CRRG-ის ვაგონები თბილისის მეტროში: შესაძლო რისკები და გამოწვევები
CRRG-ის ვაგონები თბილისის მეტროში: შესაძლო რისკები და გამოწვევები Read More »
კვლევაში იხილავთ თუ როგორ გაიმარჯვა თბილისის მეტროს ვაგონების შესყიდვის ტენდერში კომპანია „ჯი-თი გრუპმა“, რომელიც მერიას ჩინური სახელმწიფო კომპანია CRRC-ის პროდუქციას მიაწვდის.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:
🔴 „ჯი-თი გრუპის” მეწილეები და თანამშრომლები წლების განმავლობაში სოლიდურ თანხებს სწირავდნენ „ქართულ ოცნებას”
🔴 სატენდერო პირობები საეჭვოდ ჰგავს კონკრეტულ კომპანიაზე მორგებულს – ჩეხურმა მხარემ ტენდერი სწორედ ამის გამო გაასაჩივრა
🔴 CRRC საერთაშორისოდ ასოცირდება, კორუფციულ სკანდალებთან, უიღურთა იძულებით შრომასთან თუ ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციებთან
🔴 კომპანია პირდაპირ არის დაქვემდებარებული ჩინეთის კომუნისტურ პარტიას – რაც კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემთხვევაში დამატებით უსაფრთხოების რისკებს ქმნის
CRRG-ის ვაგონები თბილისის მეტროში: შესაძლო რისკები და გამოწვევები Read More »
მარიამ ქვრივიშვილმა COSCO-ს წარმომადგენელთან ანაკლიის პორტსა და შუა დერეფანზე იმსჯელა
7 სექტემბერი
7 სექტემბერს ბათუმში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინური საზღვაო–სატრანსპორტო კომპანია „COSCO SHIPPING Lines“-ის რეგიონულ მენეჯერს, ჩენ ჰუაფენგს შეხვდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს დაეთმო. მხარეებმა ასევე განიხილეს შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობები, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარების გეგმები და საზღვაო გადაზიდვებში თანამშრომლობის გაღრმავება. მინისტრის განცხადებით, 2032 წლისთვის ქვეყნის სტრატეგიულ სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაში 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია იგეგმება.
შეხვედრა საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში გაიმართა. მას საქართველოს რკინიგზის, ანაკლიის საზღვაო ნავსადგურისა და საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ.
გაგა კირკიტაძემ ჩინეთში უსაფრთხოებისა და სამართალდამცავი თანამშრომლობის საკითხები განიხილა
10 სექტემბერი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გაგა კირკიტაძემ, დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში, რომელიც 8-10 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ლიენიუნკანგში გაიმართა.
ღონისძიებაზე სხვადასხვა ქვეყნის სამართალდამცავი უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ფორუმის ფარგლებში კირკიტაძე დაესწრო ქვეფორუმებსაც, რომლებიც ნარკოტიკების კონტროლის მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობასა და საპოლიციო განათლებას ეხებოდა.
ჩინეთში ვიზიტისას კირკიტაძე საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მოადგილეს, ლინგ ჭიფენგს შეხვდა. შსს–ის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო მიმართულებებზე ისაუბრეს. კირკიტაძემ ჩინელ კოლეგას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო, შეხვედრის მონაწილეებმა კი ერთმანეთს პროფესიული გამოცდილება და პრაქტიკა გაუზიარეს.
საქართველო CIFTIS-ის გამოფენაზე ეროვნული პავილიონით პირველად წარდგა
10 სექტემბერი
საქართველომ პეკინში გამართულ მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში, „CIFTIS 2026“-ში, ეროვნული პავილიონით პირველად მიიღო მონაწილეობა. 10 სექტემბერს გამოფენას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი დაესწრო.
ნადარეიშვილმა ქართულ პავილიონში პეკინის ვიცე-მერს, თანგ ვენხუნგს, უმასპინძლა და საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობები და ბიზნესგარემო გააცნო. პავილიონის ექსპოზიცია საქართველოს საექსპორტო შესაძლებლობებს, შუა დერეფანში ქვეყნის როლს, სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას, ტექნოლოგიურ სექტორს, ტურიზმსა და მეღვინეობას მოიცავდა.
საქართველოს მონაწილეობა ინვესტიციების სააგენტომ საელჩოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მოაწყო. სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენაზე 90 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ასევე 1 800-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.
ჩინეთის კომუნისტური პარტიის დელეგაციამ ბაქოში პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა განიხილა
8 სექტმებერი
8 სექტემბერს ბაქოში აზერბაიჯანის პრემიერ–მინისტრი ალი ასადოვი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ლიუ ხაისინს, შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო, საინვესტიციო და განახლებადი ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო „სარტყლისა და გზის“ ინიციატივას, შუა დერეფანსა და „ზანგეზურის დერეფნის“ გახსნის მნიშვნელობასაც, რომელიც, მათი შეფასებით, რეგიონულ სატრანსპორტო კავშირებს გააძლიერებს.
იმავე დღეს ჩინეთის დელეგაცია მმართველი პარტიის, „ახალი აზერბაიჯანის“, თავმჯდომარის მოადგილესა და ცენტრალური აპარატის ხელმძღვანელს, თაჰირ ბუდაგოვს, შეხვდა. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მოლაპარაკებები პარტიებს შორის ვიზიტების, გამოცდილების გაცვლისა და თანამშრომლობის სამომავლო მიმართულებებს შეეხო. მხარეებმა ახალგაზრდების სახელმწიფო მართვასა და პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის საკითხები და ამ მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობაც განიხილეს.
პეკინის მომსახურებით ვაჭრობის გამოფენაში ათი აზერბაიჯანული კომპანია მონაწილეობდა
13 სექტემბერი
9-13 სექტემბერს პეკინში გამართულ ჩინეთის მომსახურებით ვაჭრობის საერთაშორისო გამოფენაზე, „CIFTIS 2026“, აზერბაიჯანი ათი კომპანიით იყო წარმოდგენილი.
პავილიონში წარმოდგენილი იყო აზერბაიჯანის საინვესტიციო შესაძლებლობები, ბიზნესის მხარდაჭერის მექანიზმები და ინვესტორებისთვის შეთავაზებული შეღავათები. ცალკე ყურადღება დაეთმო ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის ეკონომიკურ რეგიონებს, ალათის თავისუფალ ეკონომიკურ ზონასა და ინდუსტრიულ პარკებს.
სააგენტოს ინფორმაციით, მონაწილეობის მიზანი საერთაშორისო ბაზარზე აზერბაიჯანული მომსახურებების პოპულარიზაცია და ახალი ბიზნესპარტნიორების მოძიება იყო. პავილიონი ეკონომიკის სამინისტროს მხარდაჭერით, „AZPROMO“-სა და ჩინეთში აზერბაიჯანის სავაჭრო სახლის ორგანიზებით მოეწყო.
ჩინური ავტომობილების სომხეთში მიწოდების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა
7 სექტემბერი
7 სექტემბერს ჩინეთის ქალაქ ჩენდუში ჩინეთ–სომხეთის რეგიონული განვითარების ფონდმა კომპანია „Guangzhou Guanghua Automotive Industry Holding“-თან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. დოკუმენტს ხელი ფონდის პრეზიდენტმა, სერგეი ავანესოვმა, და კომპანიის გენერალურმა მენეჯერმა, იან დევენმა, მოაწერეს.
მემორანდუმის მიხედვით, მხარეები სომხეთში ახალი და მეორადი ჩინური ავტომობილების ექსპორტის ორგანიზებაზე იმუშავებენ. თანამშრომლობა მოიცავს ავტომობილების შერჩევას, ტრანსპორტირებას, განბაჟებას, სერტიფიცირებასა და გაყიდვის შემდგომ მომსახურებას. საწყის ეტაპზე განსაზღვრულ ბრენდებს შორისაა BYD და Huawei-სთან თანამშრომლობით განვითარებული AITO. ფონდი ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად სომეხი მყიდველებისთვის კრედიტის, ლიზინგისა და განვადების მექანიზმების შემუშავებასაც გეგმავს.
სომეხი ჟურნალისტი ჩინეთის საერთაშორისო მედიაგაცვლის პროგრამას შეუერთდა
8 სექტემბერი
სომხური საინფორმაციო სააგენტო „NEWS.am“-ის ჟურნალისტი დიანა არუშანიანი ჩინეთის საერთაშორისო პრესკომუნიკაციის ცენტრის, CIPCC-ის, პროგრამის მეორე ეტაპს შეუერთდა. პროგრამის გახსნის ცერემონია პეკინში გაიმართა.
პროგრამა ოთხი თვის განმავლობაში პეკინსა და ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში მუშაობას, სასწავლო კურსებს, დისკუსიებსა და ადგილზე რეპორტაჟების მომზადებას ითვალისწინებს. მონაწილეები ჩინეთში მიმდინარე საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და კულტურულ მოვლენებს გაეცნობიან. დაგეგმილია მათი დასწრება საერთაშორისო ღონისძიებებზეც. ჩინეთის ჟენმინის უნივერსიტეტის ბაზაზე განხორციელებულ პროგრამაში 101 ქვეყნიდან 109 ჟურნალისტი მონაწილეობს.
ყირგიზეთის შს მინისტრმა ჩინეთში უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო
7 სექტემბერი
7 სექტემბერს პეკინში ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ულან ნიაზბეკოვმა, „ცენტრალური აზია–ჩინეთის“ ფორმატში გამართულ მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. მონაწილეებმა ტრანსნაციონალური დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობისა და კიბერდანაშაულის წინააღმდეგ თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიაზბეკოვმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო და ჰუმანიტარული კავშირების გაფართოება სამართალდამცავ ორგანოთა თანამშრომლობის გაძლიერებასაც მოითხოვს. მინისტრმა ინფორმაციის სწრაფი გაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე განიხილეს შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ფარგლებში ურთიერთქმედება და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომელთა პროფესიული მომზადებაც.
ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყირგიზეთში (7-13 სექტემბერი) Read More »
თბილისის შემოვლითი გზის მონაკვეთს ჩინური კომპანია 499 მილიონ ლარად ააშენებს
1 სექტემბერი
თბილისის შემოვლითი მაგისტრალის წიწამური–ავჭალის 7,3-კილომეტრიან მონაკვეთს ჩინური კომპანია „China Railway Tunnel Group“ ააშენებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია გამარჯვებულად 1 სექტემბერს გამოცხადდა.
კონტრაქტის ღირებულება დაახლოებით 499,1 მილიონი ლარია, სამუშაოების დასრულებისთვის კი 36 თვეა განსაზღვრული. პროექტი ოთხზოლიანი გზის, დაახლოებით 3,4 კილომეტრის სიგრძის ორი პარალელური გვირაბის, ხიდებისა და სატრანსპორტო კვანძების მშენებლობას მოიცავს.
ტენდერში ათი კომპანია მონაწილეობდა. გამარჯვებული კომპანიის თავდაპირველი შეთავაზება 519,7 მილიონ ლარს შეადგენდა, თუმცა საბოლოო სახელშეკრულებო ღირებულება შემცირდა. წიწამური–ავჭალის მონაკვეთი მომავალში ავჭალა–აეროპორტის 22,5-კილომეტრიან გზას დაუკავშირდება.
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილი ელჩი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა
2 სექტემბერი
2 სექტემბერს მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ჩინეთის ყოფილი ელჩი, ჭოუ ციენი, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი პირადი წვლილისა და საქმიანობისთვის ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.
ყაველაშვილმა ყოფილი ელჩის დიპლომატიური მისიის პერიოდში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე გაამახვილა ყურადღება და საქართველო–ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.
ჯილდო ჭოუ ციენის სახელით ჩინეთის საელჩოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ტაი ჩუნიუნგმა მიიღო. საელჩოს ცნობით, მან ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საელჩო გააგრძელებს ორი ქვეყნის ლიდერებს შორის მიღწეული შეთანხმებების განხორციელებასა და პრაქტიკული თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობას.
საქართველოს ელჩმა „Cathay Pacific“-თან თანამშრომლობის საკითხები განიხილა
3 სექტემბერი
3 სექტემბერს ჩინეთში საქართველოს ელჩმა, პაატა კალანდაძემ, ავიაკომპანია „Cathay Pacific“-ის დელეგაციას უმასპინძლა. საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ავიაკომპანიის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
დელეგაციას მიხაელ სიონგი ხელმძღვანელობდა, რომელიც ჩინეთის ძირითად ტერიტორიაზე კომპანიის გენერალური მენეჯერია. „Cathay Pacific“ ჰონგ–კონგში 80 წლის წინ დაარსდა. საქართველოს საელჩოს შეფასებით, კომპანია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი და წარმატებული ავიაგადამზიდია.
აზერბაიჯანმა და ჩინეთმა პროკურატურებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს
31 აგვისტო
31 აგვისტოს ბაქოში აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურორმა, ქამრან ალიევმა, და ჩინეთის უმაღლესი სახალხო პროკურატურის გენერალურმა პროკურორმა, ინ იუნმა, თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
დოკუმენტი სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარების გაძლიერებას, პროკურორების გამოცდილების გაცვლას, სასწავლო პროგრამებსა და ერთობლივი სემინარების ორგანიზებას ითვალისწინებს. მხარეებმა ტრანსნაციონალურ დანაშაულთან ბრძოლისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებიც განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ჩინეთის დელეგაცია აზერბაიჯანის პარლამენტის თავმჯდომარეს, საჰიბა გაფაროვას, და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, ინამ ქარიმოვს, შეხვდა. 2 სექტემბერს დელეგაციას პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმაც უმასპინძლა. შეხვედრაზე საკანონმდებლო, სამართალდამცავ და სასამართლო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობა აზერბაიჯან–ჩინეთის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის ერთ–ერთ მიმართულებად განიხილეს.
ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის 37 სტუდენტი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს
31 აგვისტო
31 აგვისტოს ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტის 37 სტუდენტი ჩინეთში, პეკინის ქიმიური ტექნოლოგიის უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად გაემგზავრა. სტუდენტების გამგზავრება ორი უნივერსიტეტის ერთობლივი ორმაგი დიპლომის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა.
სტუდენტები 2026-2027 სასწავლო წლიდან საბაკალავრო პროგრამის მესამე და მეოთხე კურსებს პეკინში გაივლიან. პროგრამა, რომლის განხორციელებაც 2025 წელს დაიწყო, „2+2“ მოდელს ეფუძნება: სტუდენტები პირველ ორ წელს ბაქოში სწავლობენ, მომდევნო ორს კი პეკინში.
სწავლება ექვს მიმართულებას მოიცავს: ქიმიურ, კომპიუტერულ და მექანიკურ ინჟინერიას, ქიმიას, ბიოტექნოლოგიასა და ბიზნესის ადმინისტრირებას. პროგრამის მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, კურსდამთავრებულები ორივე უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ.
ფაშინიანმა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობები სომხეთის საგარეო პოლიტიკის კონტექსტში განიხილა
1 სექტემბერი
1 სექტემბერს, ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის „SCO+“ ფორმატის შეხვედრაზე, სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ჩინეთთან სტრატეგიულ ურთიერთობებზე ისაუბრა.
მან ჩინეთი იმ სახელმწიფოებს შორის დაასახელა, რომლებთანაც სომხეთმა ბოლო წლებში სტრატეგიული კავშირები დაამყარა, და ეს თანამშრომლობა ქვეყნის დაბალანსებული საგარეო პოლიტიკის კონტექსტში განიხილა. ფაშინიანის განმარტებით, სხვადასხვა ძალასთან ურთიერთობების განვითარება სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ემსახურება.
გამოსვლისას სომხეთის პრემიერ–მინისტრმა რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გახსნაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანთან და თურქეთთან ამ მიმართულებით მუშაობს, მათ შორის, „TRIPP“-ის პროექტის ფარგლებში. მისი თქმით, ამ კავშირების ამოქმედება როგორც აღმოსავლეთ–დასავლეთის, ისე სამხრეთ–ჩრდილოეთის მიმართულებით ახალ სატრანსპორტო შესაძლებლობებს შექმნის.
ყაზახეთს განვითარების ბანკის სათავო ოფისის მასპინძლობა სურს
1 სექტემბერი
1 სექტემბერს, ბიშკეკში გამართულ შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე, ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა, ჩინეთის ინიციატივას ორგანიზაციის განვითარების ბანკის შექმნის შესახებ მხარი დაუჭირა. მან ბანკის სათავო ოფისის ყაზახეთში განთავსების მზადყოფნაც გამოთქვა.
ტოყაევის განცხადებით, ბანკის ფინანსური რესურსები, უპირველესად, ინფრასტრუქტურული, ტექნოლოგიური და სამრეწველო პროექტების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. პრეზიდენტმა ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად საზღვრისპირა სავაჭრო ზონების შექმნა და სატრანზიტო გადაზიდვების ერთიანი ციფრული პლატფორმის დანერგვაც შესთავაზა წევრ სახელმწიფოებს. მან ასევე ორგანიზაციის სატრანსპორტო კავშირების განვითარების სტრატეგიის 2035 წლამდე შემუშავების აუცილებლობაზე ისაუბრა.
თოყაევმა ჩინეთთან თანამშრომლობის პრიორიტეტებად ლოგისტიკა და ტექნოლოგიები დაასახელა
1 სექტემბერი
1 სექტემბერს გავრცელებულ წერილობით ინტერვიუში ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ–ჟომართ თოყაევმა, ჩინეთთან თანამშრომლობაში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. ჩინურ საინფორმაციო სააგენტო „Xinhua-სთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან სატრანსპორტო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა.
თოყაევმა ახალი სარკინიგზო ხაზების, ლოგისტიკური ტერმინალებისა და სასაზღვრო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა გამოყო. მისი განცხადებით, მარშრუტის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად საჭიროა დოკუმენტების ციფრული დამუშავება, საინფორმაციო სისტემების კოორდინაცია და საბაჟო პროცედურების ავტომატიზაცია.
პრეზიდენტმა ჩინურ კომპანიებთან თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებად ხელოვნური ინტელექტი, წარმოების ავტომატიზაცია, ელექტრონული კომერცია, სამეცნიერო კვლევები და კადრების მომზადება დაასახელა. შანხაიში მანამდე გამართულ შეხვედრებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ამ სფეროებში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართ ორმხრივი ინტერესი გამოიკვეთა. თოყაევის შეფასებით, ტექნოლოგიური თანამშრომლობა ყაზახეთ–ჩინეთის ურთიერთობების ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება იქცეს.
ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ყაზახეთში (31 აგვისტო – 6 სექტემბერი) Read More »
საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. განცხადებას უერთდება სამოქალაქო იდეა და ორგანიზაციის თავმჯდომარე, თინათინ ხიდაშელი.
18 წელი შესრულდა მას შემდეგ, რაც 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელდა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია.
ქედს ვიხრით საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების, პოლიციელებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე. მათი თავგანწირვა ჩვენი სახელმწიფოსა და ეროვნული მეხსიერების განუყოფელი ნაწილია.
აგვისტოს ომი მხოლოდ წარსულის ნაწილი არ არის. მისი ისტორიული გააზრება პირდაპირ უკავშირდება საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებას, დეოკუპაციის პოლიტიკის მიზნებსა და იმ საერთაშორისო-სამართლებრივ პოზიციების განუხრელ დაცვას და განმტკიცებას, რომლებიც ქვეყანამ ბოლო 18 წლის მანძილზე ჩამოაყალიბა. სწორედ ამიტომ, 2008 წლის ომზე საჯარო მსჯელობა განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას მოითხოვს. როდესაც საუბარი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, პარტიული მიზნებისთვის ისტორიული ფაქტების დამახინჯება დაუშვებელია.
ომის შემდეგ, დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით, საქართველომ მნიშვნელოვან სამართლებრივ, დიპლომატიურ და პოლიტიკურ შედეგებს მიაღწია. სხვადასხვა პერიოდში გაწეულმა მრავალწლიანმა ძალისხმევამ მნიშვნელოვნად გაამყარა საქართველოს საერთაშორისო პოზიციები სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. ჩამოყალიბდა რუსეთის მიერ ჩვენი ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე მხარდაჭერა აქვს. რუსეთმა დიდი ძალისხმევის მიუხედავად ვერ მოახერხა ამ ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების მოპოვება ვერცერთი პასუხისმგებლიანი ხელისუფლების მქონე ქვეყნის მიერ.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებით დაადასტურეს რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოში ოკუპაციასა და საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევებზე.
აგვისტოს ომმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი დაგვიტოვა – საქართველოს თავდაცვისუნარიანობა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო პარტნიორობასთან. ჩვენი ამერიკელი და ევროპელი მეგობრების ძალისხმევამ, მათ შორის ომის დღეებში ევროპელი ლიდერების მხარდამჭერმა ვიზიტმა თბილისში, უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა რუსეთის სამხედრო წინსვლის შეჩერებასა და ქართული სახელმწიფოს შენარჩუნებაში.
რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობს, საკუთარი აგრესიის პასუხისმგებლობა თავად მსხვერპლს -საქართველოს დააკისროს, რაც რუსეთის იმპერიის ტრადიციულად ნაცადი ხერხია. ამ ნარატივის გამეორება ან/და მისი შინაარსის გაზიარება აზიანებს საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს. ისტორიული სიმართლე, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უკავშირდება, არ უნდა იქცეს შიდა პოლიტიკური დაპირისპირების საგნად.
რუსეთის 2008 წლის აგვისტოს ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესია საქართველოს და შემდგომ, 2014 და 2022 წლებში უკრაინის წინააღმდეგ მკაფიო შეხსენებაა ცივილიზებული სამყაროსთვის, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა მხოლოდ საქართველოს გამოწვევა არ არის. არამედ, იგი საფრთხეს უქმნის იმ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც სახელმწიფოების სუვერენულ თანასწორობას, თავისუფლებასა და საერთაშორისო სამართლის პატივისცემას ეფუძნება.
კიდევ ერთხელ ქედს ვიხრით საქართველოს თავისუფლებისათვის დაღუპული გმირების წინაშე. ვაფასებთ ომის მონაწილე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ღვაწლს, ისევე როგორც იმ სამხედროებისას, რომლებიც დღესაც სამშობლოს თავდაცვისუნარიანობის სადარაჯოზე დგანან. მათი თავგანწირვა გვავალდებულებს, დავიცვათ ისტორიული სიმართლე, შევინარჩუნოთ ეროვნული ღირსება და ვემსახუროთ სამშობლოს, რომლის დასაცავადაც მათ ყველაზე ძვირფასი- სიცოცხლე გაიღეს!
ხელმომწერები:
2. ეკა აკობია — სახელმწიფო მართვის სკოლის დეკანი, პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტი
3. გიორგი ანთაძე — ჯეოქეისი
4. მერაბ ანთაძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, კონფლიქტების მოგვარების და რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს ყოფილი სახელმწიფო მინისტრი
5. თეონა აქუბარდია — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2014-2018 წწ, პარლამენტის წევრი 2020-2024 წწ
6. სალომე აქუბარდია-ყოფილი დიპლომატი
7. გიორგი ბადრიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, უფროსი მკვლევარი, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ფონდი
8. აკია ბარბაქაძე — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე 2016-18წწ, თადარიგის პოლკოვნიკი
9. ნატო ბაჩიაშვილი — გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
10. გელა ბეჟუაშვილი — საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი (2004), საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (2005-2008)
11. ოთარ ბერძენიშვილი — ყოფილი საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბულგარეთის და მაკედონიის რესპუბლიკებში
12. გიორგი ბილანიშვილი — სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს საგარეო უსაფრთხოების საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
13. დავით ბრაგვაძე — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი 2014-18წწ.
14. ზაზა ბროლაძე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე 2012-13 წწ.
15. გიორგი ბუაჩიძე — ყოფილი დიპლომატი
16. დავით ბუჯიაშვილი — საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
17. არჩილ გეგეშიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
18. გიგი გიგიაძე — ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროსი მკვლევარი
19. ნიკოლოზ (ნუკრი) გოგიტიძე — თადარიგის იუსტიციის გენერალ-მაიორი
20. პაატა დავითაია — საქართველოს პარლამენტის აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი დროებითი კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2008-2012წწ)
21. მიხეილ დარჩიაშვილი — საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე 2013-2014წწ, საქართველოს ატლანტიკური საბჭო
22. დავით დონდუა — ევროკავშირის ცნობიერების ცენტრი
23. დავით დავითაშვილი -პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
24. ზურაბ ერისთავი-საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
25. ნიკოლოზ ვაშაკიძე — საგარეო საქმეთა მინისტრის და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე
26. მერაბ ვაშაკიძე — ყოფილი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
27. ივანე ზირაქიშვილი-თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი
28. თეიმურაზ კეკელიძე — საქართველოს ელჩი კვიპროსის რესპუბლიკაში 2020-2023 წწ.
29. ვახტანგ კაპანაძე — თადარიგის გენერალ-მაიორი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი 2005-2006 და 2012-2016 წწ.
30. დავით კაპანაძე — ჟენევაში გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს წარმომადგენლობის ყოფილი უფროსი მრჩეველი
31. ირაკლი ლაითაძე — ილიას უნივერსიტეტის პროფესორი
32. შალვა ლომიძე — საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი 2021-2024 წწ, თადარიგის გენერალ-მაიორი
33. მარიამ მაისაია-ჟენევაში გაეროს განყოფილებასა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ყოფილი უფროსი მრჩეველი
34. ეკატერინე მეგრელიშვილი — ყოფილი დიპლომატი
35. გიორგი მელაშვილი — ევროპულ-ქართული ინსტიტუტის თავმჯდომარე
36. მალხაზ მიქელაძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
37. გიორგი მუჩაიძე — საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი
38. დავით ნარდაია-საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
39. დავით რაქვიაშვილი — საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი 2017-18 წწ.
40. ნიკოლოზ რთველიაშვილი — ყოფილი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
41. ვასილ რუბაშვილი — ყოფილი დიპლომატი და საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი
42. გიორგი რუხაძე — საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი, ევროპული კვლევების დირექტორი
43. დავით სიხარულიძე — საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი 2008-2009 წლებში, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში
44. დავით სოლომონიანი-საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
45. მიხეილ უკლება — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
46. თენგიზ ფხალაძე — საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი – საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი 2014-2018
47. ნინო ფიფია — ყოფილი დიპლომატი
48. მირიან ფოფხაძე — უფროსი მკვლევარი დელფის გლობალურ კვლევათა ცენტრში
49. ნიკოლოზ ქავთარაძე — სახელმწიფო უსაფრთხოების და კრიზისების მართვის საბჭოს თავდაცვის საკითხთა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი
50. თამარ ქარსელაძე — ყოფილი დიპლომატი
51. გიორგი ქობელაშვილი — ყოფილი დიპლომატი
52. ბათუ ქუთელია — საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ, კანადასა და მექსიკაში, დელფის უფროსი მკვლევარი
53. გიორგი ყარალაშვილი-საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
54. ალექსანდრე ყიფიანი-ყოფილი დიპლომატი
55. ნოდარ ხარშილაძე — საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი
56. ნიკოლოზ ხატიაშვილი — საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის აპარატის ყოფილი უფროსი
57. ელგუჯა ხოკრიშვილი — დემოკრატიის, გეოპოლიტიკისა და მედეგობის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი
58. თინა ხიდაშელი -საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, სამოქალაქო იდეა-ხელმძღვანელი
59. შოთა ღვინერია — ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
60. ვლადიმერ ჩაჩიბაია — თადარიგის გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური 2016-2020წწ და პარლამენტის ყოფილი წევრი 2020-2024წწ.
61. თამარ ჩაჩიბაია — ყოფილი დიპლომატი
62. ვალერი ჩეჩელაშვილი — საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, BSEC-ის ყოფილი გენერალური მდივანი (2000-2004), ფინანსთა ყოფილი მინისტრი (2005)
63. გიორგი ჩხეიძე — ყოფილი დიპლომატი, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი
64. შალვა ცისკარაშვილი — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
65. კარლო ცქიტიშვილი-საერთაშორისო ურთიერთობისა და დიპლომატიური პროტოკოლის ექსპერტი
66. გიორგი ცხვიტავა-სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში
67. ლაშა ძებისაშვილი-საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
68. გიორგი წიქარაშვილი— ყოფილი დიპლომატი
69. ზვიად ჭუმბურიძე — საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი
70. გიორგი შაიშმელაშვილი — საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი
71. თეა ჯანაშია — ყოფილი დიპლომატი
72. თემურ ჯანჯალია — საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე
73. გია ჯაფარიძე-საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული პორტუგალიაში, კვიპროსზე, საბერძნეთში
სამოქალაქო საზოგადოების განცხადება აგვისტოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით Read More »
5 აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ იაპონიას ახლად გამოქვეყნებული თავდაცვის „თეთრი წიგნის“ გამო ოფიციალური პროტესტი გადასცა. პეკინის შეფასებით, ტოკიო დოკუმენტში განზრახ აძლიერებს ე.წ. ჩინეთის საფრთხის ნარატივს, ტაივანის საკითხზე დაუსაბუთებელ განცხადებებს აკეთებს და სამხედრო შესაძლებლობების გაფართლებას ამ გზით ამართლებს.
იაპონიის თავდაცვის ყოველწლიური ანგარიში 4 აგვისტოს გამოქვეყნდა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ჩინეთმა ტაივანის გარშემო სამხედრო აქტივობა გააძლიერა და მხარეებს შორის ძალთა საერთო ბალანსი სწრაფად იცვლება პეკინის სასარგებლოდ. ტოკიო ჩინეთის სამხედრო მოქმედებებს იაპონიისა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის სერიოზულ საფრთხედ და ქვეყნის უდიდეს სტრატეგიულ გამოწვევად აფასებს.
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ეს შეფასებები უარყო და აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი ჩინეთის შიდა საქმეა, რომლის გადაწყვეტის გზაზეც იაპონიას ჩარევის უფლება არ აქვს. უწყების განცხადებით, ტაივანის გარშემო ჩინეთის სამხედრო მოქმედებები „ლეგიტიმური და გონივრულია“.
პეკინმა ტოკიო ასევე დაადანაშაულა საკუთარი სამხედრო გაძლიერებისთვის საბაბის ძიებასა და ომისშემდგომი თავდაცვითი შეზღუდვების თანდათანობით შესუსტებაში. ჩინეთის ხელისუფლებამ იაპონიას მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო გაფართოების გასამართლებლად ჩინეთის გამოყენება და თავი შეიკავოს ტაივანის საკითხში ჩარევისგან.
პეკინმა იაპონიის თავდაცვის ახალ დოკუმენტს პროტესტით უპასუხა Read More »
აშშ–სა და ევროკავშირთან მოსალოდნელი სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ჩინეთი მიანიშნებს, რომ წარმოებასა და მაღალტექნოლოგიურ ინდუსტრიებზე დაფუძნებული ეკონომიკური კურსის არსებით შეცვლას არ გეგმავს. პეკინი უარყოფს დასავლეთის ბრალდებებს, რომ სახელმწიფო სუბსიდიები და ჭარბი საწარმოო სიმძლავრე გლობალურ კონკურენციას აზიანებს.
ივლისის ბოლოს ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მოქმედი ეკონომიკური პოლიტიკის გაგრძელებას დაუჭირა მხარი. ხელისუფლებამ მიზნობრივი დახმარებისა და შიდა მოთხოვნის გაძლიერების აუცილებლობაზე ისაუბრა, თუმცა მასშტაბური სტიმულირების ან სტრუქტურული რეფორმების ახალი პაკეტი არ წარუდგენია.
ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროს განცხადებით, ჭარბი წარმოების შესახებ ბრალდებები ჩინური კომპანიების წინააღმდეგ დისკრიმინაციული სავაჭრო ზომების გასამართლებლად გამოიყენება. პეკინი ამტკიცებს, რომ ინდუსტრიული და ტექნოლოგიური განვითარება ეკონომიკური ჩამორჩენის დასაძლევად აუცილებელია.
აშშ და ევროკავშირი კი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა, სუსტი შიდა მოთხოვნა და საწარმოო სიმძლავრეების სწრაფი ზრდა ჩინურ კომპანიებს უცხოურ ბაზრებზე ფასობრივ უპირატესობას აძლევს. ბრიუსელი და ვაშინგტონი პრობლემურ საკითხებად სუბსიდიებს, ბაზარზე წვდომის ბარიერებსა და არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ასახელებენ.
მიუხედავად მკაცრი რიტორიკისა, პეკინი გარკვეული შიდა დისბალანსების გამოსწორებას ცდილობს, თუმცა მასშტაბურ დათმობებს არ განიხილავს. Reuters-ის შეფასებით, ჩინეთი დასავლეთთან მოლაპარაკებების წინ იმ „წითელ ხაზებს“ ავლებს, რომელთა გადაკვეთასაც საკუთარ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს.
ჩინეთი დასავლეთთან სავაჭრო მოლაპარაკებების წინ ეკონომიკურ „წითელ ხაზებს“ ავლებს Read More »
ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩის გამოსამშვიდობებელ მიღებას დაესწრო
27 ივლისი
27 ივლისს თბილისში ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელი არმიის დაარსების 99-ე წლისთავისა და საქართველოში ჩინეთის ელჩის, ჭოუ ციენის, დიპლომატიური მისიის დასრულებისადმი მიძღვნილი მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
კობახიძემ ჭოუ ციენს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შემდეგ თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ხალხთაშორის სფეროებში გაფართოვდა. პრემიერის განცხადებით, ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი და ქართული ადგილობრივი ექსპორტისთვის მეორე უმნიშვნელოვანესი ბაზარია.
ჭოუ ციენმა საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობა შეაჯამა და განაცხადა, რომ ამ პერიოდში ურთიერთობები ჯერ სტრატეგიული, შემდეგ კი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე გადავიდა.
საქართველოს ელჩი ჩინეთის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტის ღონისძიებას დაესწრო
28 ივლისი
28 ივლისს პეკინში ჩინეთის საერთაშორისო სწავლების ინსტიტუტმა CIIS-მა საერთაშორისო ვითარებისა და ჩინეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ მომზადებული ახალი გამოცემა წარადგინა. ღონისძიებას საქართველოს ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მონაწილეებს გააცნეს ინსტიტუტის ახალი გამოცემა Blue Book on International Situation and China’s Foreign Affairs. პუბლიკაცია საერთაშორისო სისტემაში მიმდინარე ცვლილებებს, გლობალურ გამოწვევებსა და 2025-2026 წლებში ჩინეთის საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს მიმოიხილავს.
ღონისძიების ფარგლებში დიპლომატებმა და ჩინელმა მკვლევრებმა საერთაშორისო პროცესებზე მოსაზრებები გაცვალეს და საექსპერტო თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
ჩინეთმა აზერბაიჯანთან სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა
28 ივლისი
28 ივლისს ბაქოში ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელი არმიის შექმნის 99-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიებას ჩინეთის ელჩი ლუ მეი და სამხედრო ატაშე, უფროსი პოლკოვნიკი სონგ ძიუნი მასპინძლობდნენ.
ღონისძიებაზე ლუ მეიმ აზერბაიჯანთან სამხედრო და ტექნოლოგიური თანამშრომლობის გაფართოებაზე ისაუბრა. ლუ მეის განცხადებით, სამხედრო კავშირები ორი ქვეყნის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელოვანი ნაწილია. მან აღნიშნა, რომ ჩინეთის არმია მზად არის, აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან კონტაქტები და პრაქტიკული თანამშრომლობა გააძლიეროს.
ელჩმა ყურადღება ხელოვნური ინტელექტის სფეროსაც დაუთმო და აღნიშნა, რომ პეკინი აზერბაიჯანთან გამოცდილებისა და ტექნოლოგიური შესაძლებლობების გაზიარებით არის დაინტერესებული. ამ კონტექსტში მან ჩინეთის ინიციატივით შექმნილ ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო თანამშრომლობის ორგანიზაცია WAICO-ზე ისაუბრა, რომლის მიზანიც ხელოვნური ინტელექტის უსაფრთხო და თანასწორი განვითარების ხელშეწყობაა.
აზერბაიჯანელმა მკვლევარმა ჩინეთში კონფუცის ნაშრომის თარგმნის პროექტი წარადგინა
30 ივლისი
30 ივლისს ჩინეთში კონფერენცია „ცივილიზაციათაშორისი გაცვლა და უძველესი კლასიკური ნაწარმოებების თარგმნა“ გაიმართა. ღონისძიებაში პეკინის უცხო ენების უნივერსიტეტის აზიის ფაკულტეტის აზერბაიჯანული ენის კათედრის ხელმძღვანელი და კონფუციანიზმის საერთაშორისო ასოციაციის გამგეობის წევრი აგშინ ალიევი მონაწილეობდა.
ალიევმა კონფუცის ფილოსოფიის ძირითადი ცნებების აზერბაიჯანულ ენაზე გადატანის მეთოდებსა და სირთულეებზე ისაუბრა. მან ჩინურიდან აზერბაიჯანულად პირველად თარგმნა კონფუცის გამონათქვამებისა და დიალოგების კრებული „საუბრები და მსჯელობები“.
ღონისძიება კონფუციანიზმის საერთაშორისო ასოციაციისა და კონფუცის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა და მას 20 ქვეყნიდან დაახლოებით 50 მკვლევარი დაესწრო.
აზერბაიჯან–ჩინეთის ერთობლივი საინჟინრო ფაკულტეტი პირველ სტუდენტებს მიიღებს
31 ივლისი
ბაქოს საინჟინრო უნივერსიტეტმა და პეკინის ქიმიური ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა ერთობლივ საინჟინრო ფაკულტეტზე პირველი სტუდენტების მიღება გამოაცხადეს. ფაკულტეტი მუშაობას 2026-2027 სასწავლო წლიდან დაიწყებს.
სასწავლო მიმართულებები მოიცავს კომპიუტერულ მეცნიერებებს, ქიმიას, ბიოტექნოლოგიასა და მექანიკურ ინჟინერიას. პროგრამა „3+1“ მოდელით განხორციელდება: სტუდენტები პირველ სამ წელს აზერბაიჯანში, ბოლო წელს კი ჩინეთში ისწავლიან.
მოთხოვნების წარმატებით დაკმაყოფილების შემდეგ კურსდამთავრებულები ორივე უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებენ. თანამშრომლობა ასევე ითვალისწინებს ერთობლივ კვლევებს, აკადემიურ მობილობასა და ტექნოლოგიების გადაცემას.
სომხეთის წარმომადგენლები SCO-ს მედიისა და კვლევითი ცენტრების სამიტს დაესწრნენ
27 ივლისი
27 ივლისს ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის მედიისა და კვლევითი ცენტრების სამიტი გაიხსნა, რომელშიც სომხეთის პრემიერ–მინისტრის აპარატთან არსებული საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის ცენტრი და სააგენტო „არმენპრესი“ მონაწილეობდნენ.
ღონისძიება ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სინხუასა“ და ყირგიზეთის სააგენტო „კაბარის“ ორგანიზებით გაიმართა. დისკუსიები შეეხო საერთაშორისო საინფორმაციო თანამშრომლობას, მედიის ციფრულ ტრანსფორმაციას, დეზინფორმაციასთან ბრძოლასა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას. სამიტმა 26 ქვეყნიდან დაახლოებით 250 მონაწილე გააერთიანა.
ფაშინიანმა ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა საგარეო პოლიტიკის გაფართოების მცდელობას დაუკავშირა
30 ივლისი
30 ივლისს გამართულ პრესბრიფინგზე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დივერსიფიკაციაზე ისაუბრა და ჩინეთი იმ სახელმწიფოებს შორის დაასახელა, რომლებთანაც ერევანმა სტრატეგიული ურთიერთობების განმსაზღვრელი დოკუმენტები გააფორმა.
მისი თქმით, სომხეთი წარსულში ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების ალტერნატივების ნაკლებობას განიცდიდა, ახლა კი პარტნიორთა წრის გაფართოებას ცდილობს. ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ერევანს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ დოკუმენტები ჩინეთთან, შეერთებულ შტატებთან, დიდ ბრიტანეთთან, ნიდერლანდებთან, საფრანგეთთან და სხვა ქვეყნებთან აქვს გაფორმებული.
სომხეთის პრემიერ–მინისტრის განცხადებით, რომელიმე ქვეყანასთან ურთიერთობა შეზღუდული არ უნდა იყოს. მისი შეფასებით, ერევნის ახალი მიდგომა არსებული პარტნიორების ჩანაცვლებას კი არა, პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების დაბალანსებასა და ალტერნატივების შექმნას ემსახურება.
ჩინეთი სამხრეთ კავკასიასა და ტაჯიკეთში (27 ივლისი – 2 აგვისტო) Read More »
ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაღრმავებისა და სამხედრო მოდერნიზაციის დაჩქარების აუცილებლობაზე ისაუბრა. 31 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, მან განცხადებები ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს თემატურ სხდომაზე გააკეთა.
სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთის სახალხო–განმათავისუფლებელი არმია კომუნისტური პარტიის აბსოლუტურ ხელმძღვანელობას უნდა დაემორჩილოს. მან სამხედრო ძალების განვითარების მთავარ საზომად საბრძოლო ეფექტიანობა დაასახელა და აღნიშნა, რომ კორუფცია არმიის პოლიტიკურ ერთიანობასა და საბრძოლო შესაძლებლობებს აზიანებს.
ჩინეთის ლიდერმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტექნოლოგიურ მოდერნიზაციას. მისი თქმით, პეკინმა უნდა დააჩქაროს „ინტელექტუალური სამხედრო სისტემის“ შექმნა, რაც უპილოტო ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და კიბერსაინფორმაციო სისტემების სამხედრო სფეროში უფრო ფართოდ გამოყენებას გულისხმობს.
განცხადება ჩინეთის სახალხო-განმათავისუფლებელი არმიის დაარსებიდან 99 წლისთავის წინ გაკეთდა. სი ძინპინის მმართველობის პერიოდში ანტიკორუფციული კამპანია არმიის უმაღლეს ხელმძღვანელობასა და სამხედრო შესყიდვების სისტემასაც შეეხო, რამაც, სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის შეფასებით, სამეთაურო სტრუქტურაში არსებული პრობლემები გამოავლინა და მოკლევადიან პერიოდში საბრძოლო მზადყოფნაზეც იმოქმედა.
სი ძინპინი ჩინეთის არმიაში კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერებას მოითხოვს Read More »
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გერმანიას მოუწოდებს, პეკინის ეკონომიკური მოწყვლადობის ძიების ნაცვლად, ყურადღება თანამშრომლობაზე გაამახვილოს. უწყების წარმომადგენელმა მაო ნინმა კომენტარი 29 ივლისს ბლუმბერგის იმ ცნობაზე გააკეთა, რომლის მიხედვითაც ბერლინი პოტენციური სავაჭრო დაპირისპირებისთვის პეკინზე ზეწოლის შესაძლო ბერკეტებს იკვლევს.
წყაროების ცნობით, გერმანელი ოფიციალური პირები სავაჭრო ნაკადებსა და კომპანიების მონაცემებს აანალიზებენ, რათა დაადგინონ, რამდენად არის ჩინეთი დამოკიდებული ევროპულ ტექნოლოგიებსა და სამრეწველო ცოდნაზე. წინასწარ გამოვლენილ მიმართულებებს შორის დასახელდნენ გერმანული კომპანიები Trumpf და Carl Zeiss, რომლებიც მაღალი სიზუსტის სამრეწველო და ოპტიკური ტექნოლოგიებით არიან ცნობილი.
მაო ნინის განცხადებით, გლობალიზებულ ეკონომიკაში ქვეყნების საწარმოო და მიწოდების ჯაჭვებში ურთიერთდამოკიდებულება ბუნებრივი მოვლენაა. მან აღნიშნა, რომ ჩინეთ–გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობა ორმხრივ სარგებელს ეფუძნება და მხარეებმა კომუნიკაციის გაძლიერებითა და კოორდინირებული მოქმედებით გლობალური მიწოდების ჯაჭვების სტაბილურობას უნდა შეუწყონ ხელი.
გერმანია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, თუმცა ჩინეთის ბაზარი მისი მსხვილი კომპანიებისთვის კვლავ მნიშვნელოვანია. 2025 წელს ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო, საქონლით ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ დაახლოებით 250 მილიარდ ევროს მიაღწია. ჩინეთში დაახლოებით 5 000 გერმანული კომპანია საქმიანობს, რაც შესაძლო სავაჭრო დაპირისპირების ეკონომიკურ რისკებს ორივე მხარისთვის ზრდის.
ორ ქვეყანას შორის დაძაბულობას გერმანიის სავაჭრო დეფიციტი, ჩინური კომპანიების მზარდი კონკურენცია და ჩინეთის სახელმწიფო სუბსიდიებიც ამწვავებს. სანამ ევროპა პეკინზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს, ჩინეთი ამ ნაბიჯებს პროტექციონიზმად აფასებს.
ჩინეთი გერმანიას სავაჭრო დაპირისპირების პროვოცირებაში ადანაშაულებს Read More »









