები და დავანახოთ, რომ ამ რეგიონში, როდესაც მიმდინარეობს გლობალური პოლიტიკური გადათამაშება, საქართველოს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს,“ – მიიჩნევს თინა ხიდაშელი.
„ბათუმელებმა“ თინა ხიდაშელთან ინტერვიუ ჩაწერა. იგი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრია და არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი.
- ქალბატონო თინა, რა ეტაპზეა საქართველო-ჩინეთის მოკავშირეობა? შუა დერეფანსა და სავაჭრო კავშირებზე გაამახვილა ყურადღება 29 სექტემბერს ირაკლი კობახიძემ, როდესაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების 76-ე წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო. მანამდე თქვენ ჰელსინკის კომისიას მიმართეთ: „საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა არ უნდა შერჩეს ჩინურ, რუსულ და ირანულ გავლენებს…“
ერთია, სამართლებრივად სად ვართ და მეორე: რეალურ ცხოვრებაში რა ხდება. სამართლებრივად, ქაღალდებს რომ გავყვეთ, მემორანდუმებს, რომელიც ფორმდება, საკმაოდ სწრაფად მივდივართ ამ ურთიერთობებში. ბევრი შეთანხმებაა, მაგალითად, იგივე განათლების სამინისტროებს შორის. სხვათა შორის, ელჩმა იმ ღონისძიებაზე, რომელიც თქვენ ახსენეთ, ბევრი ისაუბრა, რომ სკოლებში ჩინური დაემატა, როგორც მეორე უცხოური ენა და კონფუცის ინსტიტუტები ძლიერდება – უფრო და უფრო მეტი საგანმანათლებლო ცენტრი იხსნება უნივერსიტეტებთან, რაც არის ჩინეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
ასევე, ეკონომიკის სამინისტროსთან უამრავი შეთანხმება ფორმდება პოტენციური ინვესტიციების შესახებ. ისევ ჩინეთის ელჩს დავესესხები, მან თქვა, რომ საქართველო ჩინეთისთვის საინვესტიციოდ საინტერესო ქვეყანააო. ამას ამბობენ უკვე 10 წელია, მაგრამ საქართველოში ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციები არ გვინახავს.
განახლდა შეთანხმების ხელმოწერის მოლაპარაკებები „თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების“ მეორე ეტაპზე. როგორც ჩანს, ამას ხელს რეალურად მოაწერენ – ელჩმა თავის გამოსვლაში თქვა, პროგრესი სახეზეა და მოლაპარაკებები წარმატებულიაო.
რეალურ ცხოვრებაში კი, ჩვენ ვხედავთ ფაქტებს, სტატისტიკას, რიცხვებს და მონაცემებს, რომელიც სრულიად განსხვავებულია. მიუხედავად დაპირებებისა, ვერ ვნახეთ განვითარება ამ ურთიერთობებში, ვერ ვნახეთ რეალური ინვესტიციები, ვერ ვნახეთ ვაჭრობაში წარმატება.
ინვესტიციების კუთხით კატასტროფა გვაქვს: 2024 წელს 6 მილიონი იყო ჩინური ინვესტიცია საქართველოში – 60 მილიონი, ან 6 მილიარდი კი არა, 6 მილიონი. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით [იანვარი – სექტემბერი] 93%-ით ნაკლებია.
„სამოქალაქო იდეას“ განცხადება ანასტასია ჯაფარიძის უკანონო დაკავების შესახებ
2025 წლის 22 ოქტომბერს, თბილისში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტისას, სამართალდამცავებმა ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით გაიტაცეს და დააკავეს ჩვენი ორგანიზაციის მოხალისე და საგანმანათლებლო პროგრამების აქტიური მონაწილე ანასტასია ჯაფარიძე. მისი დაკავება წარმოადგენს რეჟიმის მხრიდან სამოქალაქო აქტივიზმისა და პროტესტის გამოხატვის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ ძალისმიერ ქმედებას. ანასტასია ჯაფარიძე არის ღირსეული, განათლებული და მაღალი სამოქალაქო ცნობიერების მქონე ახალგაზრდა, რომელიც წლებია მონაწილეობს ჩვენი ორგანიზაციის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ პროექტებში.
მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ანასტასია ღირსეული წარმომადგენელია იმ თაობისა, რომელსაც ძალიან კარგად ესმის როგორც თავისუფლების, ისე დემოკრატიული ღირებულებების მნიშვნელობა. „სამოქალაქო იდეა“ მზადაა ანასტასიას და მის ოჯახს გაუწიოს სრული სამართლებრივი და საზოგადოებრივი მხარდაჭერა, სანამ მასზე მიმართული უსამართლო და უკანონო დევნა არ შეწყდება. „სამოქალაქო იდეა“ გმობს ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ყოველგვარ ძალადობას, დევნასა და სამოქალაქო აქტივიზმის მიზანმიმართულ კრიმინალიზაციას. სოლიდარობას ვუცხადებთ ყველა პოლიტპატიმარს, ყველა იმ მოქალაქეს, ვინც საქართველოს ევროპული მომავლისთვის, დემოკრატიისთვის და ქვეყნის ღირსებისთვის დგას ქუჩაში, და ვისაც დღეს რეჟიმი თავისუფლებას ართმევს. საქართველოს მომავალი იმ ადამიანებზე დგას, ვინც აცნობიერებს თავისუფლების, ევროპული არჩევანისა და დემოკრატიული ღირებულებების ფასს.
„სამოქალაქო იდეას“ განცხადება ანასტასია ჯაფარიძის უკანონო დაკავების შესახებ Read More »
Jamestown Foundation-ის გამოცემამ გამოაქვეყნა თინათინ ხიდაშელის სტატია ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობის“ შესახებ
🇬🇪🇨🇳 ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობა“ შედეგს ვერ აღწევს
ვაშინგტონში დაფუძნებულმა Jamestown Foundation-ის გამოცემამ “ევრაზიის დღიური მონიტორინგის” სექციაში გამოაქვეყნა სამოქალაქო იდეას თავმჯდომარის, თინათინ ხიდაშელის, სტატია, სადაც ის აჩვენებს, რომ ჩინეთ-საქართველოს „სტრატეგიული პარტნიორობა“ რეალურად ვერ უზრუნველყოფს საქართველოსთვის მოსალოდნელ სარგებელს.
მიუხედავად ოფიციალური განცხადებებისა, რომ თანამშრომლობა საქართველოს კეთილდღეობას მოუტანდა, ჩინური ინვესტიციები საქართველოში მინიმალურია, ვაჭრობის ბალანსი მკვეთრად იხრება ჩინეთის სასარგებლოდ, ხოლო სახელმწიფო ტენდერების დიდ ნაწილს, რომელიც ხშირად დასავლური ან ქართული სახსრებით დაფინანსებულ პროექტებია, ჩინური კომპანიები იღებენ.
ამავდროულად, პეკინი გაეროში მუდმივად თავს იკავებს ან არ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ რეზოლუციებს, რაც ადასტურებს, რომ „პარტნიორობა“ მხოლოდ აძლიერებს ჩინეთის გავლენას და საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა თუ ევროპულ-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
სტატია ეყრდნობა სამოქალაქო იდეას უახლეს კვლევას:
“From Schools to State: China’s Quiet Takeover — Illusions of Partnership, Risks of Dependence.”
თინათინ ხიდაშელის სტატია სრულად შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე:
ქართული სამოქალაქო საზოგადოების ხმა – “სამოქალაქო იდეა” Forum 2000-ის კონფერენციაზე
„რადგან მმართველი პარტია – „ქართული ოცნება“ – აგრძელებს დემოკრატიის ნგრევას საქართველოში, მნიშვნელოვანია, რომ დასავლელი პოლიტიკოსები არ ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში მათ წარმომადგენლებთან,“ — განაცხადა სამოქალაქო იდეას ხელმძღვანელმა, თინათინ ხიდაშელმა, Forum 2000-ის კონფერენციაზე გამართულ პანელზე, რომელიც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრმა და სამოქალაქო იდეამ ერთობლივად დააორგანიზეს.
პანელზე თინათინ ხიდაშელთან ერთად საქართველოდან მოწვეულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები; საბა ბრაჭველი და გია ნოდია, რომლებმაც ისაუბრეს მთავრობის რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ არსებულ წინააღმდეგობასა და იმ ბერკეტებზე, რომლითაც ევროპას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა შეუძლია.
„ამჟამინდელი ხელისუფლება ძალაუფლებას სამი გზით ინარჩუნებს; პროპაგანდა სამართალდამცავი სისტემა და ფინანსები. საჭიროა ფინანსური სანქციები იმ პირებისა და ბიზნესების მიმართ, რომლებიც ამ მმართველობის დაფინანსებას უწყობენ ხელს,“ – განაცხადა საბა ბრაჭველმა.
„წინააღმდეგობის მოძრაობა წარმატებულია და საბოლოოდ შეცვლის ამ რეჟიმს,“ – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.
“ბოლო წლებში საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება სულ უფრო ძლიერ ზეწოლას განიცდის ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას და კრიტიკოსებს „უცხოეთის აგენტებად“ ან „სახელმწიფოს მტრებად“ აჩვენებს. როდესაც სამოქალაქო სივრცე თანდათან ვიწროვდება, აქტივისტები აგრძელებენ წინააღმდეგობას – ორგანიზდებიან, ადაპტირდებიან და იცავენ დემოკრატიულ ღირებულებებს”. – აღნიშნულია Forum 2000-ის აღწერაში.
ქართული სამოქალაქო საზოგადოების ხმა – “სამოქალაქო იდეა” Forum 2000-ის კონფერენციაზე Read More »
დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში; ქართული სამოქალაქო საზოგადოება რიგის კონფერენციაზე
სამოქალაქო იდეას თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელმა მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში – „დემოკრატიის დაცვა საქართველოში: სამოქალაქო საზოგადოების ხმა და დასავლური სოლიდარობა“, რომელიც გაიმართა რიგის კონფერენცია 2025-ის ფარგლებში.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ მედიის, არასამთავრობო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები, რომლებმაც იმსჯელეს ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების წინაშე მდგარ გამოწვევებსა და დამოუკიდებელი ხმების მიმართ მზარდ ზეწოლაზე.
თინათინ ხიდაშელმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიღებულ რეპრესიულ კანონმდებლობასა და დემოკრატიული სივრცის შესანარჩუნებლად მიმდინარე ბრძოლაზე. მან ხაზი გაუსვა სამოქალაქო გამძლეობისა და საერთაშორისო სოლიდარობის მნიშვნელობას ავტორიტარული ტენდენციების წინააღმდეგ ბრძოლაში.
პანელის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ მიუხედავად საქართველოში დემოკრატიულ ინსტიტუტებზე განხორციელებული ზეწოლისა, სამოქალაქო საზოგადოება კვლავ რჩება ქვეყნის დემოკრატიის მთავარ დამცველ ძალად.
დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში; ქართული სამოქალაქო საზოგადოება რიგის კონფერენციაზე Read More »
ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო – „Courage and Responsibility“ გადაეცა
ქართველ ჟურნალისტს, მზია ამაღლობელს Forum 2000-ის საერთაშორისო ჯილდო – „Courage and Responsibility“ გადაეცა !
✨ დამატებით გვახარებს, რომ მზია ამ პრესტიჟულ საერთაშორისო ჯილდოზე სამოქალაქო იდეამ წარადგინა.
წელს ჯილდოს მიიღებს საქართველოში არსებული ავტორიტარიზმის პროცესის წინააღმდეგობის მოძრაობა და მისი ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო – მზია ამაღლობელი. „მზია ამაღლობელი უკვე დიდი ხანია, ებრძვის ავტორიტარიზმს, ცენზურასა და პოლიტიკურ შანტაჟს. ის სიმართლის, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების ერთგულების სიმბოლო გახდა – ამბობს Jakub Klepal, Forum 2000-ის აღმასრულებელი დირექტორი
ჯილდო „Courage and Responsibility“ დაარსებულია 2021 წელს და გადაეცემა ადამიანებს, რომელთაც გამოავლინეს განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე დემოკრატიის დაცვასა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერაში. დაჯილდოების ცერემონია გაიმართება Forum 2000-ის კონფერენციაზე, პრაღაში, რომელსაც რამდენიმე ასეული სტუმარი დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.










