Civicidea

ტრამპის გადაწყვეტილება USAID-ის დახურვის შესახებ – ჩინეთისთვის ახალი შესაძლებლობა?

დონალდ ტრამპმა 2025 წლის თებერვალში USAID-ის დაუყოვნებლივ დახურვა მოითხოვა მაშინ, როცა თანამშრომლების დიდი ნაწილი ანაზღაურებად, დროებით დათხოვნას ელოდებოდა. ტრამპის ადმინისტრაცია ორგანიზაციას გავრცელებულ კორუფციასა და თაღლითობაში ადანაშაულებს. მისი თქმით, სააგენტოს „რადიკალური გიჟები მართავენ“.

USAID-ის პორტალზე განთავსებული განცხადების მიხედვით, პირდაპირ დაქირავებული პერსონალი ადმინისტრაციულ შვებულებაში იქნება გაშვებული გლობალურად, გამონაკლისი მხოლოდ ის პერსონალია, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კრიტიკულ მისიებზე, მთავარ ხელმძღვანელობასა და სპეციალურად დანიშნულ პროგრამებზე.

ტრამპის გეგმის მიხედვით, USAID, რომელიც 60 წელია დამოუკიდებლად ფუნქციონირებს, უნდა შეერწყას სახელმწიფო დეპარტამენტს, მისი სამუშაო ძალა უნდა შემცირდეს და ხარჯები პრიორიტეტების შესაბამისად განაწილდეს. თუმცა, კრიტიკოსების აზრით, ტრამპის ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი პრიორიტეტის საზიანოდ მოქმედებს – ესაა ჩინეთის წინააღმდეგ მუშაობა.

როგორც პროფესორი ჰუანგ იანჟონგი, აშშ-ს საგარეო ურთიერთობათა საბჭოს გლობალური ჯანდაცვის უფროსი თანამშრომელი აღნიშნავს, შტატები, ფაქტობრივად, ვერცხლის ლანგრით მიართმევს ჩინეთს შესანიშნავ შესაძლებლობას, რომ თავისი გავლენა გააძლიეროს და განავრცოს იმ დროს, როცა ჩინეთის ეკონომიკას კარგი დღე არ უდგას.

USAID-ის ჩინური ალტერნატივა, China International Development Cooperation Agency, შემოკლებით, China Aid, 2018 წელს ჩინეთის მთავრობამ დააარსა, რათა შეემცირებინა სახელმწიფო ხარჯები, მათ შორის საერთაშორისო საინვესტიციო პროგრამებში, როგორიცაა Belt and Road ინიციატივა. მართალია, პეკინი საიდუმლოდ ინახავს სააგენტოს უცხოური დახმარებების ბიუჯეტებს, თუმცა William & Mary’s Global Research Institute-ის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩინეთმა 1,34 ტრილიონი დოლარი გადასცა განვითარებად ქვეყნებს 2000-დან 2021 წლამდე, ძირითადად BRI-ის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ China Aid USAID-ისგან განსხვავებულად მოქმედებს და უფრო მეტად სესხებსა და თვალსაჩინო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ფოკუსირდება, ვიდრე ადგილობრივ ორგანიზაციებთან პარტნიორობასა და თანამშრომლობაზე, მისი მიზანი მთავრობის რბილი ძალის და გავლენის გაზრდაა. China Aid ძირითადად ფოკუსირდება წყნარ ოკეანეაზე, სადაც აშშ, ავსტრალია და სხვა მოკავშირე სახელმწიფოები ცდილობენ, დაუპირისპირდნენ ჩინეთის მცდელობებს, გააფორმოს უსაფრთხოების გარანტიების მიმცემი ხელშეკრულებები პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან.

5 თებერვალს, CMAC-მა (კამბოჯის ნაღმების მოქმედების ცენტრმა) განაცხადა, რომ მან მიიღო დაპირება პეკინისგან 4,4 მილიონი დოლარის წვლილის შეტანის შესახებ, რაც აჭარბებს აშშ-ს მიერ გასულ წელს შემოწირულ 2 მილიონ დოლარს. რატანამ აღნიშნა, რომ ჩინეთს კარგად ესმის, რომ ასეთი მხარდაჭერა ხელს უწყობს „ადამიანური ქსელების ჩამოყალიბებასა“ და ეკონომიკურ მოგებას.

როგორც ჯოშუა კურლანციკი, ნიუ იორკში საგარეო ურთიერთობათა საბჭოს ანალიტიკოსი აცხადებს, საერთო ცვლილება იქნება ჩინეთის სასარგებლოდ და აშშ ამ პროცესებს ჩამოშორდება. მისი აზრით, პეკინის მიერ მეტი დახმარების გაწევა და ვაშინგტონის მიერ სამოქალაქო პროგრამების დაფინანსებაზე უარის თქმა, „არღვევს დემოკრატიულ პოტენციალს რეგიონის პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში“.

გავრცელებული ინფორმაციით, ნეპალში ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ნეპალის მთავრობას მინიშნება მისცეს, რომ პეკინი მზადაა ჩაანაცვლოს USAID საკუთრი ფინანსებით, იუწყება Annapurna Express. ოფიციალური პირებმა კუკის კუნძულებზე (სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კუნძულების ჯაჭვი ინდო-წყნარ ოკეანეში), განაცხადეს, რომ ისინი ელიან USAID-ის რეგიონიდან გაყვანას, რაც ჩინეთისთვის გახსნის გზას. დელეგაცია კუკის კუნძულებიდან, პრემიერ-მინისტრ მარკ ბრაუნის ხელმძღვანელობით, ამ კვირაში ეწვევა ჩინეთს, რათა ხელი მოაწეროს შეთანხმებას სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე, მათ შორის ჩინეთის ინვესტიციების გაზრდაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაში.

კოლუმბიაში, რომელმაც მიიღო დაახლოებით 385 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსება 2024 წელს, არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ჩინეთის მთავრობა დაინტერესებულია მათ გარკვეული თანხები გამოიყოს, რათა სიცარიელე შეუვსოს.

Phoenix TV-სთან ინტერვიუში, CIDCA-ის ვიცე-თავმჯდომარემ ჰუ ჟანგლიანგიმ პირდაპირ არ ახსენა შეერთებული შტატები, მაგრამ გადაკვრით აღნიშნა: “ჩვენ არ ვიქცევით ისე, როგორც ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც დახმარების მიმღებებს, რომლებიც მოუმზადებელი ხვდებიან ასეთ სიტუაციებს, უმწეოდ აგრძნობინებს თავს”. ჰუმ ასევე განაცხადა, რომ ჩინეთი გაზრდის საერთაშორისო განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციებს და ასევე განაახლებს თავის მიდგომებს საგარეო დახმარებების შესახებ.

ტრამპის გადაწყვეტილება USAID-ის დახურვის შესახებ – ჩინეთისთვის ახალი შესაძლებლობა? Read More »

ჩინეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე

14 თებერვლიდან 16 თებერვლამდე მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გაიმართა, რომელზეც ქვეყნების წარმომადგენლებმა მსოფლიოს წინაშე მდგომი საფრთხეებისა და სირთულეების შესახებ ისაუბრეს. ფორუმზე ისაუბრა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, ვანგ იმ, რომელმაც ქვეყნის ხედვა განიხილა. მისი გამოსვლის გარდა, ჩინეთის პერსპექტივაზე ინფორმაცია Deutsche Welle-მ ჩინელი სამხედრო ექსპერტის, ჭოუ პოსგანაც მიიღო.

ვანგ ის გამოსვლის ერთ-ერთი მთავარი საკითხი აშშ-სთან ურთიერთობა იყო – მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს ვაშინგტონთან კონფლიქტი არ სურს, ის მაინც „ბოლომდე მიჰყვება“ ამ დაპირისპირებას და უპასუხებს „ცალმხრივი ბულინგის პრაქტიკას“, თუ ქვეყანა გააგრძელებს ჩინეთის გავლენების ჩახშობის მცდელობებს. ჭოუ პოს მიხედვით, ჩინეთი, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, აშშ-ს ვიცე პრეზიდენტისგან, ჯეი დი ვენსისგან, აშშ-სა და ჩინეთის დაპირისპირებაზე საუბარს ელოდნენ და გაკვირვებულები დარჩნენ, როდესაც ასე არ მოხდა.  

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის ომის თემასაც და აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში კონფლიქტის ყველა დაინტერესებული მხარე უნდა იყოს ჩართული. მისი თქმით, ჩინეთი პოზიტიურად აფასებს ყველა ძალისხმევას, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენაა მიმართული, მათ შორის ნებისმიერ კონსენსუსს, რომელსაც აშშ და რუსეთი მიაღწევენ. პოს მიხედვით, ჩინეთის როლი კონფლიქტის გადაწყვეტაში იმ მხრივაც იკვეთება, რომ დონალდ ტრამპმა თავის მხრივ მას ჩართვისაკენ მოუწოდა. მისი აზრით, ჩინეთი უნდა ჩაერთოს უკრაინისთვის და რუსეთისთვის კოლექტიური უსაფრთხოების გარანტიის შექმნაში. მან ასევე განაცხადა, რომ როდესაც საუბარი ცეცხლის შეწყვეტამდე მივა, მნიშვნელოვანი იქნება „ჩინეთისა და ჩინეთის მსგავსი ქვეყნების, [მაგალითად], ინდოეთის“ როლი, ვინაიდან სხვა ქვეყნების მიერ გაგზავნილი მშვიდობისმყოფელები რუსეთმა შესაძლოა აგრესიად აღიქვას. კიდევ ერთი გზა, რომლითაც ჩინეთი შესაძლოა ამ პროცესში ჩაერთოს, პოს აზრით, ომის შემდეგი ქვეყნის რეკონსტრუქციაა – „ჩინეთს ამის გაკეთება უფრო სწრაფად და იაფად შეუძლია“.

გარდა ზემოაღნიშნულისა, მინისტრმა ევროკავშირზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩინეთი მზადაა გაზარდოს სტრატეგიული კომუნიკაცია ბლოკთან. იმ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა გერმანიასთან კოოპერაციაზე ოლაფ შოლცთან შეხვედრისას და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია „განაგრძობდა კონსტრუქციული როლის თამაშს სავაჭრო დაძაბულობებისა თუ ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არსებული სხვა პრობლემების სწრაფად გადასაჭრელად“. აღნიშნული საკითხი პომაც განიხილა და თქვა, რომ ევროპასთან ცუდი ურთიერთობა ჩინეთის ინტერესებში არ შედის.

ჩინეთი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე Read More »

აშშ-ის ტარიფების ფონზე, ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში სავაჭრო დელეგაცია გაგზავნა 

ჩინეთის სახელმწიფო მაუწყებლის, CCTV-ის ცნობით, აშშ-ის ენერგეტიკულ იმპორტზე ჩინეთის საპასუხო ტარიფების დაწესებიდან რამდენიმე საათში, ენერგორესურსების დარგის აღამასრულებელი დირექტორები ჩინეთიდან ყაზახეთში გაემგზავრნენ. დელეგაციის ვიზიტის მიზანი ახალი სავაჭრო შესაძებლობების გამოკვლევა იყო. 

დელეგაცია უფრო ფართო ბიზნესჯგუფის შემადგენლობაში შედიოდა, რომელსაც ჩინეთის საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის საბჭო (CCPIT) — ნახევრადოფიციალური სავაჭრო ორგანიზაცია ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში წარმოდგენილი იყო 30-ზე მეტი კომპანია ენერგეტიკის, ნავთობქიმიისა და სამრეწველო ტექნიკის სექტორებიდან. CCTV-სთან დაკავშირებული სოციალური მედიის პლატფორმა Yuyuan Tantian-ის მიხედვით, ვიზიტის მიზანი კომერციული კავშირების გაძლიერება იყო..

CCPIT გეგმავს დამატებითი სავაჭრო მისიების ორგანიზებას, რათა ხელი შეუწყოს ჩინური კომპანიების ბიზნესის გაფართოებას ახლო აღმოსავლეთში, ცენტრალურ აზიაში, ევროპაში, აფრიკაში და სხვა რეგიონებში. განსაკუთრებით, ეს შეეხება ისეთ დარგებს, როგორიცაა ნავთობი და გაზი, ავტომობილები და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

პეკინმა ორშაბათს 15%-ით გაზარდა ტარიფები აშშ-ში წარმოებულ რვა პროდუქციაზე, მათ შორის ქვანახშირსა და თხევად ბუნებრივ აირზე (LNG). ასევე 10%-ით გააძვირა დამატებით 72 პროდუქტი, როგორიცაა ნედლი ნავთობი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

ეს ნაბიჯები წარმოადგენს ჩინეთის საპასუხო ღონისძიებებს ვაშინგტონის მიერ ყველა ჩინურ იმპორტზე 10%-იანი ტარიფის დაწესების წინააღმდეგ.

დასავლეთთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ექსპორტის მიმართულებების გაფართოების მიზნით, ჩინეთი აქტიურად ავითარებს პარტნიორობას ლათინურ ამერიკასთან, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა განვითარებად ბაზრებთან. როგორც მსოფლიოს უმსხვილესი ენერგომომხმარებელი, ქვეყანა ასევე ცდილობს ენერგორესურსების იმპორტის დივერსიფიკაციასა და ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.

ყაზახეთი ჩინეთისთვის ბუნებრივი გაზის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად რჩება. ჩინეთის საბაჟო მინაცემების მიხედვით, 2024 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 43.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც წლიურად 6.8%-იანი ზრდაა.

აშშ-ის ტარიფების ფონზე, ჩინეთმა ცენტრალურ აზიაში სავაჭრო დელეგაცია გაგზავნა  Read More »

ჩინეთი პუტინსა და ტრამპს სამიტის ორგანიზებას სთავაზობს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებისთვის

Wall Street Journal-ის ცნობით, ჩინეთმა წინადადება წამოაყენა სამიტის გამართვის შესახებ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის, რაც უკრაინაში ომის დასრულების მცდელობის ნაწილს წარმოადგენს. 

გამოცემა, ვაშინგტონსა და პეკინში წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინელმა ოფიციალურმა პირებმა ტრამპის გუნდს შუამავლების მეშვეობით მიმართეს და შესთავაზეს, რომ პეკინს შეეძლო ორი ლიდერის შეხვედრის ორგანიზება და დახმარება შესაძლო სამშვიდობო ზავის მიღწევაში. 

როცა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე ამ საკითხზე ჰკითხეს, მან განაცხადა, რომ “არ აქვს ინფორმაცია გასაზიარებლად.”

ტრამპმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს ცალ-ცალკე ესაუბრა როგორც პუტინს, ისე უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, და ორივემ გამოხატა სურვილი მშვიდობის მიღწევის შესახებ. სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპმა აშშ-ის უმაღლეს ოფიციალურ პირებს დაავალა “დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულებაზე.”

კრემლმა დაადასტურა, რომ პუტინი და ტრამპი შეხვედრაზე შეთანხმდენენ, ხოლო პუტინმა ტრამპი მოსკოვში მიიწვია. ტრამპის თქმით, მათი პირველი შეხვედრა “ალბათ” საუდის არაბეთში გაიმართება.

ჩინეთი, მოვლენებზე საპასუხოდ, მიესალმება ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის კომუნიკაციის გაძლიერებას. “ჩინეთი მოხარულია, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები აძლიერებენ კომუნიკაციას საერთაშორისო საკითხებზე,” – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა გუო ჯიაკუნმა და დაამატა, რომ “რუსეთი და შეერთებული შტატები ორივე გავლენიანი დიდი ქვეყნები არიან.”

სამწლიანი ომის ადრეული ეტაპების შემდეგ, მხარეებს შორის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებები არ გამართულა. ტრამპის წინამორბედი, ჯო ბაიდენი, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ პუტინთან პირდაპირი კომუნიკაციისგან თავს იკავებდა.

“ჩინეთი ყოველთვის მიიჩნევდა, რომ დიალოგი და მოლაპარაკებები ერთადერთი შესაძლო გზაა კრიზისის გადასაჭრელად და ყოველთვის იდგა მშვიდობისა და დიალოგის ხელშეწყობის პოზიციაზე,” – განაცხადა გუომ. “ჩინეთი უჭერს მხარს ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს შეუწყობს კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას და გააგრძელებს კომუნიკაციას შესაბამის მხარეებთან, რათა კონსტრუქციული როლი შეასრულოს კრიზისის მოგვარების ხელშეწყობაში.”

დასავლეთის ქვეყნებმა რამდენჯერმე მოუწოდეს ჩინეთს, რუსეთთან მჭიდრო კავშირები  გამოყენებინა ომის დასასრულებლად. პეკინი ამტკიცებს, რომ თავად არ არის კონფლიქტის მხარე, თუმცა მუდმივად ცდილობს სამშვიდობო მოლაპარაკებების წახალისებას თავისი პირობებით. 

თუმცა, ესტონეთის საგარეო დაზვერვის სააგენტოს მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული ანგარიში ჩინეთის ჩართულობის სხვა მხარეს აჩვენებს. სააგენტოს ცნობით, ჩინეთი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რუსეთის სამხედრო დრონების წარმოებაში და მოქმედებს როგორც ჰაბი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი დასავლური ნაწილების მოსკოვის შეიარაღებულ ძალებამდე კონტრაბანდული გზით მიწოდებას უზრუნველყოფს.

ესტონეთის წლიური ეროვნული უსაფრთხოების ანგარიშის მიხედვით, რომელიც ოთხშაბათს გამოქვეყნდა, ამჟამად რუსეთში აღმოჩენილი ამგვარი ნაწილების დაახლოებით 80% ჩინეთიდან შედის. ამასთან, უკრაინული ანგარიშების თანახმად, საბრძოლო ველზე აღმოჩენილი რუსული იარაღის უცხოური ნაწილების დაახლოებით 60% ასევე ჩინეთის მეშვეობით იყო მიწოდებული.

გასულ წელს, ჩინეთმა და ბრაზილიამ ერთობლივად წამოაყენეს შეთავაზება საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციის გამართვის შესახებ “შესაბამის დროს,” და  უკრაინასა და რუსეთს “თანაბარი მონაწილეობისკენ” მოუწოდეს. 

რუსეთი ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით მეხუთედს აკონტროლებს და ამტკიცებს, რომ კიევმა უნდა დათმოს დამატებითი ტერიტორიები და მიიღოს მუდმივი ნეიტრალიტეტი, როგორც ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი. უკრაინა, თავის მხრივ, მოითხოვს რუსეთის სრულ გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ცდილობს ნატოში გაწევრიანებას ან შესაბამისი უსაფრთხოების გარანტიების მიღებას, რათა მომავალში მოსკოვის მხრიდან მორიგი თავდასხმა თავიდან აიცილოს.

ჩინეთი პუტინსა და ტრამპს სამიტის ორგანიზებას სთავაზობს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებისთვის Read More »

ვაშინგტონის გავლენების ცვლილების ფონზე, ჩინეთი კოსმოსურ პარტნიორობას აძლიერებს აფრიკის ქვეყნებთან

პეკინმა აფრიკის 23 ქვეყანასთან კოსმოსური თანამშრომლობის შეთანხმებები გააფორმა, რომლის ფარგლებშიც თანამგზავრებსა და სახმელეთო სადგურებს დააფინანსებს.

პრეზიდენტი სი ძინპინი 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციებს დაჰპირდა აფრიკის ქვეყნებს და პრიორიტეტებად თანამგზავრების განვითარება, მთვარის და სხვა ღრმა კოსმოსური კვლევები დაასახელა.

სატელიტური ტექნოლოგიებისა და კოსმოსური ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ინვესტიციების მეშვეობით, პეკინი თავის გავლენას გაზრდის კონტინენტზე და და გააძლიერებს თავის სათვალთვალო და საკომუნიკაციო შესაძლებლობებს.

დღესდღეობით დაახლოებით 90 ქვეყანას აქვს საკუთარი კოსმოსური პროგრამა და მათ შორის, ბევრი პატარა სახელმწიფო თავის ეროვნულ პოლიტიკას ვაშინგტონის ან პეკინის მიერ დადგენილ ჩარჩოებში ადგენს. თავის მხრივ, განვითარებად ქვეყნებში კოსმოსური ინდუსტრიების აშენება ჩინეთის ალიანსებს საგრძნობლად გააძლიერებს.

საგულისხმოა ისიც, რომ აშშ-ს მოკავშირეებმა ჩინეთთან კოსმოსური პარტნიორობა შეაჩერეს. კერძოდ, 2020 წელს შვედეთმა უარი თქვა ჩინეთთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც პეკინს საშუალებას აძლევდა, შვედეთსა და ავსტრალიაში მდებარე სატელიტური სახმელეთო სადგურები გამოეყენებინა. ეს გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური ფაქტორებმა, განსაკუთრებით  ჩინეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის მზარდმა დაძაბულობამ განსაზღვრა.

როგორც ,,როიტერსთან“ ინტერვიუში პენტაგონის აშშ-ს  კოსმოსური ძალების სარდლობის მეთაურმა სტეფან უაიტინგმა განაცხადა, პეკინი აშშ-ს ინოვაციურობის დონის მიღწევას ცდილობს თანამგზავრებით, მთვარეზე დაშვებითა თუ იარაღების განვითარებით, რომლებსაც თანამგზავრების განადგურება შეეძლებათ.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დედამიწის დაბალ ორბიტაზე ჩინეთმა საკომუნიკაციო თანამგზავრების გაშვება დააჩქარა, რათა კონკურენცია გაუწიოს მასკის Starlink-ს რომელსაც  კომპანია SpaceX ფლობს. ის  კომერციულ ინტერნეტ სერვისს უზრუნველყოფს და, ამავე დროს, ეროვნული სადაზვერვო ოფისისათვის ასობით ჯაშუშური თანამგზავრის ქსელს აშენებს.

ჩინეთის წინსვლა კოსმოსურ რბოლაში გამოწვევას უქმნის ტრამპს. პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ტრამპმა შექმნა აშშ-ს კოსმოსური ძალები – სამხედროების ახალი ჯგუფი, რამაც ხაზი გაუსვა კოსმოსის მნიშვნელობას მომავალ კონფლიქტებში.

მიმდინარე მოვლენების პარალელურად, სავარაუდოა, რომ ტრამპი ილონ მასკთან თანამშრომლობით კოსმოსურ „რბოლაში“ წინსვლას განაგრძობს. ამასთანავე, NASA-ს Artemis-ის პროგრამა, მხარს უჭერს რაკეტების გაშვებას კერძო კომპანიების მიერ და მიზნად ისახავს ასტრონავტების დაბრუნებას მთვარეზე 2028 წლისთვის. NASA, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, კანადასთან, იაპონიასთან და ევროპის კოსმოსურ სააგენტოსთან პარტნიორობით, ასევე გეგმავს კოსმოსური სადგურის აშენებას მთვარის ორბიტაზე.

ამრიგად, რამდენადაც ქვეყნები სულ უფრო და უფრო მეტად აღიარებენ კოსმოსური ტექნოლოგიებისა და კვლევის როლს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არა მხოლოდ უნდა გააღრმავოს მოკავშირეებთან თანამშრომლობა, არამედ უნდა განავითაროს ინოვაციები საკუთარ კოსმოსურ ინიციატივებში, რათა კოსმოსური მეტოქეობის ახალ ერას ეფექტურად გაუმკლავდეს. ამ ძალისხმევის შედეგები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ძალთა ბალანსზე და კოსმოსში ლიდერობის მომავალს მნიშვნელოვნად განსაზღვრავს.

ავტორი: ლიზა ბარბაქაძე

ვაშინგტონის გავლენების ცვლილების ფონზე, ჩინეთი კოსმოსურ პარტნიორობას აძლიერებს აფრიკის ქვეყნებთან Read More »

ჰონგ კონგი აშშ-ს წინააღმდეგ – ახალი საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში

ჰონგ კონგი ამერიკის შეერთებულ შტატებს ახალი საჩივრით ემუქრება. როგორც ოფიციალური პირები აცხადებენ, აშშ-მა ჩინეთისთვის ახალი ტარიფების დაწესების დროს სრულად უგულებელყო ჰონგ კონგის, როგორც ცალკე საბაჟო ტერიტორიის სტატუსი. მთავარი მდივნის, ერიკ ჩანის განცხადებით, ამის გამო ჰონგ კონგი შტატებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან უჩივლებს.

ერიკ ჩანი აღნიშნავს, რომ აშშ-ს მიერ ჰონგ კონგის, როგორც ცალკე საბაჟო ტერიტორიის სრულად უგულებელყოფა „აბსოლუტურად შეუსაბამოა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებთან“. 

ეს გადაწყვეტილება არის პასუხი შშ-ს მიერ აზიური ფინანსური ჰაბიდან შემოტანილ პროდუქციაზე 10%-იანი ტარიფების დაწესებაზე. გასულ კვირას შტატების საფოსტო სერვისმა შეაჩერა ჩინეთიდან და ჰონგ კონგიდან შემომავალი ყველა პაკეტი და ფოსტა, თუმცა მალევე ეს გადაწყვეტილება გააუქმა. ამ პროცესმა გარკვეული დაბნეულობა წარმოშვა საცალო მოვაჭრეებსა და სწრაფ გადამზიდ ფირმებს შორის, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ აშშ-ს ტარიფებს.

ჰონგ კონგი დიდი ხანია ცნობილია, როგორც ვაჭრობის ღია და თავისუფალი ცენტრი, თუმცა 2020 წელს ჩინეთის მიერ ეროვნული თავდაცვის კანონის დაწესებამ ჰონგ კონგზე აშშ-ს მხრიდან კრიტიკა გამოიწვია. აშშ-მა აიძულა ჩინეთი, რომ, შეეწყვიტა აშშ-ს კანონმდებლობით გათვალისწინებული, ბრიტანეთის ყოფილი კოლონიის სპეციალური სტატუსი,  რამაც ამ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა დაძაბა.

ამ ფონზე, აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძიპინთან დიალოგი შედგა, თუმცა დეტალებზე კომენტარი არ გაუკეთებია. ტრამპის თქმით, მათ ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვთ. აშშ-ს 47-ე პრეზიდენტმა და სი ძინპინმა ჯერ კიდევ ტრამპის ოფისში დაბრუნებამდე ისაუბრეს და ისეთი საკითხები განიხილეს, როგორებიცაა ტაივანი, ტიკტოკი, ვაჭრობა და სხვა.

ვაშინგტონსა და პეკინს წლების განმავლობაში ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა სავაჭრო ტარიფებიდან და კიბერუსაფრთხოებიდან დაწყებული, ტაივანით, ჰონგ კონგით, ადამიანის უფლებებით და COVID-19-ის გამომწვევი მიზეზებით დამთავრებული. თუ როგორ განვითარდება ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადის განმავლობაში ჩინეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა, ამას, როგორც ორივე მხარის, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საპასუხო რეაქციები გადაწყვეტს.

ჰონგ კონგი აშშ-ს წინააღმდეგ – ახალი საჩივარი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში Read More »

პანამამ ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა დატოვა

პანამის მხარემ პეკინს სარტყლისა და გზის ინიციატივის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად შეატყობინა – პანამის პრეზიდენტმა, ხოსე რაულ მულინომ აღნიშნა, რომ მან დიპლომატებს პროექტის დასატოვებლად საჭირო განცხადების შეტანა დაავალა.

პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ „არ იცის, რა იყო მისი მიზანი, ვინც [2017 წელს] ინიციატივაში ჩართვის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა“ და ეჭვქვეშ დააყენა სარგებელი, რომელიც ჩინეთს აღნიშნული პროექტით პანამისთვის მოაქვს.

პანამის გადაწყვეტილება ქვეყანაში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ვიზიტს მოჰყვა, რომელსაც წინ დონალდ ტრამპის მიერ პანამის არხის ჩინეთის მიერ კონტროლის შესახებ გაკეთებული განცხადებები უძღოდა. მარკო რუბიომ თავადაც ისაუბრა აღნიშნულ საკითხზე და თქვა, რომ ჰონგ კონგის მიერ კონტროლირებული კომპანიების მიერ არხის „შესასვლელებსა და გასასვლელებზე კონტროლის ქონა სრულიად მიუღებელია“. მან ასევე ისაუბრა ჩინეთის ჰონგ კონგზე გავლენაზე და განაცხადა, რომ „თუ ჩინეთი მას დაავალებს, გააკეთოს ყველაფერი აშშ-სთვის არხის გავლით  ვაჭრობის შესაზღუდად, ჰონგ კონგს ამის შესრულება მოუწევს“.

თავად პანამა გადაწყვეტილებაში აშშ-ს ჩართულობას უარყოფს, თუმცა აშშ მას ღიად აფასებს დადებითად.

პანამის გადაწყვეტილებას ჩინეთის მხარეც გამოეხმაურა: ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პანამას „სწორი გადაწყვეტილების მიღებისკენ“ მოუწოდებს და ამბობს, რომ ეს ქმედება პანამის ინტერესებში არ შედის. განცხადების მიხედვით, ჩინეთი იმედოვნებს, რომ პანამა „გარე ჩარევას თავს დააღწევს და მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელიც დაეფუძნება ორი ერის ორმხრივ ურთიერთობასა და გრძელვადიან ინტერესებს“. პეკინი აშშ-ს ქმედებებს პანამაზე წნეხად აფასებს, რომლის მიზანიც სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში კოოპერაციისთვის ძირის გამოთხრაა. რაც შეეხება რუბიოს პანამაში ვიზიტს – ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიიჩნევს, რომ სახელმწიფო მდივნის კომენტარები „უსამართლოდდებს ბრალს ჩინეთს, ცდილობს დანერგოს განხეთქილება ჩინეთსა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებს შორის და ერევა ჩინეთის საშინაო საქმეებში“.

პანამამ ჩინეთის სარტყლისა და გზის ინიციატივა დატოვა Read More »

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელსაც ირანული ნავთობი ჩინეთში შეჰქონდა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში პირველი ფინანსური სანქციები გამოაცხადა. სანქციები ირანული ნავთობის ჩინეთში ტრანპორტირებაში ჩართულ საერთაშორისო ქსელის წინააღმდეგ არის მიმართული. სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, აღნიშნული ქსელი პასუხისმგებელია ასობით მილიონი დოლარის ღირებულების მილიონობით ბარელი ირანული ნედლი ნავთობის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გადაზიდვაზე.

ნავთობის გადაზიდვები ხორციელდება ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სანქცირებული ერთეულის, Sepehr Energy Jahan Nama Pars-ის სახელით. სანქციები შეეხო პირებსა და კომპანიებს ჩინეთში, ინდოეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

გარდა ამისა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა ბლოკირების სანქციები დააწესა ორ ტანკერზე—პანამის დროშის ქვეშ მცურავ CH Billion-სა და ჰონგ-კონგის დროშის ქვეშ მცურავ Star Forest-ზე—ირანული ნავთობის ჩინეთში ტრანსპორტირებაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, ეს გემები ტვირთავენ ირანულ ნედლ ნავთობს ჩინეთის საცავებიდან. აღნიშნული ქმედებები ირანის სამხედრო ძალებისთვის ნავთობის გაყიდვების გზით სარგებლის მოტანის სქემის ნაწილია.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ტემი ბრიუსმა, ხაზი გაუსვა, რომ სანქციების მიზანია “უკანონო ფინანსური წყაროების ჩახშობა”, რომლებიც ირანის შეიარაღებულ ძალებსა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციებად აღიარებულ ჯგუფებს, მათ შორის ჰამასსა და ჰეზბოლას, აფინანსებენ.

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას, რათა რეჟიმი პასუხისგებაში მივცეთ დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებებისა და ბირთვული იარაღის წარმოების მცდელობისთვის, რაც საფრთხეს უქმნის ცივილიზებულ სამყაროს,”—განაცხადა ბრიუსმა.

მიმდინარე მონაცემებით, ირანის ნავთობის ექსპორტმა 2024 წლის პირველ კვარტალში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ექსპორტის უმეტესი ნაწილი ჩინეთში განხორციელდა. The Economist-ის 2024 წლის ოქტომბრის გამოძიებამ დაადგინა, რომ 2023 წელს ირანის ნავთობისა და პეტროქიმიური პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი 70 მილიარდ დოლარს აღწევდა. 

ჩინეთში ირანული ნავთობის იმპორტის ზრდა მიანიშნებს, რომ ჩინელი მყიდველებისთვის ირანული ნავთობის შეძენით მიღებული ეკონომიკური სარგებელი აღემატება აშშ-ის სანქციების რისკებს. ირანული ნავთობი ხშირად ბაზრის ფასებზე იაფად იყიდება და, გავრცელებული ცნობებით, ფასდაკლებით ვრცელდება. ეს მოცემულობა ირანულ ნავთობს ჩინეთისთვის სპარსეთის ყურის ქვეყნებისა და რუსეთის ნავთობზე უფრო მიმზიდველს ხდის. 

ირანული ნავთობის უმეტესობას ჩინეთში მცირე, ნახევრად დამოუკიდებელი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ე.წ. “teapots”-ები ყიდულობენ.  ეს ქარხნები “რთულად აღმოსაჩენია და არ არის დაკავშირებული აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან,” რაც ზღუდავს სანქციების ეფექტურობას. ამასთან, სავაჭრო კომპანიები იყენებენ უკანონო ტაქტიკებს, როგორიცაა ირანული წარმოშობის ნავთობის ხელახალი მარკირება და ტანკერების მარშრუტების გაყალბება.

“ირანის რეჟიმი კვლავ კონცენტრირებულია ნავთობიდან მიღებული შემოსავლების გამოყენებაზე, რათა დააფინანსოს ბირთვული პროგრამის განვითარება, სასიკვდილო ბალისტიკური რაკეტებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება, ასევე რეგიონალური ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა,”—განაცხადა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის მდივანმა, სკოტ ბესენტმა.

“შეერთებული შტატები მტკიცედ ებრძვის ირანის ნებისმიერ მცდელობას, რომელიც ამ მავნე საქმიანობის დაფინანსებას ისახავს მიზნად,”—დასძინა მან.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ქსელს, რომელსაც ირანული ნავთობი ჩინეთში შეჰქონდა Read More »

პანამის არხის გარშემო აშშ-ჩინეთის დაძაბულობა იზრდება

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 5 თებერვალს განაცხადა, რომ შეერთებული შტატების წინააღმდეგ საჩივარი შეიტინა. საჩივარი ეხება აშშ-ს მიერ პანამის არხთან დაკავშირებულ „უპასუხისმგებლო“ შენიშვნებსა და ჩინეთ-პანამის თანამშრომლობაზე „თავდასხმებს“.

სამინისტროს სპიკერმა ლინ ჯიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ამჟამად ჩინეთსა და პანამას შორის თანამშრომლობა სარტყლისა და გზის ფარგლებში ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა, რამდენიმე დღით ადრე პანამის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს სარტყლისა და გზის ინიციატივაში მონაწილეობის მიღების უფლება.

ლინმა აღნიშნა, რომ იმედი აქვს, შესაბამისი მხარეები გადაწყვეტილებას არ შეცვლიან და გარე ძალების გავლენის ქვეშ არ მოექცევიან, „მიიღებენ სწორ გადაწყვეტილებას ორმხრივი საერთო ურთიერთობებისა და ორივე სახელმწიფოს ხალხის გრძელვადიან ინტერესებზე დაყრდნობით“.

აღსანიშნავია, რომ განცხადების გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში გავრცელდა ინფორმაცია, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროსა და პანამას შორის დადებული შეთანხმების შესახებ. შტატების თავდაცვის მინისტრი პიტ ჰეგსეთი და პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო შეთანხმდნენ გააფართოვონ თანამშრომლობა ამერიკულ არმიასა და პანამის უსაფრთხოების ძალებს შორის.

„ისინი შეთანხმდნენ მჭიდრო ურთიერთობებსა და უსაფრთხოების საერთო ინტერესებზე, რაც პანამის არხის დაცვას გულისხმობს“,- აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

პანამის არხის საკითხი მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 2 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ პანამის პრეზიდენტი მულინო გააფრთხილა, რომ ვაშინგტონი „აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს“, თუ პანამა დაუყოვნებლივ არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც დაასრულებს პანამის არხზე ჩინეთის კონტროლსა და გავლენებს.

რუბიომ ტრამპის შეტყობინება გააზიარა, რომ ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიის ოპერირება არხის ორ ბოლოში განთავსებულ პორტებზე, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და აშშ-სა და პანამას შორის დადებულ ხელშეკრულებას არღვევს. საინტერესოა, რომ მან არ გამორიცხა ძალის გამოყენებაც. ტრამპმა განაცხადა, რომ არ თვლის, რომ ჯარების გამოყენება საჭირო გახდება, თუმცა პანამის არხის დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს.

პანამის პრეზიდენტმა რუბიოსთან შეხვედრის დროს გამოთქვა მზადყოფნა, რომ გადახედოს პანამაში ჩინური ბიზნესების მუშაობას, მათ შორის იმ კომპანიებსაც, რომლებიც 25 წელზე მეტია ბაზარზე ოპერირებენ. 

რუბიოს მოწოდებიდან მეორე დღესვე, ორმა პანამელმა ადვოკატმა ქვეყნის უზენაეს სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რათა გააუქმონ ჰონგ კონგში დაფუძნებული კომპანიის კონცესია პანამის არხის პორტებში ოპერირების შესახებ.  თუ სასამართლო სარჩელს დააკმაყოფილებს, ეს პანამურ-ჩინური კონტრაქტის სწრაფ გაუქმებამდე მივა.

CK Hutchison Holdings-ის შვილობილი კომპანია, რომელიც ჰონგ კონგელ მილიარდერ ლი კა-შინგს ეკუთვნის, არხის ხუთი პორტიდან ორს მართავდა მას შემდეგ, რაც მან ტენდერი 1997 წელს მოიგო.

პანამის არხის გარშემო აშშ-ჩინეთის დაძაბულობა იზრდება Read More »

ევროპის დილემა: ნავიგაცია გლობალური ალიანსების ცვლის ფონზე

ურსულა ფონ დერ ლაიენი დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, ამერიკის განახლებული გეოპოლიტიკის ფარგლებში, ნავიგაციისათვის ალტერნატივებს ეძებს და ყურადღებას ჩინეთსა და ინდოეთზე მიმართავს. ევროკავშირი ფინანსური შეზღუდვების, რესურსების დეფიციტისა და არაპროგნოზირებადი გამოწვევების წინაშე უნდა ადაპტირდეს, თუმცა, მეორე მხრივ, ცვლილებები საფრთხეს უქმნის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების სტაბილურობას.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელიც ხშირად აღიქმება როგორც ევროკავშირის წამყვანი კრიტიკოსი ჩინეთის მიმართ, ევროკავშირის დიპლომატებთან სიტყვით გამოსვლისას ბრიუსელში განაცხადა: „ჩვენ გავაგრძელებთ რისკების შემცირებას ჩვენს ეკონომიკურ ურთიერთობებში, როგორც ამას ბოლო წლებში ვაკეთებდით, მაგრამ საჭიროა ჩინეთთან კონსტრუქციული თანამშრომლობაც, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ორმხრივ ინტერესებს ემსახურება“.

როგორც ჩანს, ფონ დერ ლაიენი აპირებს, ტრადიციული წიაღისეული საწვავისკენ მიმართული ამერიკის საპირწონედ, ევროკავშირის მწვანე და ციფრულ მიდგომას დაუჭიროს მხარი: „ჩვენი გზავნილი მსოფლიოსადმი მარტივია: თუ არსებობს ორმხრივი სარგებელი, ჩვენ მზად ვართ, ვითანამშრომლოთ თქვენთან”. ის დასძენს, ,,თუ გსურთ განაახლოთ თქვენი სუფთა ტექნოლოგიების ინდუსტრია, გააუმჯობესოთ თქვენი ციფრული ინფრასტრუქტურა – ევროპა ღიაა ბიზნესისთვის.”

ევროკომისიამ, რომელიც პასუხისმგებელია ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის სავაჭრო პოლიტიკის მართვაზე, პირობა დადო, რომ ტრამპის მუქარების განხორციელების შემთხვევაში, ევროკავშირი დაიცავს საკუთარ ინტერესებს.

მიუხედავად ამისა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვს მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩინეთთან და აღნიშნა, რომ ეს იქნება “ინტენსიური” წელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი ურთიერთობისთვის”.

ზოგიერთმა გააკრიტიკა ფონ დერ ლეიენის პოლიტიკის ცვლილება და აღნიშნა, რომ ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის აშშ-ზე დამოკიდებულება ზღუდავს მის ალტერნატივებს. ”ევროპას არჩევანი ნამდვილად არ აქვს”, – თქვა ევროკავშირის ერთ-ერთმა დიპლომატმა და დასძინა: „თუ არჩევანი არ არის ევროპის ჩინეთისთვის ჩაბარება, ევროკავშირი ხაფანგშია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მათ შეუძლიათ ახლა არის მოკლევადიანი შეთანხმების დადება ტრამპთან, მუშაობა სხვა საშუალო ძალებთან და გლობალურ სამხრეთთან, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში.“

ევროპის დილემა: ნავიგაცია გლობალური ალიანსების ცვლის ფონზე Read More »

Scroll to Top