კვლევა

China Watch-ის მეათე ანგარიში CSCEC საქართველოში

სამოქალაქო იდეა მოხარულია გაგიზიაროთ China Watch-ის რიგით მეათე ანგარიში, რომელიც ეხება კიდევ ერთი საქართველოში მომუშავე ჩინური კომპანიის China State Construction Engineering Corporation Ltd.-ის (ე.წ. CSCEC-ის) გადაცდომებს საქართველოსა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

CSCEC, არის ერთერთი უდიდესი ჩინური სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, რომელიც დაარსდა 1982 წელს. მას შემდეგ ის ოპერირებს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. კომპანიის ძირითადი საქმიანობა მოიცავს უძრავ ქონების, მშენებლობის დაფინანსებას, ოპერირებას, ინჟინერიას, პროექტირებასა და კვლევას. ეს კომპანია ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ბევრ სკანდალში იყო გარეული. უფრო ზუსტად, CSCEC და მისი შვილობილი კომპანიები კორუფციისა და თაღლითობის სქემებს ახორციელებდნენ აშშ-ში, ფილიპინებში, პაკისტანში, უნგრეთსა და რამდენიმე სხვა ქვეყანაში, რის შედეგადაც სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების შავ სიაში მოხვდნენ.

ვრცლად კომპანიის რეპუტაციისა და საქმიანობის შესახებ, იხილეთ ჩვენს ანგარიშში. ?

China Watch-ის მეათე ანგარიში CSCEC საქართველოში Read More »

ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა

„სამოქალაქო იდეა“-მ გამოაქვეყნა ანგარიშის მეორე ნაწილი- “ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა”. ანგარიშში მიმოხილულია საქართველო-ჩინეთის თანამშრომლობა აკადემიურ სივრცეში, კერძოდ, აღწერილია სხვადასხვა უნივერსიტეტებს შორის დამყარებული თანამშრომლობები, განხორციელებული აკადემიური პროგრამები, გამოყოფილი სტიპენდიები და ა.შ. გაანალიზებულია კოვიდ პანდემიის მიერ შექმნილი რეალობა და მისი შედეგები. ამასთან, ანგარიშში მოცემულია შედარებითი ანალიზი ჩინეთის მავნე გავლენების შესახებ აკადემიაში, უცხოური ტენდენციებისა და პოლიტიკის შეფასებით.  ანგარიში ყურადღებას ამახვილებს ნიდერლანდების, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, უნგრეთის, სერბეთის, აშშ-სა და შვედეთის შემთხვევებზე, რაც ადასტურებს, რომ ისევე როგორც, სხვა არსებითი სფეროები, აკადემიაც შესაძლოა გახდეს ექსპლუატირებული უცხოელი აქტორების მიერ.

ანგარიში ხორციელდება დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდისა და თბილისში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით, ცენტრალური ევროპის აზიის კვლევების ინსტიტუტთან ერთობლივი თანამშრომლობით.

ანგარიში ?

ჩინეთის გავლენის ოპერაციები საქართველოს აკადემიურ სივრცეში: პოსტ-კოვიდური რეალობა Read More »

საქართველოს საგარეო ვალის პოლიტიკა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბანკი საქართველოს მთავარ კრედიტორებს შორის

სამოქალაქო იდეა საქართველოს საგარეო ვალების პოლიტიკით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის მიერ გამოყოფილ ფინანსურ დახმარებაზე ოფიციალურად უარი განაცხადა. ირკვევა, რომ საქართველო კვლავ აქტიურად აგრძელებს სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუციისგან, თუ პირდაპირ სახელმწიფოებისგან კრედიტების აღებას. ქვეყნის ორ მთავარ კრედიტორს აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) წარმოადგენენ. 2021 წლის 21 სექტემბერს, აზიის განვითარების ბანკმა (ADB), ოფიციალურად განაცხადა, რომ ის საქართველოს მთავრობას 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ელექტროენერგიის სექტორის გაძლიერებას. 2021 წლის 24 სექტემბერს, ADB–მ უკვე დაამტკიცა 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს ვაქცინაციის პროგრამების ეფექტურად განხორციელებაში დაეხმარება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აზიის განვითარების ბანკის ეს გადაწყვეტილება სულ რაღაც სამი კვირით უსწრებს, საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირისთვის 75 მილიონი ევროს დახმარების პროგრამაზე უარს. 2021 წლის 31 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოფიციალურად განაცხადა რომ, საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება და, შესაბამისად, ევროკავშირის მხრიდან დამატებითი დახმარება არ იყო საჭირო.

ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ იღებს საქართველოს ხელისუფლება ვალს აზიის განვითარების ბანკისა ან აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკისგან და უარს ამბობს ევროკავშირის სესხზე მაშინ, როდესაც მათი მომსახურება ევროკავშირთან შედარებით ორჯერ ძვირია? ჩვენ შემოგთავაზებთ თანმიმდევრულ ისტორიას იმის თუ როდის, რატომ და რა პირობებით გადაწყვიტა საქართველოს მთავრობამ იმ ბანკთან თანამშრომლობა, რომელიც 2016 წელს დაარსდა.

საქართველოს საგარეო ვალის პოლიტიკა: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ბანკი საქართველოს მთავარ კრედიტორებს შორის Read More »

ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში

„სამოქალაქო იდეა“ უკვე გამოქვეყნებული პუბლიკაციის – „შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები“ – შემდეგ საზოგადოებას ახალ, ამჯერად, რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ პეკინიდან მომდინარე ტაქტიკური და სტრატეგიული ნარატივების კრებულს – „ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში“ სთავაზობს.

ჩინეთის ორმაგი თამაში რუსეთ-უკრაინის ომში Read More »

შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები

რუსეთის უკრაინაში შეჭრა შუა აზიის სახელმწიფოებისათვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბუნებრივია, მათი ყურადღება მიპყრობილი იყო 2022 წლის დასაწყისში, ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე, სამოქალაქო წინააღმდეგობის ცენტრალური აზიისათვის უჩვეულოდ მძლავრ ტალღასა და ყაზახეთში რუსულ-ბელორუსიული ერთობლივი სამხედრო შენაერთების შესვლაზე, როდესაც რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ მსოფლიო შეძრა.

უფრო მეტიც, ცენტრალური აზიის სამი ქვეყანა, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი, სომხეთთან და ბელორუსიასთან ერთად, უსაფრთხოების/სამხედრო ალიანსის (CSTO) წევრები არიან, რომელსაც რუსეთი ხელმძღვანელობს. სწორედ აღნიშნული ალიანსის დროშის ქვეშ მოქმედებდნენ ალმაატასა და ყაზახეთის სხვადასხვა ქალაქებში შესული
რუსულ-ბელორუსიული სამხედროები 2022 წლის დასაწყისში. შესაძლოა მოსკოვის სწორედ ამგვარი სწრაფი რეაგირების შედეგი იყო, CSTO -ს წევრი ქვეყნებისგან სამხედრო სფეროში, მყისიერად ღია მხარდაჭერის მიღების მოლოდინი უკრაინაში აგრესიის შემდეგ, რაც საბედნიეროდ არ გამართლდა.

მოსკოვთან ახლო კავშირების მიუხედავად, ცენტრალური აზიის ქვეყნების ეროვნული მთავრობების რეაქციები და პოლიტიკური განცხადებები, სრული დუმილიდან მშვიდობისკენ მოწოდებამდე მერყეობს და მნიშვნელოვნად განსხვავდება ერთმანეთისგან. უფრო მეტიც, რიგ შემთხვევებში, განსხვავდება თავად ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ხელმძღვანელობის სხვადასხვა წარმომადგენლის პოზიციებიც. პრეზიდენტ პუტინის მიერ, დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფობად აღიარებამ და უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოზე თავდასხმამ, ცენტრალური აზიის ზოგიერთ სახელმწიფოში, განსაკუთრებით იქ, სადაც
ანგარიშგასაწევი ეთნიკურად რუსი უმცირესობები ცხოვრობენ, ერთმნიშვნელოვნად შფოთი გამოიწვია და უსაფრთხოების რისკები გაზარდა.

შეუძლია თუ არა რუსეთს მეტი მეგობრისა და მხარდაჭერის პოვნა უკრაინის წინააღმდეგ ომში? ცენტრალური აზიის ქვეყნების პოზიცია და რეაქციები Read More »

სამოქალაქო იდეას განცხადება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით

გვინდა გამოვეხმაუროთ 30 იანვარს  ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს – ბათუმში უკანონო მშენებლობის შესახებ.  პრობლემა, რომელიც აღნიშნული მშენებლობების უკან დგას გაცილებით დიდი და სახიფათოა, ვიდრე 7 უკანონო შენობა ქვეყნის მთავარ ტურისტულ ქალაქში.
არასამთავრობო ორგანიზაცია  „სამოქალაქო იდეა“ ჯერ კიდევ სექტემბერში წერდა ბათუმში უკანონო ბიზნესაქტივობის შესახებ.

ძალიან მოკლედ, მხოლოდ ფაქტები:

  • ჩვენი ყურადღება თავდაპირველად მიიპყრო იმ ფაქტმა, რომ ბათუმში გაგვიჭირდა კონფერენციის ჩასატარებლად შესაბამისი  სასტუმროს დაჯავშნა, რადგან აღმოვაჩინეთ, რომ ასეთი სასტუმროების მნიშვნელოვანი ნაწილი იჯარითაა გაცემული;

კვლევაც, სწორედ, ამ სასტუმროებიდან დავიწყეთ. სასტუმროებში შესახლებული ადამიანების უდიდესი უმრავლესობა წარმოშობით ჩინელები არიან და სასტუმროები, ბუნებრივია,  ტურისტული მიზნებით არ აქვთ ნაქირავები. გამოკითხვების და მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ძირითადი საქმიანობა საინფორმაციო ტექნოლოგიებს შეეხებოდა. ისიც გავარკვიეთ, რომ მათი ნაწილი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა, ნაწილი კი –  არაბული ქვეყნებიდან.

ეჭვი მათი არალეგალური საქმიანობის შესახებაც, სწორედ, ამ გარემოებების გამო გაგვიჩნდა.

  • დაუჯერებელია, რომ ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიური სიახლეების დანერგვისთვის, ასეულობით ჩინეთის მოქალაქე შეუმჩნევლად ჩამოსულიყო.
  • ჩვეულებრივ ვითარებაში, ადგილობრივი ხელისუფლების  ღონისძიებებს ვიხილავდით წითელი ხალიჩებისა და „ბაფთების“ თანხლებით. არც ბატონი პრემიერი იტყოდა უარს, თავის ჩინელ კოლეგებთან ერთად მედიის წინ კეკლუცობაზე.

თუმცა, ამის ნაცვლად გვაქვს სრული დუმილი, და უფრო მეტიც, ინფორმაციის მიღებისა და ვითარებაში გარკვევის ყოველ მცდელობას, ბათუმში მტრული რეაგირებით ხვდებიან.

  • ამასობაში, სწორედ, იმ პერიოდში საერთაშორისო საინფორმაციო საშუალებებით ვრცელდებოდა ახალი ამბები არაბულ ქვეყნებში ჩინელი „ბიზნესმენების“ წინააღმდეგ მრავალი სისხლის სამართლის საქმისწარმოების შესახებ, ძირითადად, ფულის გათეთრების, უკანონო online კაზინოებისა და სხვა კიბერდანაშაულების თაობაზე.
  • აღნიშნული ფაქტების შესახებ გასული წლის ბოლოს, დეტალურად წერდა ქართული გამოცემა „ბათუმელებიც“.

თუკი ჩვენ შევძელით, ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ან ერთი მედია საშუალების რესურსებით მიგვეკვლია პრობლემის როგორც გარე წყაროებისათვის, ასევე, აქ საქართველოში, შეუძლებელი და დაუჯერებელია, ჩინეთის ასეულობით მოქალაქის ორგანიზებულად ქვეყანაში შემოსვლისა და ბათუმში ძვირადღირებული სასტუმროების რამდენიმე თვის მანძილზე დაქირავების შესახებ, ინფორმაცია არ ჰქონდეს სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს. ასევე, შეუძლებელია, ისინი არ დაინტერესებულიყვნენ ამ ჯგუფების ისტორიითა და წარმომავლობით და ვერ მიეკვლიათ პრობლემისთვის, რომელიც მათ სხვადასხვა ქვეყნებში დატოვეს.

შესაბამისად, შეგვიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ბათუმში მიმდინარე არა მხოლოდ უკანონო მშენებლობების  (ჩვენი ინფორმაციით, ეს შენობები, სწორედ, იმ ჯგუფებისთვის შენდება, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა სასტუმროებში არიან განთავსებული), არამედ, ქვეყნისთვის სავარაუდოდ, უდიდესი კიბერ-საფრთხის მატარებელი საქმიანობის მფარველები, სწორედ, ან თავად ხელისუფლების წარმომადგენლები არიან, ან ხელისუფლებასთან დაკავშირებული და მათი მფარველობის ქვეშ მყოფი პირები.

აუცილებელია, სასწრაფოდ დაიწყოს გამოძიება და გამჭირვალე პროცესის თანხლებით, საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ყველა იმ ღონისძიების შესახებ, რომლის გატარებასაც საქართველოს მთავრობა აპირებს ქვეყნისთვის ამ საფრთხის ან უდიდესი სირცხვილის თავიდან აცილების მიზნით.

სამოქალაქო იდეას განცხადება ბათუმში უკანონო ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით Read More »

ჩინეთის მზარდი გავლენების ანალიზი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში

ძვირფასო მკითხველებო,

ჩვენთვის დიდი პატივია გაგიზიაროთ “სამოქალაქო იდეა”-ს მიერ ინიცირებული და პარტნიორებთან ერთად მომზადებული პუბლიკაციის პირველი ნაწილი, რომელიც  სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში უცხო ქვეყნების მზარდი გავლენების შესახებ მოგვითხრობს. ამ გამოცემის მეორე ნაწილის მომზადება 2022 წელს იგეგმება.

ეს პუბლიკაცია წარმოადგენს 8 ანალიტიკურ სტატიას, რომელიც ძირითადად ასახავს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) მიერ ინიცირებული სხვადასხვა პროექტების, სესხებისა და ვალების დინამიკას სამხრეთ კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში, ჩინეთის კომუნისტური პარტიის (CCP) როლის ზრდასა და გაფართოებას, არსებულ საფრთხეებსა და ყველაზე თვალსაჩინო მოვლენებს მოცემულ რეგიონებში. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტები და ორგანიზაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბევრს წერენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ჩინეთის კომუნისტური პარტიის გავლენის ოპერაციების შესახებ, ძალიან ცოტაა ნათქვამი ჩვენი ინტერესის რეგიონის შესახებ და კიდევ უფრო ნაკლები დინამიკაზე, რომელიც ცალსახად ჩანს ამ სახელმწიფოებში.

სამოქალაქო იდეა სამ წელზე მეტია სწავლობს ჩინეთის გავლენის ოპერაციებს ჩვენს რეგიონში. ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩინეთის სახელმწიფოს, მისი უნივერსიტეტების და სხვა საგანმანათლებლო ცენტრების, კომპანიებისა და ფინანსური ინსტიტუტების პოლიტიკით. შესაბამისად, ჩვენს წინა პუბლიკაციებში იხილავთ მასალებს კონფუცის ინსტიტუტების საქმიანობის, სტუდენტური და სამეცნიერო გაცვლითი პროგრამების, ე.წ. „ვალის ხაფანგის“ პრაქტიკის, სხვადასხვა ქვეყნის უსაფრთხოების რისკების შესახებ და ა.შ.

ამ კვლევაში თქვენ მიიღებთ უფრო დეტალურ ინფორმაციას და ცოდნას შვიდი ქვეყნის შესახებ: საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მრავალი მცდელობისა, ვერ მოვახერხეთ თურქმენეთში შესაფერისი პარტნიორის პოვნა, რომელიც დათანხმდებოდა ერთობლივ კვლევაში მონაწილეობას.

ნაშრომი საქართველოს შესახებ ეკუთვნის სამოქალაქო იდეას უფროს მკვლევარს ანი კინწურაშვილს. ნაშრომი აჯამებს სამოქალაქო იდეას China Watch-ის ანგარიშებს და მიმოიხილავს ჩინეთის მზარდ გავლენას ქვეყნის კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და თავდაცვის სექტორებში, საქართველოში “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის ფარგლებში, რეპუტაციაშელახულ და შავ სიაში შეყვანილ ჩინურ კომპანიებთან (CEFC, Sinohydro, Motor Sich, Nuctech, CRBC) დაკავშირებული გადაცდომების მიმოხილვით. უფრო მეტიც, კვლევაში ხაზგასმულია, რომ ეს ჩინური კომპანიები, როგორც წესი, შუამავლობენ ჩინეთის სახელმწიფოსა და ადგილობრივი ბიზნეს და პოლიტიკური ელიტების მიერ ორგანიზებულ მასიურ კორუფციულ სქემებში. ეს გარემოება ხსნის საქართველოს მთავრობის უუნარობას გამოიძიოს იმ კომპანიის რეპუტაცია, რომელთანაც ხელს აწერს მემორანდუმებს და  რომელსაც გადასცემს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

არტაკ კიურუმიანი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ფონდ ღია საზოგადოების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, განიხილავს ჩინეთ-სომხეთის პოლიტიკურ ურთიერთობებს და სომხურ ინვესტიციებს  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.ნაშრომი ხაზს უსვამს ექსპერტთა საზოგადოებაში აზრთა მრავალფეროვნებას, რადგან ზოგი მიიჩნევს, რომ სომხეთს აქვს ჩამოყალიბებული სამუშაო ურთიერთობები ჩინეთთან, ზოგი კი ფიქრობს, რომ სომხეთ-ჩინეთის ურთიერთობები სტაგნაციაშია. სომხეთის ხელისუფლებას არ აქვს ხედვა ან სტრატეგია, თუ როგორ უნდა დაამყაროს კავშირები ჩინეთთან. რუსეთს ჰქონდა და აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სომხეთის საგარეო პოლიტიკაზე და აქვს ბერკეტები მათზე გავლენის მოხდენისთვის. რამდენიმე წლის განმავლობაში სომხეთის სხვადასხვა მთავრობა ოპტიმისტურად იყო განწყობილი სომხურ-ჩინური ერთობლივი საწარმო „Shanxi-Nairit“-ის მიმართ. Shanxi-Nairit არ მუშაობს სრული სიმძლავრით და ვერ ფარავს ხარჯებს, რაც სომხეთისთვის დიდი ზარალის მომტანია. 2018 წლის შემდეგ რევოლუციური ხელისუფლების წარმომადგენლები Shanxi-Nairit-ის საბჭოშიც იყვნენ წარმოდგენილნი და ირწმუნებოდნენ, რომ მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. თუმცა, სომხური საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ასეთ შესაძლებლობებს მოგზაურობისთვის იყენებს და რეალურად, არ ქმნის რაიმე მნიშვნელოვან დამატებით ღირებულებას.

გუბად იბადოღლუ, ეკონომიკური კვლევითი ცენტრის უფროსი ანალიტიკოსი, ნაშრომში განიხილავს ჩინეთის მზარდ ინტერესებსა და გავლენას აზერბაიჯანში. იგი ხაზს უსვამს გაძლიერებულ სავაჭრო ურთიერთობებს ჩინეთსა და აზერბაიჯანს და ჩინეთსა და ევროპას შორის, რომელიც წარმოადგენს ერთი სარტყელი და ერთი გზა ინიციატივის ფარგლებში, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელოვან კომპონენტს. სწორედ ეს რკინიგზა აკავშირებს ევრაზიის აღმოსავლეთ ნაწილს და დასავლეთ ნაწილთან. გარდა ამისა, აზერბაიჯანი გეგმავს ახალი დერეფნის მშენებლობას ტრანსსასაზღვრო გადაზიდვებისთვის, რომელიც სომხეთის ტერიტორიაზე გაივლის, რათა შეუერთდეს აზერბაიჯანის მატერიკს და ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას. ჩინეთისთვის ეს დერეფანი წარმოადგენს მეორე მარშრუტს, რომელიც სამხრეთ კავკასიის, სომხეთის, ნახიჩევანისა და თურქეთის გავლით ევროპისკენ მიემართება. აზერბაიჯანის ეკონომიკური დივერსიფიკაციის პოლიტიკა და ჩინეთის მზადყოფნა გადასცეს სამრეწველო შესაძლებლობები, ხელს უწყობს ორ ქვეყანას შორის უფრო ფართო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. გარდა ამისა, ჩინეთმა ვერ გააუქმ სამთავრობო დონეზე რამდენიმე მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმება აზერბაიჯანთან ეკონომიკური კავშირების გასაძლიერებლად. თუმცა, ამჟამად ორ ქვეყანას შორის არ არსებობს შეთანხმებები ვალუტის გაცვლის, ინდუსტრიული ტრანსფერის ან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ყაზახეთის მოპოვებით სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის შესახებ ყაზახეთის მოსახლეობის ინფორმირების დონის კვლევა ეკუთვნის პოლიტოლოგს და ყაზახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო ექსპერტიზის” დირექტორს დანილ ბექტურგანოვს, რომელიც აანალიზებს ექსტრაქციულ სექტორში ჩინური კომპანიების საქმიანობის ადგილობრივი მედიის მიერ გაშუქებას. მოქალაქეთა ინფორმირებულობის გაანალიზების გარდა, ის იკვლევს ყაზახეთის მთავრობის მიერ გაცემული განცხადებებისა და სხვა დოკუმენტების ხელმისაწვდომობას, რომლებიც დაკავშირებულია ჩინურ ინვესტიციებთან და “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივასთან. კვლევა განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც დაკავშირებულია ადგილობრივ თემებზე ჩინური მომპოვებლური კომპანიების ზემოქმედებასთან და ამ საქმიანობის სოციალურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით შედეგებთან. ბ-ნი ბექტურგანოვი ამტკიცებს, რომ ყაზახეთი “ერთი სარტყელი, ერთი გზა” ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი ადგილია. ქვეყნის ტერიტორიაზე ოპერირებენ მსხვილი ჩინური სამრეწველო და სამშენებლო კომპანიები, ყაზახეთის ტერიტორიაზე გადის სარკინიგზო და საავტომობილო მარშრუტები, მათ შორის „დასავლეთ ევროპა – დასავლეთ ჩინეთის“ დერეფანი. ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ყაზახეთის მოქალაქეების ინფორმირება ბიზნესისა და ადგილობრივი თემებისთვის მიწოდებული შესაძლებლობების შესახებ. ინფორმაციის არარსებობა ან ნაკლებობა წარმოშობს მითებისა და ფობიების დიდ რაოდენობას და არ უწყობს ხელს საზოგადოების ჩინური ბიზნესისადმი ნდობის გაზრდას. კიდევ ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს ჩინური პროექტების გარემოზე ზემოქმედება, რომელიც ობიექტურად და საჯაროდ უნდა შეფასდეს.

ბაკიტბეკ სატიბეკოვი, ექსპერტი და ყირგიზეთის რესპუბლიკის ღია მმართველობის ეროვნული ფორუმის თანათავმჯდომარე მიმოიხილავს ჩინეთის “ვალების ხაფანგის” დიპლომატიას ყირგიზეთში, ქვეყანაში არსებული მსგავსი პოლიტიკის არსებობის აშკარა ნიშნების ხაზგასმით. ავტორი იწყებს სხვა ქვეყნების მაგალითზე ტერმინ “ვალის ხაფანგის“ განმარტებას. ამის შემდეგ ბატონი სატიბეკოვი აღწერს ყირგიზეთის მიერ ჩინეთისგან აღებული სესხების დეტალურ ისტორიას, მათ მიზნობრიობას, ფინანსურ და სხვა პირობებს და მოგვიანებით ხაზს უსვამს ყირგიზეთის ვალის მართვის სტრატეგიის ევოლუციას და განსაკუთრებულ ყურადღებას კრედიტორის წილის შეზღუდვაზე ამახვილებს. საბოლოოდ, ის გვთავაზობს იმ შედეგების ანალიზს, რომელიც ჩინურმა „ვალების ხაფანგმა“ შეიძლება გამოიწვიოს ყირგიზეთში.

უმედჯონ მაჯიდი, პოლიტიკის ანალიტიკოსი და სასექსის უნივერსიტეტის ასპირანტი, განიხილავს კოროზიული კაპიტალის შემოდინებას ტაჯიკეთის რესპუბლიკაში და თუ როგორ უთხრის ძირს ჩინური ინვესტიციები კარგ მმართველობასა და გამჭვირვალობას ცენტრალური აზიის რეგიონში. ორგანიზაცია “საერთაშორისო კერძო საწარმოების ცენტრის”(CIPE) მიერ შემუშავებული ტერმინი “კოროზიული კაპიტალი” გულისხმობს დაფინანსების ისეთ წყაროს, რომელსაც აკლია გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და ბაზარზე ორიენტაცია, რომელიც მოედინება ავტორიტარული რეჟიმებიდან ახალი ან გარდამავალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოებში. კოროზიული კაპიტალი პირდაპირ კავშირშია დიდ ავტორიტარულ ქვეყნებთან, რომლებიც მთავარ როლს თამაშობენ ცენტრალურ აზიაში, კერძოდ კი რუსეთთან და ჩინეთთან, რომლებსაც არ გააჩნიათ გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, კარგი მმართველობის ნიშნები კაპიტალის მინიჭების სქემებში. ეს ნაშრომი, რომელიც დაფუძნებულია სხვადასხვა ენაზე არსებულ მრავალფეროვან პუბლიკაციებზე, აანალიზებს კონკრეტულად იმას, თუ როგორ ახორციელებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა “ერთი სარტყელი და ერთი გზა” ინიციატივის სტრატეგიის ფარგლებში, ტაჯიკეთში ე.წ. “ცუდი მმართველობის” სქემებს ტაჯიკეთის ადგილობრივ და ეროვნულ მმართველობის ინსტიტუტებში, განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, სადაც კაპიტალი და ფინანსური სახსრები, როგორც წესი, ადგილობრივი მმართველობის რეფორმაციის პირობით მოედინება.

ფარხოდ ტოლიპოვი, არასამთავრობო კვლევითი ინსტიტუტის „Bilim Karvoni“-ის („ცოდნის ქარავანი“) დირექტორი, ასრულებს სტატიების კრებულს ნაშრომით, „ჩინეთის ძალაუფლების პროექცია ცენტრალურ აზიაში და მისი გეოპოლიტიკური შედეგები: უზბეკეთის მაგალითი“. იგი განმარტავს სახელმწიფოს ძალაუფლების პროექციის შესაძლებლობას, როგორც მის უნარს მოახდინოს გავლენა სხვა სახელმწიფოზე მისი ნამდვილი ძალის გამოყენებით. ძალაუფლების ამ გამოყენებას შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული ფორმები, დიპლომატიური კომუნიკაციებიდან დაწყებული პოლიტიკური ზეწოლის ღია დემონსტრაციით დამთავრებული, რბილი და მყარი ძალის ელემენტების ცალ-ცალკე ან მათი კომბინაციის გამოყენებით. მოცემული ნაშრომი აგებულია მთავარი კითხვის გარშემო, თუ რა ვიცით ჩინეთის ძალის პროექციის შესახებ ცენტრალური აზიის რეგიონში. თუმცა ძირითადი ყურადღება უზბეკეთის მაგალითზეა გამახვილებული. ცენტრალური აზიის ქვეყნებში ჩინეთის გავლენის შესახებ საზოგადოებისა და ექსპერტების მოსაზრებები საკმაოდ ბუნდოვანია; სინოფობია და სინოფილია თანაარსებობს მოქალაქეებს, თანამდებობის პირებსა და ექსპერტებს შორის. კერძოდ, სინძიანის პროვინციაში პეკინის რეპრესიულმა დამოკიდებულებამ უიღურების მიმართ ასევე მოახდინა გავლენა ცენტრალური აზიელების მიერ ჩინეთის აღქმაზე. ჩინეთი, ახორციელებს დიდი ძალის პოლიტიკას, რომელსაც თავისთავად მოაქვს შესაძლებლობები და გამოწვევები მეზობელ ტერიტორიებზე, მათ შორის ცენტრალური აზიის რეგიონისთვის. უფრო მეტიც, ყველა დიდი სახელმწიფო ისტორიულად ყოველთვის ეჯიბრებოდა ერთმანეთს და ეს კონკურენცია, თავის მხრივ, ყოველთვის იწვევდა მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ შედეგებს.

პუბლიკაციები იხილეთ ინგლისურ და რუსულ ენაზე ?

ჩინეთის მზარდი გავლენების ანალიზი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში Read More »

სამოქალაქო იდეას კვლევები წარმოდგენილია Carnegie Endowment for International Peace-ის პუბლიკაციაში

Civic IDEA-ს კვლევები ასახულია Carnegie Endowment for International Peace-ის 2021 წლის პუბლიკაციაში სახელწოდებით „ჩინეთის გავლენა სამხრეთ-აღმოსავლეთ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის მოწყვლადობასა და მედეგობაზე ოთხ ქვეყანაში“. კვლევის ნაწილი ეხება ჩინეთის გავლენებს და ცნობილი ჩინური კომპანიების საქმიანობას საქართველოში, ასევე, ჩინეთის სახელმწიფოს აკადემიურ ინიციატივებსა და მის კოვიდ-19 დიპლომატიას ქვეყანაში. სამოქალაქო იდეას გამოყენებული კვლევა ეხება მრავლად გამოვლენილ გადაცდომებს, რომლებიც დაკავშირებულია საქართველო-ჩინეთის ეკონომიკურ თანამშრომლობასთან. ქვემოთ გთავაზობთ ნაწყვეტს კარნეგის კვლევიდან, სადაც სამოქალაქო იდეაა ნახსენები:

“Georgian civil society organizations and experts—such as former defense minister Tinatin Khidasheli, now of Civic IDEA and Transparency International Georgia—enumerate multiple concerns about Sinohydro’s reputation, lack of transparency, and close relations with some government officials. The company has been blacklisted by the African Development Bank. The Georgian government’s transparency portal offered no record of how Sinohydro’s qualifications were assessed. The China Railway 23rd Bureau Group is also controversial. The company has powerful backers in China. Initially the railway troops of the PLA, it became part of China’s Ministry of Railways. In 1989, the China Railway Construction Corporation was established as a stateowned enterprise. In June 2019, the World Bank announced “the nine-month debarment of China Railway Construction Corporation Ltd. (CRCC), a Chinese, state-owned construction and engineering company, and its wholly-owned subsidiaries, China Railway 23rd Bureau Group Co., Ltd. (CR23) and China Railway Construction Corporation (International) Limited (CRCC International), in connection with misconduct under the East-West Highway Corridor Improvement Project in Georgia.”This did not prevent the company from winning the contract for the new north-south bypass road shortly afterward.”

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

სამოქალაქო იდეას კვლევები წარმოდგენილია Carnegie Endowment for International Peace-ის პუბლიკაციაში Read More »

პანდორას ყუთი გაიხსნა ივანიშვილის კავშირები ჩინურ კომპანიებთან N8 ანგარიში

სამოქალაქო იდეას მიერ გამოცემული მე-8 ანგარიში ეხება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მრავალ სისხლის სამართლის დანაშაულში მხილებული ჩინეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული კომპანია CEFC China Energy-სა და ყოფილი-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილისა და ედუარდ შევარდნაძის მთავრობის ვიცე-პრემიერისა და ეკონომიკის მინისტრის ივანე ჩხარტიშვილის კავშირებს. ჩვენ მოგიყვებით, როგორ გადასცა ხელისუფლების ორმა შტომ: სასამართლომ და აღმასრულებელმა ხელისუფლებამ საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი – ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, კრიმინალურ სკანდალებში გახვეულ, გაკოტრების პირას მყოფ ჩინურ კომპანია CEFC China Energy-ს და ამ უკანასკნელის გაკოტრების შემდეგ კი, კანონის გვერდის ავლით, როგორ მოაქცია იგი ბიძინა ივანიშვილისა და ივანე ჩხარტიშვილის შეუზღუდავი კონტროლის ქვეშ.

წინამდებარე ანგარიშის ფარგლებში ჩვენს მიერ გამოტანილი დასკვნები საბოლოოდ დადასტურდა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო კონსორციუმის მიერ გამოქვეყნებული პანდორას დოკუმენტებით, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული Brightstone Finance Limited-ის კავშირები დოკუმენტალურადაა დადასტურებული.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

თინათინ ხიდაშელის კომენტარი ?

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/209319291288503

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/2362796507187165

https://www.facebook.com/TvMtavari/videos/200362635500407

პანდორას ყუთი გაიხსნა ივანიშვილის კავშირები ჩინურ კომპანიებთან N8 ანგარიში Read More »

CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION საქართველოში ანგარიში N7

სამოქალაქო იდეას China Watch-ის მეშვიდე ანგარიში ეხება ჩინეთის ხიდებისა და გზების კორპორაციის (China Road and Bridge Corporation) საქმიანობასთან დაკავშირებულ გადაცდომებს საქართველოში, კანონის დარღვევით მოგებულ ტენდერებს, შრომითი უფლებების დარღვევებსა და სკანდალურ პრაქტიკას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ეს კომპანია საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ორი უმსხვილესი პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს და სხვა საქართველოში არსებული ჩინური კომპანიების მსგავსად, ისიც 2009 წელს, ფილიპინების ეროვნული გზების გაუმჯობესებისა და მართვის პროგრამის (NRIMP 1) პირველი ფაზის ტენდერში გამოვლენილი თაღლითური საქმიანობის გამო მსოფლიო ბანკმა შავ სიაში შეიყვანა. მას რვა წლით აეკრძალა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულ ყველა ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობა.
საქართველოში ჩინური კომპანიის გადაცდომები ძირითადად უკავშირდება შრომითი უსაფრთხოების წესების დარღვევას. კერძოდ, China Road and Bridge Corporation სამუშაო ადგილზე არ იცავდა მინიმალურ სანიტარულ ნორმებს, დასაქმებულებს აიძულებდნენ ზეგანაკვეთურ სამუშაოს და რაც ყველაზე მთავარია, ტერიტორიაზე არ იყო შექმნილი შრომის უსაფრთხოების პირობები, რამაც ადგილობრივი მუშების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა. შრომის ინსპექციამ „China Road and Bridge Corporation“-ს მხოლოდ რამდენიმე რეკომენდაცია მისცა და რეალურად, კომპანიის წინააღმდეგ რაიმე სახის სანქცია არ განხორციელებულა. China Road and Bridge Corporation-ის სადავო საქმიანობა ასევე შეინიშნება კენიაში, უგანდაში, ყირგიზეთში, ხორვატიასა და უკრაინაში. თუმცა, მიუხედავად სხვა ქვეყნებში არსებული გადაცდომებისა, საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან და მათთან ახალ კონტრაქტებს აფორმებს.

ინფორმაცია ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე ?

Annual-Report-GEO-1

CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION საქართველოში ანგარიში N7 Read More »

Scroll to Top