ერთი ახალი ამბავი

პეკინში გენდერული თანასწორობის გლობალური სამიტი გაიმართა

2025 წლის 13-14 ოქტომბერს, ჩინეთმა, როგორც თანამასპინძელმა, პეკინში ქალთა უფლებებისადმი მიძღვნილი უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვით გენდერული თანასწორობის საკითხებში გლობალური ლიდერის როლი მოირგო. პრეზიდენტმა სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია ქალების აქტიური მონაწილეობა როგორც პოლიტიკურ, ისე გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. მისი თქმით, ქვეყნებმა ქალებს სახელმწიფოს მართვის საკითხებში გზა უნდა გაუხსნან. მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთმა ქალთა განათლების სფეროში შესანიშნავ შედეგებს მიაღწია (მაგალითად, უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტების ნახევარს ქალები შეადგენენ), ხელმძღვანელ თანამდებობებზე ქალთა რაოდენობრივი სიმცირე სერიოზულ კითხვებს ბადებს. ამის საპასუხოდ, გაერომ ჯერ კიდევ 2023 წელს მოუწოდა ჩინეთს, რომ საკანონმდებლო კვოტები დაენერგა. ეს მოწოდება განსაკუთრებით აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც 2022 წელს, 20 წლის განმავლობაში პირველად, ქვეყნის უმაღლეს მმართველ ორგანოებში — პოლიტბიუროსა და მის მუდმივ კომიტეტში — არც ერთი ქალი მაღალჩინოსანი  არ იყო წარმომადგენელი.

პრეზიდენტმა სი ძინპინმა, ქალთა უფლებების დაცვისა და მათი პოზიციების გაძლიერების მიზნით, ჩინეთის მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებები დააანონსა. მან განაცხადა, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციას (UN Women) დამატებით 10 მილიონ აშშ დოლარს გადაურიცხავს. ასევე, 100 მილიონ აშშ დოლარს გლობალური განვითარებისა და სამხრეთ-სამხრეთის თანამშრომლობის ფონდიდან გამოყოფს, რაც  საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ქალთა უფლებებისა და მათი სოციალური სტატუსის გაუმჯობესების პროექტებს მოხმარდება.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა სამიტის დიპლომატიური პლატფორმა აქტიურად გამოიყენა ორმხრივი კავშირების გასაძლიერებლად. 2025 წლის 13-14 ოქტომბერს, მან ორმხრივი შეხვედრები გამართა რამდენიმე სახელმწიფოს — კერძოდ, ისლანდიის, განას, დომინიკის, მოზამბიკისა და შრი-ლანკის — ლიდერებთან. ამ შეხვედრების კონტექსტში, 2025 წლის 14 ოქტომბერს პრეზიდენტი სი ძინპინი  ისლანდიის პრეზიდენტ ჰალა თომასდოტირს ესაუბრა. დიალოგის მთავარი სათქმელი იმის დემონსტრირება იყო, რომ განსხვავებული სოციალური სისტემების მქონე ქვეყნებსაც კი შეუძლიათ წარმატებული და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა. ისლანდიის პრეზიდენტთან შეხვედრისას ხაზი გაესვა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების სურვილს.

პეკინში გენდერული თანასწორობის გლობალური სამიტი გაიმართა Read More »

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე საფონდო ბირჟებზე ფასები დაეცა

აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში მთავარი საფონდო ბირჟების ღირებულება დაეცა, მიზეზი ტრამპის მხრიდან ჩინეთის იმპორტზე სამნიშნა ტარიფის დაწესების მუქარა იყო. ჩინეთი სტრატეგიული მნიშვნელობის იშვიათი მინერალების მარაგს ფლობს, რაც მის გლობალურ დომინირებასაც განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, პეკინის გადაწყვეტილება, გამკაცრებულიყო მინერალების ექსპორტი გამოწვეული იყო აშშ-ის გადაწყვეტილებით, ჩინეთის წინააღმდეგ ახალი საექსპორტო შეზღუდვები შემოიღო.

ჩინეთის მხრიდან დაწესებული ახალი სავაჭრო შეზღუდვები, რომლებიც ნოემბრიდან ამოქმედდება, ზეგავლენას მოახდენს აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ეკონომიკაზე, განსაკუთრებით იაპონიაზე, სამხრეთ კორეასა და ტაივანზე. თითოეული სახელმწიფო ფუნდამენტურ როლს ასრულებს უახლესი ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების პროდუქტის წარმოებაში. ვაშინგტონი ეკონომიკურ ზეწოლას აქტიურად იყენებს გეოპოლიტიკური ზეგავლენის ბერკეტად. შესაბამისად, პეკინის საპასუხოდ ტრამპის გადაწყვეტილებით ჩინურ საქონელზე დამატებითი 100 პროცენტიანი ტარიფი ამოქმედდება, რაც საერთო გადასახადს 130 პროცენტამდე გაზრდის. ფაქტობრივად, აშშ ჩინეთს სავაჭრო ემბარგოს უცხადებს, ვინაიდან ამერიკულ ბაზარზე ჩინური საქონლის შესვლა შეუძლებელი ხდება.

ხანგრძლივი სავაჭრო დაძაბულობის ფონზე, აშშ-ის საფონდო ბირჟებიც დაზარალდა. მას შემდეგ, რაც ამერიკულ ბირჟებზე S&P 500-მა და Nasdaq-მა უმწვავესი ვარდნა განიცადეს, Trust social-ში ტრამპმა დაწერა, რომ „აშშ-ს სურს დაეხმაროს ჩინეთს და არ ავნოს მას. ნუ იდარდებთ, ჩინეთზე ყველაფერი კარგად იქნება.“ ტრამპის კომენტარების შემდეგ კვირა საღამოს ამერიკულ ბირჟებზე სავაჭრო მდგომარეობა გაუმჯობესდა.  პეკინმა კვირას გააფრთხილა შეერთებული შტატები, როგორც ვაჭრობის სამინისტროს მიერ გავრცელებული კვირის განცხადება იუწყება: „ჩინეთის პოზიცია უცვლელია. ჩვენ არ გვინდა ტარიფების ომი, მაგრამ არც მის გვეშინია.“

ურთიერთგამომწვევი სავაჭრო შეზღუდვების ტალღა გაანულებს პროგრესს, რომელიც ჩინეთისა და აშშ-ის ოფიციალურ პირებს შორის თვეების განმავლობაში გამართული შეხვედრების შედეგად იყო მიღწეული. ამ დროისთვის გაურკვეველია, ტრამპი სავაჭრო ტარიფის მუქარას 1 ნოემბრისთვის ნამდვილად აამოქმედებს, თუ ურთიერთობა დარეგულირდება.

კვირას, ჟურნალისტებთან Air Force One-ზე საუბრისას, ტრამპმა თქვა: „ვნახოთ რა იქნება“, როცა 1 ნოემბრის ვადის შესახებ დაუსვეს კითხვა. Fox News-ის გადაცემაში „The Sunday Briefing“-ში აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმსონ გრირმა თქვა, რომ ამერიკისათვის უცნობი იყო ჩინეთის მოტივი და არ ელოდნენ ჩინეთის მხრიდან საექსპორტო შეზღუდვებს, თუმცა, ჩინეთის ოფიციალური პირების განცხადებით, რეგიონალურ და სახელმწიფოებრივ დონეზე ინფორმირება მოხდა.

ამავდროულად, ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა ჩინეთს მოუწოდა გონივრულად იმოქმედონ და ხაზი გაუსვა, რომ პეკინის აგრესიული ქმედებების შემთხვევაში, ამერიკას მეტი შესაძლებლობა აქვს. შესაბამისად, მოსალოდნელია საპასუხო რეაქცია, რაც ორ სახელმწიფოს შორის ეკონომიკური დიპლომატიისა და სტაბილურობის მიღწევის შესაძლებლობას ართულებს.

აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომის ფონზე საფონდო ბირჟებზე ფასები დაეცა Read More »

ჩინეთი ამერიკულ გემებზე დამატებით საპორტო გადასახადებს აწესებს

ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, გემებს, რომლებიც ეკუთვნის, ან რეგისტრირებულია ამერიკის შეერთებული შტატების კომპანიების, ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების მიერ, დამატებითი საპორტო გადასახადები დაეკისრებათ. გეგმა ძალაში 14 ოქტომბერს შევა და იგი ერთგვარი გეოპოლიტიკური სამაგიეროა ტრამპის ადმინისტრაციის სავაჭრო პოლიტიკის საპირწონედ. 

აშშ-მ ცოტა ხნის წინ ახალი ტარიფები დააწესა ჩინურ საქონელზე, რაც პეკინში არასამართლიან ეკონომიკურ ზეწოლად აღიქვეს. ვაშინგტონის ეს ნაბიჯი ჩინეთის მიერ განხორციელებულ ექსპორტის კონტროლის პოლიტიკასთანაა მჭიდრო ბმაში, რომელიც მიზნად ისახავს მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიებისთვის აუცილებელი სტრატეგიული მასალების, მაგალითად, იშვიათი მეტალებისა და მინერალების გაყიდვის შეზღუდვას. დასავლეთში ეს ქმედება შეფასდა, როგორც მიზანმიმართული მცდელობა, ზიანი მიადგეს აშშ-ის მომარაგების ჯაჭვებს, რომლებიც ჩინურ ნედლეულსა და მასალებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. 

ამ კონტექსტში, ჩინეთის მიერ შემოღებული გადასახადების ეტაპობრივი ზრდა 2025-2028 წლებში — 400-დან 1,120 იუანამდე ტონაზე — ასახავს პეკინის გრძელვადიან სტრატეგიას, ერთი მხრივ, ამერიკულ ტარიფებს უპასუხოს სიმეტრიულად, ხოლო მეორე მხრივ, შეინარჩუნოს შესაძლებლობა მოქნილი პოლიტიკისთვის — ანუ, საჭიროების შემთხვევაში გადაიხედოს როგორც გადასახადების დონე, ისე მათი გამოყენების მასშტაბი.

ამასთან, საგულისხმოა გადასახადების ადმინისტრაციული მოდელი, რომლის მიხედვითაც გადასახადი იზრდება გემის პირველ შემოსვლაზე და წელიწადში არაუმეტეს ხუთჯერ, რაც მიანიშნებს ჩინეთის მცდელობას, შეამციროს ზეგავლენა საერთაშორისო გადაზიდვებზე და თავიდან აიცილოს გლობალური სავაჭრო ქსელების დესტაბილიზაცია.

ჩინეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანა „კანონის ფარგლებში გააგრძელებს საპასუხო ნაბიჯებს,“ რაც  დიპლომატიურად შეფუთული გაფრთხილებაა, რომელიც ხაზს უსვამს, რომ პეკინი არ გამორიცხავს შემდგომ ეკონომიკურ კონტრზომებს. 

ანალიტიკური კომპანია Linerlytica-ს შეფასებით, აშშ-ში მოქმედ ჩინურ ოპერატორებს შესაძლოა პირველივე წელს დაეკისროთ დაახლოებით 1.15 მილიარდი დოლარის გადასახადი, მაშინ როცა ამერიკული კომპანიების ტვირთი მხოლოდ 180 მილიონს აღწევს. ამგვარი კონტრასტი მკაფიოდ აჩვენებს ტარიფების ასიმეტრიას, რაზეც, როგორც აღინიშნა, პეკინი პროპორციული ზომებით ცდილობს პასუხს.

ამავე დროს, ჩინეთის გემთმფლობელთა ასოციაციამ ხელისუფლებას უფრო მკაცრი ნაბიჯებისკენ მოუწოდა,  მათ შორის, უცხოურ გემებზე დამატებითი გადასახადების დაწესებისა და საჭიროების შემთხვევაში მიზნობრივი საპასუხო ზომების დანერგვისკენ.

Alphaliner-ის მონაცემებით, ამერიკული ტარიფები 2026 წლისთვის მსოფლიოს წამყვან გადამზიდებს დაახლოებით 3.2 მილიარდი დოლარი დაუჯდებათ, ყველაზე მეტად კი ჩინეთის სახელმწიფო კომპანია Cosco Group დაზარალდება, რომელიც აშშ-ის მიმართულებით ერთ-ერთ უდიდეს ფლოტს ინარჩუნებს.

მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საკითხი გახდება ერთ-ერთი მთავარი თემა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ჩინეთის ლიდერის სი ძინპინის შეხვედრაზე, რომელიც თვის ბოლოს არის დაგეგმილი. ექსპერტების შეფასებით, საპორტო ტარიფების ეს დაპირისპირება სავაჭრო პოლიტიკის ახალ ეტაპს გახსნის, სადაც ეკონომიკური ზომები სულ უფრო მეტად გადაიქცევა გეოპოლიტიკურ ბერკეტად.

ჩინეთი ამერიკულ გემებზე დამატებით საპორტო გადასახადებს აწესებს Read More »

ჩინეთი იშვიათ წიაღისეულზე კონტროლს ამკაცრებს

ჩინეთმა იშვიათ წიაღისეულზე კონტროლი გააფართოვა და კონტროლირებად 12 ელემენტის სიაში კიდევ 5 წიაღისეული დაამატა: ჰოლმიუმი, ერბიუმი, თალიუმი, ევროპიუმი. აღნიშნული ელემენტებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების  უცხოური თავდაცვითი, სამხედრო ან ნახევარგამტარებლების მომხმარებლებისთვის მიწოდება შეზღუდულია. ჩინეთის მიერ აპრილის თვიდან დაწესებულმა მსგავსმა შეზღუდვებმა მსოფლიო მიწოდების ჯაჭვი უკვე დააზარალა. დამატებითი წიაღისეულების კონტროლის გამკაცრების შესახებ კანონი მიღებულ იქნა 2025 წლის 9 ოქტომბერს.

ახალი წესები მოიცავს საზღვარგარეთ ოპერირებადი თავდაცვის სექტორის წარმომადგენლებისთვის ლიცენზიის მინიჭების აბსოლუტურ უარყოფას. გადამამუშავებელი აღჭურვილობისა და მაგნიტის საწარმოო ტექნოლოგიების ექსპორტისთვისაც ოფიციალური ლიცენზიები იქნება მოთხოვნილი.  

იშვიათი წიაღისეული გამოიყენება არა მხოლოდ ყოველდღიურ ელექტრონიკაში, არამედ სამხედრო აღჭურვილობაში, სმარტფონებიდან გამანადგურებელ თვითმფრინავებამდე. ისინი ასევე მნიშვნელოვანია ნახევარგამტარების წარმოებისთვის. უახლესი ნახევარგამტარების გამოყენების შესახებ კანონი მოითხოვს ყველა განცხადების სათითაოდ განხილვას და შემდეგ გადაწყვეტილების მიღებას. ახალი შეზღუდვები ადგილობრივ ფირმებს, ოფიციალური თანხმობის გარეშე, იშვიათ წიაღისეულთან დაკავშირებულ პროცესებზე საზღვარგარეთ თანამშრომლობას უკრძალავს. ზოგიერთი ახალი წესი უკვე ძალაშია, ზოგი კი 1 დეკემბერიდან იგეგმება.

ჩინეთი დომინირებს იშვიათი წიაღისეულის დამუშავების სფეროში, აკონტროლებს წიაღისეულის გამომუშავებისა და მაგნიტის წარმოების გლობალური პროცესის 90%-ს. წიაღისეული გადამწყვეტია მრავალი მაღალტექნოლოგიისთვის  და თავდაცვის სფეროსთვის. მსგავსი შეზღუდვები ჩინეთს აძლევს მნიშვნელოვან ბერკეტს გლობალურ ვაჭრობაში, განსაკუთრებით აშშ-სთან მოლაპარაკებებში. ეს ნაბიჯი უფრო საგანგაშოა იმის გათვალისწინებით, რომ იგი მიღებულ იქნა აშშ-ჩინეთის ლიდერების შეხვედრამდე აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სამხრეთ კორეაში, რომელიც უნდა ჩატარდეს რამდენიმე თვეში. კომერციის სამინისტრომ განაცხადა, რომ “სამხედრო და სხვა სენსიტიურ სფეროებში მასალების პირდაპირი ან ირიბი გამოყენების” პრევენციით, შეზღუდვები მიზნად ისახავს ეროვნული უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვას”.

ჩინეთი იშვიათ წიაღისეულზე კონტროლს ამკაცრებს Read More »

ჩინეთი და მალაიზია ერთობლივ წვრთნებს „მშვიდობა და მეგობრობა-2025“-ს ჩაატარებენ

ჩინეთისა და მალაიზიის შეიარაღებული ძალები 2025 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან ერთობლივი წვრთნების სერიას განაახლებენ. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, პროგრამა, სახელწოდებით „მშვიდობა და მეგობრობა-2025“ (“Peace and Friendship-2025”), მალაიზიასა და მის მიმდებარე წყლებში გაიმართება.

აღნიშნული წვრთნების ფარგლებში, ჩინეთსა და მალაიზიას შორის სამხედრო თანამშრომლობის ისტორია 2014 წლიდან იწყება. წვრთნები ძირითადად ერთობლივ ძებნა-გადარჩენასა და ჰუმანიტარულ დახმარებაზე იყო ფოკუსირებული.

2018 წელს “Peace and Friendship”-ის რიგით მე-4 ინიციატივაზე წვრთნები გაფართოებული ფორმატით ჩატარდა, სადაც, ჩინეთისა და მალაიზიის გარდა, სწავლებაში ტაილანდიც იყო ჩართული, ხოლო  2023 წელს პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდა, რადგან ერთობლივ წვრთნებში კამბოჯა, ლაოსი და ვიეტნამიც იღებდნენ მონაწილეობას.

წვრთნები, როგორც წესი, ფოკუსირებულია არასაბრძოლო ოპერაციებზე (Military Operations Other Than War – MOOTW), მაგალითად, ჰუმანიტარულ დახმარებაზე, სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციასა და კონტრტერორიზმზე.

მნიშვნელოვანია, რომ დაანონსებულ რიგით მე-6 “Peace and Friendship”-ის ინიციატივაზე დამკვირვებლებად  ASEAN-ის სხვა წევრი სახელმწიფოებიც იქნებიან მიწვეულნი.

ინიციატივის მიზანია ჩინეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერება, არატრადიციულ უსაფრთხოების საფრთხეებზე ერთობლივი რეაგირების უნარის ამაღლება და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

ჩინეთი და მალაიზია ერთობლივ წვრთნებს „მშვიდობა და მეგობრობა-2025“-ს ჩაატარებენ Read More »

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მაღალი რანგის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში

ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ციანი ამ კვირაში ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრება და ამ უკანასკნელის მმართველი პარტიის 80-ე წლისთავის აღსანიშნავად გამართულ ცერემონიებს დაესწრება. აღნიშნული ვიზიტი 9 ოქტომბრიდან 11 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფხენიანში ჩატარდება სამხედრო აღლუმი, ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ძალისა სადემონსტრაციოდ. ცერემონიას რუსეთის მხრიდან რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევიც დაესწრება.

ლი ციანის აღნიშნული ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში ჩინეთის დელეგაციის უმაღლესი დონის ვიზიტს წარმოადგენს, 2019 წლის შემდგომ. აღსანიშნავია, რომ კიმ ჩენ ინი ვლადიმერ პუტინთან ერთად, მიმდინარე წლის სექტემბერში, პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმს ესწრებოდა. 2011 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კიმ ჩენ ინი მონაწილეობას იღებდა ასეთ მასშტაბურ ღონისძიებაში, სადაც მსოფლიოს არაერთი ლიდერი და პოლიტიკოსი იყო შეკრებილი.

ზემოხსენებულ სამიტზე ჩინეთმა და ჩრდილოეთ კორეამ პირობა დადეს, რომ კიდევ უფრო გააღრმავებდნენ ორმხრივ თანამშრომლობას. ჩინეთი დღემდე ჩრდილოეთ კორეის უდიდესი სავაჭრო პარტნიორია. ჩრდილოეთ კორეამ, თავის მხრივ, გამოხატა მზადყოფნა და სურვილი, გააძლიეროს ჩინეთთან კავშირები და როგორც ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჩო სონ ჰუიმ აღნიშნა, „მრავალმხრივი ურთიერთობების ფარგლებში ერთობლივი წინააღმდეგობა გაუწიონ უნილატერალიზმსა და ძალის პოლიტიკას, რათა ხელი შეუწყონ უფრო სამართლიან მსოფლიო წესრიგს“.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩრდილოეთ კორეისადმი დაწესებული მკაცრი სანქციებისა და ჩინურ საქონელზე ახლახან შემოღებული ტარიფების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ უნილატერალიზმზე გაკეთებული აქცენტი ნიშანდობლივია.

ამგვარი მოვლენებისა და განცხადებების ფონზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც უშუალოდ ჩინეთის პრეზიდენტს მიმართავდა და ირონიულად ურჩევდა, თბილად მისალმებოდა რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს „ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ შეთქმულების შესახებ მოლაპარაკებისას“. რუსეთის, ჩრდილოეთ კორეისა და ჩინეთის ლიდერების შეხვედრა ამ კვირაში, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში გაიმართება, სავარაუდოდ კიდევ ერთხელ გამოიწვევს მსგავს დაძაბულობას და ვარაუდებს აშშ-ის წინააღმდეგ მათი ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ.

თუმცა, ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა პუტინისათვის დაბადების დღის მისალოც წერილში ფხენიანს, მოსკოვსა და პეკინს შორის აღნიშნული ალიანსი წარმოაჩინა როგორც წინგადადგმული ნაბიჯი „უფრო სამართლიანი და მულტიპოლარული მსოფლიო წესრიგისკენ“.

ჩინეთის პრემიერ-მინისტრის მაღალი რანგის ვიზიტი ჩრდილოეთ კორეაში Read More »

ზამბიელი ფერმერები ჩინურ სამთო კომპანიებს  ეკოლოგიური კატასტროფისთვის უჩივიან

ათწლეულების განმავლობაში ზამბიასა და ჩინეთს შორის ძლიერი ეკონომიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა. ჩინეთმა დააფინანსა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის აეროპორტი და რკინიგზის პროექტები. ზამბიაში ჩინური კომპანიები დომინანტ როლს ასრულებენ სპილენძისა და კობალტის მოპოვებისა და გადამუშავების პროცესში.

თუმცა, 176 ზამბიელი ფერმერმა წარმოადგინა სარჩელი ორი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც ჩინეთის კომპანიების ადგილობრივ შვილობილ ფირმებს წარმოადგენენ (Sino-Metals Leach Zambia და NFC Africa Mining). აღნიშნული სარჩელი ზამბიისა და ჩინეთის დიპლომატიურ ურთიერთობას კრიზისს უქმნის. ფერმერთა წინააღმდეგობის პროვოცირება თებერვლის ფაქტმა მოახდინა, როდესაც კუდსაცავის კაშხლის ჩამონგრევის შედეგად მჟავე ნარჩენები დედაქალაქ ლუსაკიდან ჩრდილოეთით, დაახლოებით 285 კილომეტრში მდებარე ქალაქ კიტვესთან ახლოს მდებარე მდინარეებში ჩაიღვარა და დაზიანდა ფერმები. ფერმერები მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებენ, რამაც დაარღვია მათი ეკოლოგიურად უსაფრთხო გარემოში ცხოვრების კონსტიტციური უფლება. ტოქსიკური ნარჩენების დაღვრის შედეგად მოიწამლა მიწა და მოსავალი. პეტიციის მხარდამჭერები აღნიშნავენ, რომ მოსახლეობა საფრთხის შესახებ ოპერატიულად გაფრთხილებული არ ყოფილა, რის ფონზეც შვიდი თვის განმავლობაში ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში უწევდათ ცხოვრება. ამიტომ მოითხოვენ 80 მილიარდი დოლარის კომპენსაციას და 336 დოლარის თვიურ კომპენსაციას ეკომიგრანტებისთვის.

ეკოლოგიური კრიზისის შეფასება საერთაშორისო დონეზეც ხდება. ნიდერლანდების გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორმა ივა პესამ განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან 80 მილიარდიანი კომპენსაციის მოთხოვნა რეალურად სიმბოლური დატვირთვისაა. თავად პეტიციის ავტორებმაც იცოდნენ, რომ ასეთ თანხაზე თანხმობის მიღება ნაკლებად მოსალოდნელი იყო. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ მიზანი ჩინური კომპანიების შვილობილი ფირმების მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებაა. ზამბიელებისთვის უფრო მისაღები და მარტივია წვრილ ჩინურ ფირმებს დაუპირისპირდნენ და მათ წინააღმდეგ აღძრან სარჩელი, ვიდრე ადგილობრივი სამთო გიგანტების წინააღმდეგ, როგორიცაა ZCCM ან Mopani, რომლებიც, როგორც ჩანს, ბევრად ფართო ეკონომიკურ სარგებელს სთავაზობენ ადგილობრივ თემებს, პირველ რიგში  კი, სტიმულირდება ადგილობრივი შრომითი ბაზარი. ფერმერთა სარჩელი, მისი თქმით, ნაკლებად იყო მოტივირებული გარემოსდაცვითი აქტივიზმით, ვიდრე სარგებლის გაზიარების სურვილით:
 „ჩინური კომპანიები უზარმაზარ მოგებას იღებენ. ბუნებრივია, მათ ეკონომიკური სარგებლის ნაწილი ადგილობრივ თემზეც უნდა გადაანაწილონ, რომელთა საცხოვრებელი ტერიტორია ტოქსიკური ნივთიერებით განადგურდა.“ივა პესა, გრონინგენის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

ფერმერთა წინააღმდეგობის პარალელურად, ზამბიის მთავრობამ მომხდარი ინციდენტის ეკოლოგიური ზეგავლენის ფაქტის მინიმალიზაცია სცადა. მინისტრმა კორნელიუს მვიტვამ აგვისტოში აღნიშნა, რომ საგანგაშო სიტუაციის გამოცხადება საჭირო არ იყო. ზამბიას მთავრობისა და Sino-Metals-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიზისულ ტერიტორიაზე pH-ის დონე ნორმას დაუბრუნდა და დაზარალებულ მაცხოვრებელთა კომპენსაციაც მოხდა 14 მილიონი კვაჩას ოდენობით. მთავრობის აქტიური ლობირება Sino-Metals-ის სასარგებლოდ აუცილებლად გარდაიქმნება საყოველთაო საარჩევნო აბსენტიზმში. აღნიშნული შემთხვევა უნდა გახდეს ჩინეთისა და ზამბიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტებს შორის სახელმწიფოებრივ დონეზე ურთიერთობის დასასრულის საფუძველი.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მსხვილი სამთო კომპანია ზამბიაში გარემოს დაზიანებაში იქნა დადანაშაულებული. ზამბიელ ფერმერთა პროტესტმა დიპლომატიური პრობლემა წარმოშვა. მიუხედავად იმისა, რომ ფერმერების პარალელურად აშშ-ს საელჩოც მოვლენას ეკოლოგიურ კატასტროფად აფასებს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო ეკოლოგიური კატასტროფის კავშირი ჩინეთის შვილობილ კომპანიებთან და მათ მენეჯმენტთან, ვინაიდან ისინი აქტიურად თანამშრომლობდნენ ხელისუფლებასთან.

ზამბიელი ფერმერები ჩინურ სამთო კომპანიებს  ეკოლოგიური კატასტროფისთვის უჩივიან Read More »

ტაილანდი-კამბოჯის დაზავება: ჩინეთის დიპლომატიური როლი

ტაილანდმა და კამბოჯამ ხელახლა დაადასტურეს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მიღწეულ იქნა სადავო სასაზღვრო რეგიონში რამდენიმე დღიანი კონფლიქტის შემდეგ. ეს დადასტურება მოჰყვა ჩინეთის დიპლომატიურ ჩარევას, რომელმაც ხელი შეუწყო შეხვედრას შანხაიში ორ მხარეს შორის.

მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც მალაიზიაში გაფორმდა, 2025 წლის 28 ივლისის შუაღამიდან უნდა ამოქმედებულიყო, მისი ეფექტურობა სწრაფადვე გამოიცადა. ტაილანდის არმიამ კამბოჯა დაადანაშაულა 2025 წლის 29 ივლისის დილით მრავალჯერადი თავდასხმის განხორციელებაში, თუმცა კამბოჯის მხარემ უარყო ნებისმიერი სროლის ფაქტი. ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნული ქმედება შეაფასა, როგორც „აგრესიის აქტი“ და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების „აშკარა დარღვევა“.

2025 წლის 30 ივლისის შუადღისთვის, ორივე მხარემ, როგორც ჩანს, კვლავ დაადასტურა ცეცხლის შეწყვეტის ვალდებულება. შანხაიში გამართულ შეხვედრაზე, ჩინეთის ვიცე-მინისტრ სუნ ვეიდონგთან ერთად, კამბოჯისა და ტაილანდის წარმომადგენლები ღიმილით გამოჩნდნენ ერთობლივ ფოტოზე, რაც მხარეებს შორის დაძაბულობის შემცირებაზე მიუთითებდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს არაფორმალური შეხვედრა წარმოადგენდა „უახლეს დიპლომატიურ ძალისხმევას“ და რომ ჩინეთი „კონსტრუქციულ როლს“ ასრულებდა სასაზღვრო დავის მოგვარებაში.

მალაიზიის პრემიერ-მინისტრმა ანვარ იბრაჰიმმა, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის (ASEAN) მოქმედმა თავმჯდომარემ, უმასპინძლ შეხვედრას, სადაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გამოცხადდა. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ დადებითად შეაფასა ცეცხლის შეწყვეტის დეკლარაცია, ხაზგასმით აღნიშნა, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ის „მზად არიან ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის“. კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა ჰუნ მანეტმა განაცხადა, რომ ტრამპმა მას დაურეკა და მშვიდობისკენ გადადგმული ნაბიჯი მიულოცა.

კამბოჯასა და ტაილანდს შორის 800 კილომეტრიან (500 მილი) საზღვარზე შეტაკებები წარსულშიც ხშირად ხდებოდა. ბოლო ბრძოლები 2025 წლის 24 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ რაც საზღვარზე ნაღმის აფეთქების შედეგად ხუთი ტაილანდელი ჯარისკაცი დაშავდა. კონფლიქტის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა და 260,000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მცხოვრები უკვე ბრუნდება სახლებში, ბევრი კვლავ თავშესაფრებში რჩება.

ტაილანდი-კამბოჯის დაზავება: ჩინეთის დიპლომატიური როლი Read More »

ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი: 50 წელი დაძაბული ურთიერთობებისა და ახალი გამოწვევების ფონზე

ევროკავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების 50 წლისთავის აღსანიშნავად, 2025 წლის 24 ივლისს პეკინში გაიმართა რიგით 25-ე სამიტი, რომელზეც ევროკავშირისა და ჩინეთის ლიდერებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტი, ისევე როგორც გეოპოლიტიკური საკითხები, მათ შორის რუსეთის ომი უკრაინაში. ევროკავშირი წარმოდგენილი იყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, ანტონიუ კოშტას და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის, ხოლო ჩინეთი — პრეზიდენტ სი ძინპინის და პრემიერ-მინისტრ ლი ციანის სახით.

სამიტის წინ განწყობა დაძაბული იყო, მცირე მოლოდინით კონკრეტული ორმხრივი შეთანხმებების მიღწევის შესახებ. დაძაბულობა განაპირობა სავაჭრო უთანხმოებებმა, განსაკუთრებით ბაზარზე წვდომისა და კრიტიკული მინერალების საკითხებზე, ასევე გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომმა. ევროკავშირი ჩინეთს გლობალური გამოწვევების პარტნიორად, ახალი ტექნოლოგიების განვითარების ეკონომიკურ კონკურენტად და სისტემურ მეტოქედ განიხილავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამიტზე აღნიშნა, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობა უფრო დაბალანსებული უნდა გახდეს, რადგან ევროკავშირის სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან იზრდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა მიესალმება კონკურენციას, მაგრამ ის სამართლიანი უნდა იყოს. ფონ დერ ლაიენმა სამ ძირითად საკითხზე გაამახვილა ყურადღება: ჭარბ წარმოებაზე, რაც ჩინეთის შიდა მოთხოვნას არ შეესაბამება და ევროკავშირის ბაზარზე ახდენს გავლენას; ბაზარზე წვდომა; და იშვიათი წიაღისეულებისა და მუდმივი მაგნიტების ექსპორტის კონტროლზე. მან გააფრთხილა, რომ ამ საკითხებზე პროგრესის გარეშე, ევროკავშირს გაუჭირდება ბაზრის ამჟამინდელი დონის შენარჩუნება.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა განაცხადა, რომ ევროპამ და ჩინეთმა „სწორი სტრატეგიული არჩევანი“ უნდა გააკეთონ გლობალური გამოწვევების ფონზე. მან აღნიშნა, რომ ევროპის წინაშე მდგარი ამჟამინდელი გამოწვევები ჩინეთიდან არ მომდინარეობს. სი ძინპინმა ევროკავშირს მოუწოდა, მიჰყვეს ღია თანამშრომლობას და სათანადოდ გაუმკლავდეს უთანხმოებებს.

ასევე აღნიშნეს, რომ ევროკავშირსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებმა მიაღწია „გარდამტეხ მომენტს“, რაც პეკინში დაძაბული სამიტის შემდეგ გაკეთებული კომენტარებით დადასტურდა. მან ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირმა „გულწრფელად და ღიად გამოხატა თავისი შეშფოთება ვაჭრობის, ინვესტიციებისა და გეოპოლიტიკური საკითხების შესახებ“. ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის ხელმძღვანელობამ დაიწყო ჭარბი წარმოების საკითხის განხილვა და მზადყოფნა გამოთქვა მოხმარების გაზრდის მხარდასაჭერად. მან ასევე დაადასტურა, რომ ევროკავშირის ურთიერთობა ჩინეთთან „მნიშვნელოვანია, მაგრამ ის დამოუკიდებელია სხვა პარტნიორებთან მოქმედებებისგან ან საკითხებისგან“.

ევროკავშირი-ჩინეთის სამიტი: 50 წელი დაძაბული ურთიერთობებისა და ახალი გამოწვევების ფონზე Read More »

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბალანსირება აშშ-სა და ჩინეთს შორის

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, თითქმის 700 მილიონი მოსახლეობით, აშშ-სა და ჩინეთს შორის მზარდი გეოპოლიტიკური მეტოქეობის ეპიცენტრში მოექცა. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ლიდერები ტრადიციულად ცდილობდნენ არჩევნის გაკეთებისგან თავის არიდებას, მსოფლიო წესრიგის ცვლილებამ, განსაკუთრებით 2008-2009 წლების ფინანსური კრიზისის შემდეგ, ისინი კონკურენციის შუაგულში მოაქცია. ბოლო 30 წლის განმავლობაში, მრავალი ქვეყანა შეერთებული შტატებიდან ჩინეთისკენ გადაიხარა, რამაც აშშ-ის აზიური ამბიციები მნიშვნელოვნად დააზარალა. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლამ აშშ-ის ჩინეთთან ურთიერთობა რადიკალურად შეცვალა. ვაშინგტონმა პეკინი სტრატეგიულ საფრთხედ აღიქვა, რაც ადმინისტრაციის პოლიტიკაში აისახა.

აშშ-ის მიერ აზიაში გაფორმებული სავაჭრო შეთანხმებები, მათ შორის ვიეტნამთან, ინდონეზიასთან, ფილიპინებთან და იაპონიასთან, ზრდის ზეწოლას ჩინეთზე. ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ პეკინი ყურადღებით შეისწავლის ორმხრივი შეთანხმებების წვრილმან დეტალებს, რათა არ დაუშვას მისი ეკონომიკური ინტერესების შელახვა. მიუხედავად იმისა, რომ, ტრამპის ადმინისტრაციის ტარიფები, მაგალითად, „განთავისუფლების დღის“ ტარიფები, გაუგებრობასა და ფრუსტრაციას იწვევს მოკავშირეებში, აშშ კვლავ რჩება რეგიონის ქვეყნების განუყოფელ ეკონომიკურ პარტნიორად.

აღსანიშნავია, აშშ-სა და ფილიპინების პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ფერდინანდ მარკოს უმცროსის შეხვედრა 2025 წლის 22 ივლისს, სამშაბათს, თეთრ სახლში გაიმართა. ამ შეხვედრაზე მთავარი თემა სავაჭრო შეთანხმება იყო, რომლის ფარგლებშიც აშშ ფილიპინებისთვის ტარიფებს 19%-მდე შეამცირებდა, სანაცვლოდ კი ფილიპინების ბაზარი ამერიკული საქონლისთვის ღია იქნებოდა. საუბარი შეეხო ასევე ჩინეთთან ურთიერთობას, რა დროსაც მარკოსმა განაცხადა, რომ აშშ მათი უმნიშვნელოვანესი და მთავარი  პარტნიორია . ჩინეთთან დაკავშირებით, ფილიპინები თავდაცვის უფლებას გამოიყენებდა, რაც ხაზს უსვამს მათ დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკას.

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის აპრილის ვიზიტები ვიეტნამში, მალაიზიასა და კამბოჯაში, აშშ-ის ტარიფების ფონზე, მიზნად ისახავდა რეგიონული კავშირების განმტკიცებას. ამ ვიზიტების დროს გაფორმდა მრავალი შეთანხმება ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიების სექტორებში, რაც ჩინეთის მცდელობაა წარმოაჩინოს თავი სტაბილურ და გრძელვადიან პარტნიორად. მიუხედავად ამ დიპლომატიური წარმატებებისა, ჩინეთის სტრატეგიას გარკვეული შეზღუდვები აქვს, მათ შორის ფინანსური სიფრთხილე და რეგიონული სკეპტიციზმი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში არსებული დაძაბულობის გამო. ISEAS–Yusof Ishak Institute-ის 2024 წლის გამოკითხვამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიელები ჩინეთს რეგიონში ყველაზე გავლენიან ეკონომიკურ და სტრატეგიულ ძალად მიიჩნევენ, ისინი იაპონიას, აშშ-სა და ევროკავშირს უფრო მეტად ენდობიან, ვიდრე ჩინეთს.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები, როგორებიცაა ვიეტნამი, მალაიზია და კამბოჯა, ცდილობენ შეინარჩუნონ სტრატეგიული ავტონომია და არ ჩაერთონ ზესახელმწიფოების მეტოქეობაში. ვიეტნამი, მაგალითად, მტკიცედ იცავს არაალიანსურ საგარეო პოლიტიკას, რათა შეინარჩუნოს ეკონომიკური სტაბილურობა. კამბოჯა კი ჰეჯირების სტრატეგიას მიმართავს, რათა ჩინეთის მხარდაჭერა გამოიყენოს და ამავდროულად დაიცვას თავისი ინტერესები. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი აშკარად ჩინეთისკენ იხრება, ალიანსის ნიმუშები არ არის უცვლელი და ქვეყნებს შეუძლიათ საკმაოდ სწრაფად შეცვალონ თავიანთი ორიენტაცია. ეს ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ პეკინს ჯერ კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი რეგიონალური სახელმწიფოების ნდობის მოსაპოვებლად და შეშფოთების შესამსუბუქებლად.

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბალანსირება აშშ-სა და ჩინეთს შორის Read More »

Scroll to Top