Civicidea

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (15-21 ივნისი)

საქართველო

 მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდა

15 ივნისი

15 ივნისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები და მათი განვითარების პერსპექტივები განიხილეს.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ჩინეთსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფნის“ მნიშვნელობასა და ქვეყნებს შორის გაფორმებულ ყოვლისმომცველ სტრატეგიულ პარტნიორობის შეთანხმებაზე.

მინისტრმა ჩინეთში განხორციელებული ბოლო ვიზიტის შედეგებიც შეაჯამა, რა დროსაც ყურადღება მიღწეულ პროგრესსა და სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაფართოებაზე გაამახვილა.

შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, თამარ იოსელიანი და გენადი არველაძეც ესწრებოდნენ.

 

ირაკლი კობახიძე ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

16 ივნისი

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე 16 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის (NEAC) დელეგაციას შეხვდა, რომელსაც ცინ იჭი ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა ორმხრივ სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს და ეთნიკურ საკითხებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო და ჩინეთი მზად არიან, საერთაშორისო თუ ორმხრივ ფორმატებში ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ.

გარდა ამისა, ყურადღება დაეთმო სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სფეროში საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკასა და შესაბამის 10-წლიან სტრატეგიას, რომელიც თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ თეა ახვლედიანი და ლევან ჟორჟოლიანი.

 

თეა ახვედიანი ჩინეთის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა

16 ივნისი

16 ივნისს საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაციას შეხვდა.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჩინეთის დელეგაციის მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში უწყების მასპინძლობით იმართება და მიზნად ისახავს ორ ქვეყანას შორის არსებული ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას.

შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს, ერთმანეთს სამომავლო პრიორიტეტებთან დაკავშირებით ხედვები გაუზიარეს და პარტნიორობის განვითარების შესაძლო მიმართულებებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაციისთვის ასევე დაგეგმილია გაცნობითი და სამუშაო შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 

ჩინეთის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლში იმყოფებოდა

18 ივნისი

18 ივნისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეთნიკურ საკითხთა ეროვნული კომისიის დელეგაცია საგარეჯოს იუსტიციის სახლს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებს იუსტიციის სახლის კონცეფცია და საქმიანობის სპეციფიკა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლანა მორგოშიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიამ გააცნეს.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესში არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მნიშვნელობასა და ამ მიზნით დანერგილ მექანიზმებს.

ვიზიტი საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზანს ემსახურება.

აზერბაიჯანი

 

აზერბაიჯანი და ჩინეთი საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას განიხილავენ

18 ივნისი

 „შუა დერეფნის“ გავლით ტვირთბრუნვის მზარდი დინამიკის ფონზე, აზერბაიჯანი და ჩინეთი საბაჟო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხს განიხილავენ.

ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული საკითხი აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში 18 ივნისს გამართულ შეხვედრაზე განიხილეს, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი აზერბაიჯანში, ლუ მეი ესწრებოდა.

სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მოლაპარაკებების მთავარი თემა ორი ქვეყნის საბაჟო სამსახურებს შორის ინსტიტუციური კავშირების გაფართოება იყო, რაც მიზნად ისახავს აზიასა და ევროპას შორის სტრატეგიული სატრანზიტო მარშრუტით მზარდი ტვირთნაკადების ეფექტიან მართვას.

ამასთანავე, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს შესაძლებლობები გამოცდილების გაზიარების, საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვისა და საბაჟო სფეროში თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიმართულებით.

 

]AZPROMO-სა და ჩინეთის სიჩუანის დელეგაციას შორის შეხვედრა გაიმართა

18 ივნისი

18 ივნისს შედგა შეხვედრა AZPROMO-ს აღმასრულებელ დირექტორ იუსიფ აბდულაევსა და ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭოს სიჩუანის პროვინციის კომიტეტის დელეგაციას შორის.

მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები მწვანე ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ლოგისტიკისა და განათლების სფეროებში. ასევე საუბარი შეეხო ინდუსტრიული პარკების განვითარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას.

შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა გამოცდილების გაცვლაზე ერთობლივი ინდუსტრიული პარკების შექმნის, ადამიანური კაპიტალის განვითარების და სასწავლო პროგრამების ორგანიზების მიმართულებით.

მხარეების შეფასებით, სიჩუანის პროვინციასა და აზერბაიჯანს შორის თანამშრომლობა დამატებით იმპულსს აძლევს ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას.

სომხეთი

სომხეთის გავლით ირანიდან ჩინეთის მოქალაქეების მასშტაბური ევაკუაცია მიმდინარეობს

18 ივნისი

ირან–ისრაელის დაძაბულობის ფონზე ირანიდან მოქალაქეების ევაკუაცია გრძელდება. სომხეთში ჩინეთის საელჩოს ცნობით, 18 ივნისის, ირანიდან სომხეთში, აგარაკის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, ჩინეთის 600-ზე მეტი მოქალაქე შევიდა.

აღსანიშნავია, რომ თეირანში ჩინეთის დიპლომატიურმა მისიამ ჯერ კიდევ 17 ივნისს გააფრთხილა საკუთარი მოქალაქეები სახმელეთო საზღვრების შესაძლო ჩაკეტვის შესახებ და მოუწოდა მათ, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ქვეყანა.

სომხური მხარე უსაფრთხოების მიზნით სხვა სახელმწიფოების მოქალაქეების გაყვანაშიც აქტიურად არის ჩართული.

ყირგიზეთი

შეხვედრა ჩინეთისა და ყირგიზეთის ლიდერებს შორის

17 ივნისი

17 ივნისს ასტანაში გამართული ჩინეთი–ცენტრალური აზიის სამიტის ფარგლებში ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ყირგიზეთის პრეზიდენტ სადირ ჯაფაროვს შეხვდა. მხარეებმა ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, ვაჭრობისა და ინვესტიციების გაფართოება და ინფრასტრუქტურული და ენერგეტიკული თანამშრომლობის გაძლიერება განიხილეს.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ ჩინეთ–ყირგიზეთის ურთიერთობები ისტორიულად მაღალ ნიშნულზეა და ხაზი გაუსვა თანამშრომლობას ენერგეტიკის, ხელოვნური ინტელექტისა და ტრანსპორტის, მათ შორის ჩინეთი–ყირგიზეთი–უზბეკეთის სარკინიგზო პროექტის მიმართულებით.

ჯაფაროვმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორია და მზადყოფნა გამოთქვა ჩინური კომპანიების უფრო ფართო ჩართულობისთვის. მისი თქმით, ყირგიზეთი მხარს უჭერს ერთიანი ჩინეთის პრინციპს, ეწინააღმდეგება „ტაივანის დამოუკიდებლობას“ და მის შიდა საქმიანობაში გარე ძალების ჩარევას.

შეხვედრის შემდეგ ლიდერებმა ხელი მოაწერეს ორმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებებს, რომლებიც მოიცავს სოფლის მეურნეობას, საბაჟო სფეროს, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებს, ასევე მედიის მიმართულებებს.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (15-21 ივნისი) Read More »

ვან ი ჩინეთში-ინდოეთის დიალოგის ახალ ეტაპზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი 22-23 ივნისს ინდოეთს ეწვევა და BRICS-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთა და უსაფრთხოების საკითხებში მაღალი რანგის წარმომადგენლების მე-16 შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

აღნიშნული ინფორმაცია 19 ივნისს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ლინ ძიანმა ბრიფინგზე დაადასტურა. შეხვედრაზე მონაწილეები საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. მისი თქმით, ღონისძიება მნიშვნელოვანი მოსამზადებელი ეტაპი იქნება ინდოეთის თავმჯდომარეობით დაგეგმილი BRICS-ის სამიტისთვის.

ინდური მედიის ინფორმაციით, ვან ის ვიზიტი თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტი იქნება ინდოეთში. ანალიტიკოსების შეფასებით, ეს პეკინსა და ნიუ–დელის შორის ურთიერთობების ეტაპობრივ ნორმალიზაციაზე მიუთითებს, რომელიც 2020 წლის სასაზღვრო დაპირისპირების შემდეგ მნიშვნელოვნად გაუარესდა.

გამოცემა The Times of India აღნიშნავს, რომ ვან ის მონაწილეობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ მან მაისში გამართული BRICS-ის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გამოტოვა. გამოცემის შეფასებით, მისი ღონისძიებაში მონაწილეობა მიუთითებს, რომ ჩინეთი და ინდოეთი მრავალმხრივ პლატფორმებზე თანამშრომლობის გაძლიერებით ურთიერთობების სტაბილიზაციას ცდილობენ.

ამასთან, Deccan Chronicle-ის ცნობით, BRICS-ის შეხვედრის ფარგლებში მოსალოდნელია ვან ის ორმხრივი შეხვედრები როგორც ინდოეთის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ აჯიტ დოვალთან, ისე ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სუბრაჰმანიამ ჯაიშანკართან, სადაც მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ვან ი ჩინეთში-ინდოეთის დიალოგის ახალ ეტაპზე Read More »

ჩინეთი გაეროში „გლობალური სამხრეთის“ როლის გაძლიერებას ითხოვს

ჩინეთი გაეროსა და გლობალური მმართველობის სისტემაში განვითარებადი ქვეყნების, ე.წ. „გლობალური სამხრეთის“ წარმომადგენლობისა და გავლენის გაზრდას მოითხოვს. ოფიციალური პეკინის განცხადებით, არსებული საერთაშორისო არქიტექტურა ამ ქვეყნების ინტერესებს საკმარისად არ ასახავს.

შესაბამისი განცხადება ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ იიმ 17 ივნისს პეკინში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მინისტრის განმარტებით, თანამედროვე საერთაშორისო გარემო „კრიზისითა და გაურკვევლობით“ ხასიათდება, რაც მრავალმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობას ზრდის.

ვანგ იიმ აღნიშნა, რომ საერთაშორისო სისტემას სჭირდება უფრო სამართლიანი და ინკლუზიური ფორმატი, სადაც განვითარებადი ქვეყნების ხმა უფრო მკაფიოდ ისმის. მისი თქმით, ყველა სახელმწიფო, „დიდი თუ პატარა, განვითარებული თუ განვითარებადი“, თანასწორი უნდა იყოს.

პეკინის ეს პოზიცია ასახულია ჩინეთის ახალ პოლიტიკურ დოკუმენტში (ე.წ. White Paper), რომელიც გაეროს სისტემის რეფორმირებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში განვითარებადი მსოფლიოს როლის გაზრდას ისახავს მიზნად. ჩინეთის ოფიციალური უწყებების განმარტებით, ინიციატივა გლობალურ კრიზისებზე უფრო ეფექტურ რეაგირებას შეუწყობს ხელს.

გაეროს ოფიციალური მონაცემები ადასტურებს, რომ ბოლო წლებში ჩინეთი აქტიურად აძლიერებს „სამხრეთ–სამხრეთის თანამშრომლობის“ (South-South Cooperation) ჩარჩოებს, რაც განვითარებად ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავებას ითვალისწინებს.

კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ამ ინიციატივით პეკინი საერთაშორისო ასპარეზზე საკუთარი გავლენის სფეროების გაფართოებას და ვაშინგტონისა და ბრიუსელის საპირწონე ალიანსის ფორმირებას ცდილობს.

ჩინეთი გაეროში „გლობალური სამხრეთის“ როლის გაძლიერებას ითხოვს Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (8-14 ივნისი)

საქართველო

საქართველომ და ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას მოაწერეს ხელი

9 ივნისი

საქართველოს პრემიერ–მინისტრის, ირაკლი კობახიძე განცხადებით, საქართველო და ჩინეთი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადადიან. მისი თქმით, შესაბამის შეთანხმებას ხელი 9 ივნისს მოეწერა.

კობახიძემ აღნიშნა, რომ სამი წლის წინ გაფორმებულმა სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებამ ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების გაღრმავებას შეუწყო ხელი. პრემიერის შეფასებით, ახალი ეტაპი კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ–ჩინურ თანამშრომლობას და დამატებით შესაძლებლობებს შექმნის როგორც ეკონომიკური, ისე სატრანსპორტო და ჰუმანიტარული მიმართულებებით.

მისივე თქმით, ბოლო წლებში საქართველოსა და ჩინეთს შორის ამოქმედდა უვიზო მიმოსვლა, გაიზარდა პირდაპირი ავიარეისების რაოდენობა და გაფართოვდა სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები, რაც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საფუძველი გახდა.

 

მიხეილ ყაველაშვილმა და სი ძინპინმა დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავზე მისალოცი წერილები გაცვალეს

9 ივნისი

ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ სი ძინპინმა ურთიერთმისალოცი წერილები გაცვალეს.

9 ივნისს გაცვლილ მისალოც წერილებში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ გასული 34 წლის განმავლობაში ორმხრივი კავშირები ურთიერთპატივისცემის, ნდობისა და კონსტრუქციული თანამშრომლობის საფუძველზე ვითარდებოდა, რამაც სხვადასხვა მიმართულებით მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო.

მხარეების შეფასებით, განსაკუთრებული დინამიკა ურთიერთობებს 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ მიეცა, რამაც კიდევ უფრო გააღრმავა პოლიტიკური ნდობა და გააფართოვა პრაქტიკული თანამშრომლობა ვაჭრობის, ინვესტიციების, დაკავშირებადობის, კულტურის, განათლებისა და ხალხთაშორისი კავშირების სფეროებში.

მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთთან ურთიერთობებს და მზად არის პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის, რაც ხელს შეუწყობს ორივე ქვეყნის განვითარებასა და ხალხთა კეთილდღეობას.

თავის მხრივ, სი ძინპინმა აღნიშნა, რომ ჩინეთი საქართველოსთან ურთიერთობებს ყოველთვის გრძელვადიანი სტრატეგიული პერსპექტივით განიხილავს და ახალი ფორმატის,  ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ჩამოყალიბება ორმხრივ თანამშრომლობას დამატებით იმპულსს მისცემს და ტრადიციულ მეგობრობას კიდევ უფრო განამტკიცებს.

მხარეების შეფასებით, საქართველო–ჩინეთის ურთიერთობების ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე აყვანის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და ორი ქვეყნის ხალხისთვის დამატებითი სარგებლის შექმნას.

 

საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო–ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 34-ე წლისთავი აღინიშნა

9 ივნისი

9 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველო–ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 34-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე ხვთისიაშვილი და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩი, ჭოუ ციენი. ღონისძიებაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობები, ქვეყნების ლიდერების გადაწყვეტილებით, ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ეტაპზე გადავიდა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელობას.

 

ჭოუ ციენი: „შუა დერეფანი“ და „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ისე ევროპა–ჩინეთის კავშირისთვის

9 ივნისი

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისთვის საქართველო „სარტყელისა და გზის ინიციატივის“ მნიშვნელოვანი პარტნიორია. ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე 9 ივნისს განაცხადა.

მისი თქმით, „შუა დერეფანი“ და „სარტყელისა და გზის ინიციატივა“ არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზეც მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს და ევროპასა და ჩინეთს შორის სტაბილური სატრანსპორტო–ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

ელჩმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში ახლო აღმოსავლეთსა და ირანში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა სახმელეთო ალტერნატიული მარშრუტების განსაკუთრებული მნიშვნელობა, განსაკუთრებით კრიზისულ სიტუაციებში. 

ჭოუ ციენმა აღნიშნა, რომ ჩინეთის დიპლომატიის ერთ–ერთ საყრდენს განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობები წარმოადგენს და საქართველოსთან პარტნიორობა ამ კონტექსტში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. მისი თქმით, თბილისსა და პეკინს საერთო ხედვა აქვთ საერთაშორისო წესრიგის შესახებ, რომელიც ეფუძნება გაეროს წესდების პრინციპებსა და სამართლიანობის დაცვას.

ელჩის შეფასებით, ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელზეა დაფუძნებული. მისი თქმით, ჩინეთი ღიაა ქართული პროდუქციისთვის, ხოლო საქართველო სარგებლობს შესაძლებლობით, მიიღოს გამოცდილება და ტექნოლოგიური სიახლეები ჩინეთის, როგორც გლობალური ეკონომიკისა და ინოვაციების ერთ–ერთი ლიდერისგან. ბრიფინგზე ასევე ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროსა და ხალხთაშორისი კავშირების გაღრმავებას.

 

შეხვედრა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის

12 ივნისი

12 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით ეწვია.

უწყების ინფორმაციით, დელეგაციას კუეიჭოუს პროვინციის საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტის გენერალური დირექტორის მოადგილე იანგ ჟუო ხელმძღვანელობდა. ვიზიტის ფარგლებში მათ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები გიორგი სახოკია და შალვა თადუმაძე შეხვდნენ. შეხვედრას ასევე ესწრებოდა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ვაჟა სირაძე.

მხარეებმა ისაუბრეს ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, ასევე განიხილეს არსებული კავშირების კიდევ უფრო გაფართოების პერსპექტივები, მათ შორის საპოლიციო განათლების მიმართულებით.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და პოლიციის აკადემიას ეწვია, სადაც მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ითვალისწინებს ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრები ასევე იმყოფებოდნენ საექსპერტო–კრიმინალისტიკურ დეპარტამენტში, სადაც დელეგაციის წევრებმა დანაყოფის საქმიანობის სპეციფიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს და არსებული ექსპერტიზის ლაბორატორიები დაათვალიერეს.

 

ნათია თურნავა ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

12 ივნისი

შანხაიში გამართული შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა 12 ივნისს ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს, პან გონშენგს შეხვდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ფინანსური და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმდინარე მდგომარეობასა და მისი გაძლიერების შესაძლებლობებზე. მხარეებმა მიმოიხილეს გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმის შედეგები და აღნიშნეს, რომ დოკუმენტის შემდეგ თანამშრომლობის დინამიკა გაიზარდა.

ნათია თურნავამ ხაზი გაუსვა, რომ საქართველო–ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები სტაბილურად ვითარდება, რაც ქმნის დამატებით შესაძლებლობებს ფინანსური სექტორის თანამშრომლობის გასაფართოებლად. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სავაჭრო–ეკონომიკური კავშირები.

აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს ერთ–ერთ მთავარ პარტნიორად რჩება, რაც ასახულია როგორც საგარეო ვაჭრობის მოცულობაში, ასევე ინვესტიციებისა და ტურიზმის ზრდის ტენდენციებში. დასასრულს, მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა, გააგრძელონ აქტიური თანამშრომლობა ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით.

 

ნათია თურნავა ICBC-ის პრეზიდენტს შეხვდა

13 ივნისი

შანხაიში გამართული სიმპოზიუმის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა 13 ივნისს ჩინეთის ერთ–ერთ უმსხვილეს ფინანსურ ინსტიტუტს, Industrial and Commercial Bank of China-ს (ICBC) პრეზიდენტ ლინ ლიაოს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და ICBC-ს შორის არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს. საუბარი შეეხო ჩინურ ფასიან ქაღალდებთან ვაჭრობისა და ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე ინვესტირების მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებასაც. ასევე, ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე არსებულ ტენდენციებსა და სამომავლო პერსპექტივებზე.

ICBC წარმოადგენს ჩინეთისა და მსოფლიოს ერთ–ერთ უმსხვილეს ბანკს, რომლის აქტივების მოცულობა დაახლოებით 7.6 ტრილიონ აშშ დოლარს აღწევს. ფინანსური ინსტიტუტი 49 ქვეყანაში ოპერირებს და გლობალური საბანკო სექტორის ერთ–ერთ წამყვან მოთამაშედ ითვლება.

ბანკი ასევე აქტიურად არის ჩართული საინვესტიციო საბანკო მომსახურებაში, განსაკუთრებით განვითარებადი ქვეყნების სახელმწიფო ობლიგაციების პირველადი და მეორადი ბაზრების მიმართულებით.

აზერბაიჯანი

 

აზერბაიჯანი და ჩინეთი სამეცნიერო და აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობენ

10 ივნისი

აზერბაიჯანის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ჰასან ჰასანლი 10 ივნისს ჩინეთის სიანის შიოუს უნივერსიტეტის დელეგაციას შეხვდა. ოფიციალურ შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორობა შეაჯამეს და სამომავლო ინიციატივები დასახეს.

მთავარი ყურადღება გამახვილდა ჩინურ სასწავლებელსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავებაზე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებასა და ერთობლივი სამეცნიერო–კვლევითი პროექტების განხორციელების პერსპექტივებზე.

ამავე ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაცია ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტსაც ეწვია. უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელობასთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი აკადემიური თანამშრომლობის გაძლიერებისა და უნივერსიტეტებს შორის პარტნიორობის განვითარების კონკრეტული გზები განიხილეს.

 

აზერბაიჯან–ჩინეთის ვაჭრობა 1.5 მილიარდ დოლარს აჭარბებს

11 ივნისი

მიმდინარე წლის იანვარ–აპრილში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის სასაქონლო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6.1%-ით გაიზარდა და 1.514 მილიარდი დოლარი შეადგინა. აღნიშნულ მონაცემებს 11 ივნისს Trend News Agency აქვეყნებს.

მიმოხილვის თანახმად, ჩინეთი აზერბაიჯანის ოთხ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორს შორისაა და ქვეყნის საერთო სავაჭრო ბრუნვის 8.7%-ს იკავებს. საანგარიშო პერიოდში აზერბაიჯანიდან ჩინეთში ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და 40.0 მილიონ დოლარს მიაღწია, ხოლო იმპორტმა ჩინეთიდან 1.47 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მთლიანობაში, ამავე პერიოდში აზერბაიჯანის ჯამური საგარეო ვაჭრობა 17.4 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც ქვეყანამ 6.35 მილიარდი დოლარის დადებითი სავაჭრო ბალანსი დააფიქსირა.

ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობა, სავაჭრო ურთიერთობების გარდა, აქტიურად მოიცავს ენერგეტიკის, ფინანსებისა და ტრანსპორტის სფეროებს, სადაც განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „შუა დერეფნის“ განვითარების სტრატეგიულ პროექტებს.

 

აზერბაიჯანი ჩინეთში კვების პროდუქტების ექსპორტს მნიშვნელოვნად აფართოებს

12 ივნისი

12 ივნისს აზერბაიჯანმა და ჩინეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებათა პაკეტს, რომელიც ჩინეთის ბაზარზე აზერბაიჯანული აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის გაფართოებას ითვალისწინებს. დოკუმენტებს ხელი მოეწერა ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, რომელსაც აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტოს თავმჯდომარე გოშგარ თაჰმაზლი ხელმძღვანელობდა.

მხარეებმა განიხილეს აზერბაიჯანული სასოფლო–სამეურნეო და კვების პროდუქტებისთვის ბაზრის ხელმისაწვდომობის გაფართოება, უსაფრთხო და ეფექტური ვაჭრობის ხელშეწყობა, ციფრული გადაწყვეტების დანერგვა და სერტიფიცირების პროცესების ურთიერთაღიარება. ასევე გაფორმდა სამი პროტოკოლი, რომლებიც ჩინეთში ველური წყლის ბიორესურსების, აკვაკულტურის პროდუქტებისა და ფრინველის ხორცის ექსპორტის წესებს არეგულირებს.

ვიზიტის ფარგლებში მხარეებმა იმსჯელეს სურსათის უვნებლობის კონტროლის გაძლიერებასა და რისკებზე დაფუძნებული ინსპექტირების სისტემებზე, ასევე ჩინეთის საბაჟო და მარეგულირებელ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებაზე. შეთანხმებები მიზნად ისახავს ორმხრივი აგროტრანსპარტის და ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას.

სომხეთი

 

ჩინური ინვესტიცია სომხურ მედიაში

13 ივნისი

სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზია, ჩინეთის მხარდაჭერით, ახალ, თანამედროვე სამაუწყებლო სტუდიას აშენებს. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასააგენტო People’s Daily ავრცელებს.

ტელეკომპანიის სტრატეგიული პროგრამების ხელმძღვანელის, რუბენ შაჰინიანის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი საკუთარი სატელევიზიო კონტენტის გაზრდა და არხის თანამედროვე მედიაჰაბად გარდაქმნაა. პროექტის მიხედვით, ახალი კომპლექსის საერთო ფართობი 7 100 კვადრატულ მეტრს აღემატება, საიდანაც უშუალოდ გადასაღებ მოედანს 1 000 კვადრატული მეტრი დაეთმობა.

ერევანში, ნორკ–მარაშის რაიონში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ჩინური კომპანიები, „China Jiangsu International“ და „Nanjing Lopu“ ახორციელებენ. საინჟინრო ჯგუფის ხელმძღვანელის, პან სონგის თქმით, შენობის კონსტრუქციული ნაწილი უკვე დასრულებულია. აღსანიშნავია, რომ კომპლექსის ვიზუალურ კონცეფციაში ერთმანეთთანაა შერწყმული ტრადიციული ჩინური ეზოებისა და სომხური არქიტექტურის ელემენტები.

ორივე მხარის შეფასებით, ეს ტექნოლოგიური ინიციატივა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სომხური ტელემაუწყებლობის ხარისხს და ორ ქვეყანას შორის კულტურული გაცვლისა და პარტნიორობის ახალ ეტაპს ჩაუყრის საფუძველს.

ყაზახეთი

 

ყაზახეთისა და ძიანგსუს პროვინციას შორის სავაჭრო–ეკონომიკური თანამშრომლობა ღრმავდება

14 ივნისი

ყაზახეთის პირველი ვიცე–პრემიერი ნურლიბეკ ნალიბაევი 14 ივნისს ძიანგსუს პროვინციის პარტიული კომიტეტის მდივანს, სინ ჩანგსინგს შეხვდა. მხარეებმა რეგიონული და საინვესტიციო თანამშრომლობის გაღრმავება განიხილეს.

ნალიბაევმა ჩინეთი ყაზახეთის მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და ძიანგსუს პროვინციის მაღალი ინდუსტრიული პოტენციალი აღნიშნა. ყურადღება გამახვილდა თანამშრომლობაზე მრეწველობის, ინოვაციების, ლოგისტიკისა და ციფრული ეკონომიკის მიმართულებებით.

ჩინურმა მხარემ ხაზი გაუსვა ყაზახეთის სატრანზიტო მნიშვნელობას ჩინეთი–ევროპის მარშრუტზე და გამოხატა მზადყოფნა პირდაპირი ბიზნესკონტაქტების გაფართოებაზე. ასევე აღინიშნა, რომ „ცენტრალური აზია–ძიანგსუს ცენტრი“ შესაძლოა მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდეს ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გაცვლისთვის.

 

ყასიმ–ჟომართ თოყაევმა სი ძინპინს დაბადების დღე მიულოცა

15 ივნისი

ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა 15 ივნისს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს დაბადების დღე მიულოცა და ოფიციალური მისალოცი ტელეგრამა გაუგზავნა.

თოყაევმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ჩინეთის ლიდერის პირად წვლილს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცებაში. მისი განცხადებით, პეკინისა და ასტანის ურთიერთობები მყარად ეფუძნება მეგობრობას, კეთილმეზობლობასა და ორმხრივ მხარდაჭერას.

მისალოცი წერილის დასასრულს, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა გამოთქვა რწმენა, რომ ყაზახეთ–ჩინეთის მრავალმხრივი პარტნიორობა მომავალშიც გაფართოვდება და ახალ, კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავა.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (8-14 ივნისი) Read More »

ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი შიშირ ხანალი 14-17 ივნისს ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვანგ ის მიწვევით იმართება და მიზნად ისახავს პეკინსა და კატმანდუს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული თანამშრომლობის გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, სადაც მხარეები განიხილავენ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს, ტრანსსასაზღვრო კავშირების განვითარებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ტურიზმსა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებს. ასევე მოსალოდნელია შეხვედრები ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და ჩინეთის კომუნისტური პარტიის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელობასთან.

ჩინური მხარე და ნეპალის დელეგაცია განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ ინფრასტრუქტურულ თანამშრომლობას, მათ შორის სარტყელი და გზის ინიციატივის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს, ვინაიდან ბოლო წლებში ჩინეთი ნეპალის ერთ–ერთ უმსხვილეს პარტნიორად ჩამოყალიბდა და აქტიურად მონაწილეობს ქვეყნის სატრანსპორტო, ენერგეტიკული და ლოგისტიკური სისტემების განვითარებაში.

ვიზიტი ასევე რეგიონული გეოპოლიტიკური კონტექსტის ფონზე განიხილება. ნეპალური მედიის ცნობით, ხანალი ჩინეთში გამგზავრებას ინდოეთში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებიდან სულ რამდენიმე დღეში გეგმავს, რაც ანალიტიკოსების შეფასებით, ასახავს კატმანდუს მცდელობას, შეინარჩუნოს დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა ორ მეზობელ ქვეყანას, ინდოეთსა და ჩინეთს შორის.

ვიზიტი ასახავს ჩინეთის ინტერესს, გააძლიეროს პოზიციები სამხრეთ აზიაში, ხოლო ნეპალისთვის წარმოადგენს შესაძლებლობას, მოიზიდოს დამატებითი ინვესტიციები და გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა რეგიონში ერთ–ერთ ყველაზე გავლენიან სახელმწიფოსთან.

ნეპალის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩინეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა Read More »

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა წარმატებით დასრულდა!
 
10 ივნისს გაიმართა ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამის მონაწილეების კვლევების პრეზენტაცია და დაჯილდოების ცერემონია.
 
ღონისძიების ფარგლებში პროგრამის მონაწილეებმა წარადგინეს მათ მიერ მომზადებული კვლევები და რეკომენდაციები შემდეგ თემებზე:
 
• აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერის გავლენა საქართველოს დასავლურ კურსზე – რა როლს ასრულებს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს დემოკრატიზაციისა და განვითარების პროცესში;
• ჩინური გავლენის ზრდა საქართველოს საბანკო სექტორში – საქართველოს საბანკო სფეროში ჩინური კაპიტალისა და ინტერესების გაძლიერების ანალიზი;
• ენერგეტიკა, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი: საქართველოს დასავლური ინტეგრაციის ქეის-ანალიზი გარდამავალ საერთაშორისო წესრიგში.
 
🏆 გამარჯვებული კვლევის ავტორები კი გახდნენ ანდრია საჯაია, საბა ქართველიშვილი და საბა კვიჟინაძე. მათ მიერ მომზადებული კვლევა “ჩინური გავლენის ზრდა საქართველოს საბანკო სექტორში” უახლოეს მომავალში გამოქვეყნება სამოქალაქო იდეას ვებ-გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა 2 თვე გაგრძელდება და ორ ეტაპს მოიცავდა:
 
🟣 პირველ ეტაპზე მონაწილეებმა გაიარეს თეორიული ტრენინგების ციკლს, რომელიც მიზნად ისახავდა კვლევისთვის აუცილებელი ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.
 
🟣 მეორე ეტაპზე მათ გუნდებად მოამზადეს ანალიტიკურ-კვლევით ანგარიშები „სამოქალაქო იდეას“ პრიორიტეტული თემების ფარგლებში.
 
“სამოქალაქო იდეა” მადლობას უხდის პროგრამის ყველა მონაწილეს მთელი პროექტის განმავლობაში გამოვლენილი ენთუზიაზმისა და აქტიურობისთვის

ახალგაზრდა მკვლევართა პროგრამა Read More »

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (1-7 ივნისი)

საქართველო

ჩინეთის მეგაპოლის ჩონცინგში საქართველოს კულტურის ცენტრი გაიხსნა

2 ივნისი

ჩინეთის ერთ–ერთ უმსხვილეს მეტროპოლიაში, ჩონცინგიში, საქართველოს კულტურის ცენტრი გაიხსნა. პროექტის მთავარი მიზანი ორ ქვეყანას შორის კულტურული და საგანმანათლებლო კავშირების გაღრმავებაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ახალი ცენტრის დაარსება ორმხრივი კულტურული თანამშრომლობის გაფართოებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია. იგი მიზნად ისახავს ჩინურ საზოგადოებაში ქართული ენის, კულტურის, ისტორიისა და თანამედროვე შემოქმედებითი სფეროების პოპულარიზაციას.

კულტურის ცენტრის ბაზაზე სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები მოეწყობა, რაც ხელს შეუწყობს ხალხთაშორისი კონტაქტების გაძლიერებასა და ორმხრივი კულტურული დიალოგის გაღრმავებას.

აღნიშნული ინიციატივა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და ადგილობრივი ჩინელი პარტნიორების ჩართულობით ხორციელდება. პროექტი განიხილება, როგორც საქართველოსა და ჩინეთს შორის მიმდინარე, უფრო ფართო კულტურულ–დიპლომატიური თანამშრომლობის სტრატეგიული ნაწილი.

მხარეების შეფასებით, ჩონცინგში ცენტრის ფუნქციონირება ახალ იმპულსს შესძენს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და ხელს შეუწყობს ხალხთა დაახლოებას.

 

გივი მიქანაძის ოფიციალური ვიზიტი პეკინში

5 ივნისი

1-5 ივნისს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში პეკინის ენის, განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრთან მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მინისტრმა გივი მიქანაძემ და ცენტრის დირექტორმა იუ იუნფენგმა. შეთანხმება საქართველოში ჩინური ენის მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, დამატებითი ფინანსური მექანიზმების შექმნასა და ერთობლივი კულტურულ–საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს.

საქართველოს დელეგაცია ასევე ეწვია პეკინის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც შეხვედრები გაიმართა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან. მხარეებმა განიხილეს ტექნოლოგიებისა და ლოგისტიკის სფეროებში გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები და ხაზი გაუსვეს ჩინური საგანმანათლებლო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობას საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის განვითარებისთვის.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პეკინის უცხო ენათა უნივერსიტეტს, სადაც მინისტრი შეხვდა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასა და ქართველოლოგიის პროგრამის სტუდენტებს. შეხვედრაზე გივი მიქანაძემ აღნიშნა ქართველოლოგიის ცენტრის როლი ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციაში ჩინეთში.

ვიზიტის კიდევ ერთი ეტაპი იყო შეხვედრა ჩინეთის საერთაშორისო ახალგაზრდულ გაცვლით ცენტრში, სადაც მხარეებმა ახალგაზრდული თანამშრომლობის გაძლიერება და ერთობლივი პროგრამების განხორციელება განიხილეს. შეთანხმდა სტუდენტებისთვის საზაფხულო ბანაკებისა და სხვა გაცვლითი პროექტების დაგეგმვა, რისთვისაც სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

მხარეების შეფასებით, მიმდინარე ვიზიტი კიდევ უფრო აძლიერებს საქართველოსა და ჩინეთს შორის საგანმანათლებლო და ახალგაზრდული თანამშრომლობის დინამიკას.



 

ალექსანდრე ხვთისიაშვილი ჩინეთის ელჩს შეხვდა

5 ივლისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 5 ივნისს გაიმართა შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილსა და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ჟოუ ციანს შორის.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველო–ჩინეთის ურთიერთობებში არსებული პოზიტიური დინამიკა და შეაფასეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების დამატებითი შესაძლებლობები.

დიპლომატებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მნიშვნელობას, რაც, მხარეების შეფასებით, ორმხრივი კავშირების განვითარებას უწყობს ხელს.

შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო რეგიონულ და გლობალურ პროცესებსა და მათთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რა დროსაც მხარეებმა ხაზი გაუსვეს დიალოგისა და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობას.

აზერბაიჯანი

 

პეკინში ტურიზმის ბიუროს წარმომადგენლობა გაიხსნა

4 ივნისი

აზერბაიჯანმა ჩინეთში გამართული საერთაშორისო ტურისტული დიალოგის ფარგლებში ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობები და საინვესტიციო პოტენციალი წარადგინა. ინფორმაციას 4 ივნისს ადგილობრივი მედია ავრცელებს.

„ჩინეთ–აზერბაიჯანის ტურისტული დიალოგი“ გაიმართა ჩინეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს, საერთაშორისო გაცვლისა და თანამშრომლობის ბიუროსა და მსოფლიო ტურიზმის ალიანსის (WTA) ერთობლივი ორგანიზებით. ღონისძიებას ესწრებოდნენ ორივე ქვეყნის სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო ტურისტული ორგანიზაციებისა და ინდუსტრიის ექსპერტები.

აზერბაიჯანის ტურიზმის სააგენტოს განცხადებით, ბაქო აქტიურად აგრძელებს მუშაობას ჩინეთის ბაზარზე ქვეყნის ტურისტული მიმზიდველობის გასაძლიერებლად. ამ სტრატეგიის ფარგლებში, 29 მაისს პეკინში ოფიციალურად გაიხსნა აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროს წარმომადგენლობა, რაც ჩინეთთან ტურისტული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან ნაბიჯად შეფასდა.

ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა ვიზიტორთა ზრდაზეც აისახა. ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის იანვარ–აპრილში აზერბაიჯანს 14,303 ჩინელი ტურისტი ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9.5%-იან ზრდას წარმოადგენს.

ექსპერტების შეფასებით, მსგავსი ინიციატივები ჩინეთის ბაზარზე აზერბაიჯანის პოზიციონირებას კიდევ უფრო აძლიერებს და ტურისტული ნაკადების ზრდის პოტენციალს ქმნის.

სომხეთი

 

ნიკოლ ფაშინიანი: ერევანი და პეკინი სტრატეგიულ პარტნიორობას არჩევნების შემდეგაც გააღრმავებენ

7 ივნისი

სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნების შედეგები უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს ერევნისა და პეკინის ორმხრივ ურთიერთობებზე. აღნიშნული განცხადება ფაშინიანმა 7 ივნისს, ერევანში ერთ–ერთ საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

სომხეთის პრემიერ–მინისტრის თქმით, გასულ წელს ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება უკვე წარმოადგენს ფაქტობრივ საფუძველს ორმხრივი ურთიერთობებისთვის. მისი შეფასებით, ეს პარტნიორობა არჩევნების შედეგების მიუხედავად არ შეიცვლება და მომავალშიც გაგრძელდება, რადგან იგი ორივე ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება.

პრემიერ–მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სომხეთსა და ჩინეთს შორის თანამშრომლობის გაფართოებისთვის დამატებით შესაძლებლობებს ქმნის ერევანის ინიციატივა „მშვიდობის გზაჯვარედინი“ (Crossroads of Peace), რომელიც მიზნად ისახავს ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული კავშირების გაძლიერებას რეგიონულ დონეზე.

სომხური მედიის ცნობით, არჩევნების პარალელურად ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტაბილურობა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელება მმართველი გუნდის ერთ–ერთ მთავარ პოლიტიკურ ხაზად რჩება.

ტაჯიკეთი

 

ჩინური დელეგაცია ტაჯიკეთში მყინვარების დაცვის საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

1 ივნისი

ჩინეთის დელეგაცია, 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით, სამუშაო ვიზიტით ტაჯიკეთში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ჩინურმა მხარემ მონაწილეობა მიიღო მყინვარების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაში და მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები გამართა ტაჯიკეთის ხელისუფლებასთან.

დელეგაციას ხელმძღვანელობდა შენ იუეიუე, ჩინეთის სახალხო პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს ეროვნული კომიტეტის ვიცე–თავმჯდომარე და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (SCO) კეთილმეზობლობის, მეგობრობისა და თანამშრომლობის კომისიის თავმჯდომარე.

ვიზიტის ფარგლებში შენ იუეიუე ტაჯიკეთის პრეზიდენტს, ემომალი რაჰმონს და პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერს, ფაიზალი იდიზოდას შეხვდა. ტაჯიკეთის პრეზიდენტთან შეხვედრისას, შენ იუეიუემ მას ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მისალმება გადასცა და აღნიშნა, რომ პეკინი მზად არის გააღრმავოს თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს „საერთო მომავლის მქონე ჩინეთ–ტაჯიკეთის საზოგადოების“ მშენებლობას.

მყინვარების დაცვის კონფერენციაზე გამოსვლისას, ჩინურმა მხარემ აქცენტი კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში საერთაშორისო პარტნიორობაზე გააკეთა. შენ იუეიუეს განცხადებით, ჩინეთი მზად არის სხვა სახელმწიფოებთან ერთად შეასრულოს „საერთო, თუმცა დიფერენცირებული პასუხისმგებლობები“ და წვლილი შეიტანოს „სუფთა და ლამაზი მსოფლიოს“ შექმნაში.

თავის მხრივ, პრეზიდენტმა ემომალი რაჰმონმა დაადასტურა, რომ ტაჯიკეთი აქტიურად მონაწილეობს „სარტყლისა და გზის ინიციატივაში“, მხარს უჭერს პეკინის გლობალურ პროექტებს და მზად არის ჩინეთთან პარტნიორობა როგორც ორმხრივ, ისე მულტილატერალურ ფორმატებში, მათ შორის ეკოლოგიური გამოწვევების მიმართულებითაც განავითაროს.

ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (1-7 ივნისი) Read More »

სი ძინპინი შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას ეწვევა

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი 8-9 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ჩრდილოეთ კორეას ეწვევა, სადაც ქვეყნის ლიდერს, კიმ ჯონ უნს შეხვდება. ეს სი ძინპინის პირველი ვიზიტი იქნება ფხენიანში 2019 წლის შემდეგ.

ანალიტიკოსთა შეფასებით, სი ძინპინის ვიზიტი პეკინის მცდელობას ასახავს, შეინარჩუნოს და გააძლიეროს გავლენა კორეის ნახევარკუნძულზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ჩრდილოეთ კორეა რუსეთთან თანამშრომლობას სულ უფრო მეტად აფართოებს.

მოსალოდნელია, რომ მაღალი დონის მოლაპარაკებების მთავარი თემები ორმხრივი ურთიერთობები, რეგიონული უსაფრთხოება, ეკონომიკური კავშირები და ჩინეთ–ჩრდილოეთ კორეის 1961 წლის ურთიერთდაცვის ხელშეკრულება იქნება, რომელიც დღემდე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მთავარ საყრდენად რჩება.

ვიზიტს დამატებით დატვირთვას სძენს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის აქტიური გაფართოების მიმდინარე ფონი. რამდენიმე დღის წინ კიმ ჩენ ინმა ახალი ბირთვული ობიექტი დაათვალიერა და ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების „სწრაფი და მასშტაბური ზრდის“ აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. საერთაშორისო შეფასებით, ფხენიანი მსგავსი განცხადებებით ცდილობს მოლაპარაკებების წინ საკუთარი პოზიციების გამყარებას.

ამავე დროს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში პეკინსა და ფხენიანს შორის მაღალი დონის კონტაქტები საგრძნობლად გააქტიურდა. 2025 წლის სექტემბერში კიმ ჩენ ინი ჩინეთს ეწვია და მეორე მსოფლიო ომში იაპონიაზე გამარჯვების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო, სადაც სი ძინპინთან და რუსეთის პრეზიდენტთან ერთად სამხედრო აღლუმშიც მიიღო მონაწილეობა.

მომავალი სამიტი აჩვენებს, რამდენად წარმატებით შეძლებს ჩინეთი ჩრდილოეთ კორეაზე საკუთარი გავლენის შენარჩუნებას რეგიონში მზარდი გეოპოლიტიკური კონკურენციის ფონზე.

სი ძინპინი შვიდწლიანი პაუზის შემდეგ ჩრდილოეთ კორეას ეწვევა Read More »

1989 წლის მოვლენების წლისთავმა აშშ, ჩინეთი და ტაივანი კვლავ დააპირისპირა

ვაშინგტონს, პეკინსა და ტაიბეის შორის მორიგი დიპლომატიური დაძაბულობის ტალღა აგორდა, რაც ტიანანმენის მოედანზე 1989 წლის ტრაგიკული მოვლენების 37-ე წლისთავს უკავშირდება, თარიღს, რომელსაც სამივე მხარე რადიკალურად განსხვავებული პოზიციიდან აფასებს.

ურთიერთობების გამწვავების სათავედ აშშ–ის მწვავე კრიტიკა იქცა. სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ ვერანაირი სახელმწიფო ცენზურა ვერ შეძლებს იმ მეხსიერების წაშლას, რომელიც 1989 წლის 3-4 ივნისს ჩინეთის არმიის მიერ პრო–დემოკრატიული აქციების ძალისმიერ დარბევას უკავშირდება.

ამ განცხადებას პეკინის მხრიდან მყისიერი და მკაცრი რეაქცია მოჰყვა: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ ისტორიული ფაქტების მიზანმიმართულ დამახინჯებასა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულა.

ჩინეთის ოფიციალური პოზიციით, 1980-იანი წლების ბოლოს განვითარებულ მოვლენებზე ქვეყანას უკვე ჩამოყალიბებული აქვს „მკაფიო შეფასება“, ვაშინგტონის განცხადებები კი შეფასდა როგორც პოლიტიკური პროვოკაცია და ჩინეთის სახელმწიფო სისტემის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.

გეოპოლიტიკურ პოლემიკას არც ტაივანის ხელმძღვანელობა ჩამორჩენია. კუნძულის პრეზიდენტმა ლაი ჩინგ–ტემ პეკინს მოუწოდა, საბოლოოდ გაუსწოროს თვალი ისტორიულ რეალობას და აღიაროს სიმართლე, რაც მისი თქმით, რეგიონში დაძაბულობის შემცირების, შერიგებისა და სამომავლო დიალოგის ერთადერთი სწორი გზაა.

მხარეთა ურთიერთსაპირისპირო განცხადებები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ტიანანმენის მოვლენები მხოლოდ ისტორიულ მეხსიერებას აღარ ეკუთვნის და ისინი დღემდე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ფაქტორად რჩება აშშ–ს, ჩინეთსა და ტაივანის ურთიერთობებში.

1989 წლის მოვლენების წლისთავმა აშშ, ჩინეთი და ტაივანი კვლავ დააპირისპირა Read More »

ჩინეთი იაპონია-ფილიპინების საზღვაო მოლაპარაკებებს პატრულირების გაფართოებით პასუხობს

1 ივნისს, ჩინეთის სანაპირო დაცვამ განაცხადა, რომ ტაივანის აღმოსავლეთით მდებარე აკვატორიაში „სამართალდამცავი“ პატრულირება განახორციელა. პეკინმა ეს ნაბიჯი იაპონიასა და ფილიპინებს შორის საზღვაო საზღვრების დელიმიტაციის თაობაზე დაანონსებულ მოლაპარაკებებს დაუკავშირა.

ჩინეთის ხელისუფლება ამ ნაბიჯს „საპასუხო რეაგირებად“ აფასებს და ტოკიოსა და მანილას შორის გამართულ დისკუსიებს „ცალმხრივს“ უწოდებს. პეკინში აცხადებენ, რომ ძალების მობილიზება „კანონის შესაბამისად“ განხორციელდა და მისი ერთადერთი მიზანი ჩინეთის „სუვერენული უფლებებისა და ინტერესების“ დაცვაა.

მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურ განცხადებებში ზუსტი კოორდინატები არ სახელდება, ჩინელი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ საზღვაო პატრულირება აუცილებელი გახდა იმ მოვლენების ფონზე, რომლებიც მათთვის სადავო საზღვაო ზონებს ეხება.

ჩინეთის ეს დემონსტრაციული ნაბიჯი მოჰყვა იაპონიისა და ფილიპინების გადაწყვეტილებას, დაიწყონ ოფიციალური დიალოგი ექსკლუზიური ეკონომიკური ზონებისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დასადგენად. ორივე ქვეყნის მთავრობა მტკიცედ დგას იმ პოზიციაზე, რომ ეს პროცესი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართალს და მიზნად ისახავს რეგიონში არსებული გადამკვეთი საზღვაო პრეტენზიების ცივილურ დარეგულირებას.

ეს ინიციატივა იაპონიასა და ფილიპინებს შორის უსაფრთხოების სფეროში პარტნიორობის გაფართოების მორიგი ეტაპია. რეგიონში მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, მხარეები აქტიურად მუშაობენ სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლასა და თავდაცვის სფეროში კოორდინაციის კიდევ უფრო გაღრმავებაზე.

ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ ორმხრივ დიალოგს და იაპონია–ფილიპინების მოლაპარაკებებს „უკანონოსა“ და „ბათილს“ უწოდებს. ჩინელი ოფიციალური პირების მტკიცებით, აღნიშნული შეთანხმებები არღვევს ჩინეთის საზღვაო უფლებებს ტაივანის აღმოსავლეთ წყლებში. პეკინმა ორივე სახელმწიფოს მკაცრად მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ნებისმიერი ქმედება, რამაც, შესაძლოა, რეგიონულ სტაბილურობას საფრთხე შეუქმნას.

ჩინეთი იაპონია-ფილიპინების საზღვაო მოლაპარაკებებს პატრულირების გაფართოებით პასუხობს Read More »

Scroll to Top