ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (9-15 თებერვალი)
საქართველო
საქართველო და ჩინეთი ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოებას განიხილავენ
9 თებერვალი
9 თებერვალს საქართველოს ელჩი ჩინეთში, პაატა კალანდაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნული ჯანდაცვის კომისარს, ლი მინჯჟუ-ს შეხვდა. შეხვედრა ხაზს უსვამდა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ სფეროებში თანამშრომლობის გაძლიერების მიმდინარე ძალისხმევას.
პეკინში გამართულ შეხვედრაზე საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. მხარეებმა განიხილეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების გზები, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვასა და ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული კოორდინაციის მექანიზმების განვითარებას.
პაატა კალანდაძემ და ლი მინჯჟუ-მ აღნიშნეს ორმხრივ ურთიერთობებში მიღწეული პროგრესი და ხაზი გაუსვეს რეგულარული კომუნიკაციის მნიშვნელობას მიმდინარე და სამომავლო ინიციატივების ხელშეწყობისთვის. ასევე აღინიშნა საჯარო ჯანდაცვის გამოწვევებზე კოორდინირებული რეაგირების აუცილებლობა, გამოცდილების გაზიარებისა და ინოვაციური მიდგომების გამოყენების გზით.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს თანამშრომლობის არსებული ფორმატების გაღრმავებისა და ჯანდაცვის სფეროში პარტნიორობის გაძლიერების შესახებ.
საქართველო-ჩინეთს შორის სასოფლო-სამეურნეო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს
10 თებერვალი
10 თებერვალს საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა ჩინეთის სოფლის მეურნეობისა და სოფლის საქმეთა სამინისტროს (MARA) წარმომადგენლებთან, სადაც ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს.
შეხვედრის ფარგლებში, MARA-ს საერთაშორისო თანამშრომლობის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორ ვეი ჟენგლინთან გამართული საუბარი 2025 წელს ჩინეთის ბაზარზე ქართული აგროპროდუქციის ექსპორტის სტაბილურ ზრდას დაეთმო. მხარეებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ტენდენცია ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეფექტიან განხორციელებას უკავშირდება.
მოლაპარაკებებისას ჩინურმა მხარემ დადებითად შეაფასა ქართული ღვინის, თხილისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ხარისხი და აღნიშნა, რომ ეს პროდუქცია ჩინელ მომხმარებლებს შორის მზარდ პოპულარობას იძენს. გაზრდილი მოთხოვნა, მათი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო კავშირების გაფართოებასა და ბაზარზე წვდომის გაუმჯობესებას ასახავს.
მომავლის პერსპექტივაზე საუბრისას მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2026 წელი აგრარულ სექტორში თანამშრომლობის ახალ ეტაპს დაიწყებს, რაც საქართველოს საელჩოსა და MARA-ს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციასა და კოორდინაციაზე იქნება დაფუძნებული.
შეხვედრა ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაძლიერებისა და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით მიმდინარე ძალისხმევის ნაწილია.
პეკინში ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის ბიზნეს შეხვედრა გაიმართა
11 თებერვალი
2026 წლის 11 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში, პაატა კალანდაძემ, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში – ,,მაღალი დონის ბიზნეს დიალოგი ელჩებთან’’. ღონისძიება ორგანიზებული იყო კომპანია Beijing United Information Technology-ის მიერ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ქართულ და ჩინურ კომპანიებს შორის ბიზნეს კონტაქტების გაძლიერებას და თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობების განხილვას, მათ შორის ციფრული კომერციისა და თანამედროვე ტექნოლოგიების სფეროებში. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს ორმხრივი ვაჭრობის გაზრდისა და საქართველო-ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში ეკონომიკური კავშირების გაღრმავების გზებზე.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე, ქართული პროდუქციის საექსპორტო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე. მან ასევე ხაზი გაუსვა იმ მთავარ ფაქტორებს, რომლებიც საქართველოს ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად წარმოაჩენს.
Beijing United Information Technology 2002 წელს დაარსდა და წარმოადგენს კომერციული ინფორმაციის მომსახურების ერთ-ერთ წამყვან პლატფორმას ჩინეთში.
საქართველოს ელჩი ჰუავეის ცენტრალური აზიის რეგიონულ ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
13 თებერვალი
2026 წლის 13 თებერვალს, საქართველოს ელჩმა ჩინეთში, პაატა კალანდაძემ, შეხვედრა გამართა კომპანია Huawei-ის ცენტრალური აზიის რეგიონული პრეზიდენტის მოადგილესთან, სიუ ხაისთან.
მხარეებმა მიმოიხილეს კომპანიასთან თანამშრომლობით უკვე განხორციელებული პროექტები, ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე და ამ მხრივ მჭიდრო კომუნიკაციის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
აზერბაიჯანი
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჩინეთთან სტრატეგიული კავშირების გაღრმავებაზე საუბრობს
16 თებერვალი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ჩინეთთან ურთიერთობების გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა ერთობლივი ძალისხმევით მომავალშიც გაფართოვდება. ამის შესახებ ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც ჩინური გაზაფხულის ფესტივალის აღსანიშნავად გავრცელდა.
6 თებერვლით დათარიღებულ მისალოც წერილში, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს გაეგზავნა, ალიევმა ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მდგრად განვითარებას და აღნიშნა, რომ იგი სტაბილურ პოლიტიკურ დიალოგსა და ურთიერთგაგებაზეა დაფუძნებული.
მისი თქმით, აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები და ,,ნაყოფიერი თანამშრომლობა’’ მომავალშიც გაგრძელდება. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობებს შორის მიმდინარე აქტიური კონტაქტები ორმხრივი კავშირების სწრაფი გაძლიერებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის.
აზერბაიჯანის ლიდერის გზავნილი ჩინურ ახალ წელს, ჩუნძიეს, შეეხო, რომელიც მისი შეფასებით მშვიდობის, ჰარმონიის, განახლებისა და ერთიანობის სიმბოლოა. მან ჩინელ ხალხს კეთილდღეობა და წარმატება უსურვა.
ალიევმა ასევე პირადად მიულოცა სი ძინპინს, უსურვა წარმატება სახელმწიფო საქმიანობაში და ჩინეთისთვის ხანგრძლივი მშვიდობა და კეთილდღეობის სურვილი გამოთქვა.
სომხეთი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა სი ძინპინსა და ლი ციანს ჩინური ახალი წელი მიულოცა
16 თებერვალი
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთის პრეზიდენტს სი ძინპინსა და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს, პრემიერ ლი ქიანგს ჩინური ახალი წელი, იგივე გაზაფხულის ფესტივალი მიულოცა.
პრემიერის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ფაშინიანმა ჩინეთის ხელმძღვანელობასა და ხალხს მილოცვა და კეთილი სურვილები გადასცა და ხაზი გაუსვა დღესასწაულის კულტურულ და სიმბოლურ მნიშვნელობას.
სი ძინპინისთვის გაგზავნილ წერილში ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ტრადიციული დღესასწაული ჩინურ ოჯახებს ჯანმრთელობას, წარმატებასა და სიხარულს მოუტანს. მან გაზაფხულის ფესტივალი ფართოდ აღიარებულ ოჯახურ დღესასწაულად დაახასიათა და ,,მეგობარ ჩინელ ხალხს’’ მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ სომხეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები მრავალწლოვან მეგობრულ კავშირებსა და ურთიერთნდობაზეა დაფუძნებული. მან დაადასტურა ერევნის მზადყოფნა ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებისკენ და აღნიშნა, რომ ურთიერთობების შემდგომი განვითარება სტრატეგიული პარტნიორობის ჩარჩოს ახალ ინიციატივებს შესძენს.
საბოლოოდ, ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ ორმხრივი თანამშრომლობა მომავალშიც ახალ შედეგებს მოიტანს.
ტაჯიკეთი
ტაჯიკეთის პრეზიდენტი AIIB-ის ხელმძღვანელს შეხვდა
14 თებერვალი
14 თებერვალს, პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა დუშანბეში შეხვედრა გამართა აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის (AIIB) პრეზიდენტთან, ცზოუ ძიაისთან. მოლაპარაკებები მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ფინანსური თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებს შეეხო.
ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ცზოუ ძიაის ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ხაზი გასუვა მის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ქვეყანაში. შეხვედრის ძირითადი საკითხი ტაჯიკეთსა და პეკინში დაფუძნებულ აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკს შორის თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობა იყო. პრეზიდენტმა აღნიშნა AIIB-ის მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტების განხორციელებაში.
ტაჯიკური მხარის ინფორმაციით, AIIB ტაჯიკეთის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად რჩება, განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის მოდერნიზებისა და მდგრადი განვითარების, მათ შორის ,,მწვანე ეკონომიკის’’ მიმართულებით.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ენერგეტიკულ პროექტებს, კერძოდ, როგუნის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასა და ნურეკის ჰესის რეაბილიტაციას. ორივე პროექტი ქვეყნის გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგიისა და საექსპორტო გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილია.
მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები სატრანსპორტო და ურბანულ ინფრასტრუქტურაში, წყლის რესურსების მართვაში, კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციაში, ციფრულ ტრანსფორმაციასა და ენერგოეფექტიანობის ზრდაში.
შეხვედრის ბოლოს მხარეებმა გრძელვადიანი დაფინანსებისა და პროექტების ეფექტიანი განხორციელების მნიშვნელობა აღნიშნეს და დაადასტურეს მზადყოფნა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის. მათი თქმით, მიღწეული შეთანხმებები ტაჯიკეთსა და AIIB-ს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას გააძლიერებს.
ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (9-15 თებერვალი) Read More »










