განათლება და მეცნიერება

სტრატეგიული პარტნიორობიდან დღემდე: ჩინეთის ექსპანსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში

„ახალგაზრდა თაობაში ჩინური ენის სწავლა სულ უფრო პოპულარული ხდება. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩინური ენა სკოლებში მეორე ენა გავხადოთ…. ჩნდება ერთმანეთის მიმართ ნდობა, რაც ახალ და მომავალ თაობებს აძლევს შესაძლებლობას, კავშირები დაამყარონ, ითანამშრომლონ და საერთაშორისო დონეზე ერთობლივ ძალად გამოვიდნენ, გარკვეული პოლიტიკური ინტერესები ერთად წარმოადგინონ, რაც, რა თქმა უნდა, ორივე ქვეყნის ინტერესებში შედის.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის განცხადება. ჩინურ მედია “China Daily”-სთან. 15.11. 2025

თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკაში, დიდი სახელმწიფოების მიერ პატარა ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე გავლენის დამყარების ერთ-ერთ წამყვან სტრატეგიას რბილი ძალა წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ერთ-ერთი მზარდი აქტორია. 

სამოქალაქო იდეას ახალ ანგარიში “სტრატეგიული პარტნიორობიდან დღემდე: ჩინეთის ექსპანსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში”  მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში.

ანგარიში აანალიზებს, როგორ იყენებს ჩინეთი განათლებას „რბილი ძალის“ ინსტრუმენტად — მათ შორის ჩინური ენის პოპულარიზაციას, უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, სტიპენდიებს, გაცვლით პროგრამებს და ტექნოლოგიური კომპანიების, როგორიცაა Huawei, ჩართულობას.

კვლევის ძირითადი მიგნებები:

„სამოქალაქო იდეას“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 2024-2025 წლებში:

  • ქართულ და ჩინურ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი/შეთანხმება გაფორმდა;
  • საქართველოს უნივერსიტეტებს ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და თანამშრომლობის განვითარების მიზნით ჩინეთის 12 საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები ესტუმრნენ;
  •  ქართულმა უნივერსიტეტებმა შეთანხმებები გააფორმეს შემდეგ ჩინურ კომპანიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებთან: Huawei, Zhogge Cultural Development, სარტყლისა და გზის საქართველოს ბიზნეს სახლი, Guagzou Dajiang E-Commerce Co Ltd;
  • Huawei-სთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, კომპანია საქართველოში პირველ საინფორმაციო ტექნოლოგიების (ICT) აკადემიას გახსნის და ქართულ სკოლებში „სმარტ კლასებს“ მოაწყობს; 
  • ქართველმა სტუდენტებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა Huawei-ს საგანმანათლებლო ინიციატივაში: Seeds for the future;
  • საქართველოში ჩინეთის საელჩო აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო თანამშრომლობასა და ჩინური ენის პოპულარიზაციას. ქართულ უნივერსიტეტებსა და ჩინეთის საელჩოს შორის თანამშრომლობის ფარგლებში  გაიმართა ერთობლივი სამეცნიერო ღონისძიებები;  
  • 2024 და 2025 წლებში, ქართველი სტუდენტებისა და სკოლის მოსწავლეებისთვის ჩატარდა ჩინური ენის კონკურსი, „ჩინეთის ხიდი“;
  • ქართველმა სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ჩინეთში საზაფხულო სკოლებსა და ახალგაზრდულ ბანაკებში;
  • ჩინური ენა ისწავლება თბილისში მოქმედ 15 სკოლაში;
  • ჩინეთის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფუცის ინსტიტუტი გაიხსნება.

სტრატეგიული პარტნიორობიდან დღემდე: ჩინეთის ექსპანსია ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში Read More »

“განათლების პოლიტიკა უსაფრთხოების სამსახურში”

საქართველო, როგორც შავი ზღვის რეგიონში მდებარე მრავალკულტურული ქვეყანა, გამოირჩევა ეთნიკური, ლინგვისტური და რელიგიური მრავალფეროვნებით. მოსახლეობის 13.2%-ს შეადგენენ ეთნიკური უმცირესობები, რომელთაგან ყველაზე მსხვილი ჯგუფებია აზერბაიჯანელები და სომხები. ქვეყნის მრავალეროვნულობა და განსხვავებული რელიგიური კონფესიები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ არა მხოლოდ საქართველოს შიდა მშვიდობიან თანაცხოვრებაზე, არამედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე.

ამ ფონზე, საქართველოში დემოკრატიის განვითარების პირობებში ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა მულტიკულტურული საზოგადოების ინტეგრაცია და ინტერკულტურული დიალოგის განვითარებაა. თანამედროვე გამოწვევების ფარგლებში, სამოქალაქო განათლება წარმოადგენს მნიშვნელოვან რესურსს, რომელიც უწყობს ხელს სამოქალაქო იდენტობის ჩამოყალიბებასა და პატივისცემის კულტურის გაძლიერებას.

უამრავი გამოწვევის ფონზე, საქართველო სრულფასოვანი სამოქალაქო იდენტობის ფორმირების პროცესშია. შესაბამისად, საინტერესოა, სხვადასხვა მეტ-ნაკლებად წარმატებული მაგალითის ფონზე განვიხილოთ, თუ რა გზა გაიარეს დღემდე და როგორ ადაპტირდა უმცირესობათა მონაწილეობაზე ორიენტირებული სახელმწიფოთა საგანმანათლებლო მიდგომები, როგორია სტანდარტის დამდგენი ნორმატიული ჩარჩო, რა საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტები ამყარებს სახელმწიფოების ვალდებულებებს პატივი სცენ ეროვნული უმცირესობების უფლებებს და ა.შ. ჩვენი ნაშრომი სწორედ ამ საკითხებს ეხება.

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს მცდელობას ერთ სივრცეში გაერთიანდეს სამოქალაქო იდენტობის ფორმირების სხვადასხვა დისციპლინაში განხილული თემები (კულტურული, საგანმანათლებლო, სამართლებრივი და სხვა) და მიმოიხილავს მრავალფეროვნების პრაქტიკაში დანერგვას საფრანგეთის, შვეიცარიის, ლიეტუვის და იტალიის განათლების პოლიტიკის მაგალითებზე.

“განათლების პოლიტიკა უსაფრთხოების სამსახურში” Read More »

სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში

“სამოქალაქო იდეა” მოხარულია გაგიზიაროთ სინო-ქართული აკადემიური ურთიერთობების მონიტორინგის ანგარიში, “სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში”.

ანგარიშში მიმოხილულია საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული საგანმანათლებლო თანამშრომლობა და ხაზგასმულია 2023 წლის ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენები. პარტნიორობა მიზნად ისახავს გააძლიეროს აკადემიური კავშირები, ხელი შეუწყოს გაცვლით პროგრამებს და მხარი დაუჭიროს ჩინური ენისა და კულტურის ინიციატივებს ქართულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გარდა ამისა, კვლევა ხაზს უსვამს ჩინური ინვესტიციების გავლენასა და მის როლს ქართული უმაღლესი განათლების ტრანსფორმაციაში. აღნიშნული ტენდენციის ნათელი მაგალითია “გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის” ჩინური რებრენდინგი.

ანგარიშში, ასევე, განხილულია ისეთი პლატფორმების გავლენა, როგორიცაა სინომედია, რომელიც აქტიურად უწყობს ხელს ჩინურ საგანმანათლებლო ინიციატივებს, კონკურსებსა და ენის კურსებს საქართველოში. ჩინეთის უნივერსიტეტების ქართველი კურსდამთავრებულების მიერ შექმნილი ეს პლატფორმა მნიშვნელოვან როლს ასრულებს სინო-ქართულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საგანმანათლებლო შესაძლებლობებისა და მიღწევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში.

სრული ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ:

სინო-ქართული სტრატეგიული პარტნიორობა: თანამშრომლობა განათლების სფეროში Read More »

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – კიდევ ერთი შეშფოთების საგანი სინო-ქართულ ურთიერთობებში

ჩინეთის კომუნისტური პარტიის რბილი და ხისტი ძალის სტრატეგიები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას გარკვეულ საფრთხეს უქმნის.  არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეამ“ ამ თემაზე  ორი ანგარიში გამოაქვეყნა  – „კოვიდ-19-ის“  პანდემიამდე და მას შემდეგ ჩინეთის გავლენების შესახებ საქართველოს აკადემიურ წრეებში, მედიასა და სამოქალაქო სექტორში. ამჯერად კი შემოგთავაზებთ მორიგ მონიტორინგის ანგარიშს სინო-ქართული აკადემიური თანამშრომლობის ციკლიდან, თუმცა ეს უკანასკნელი დაკავშირებულია არა უშუალოდ უნივერსიტეტებთან, არამედ,  საქართველოს მეცნიერების ეროვნულ აკადემიასთან.

პერსონალური მიმოწერისა და იმ საჯარო ინფორმაციის საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია  ოფიციალურ ვებსაიტზე, „სამოქალაქო იდეამ“ აღმოაჩინა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ ჩინურ სახელმწიფო და კერძო უწყებებთან გაფორმებული რამდენიმე მემორანდუმი და თანამშრომლობის ხელშეკრულება, ასევე,  ჩინეთთან გაღრმავებული ურთიერთობების შემდეგ  განხორციელებული მრავალი ღონისძიება და აქტივობა. მივაკვლიეთ საინტერესო კავშირებს, რომლებიც აკადემიისა და ჩინეთის უნივერსიტეტების ეგიდით, უკვე დამყარდა მეცნიერებათა აკადემიების ადგილობრივ ხელმძღვანელებსა და  ცალკეულ მეცნიერებს შორის, რაც გვაძლევს  საშუალებას, ვიფიქროთ,  რომ აქტიური კვლევითი და აკადემიური საქმიანობა მხოლოდ ხელს შეუწყობს მხარეებს შორის ურთიერთდამოკიდებულების გაზრდას.

იხილეთ სრული ანგარიში ?

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია – კიდევ ერთი შეშფოთების საგანი სინო-ქართულ ურთიერთობებში Read More »

ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა

„სამოქალაქო იდეა“-მ გამოაქვეყნა ანგარიშის მეორე ნაწილი- “ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა”. ანგარიშში მიმოხილულია საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა აკადემიურ სივრცეში, კერძოდ, აღწერილია სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის დამყარებული თანამშრომლობები, განხორციელებული აკადემიური პროგრამები, გამოყოფილი სტიპენდიები და ა.შ. გაანალიზებულია კოვიდ პანდემიის მიერ შექმნილი რეალობა და მისი შედეგები. ამასთან, ანგარიშში მოცემულია შედარებითი ანალიზი ჩინეთის მავნე გავლენების შესახებ აკადემიაში, უცხოური ტენდენციებისა და პოლიტიკის შეფასებით.  ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ნიდერლანდების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, სერბეთის, აშშ-სა და შვედეთის შემთხვევებზე, რაც ადასტურებს, რომ ისევე როგორც, სხვა არსებითი სფეროები, აკადემიაც შესაძლოა გახდეს ექსპლუატირებული უცხოელი აქტორების მიერ.

ანგარიში ხორციელდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ცენტრალური ევროპის აზიის კვლევების ინსტიტუტთან ერთობლივი თანამშრომლობით.

ანგარიში ?

ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა Read More »

Scroll to Top